Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-29(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.შ-ე ( ა.ჟ-ას, კ.შ-ისა და თ.შ-ის უფლებამონაცვლე)

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 9 დეკემბერს ა.ჟ-ამ, თ.შ-ემ და კ.შ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის №20.1311.1618 განკარგულების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ფენის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში (პუნქტი „მ“) ბათილად ცნობა და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოწონებულ იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ფენის მოხსნის თაობაზე.

მოსარჩელეების განმარტებით, 2020 წლის 29 ოქტომბერს თ.შ-ემ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, რომლითაც მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე, ...ის №28ბ-ში, ს/კ..., ძირითადი რუკით განსაზღვრული სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) საცხოვრებელი ზონა 3-ით (სზ-3-ით) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის (ლსზ) ფენის მოხსნა, რაზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის 20.1311.1618 განკარგულებით ეთქვათ უარი. მოსარჩელეების მოსაზრებით, აღნიშნული განკარგულება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არღვევს საკუთრების უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს. განკარგულებაში საუბარია 2020 წლის 19 ოქტომბრის წერილზე, რომელიც გამოგზავნილია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილებას.

მოსარჩელეების განმარტებით, თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 11 იანვრის №21 შემაჯამებელი სხდომის ოქმით, ...ის რაიონში, ...ის ქუჩის მხრიდან, ...ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე (№143, 350 კვ.მ) გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა თ.ს-ე. მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისება განხორციელდა ...ოს მშენებლობის მიზნით. ქალაქ თბილისის პრემიერის 2001 წლის 19 თებერვლის განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 11 იანვრის №21 შემაჯამებელი სხდომის ოქმი.

ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მხრიდან ...ის მიმდებარედ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა - ნ.კ-ამ და გ.ბ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიმართ, მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ ...ოს მშენებლობის ნებართვისა და პროექტის შეთანხმების მოთხოვნით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.კ-ასა და გ.ბ-ის სარჩელი და მოპასუხე თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურს დაევალა დაუყოვნებლივ განეხილა და შეეთანხმებინა ...ოს ასაშენებელი პროექტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 20 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი. 2006 წლის 31 მაისს ნ.კ-ას და ა.ჟ-ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა.ჟ-ამ 180 000 ლარად შეიძინა ქალაქ თბილისში, ... ქუჩის მხრიდან, ...ის მიმდებარედ არსებული 350 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთიდან ნ.კ-ას კუთვნილი წილი (175 კვ.მ), ხოლო 2006 წლის 31 მაისს, მ/ჯ-ეს, კ.შ-ესა და თ.შ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, კ.შ-ემ და თ.შ-ემ 180 000 ლარად შეიძინეს მითითებული მიწის ნაკვეთიდან მ/ჯ-ის კუთვნილი წილი (175 კვ.მ). შესაბამისად, დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ...), 2016 წლის 31 მაისის N1-1492 და N1493 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ა.ჟ-ას (1/2, 175 კვ.მ) და კ.შ-ის და თ.შ-ის (1/2, 175 კვ.მ) სახელზე.

მოსარჩელის განმარტებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 2002 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ არქიტექტურის სამსახურს დაევალა ...ოს პროექტის შეთანხმება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2007 წლის 20 ივნისს. მიუხედავად ამისა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უგულებელყვეს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით მოცემულ მიწის ნაკვეთზე შეიცვალა ზონის სტატუსი და გახდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა. ასევე, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის 8 თებერვალს უარი განაცხადა მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლაზე, რადგანაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენდება თავდაცვის საიდუმლო ნაგებობა და სავალდებულო იყო თავდაცვის სამინისტროს თანხმობის წარდგენა.

მოსარჩელეების მითითებით, ისინი კეთილსინდისიერად ფლობენ მოცემულ მიწის ნაკვეთს და 2009 წლამდე მიწის ნაკვეთს ჰქონდა საცხოვრებელი ზონა 3-ის სტატუსი, რაც გახდა 2006 წელს მათ მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ჟ-ას, თ.შ-ისა და კ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის №20.1311.1618 განკარგულება ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის ნაწილში და მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ა.ჟ-ამ, კ.შ-ემ და თ.შ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინებით ა.ჟ-ას, კ.შ-ისა და თ.შ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ლ.შ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით ლ.შ-ისა (ა.ჟ-ას, კ.შ-ისა და თ.შ-ის უფლებამონაცვლის) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის №20.1311.1618 განკარგულება არ შეიცავს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ფენის მოხსნის უარყოფის დასაბუთებას. კერძოდ, არ დასტურდება, რომ განსახილველ ნაკვეთს გააჩნია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ამასთან, მიწის ნაკვეთის პრივატიზება განხორციელდა ...ოს მშენებლობის მიზნით და სასამართლომ 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაადასტურა მესაკუთრის უფლება მის სამშენებლოდ განვითარებაზე, რაც ეწინააღმდეგება არგუმენტებს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის დადგენის საფუძვლებთან დაკავშირებით (პუნქტი 4.5). სადავო საკითხის შეფასებისა და გადაწყვეტისას სხვა გარემოებებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნების მხედველობაში მიღებას, რამეთუ სახელმწიფოს მიერ სამშენებლო მიზნით მიწის ნაკვეთის განკარგვა და მოგვიანებით ამ მიწის ნაკვეთისთვის იმგვარი ფუნქციური ზონის განსაზღვრა, რაც ხელს უშლის მის მიერვე გამოცემული აღმჭურველი შინაარსის გადაწყვეტილების აღსრულებას, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპს. ამდენად, არ ირკვევა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოიცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან, მოსარჩელეების N01202733393-67 განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა გამწვანებული ტერიტორიების რუკით განსაზღვრული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის (ლსზ) მოხსნა და ძირითად რუკით განსაზღვრული საცხოვრებელი ზონა 3-ის (სზ-3) გავრცელება, საკითხი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად, გადაგზავნილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. აღნიშნული სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №18-01202932226 წერილის მიხედვით, ვინაიდან, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლანდშაფტურ - სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე, სამსახურმა, კომპეტენციის ფარგლებში გამწვანებული ტერიტორიების რუკით განსაზღვრული ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონის (ლსზ) მოხსნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კასატორის განმარტებით, „მწვანე ქალაქი“ არის თბილისის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესების ერთიანი კონცეფცია. მის ფარგლებში თბილისის ბუნებრივი და ხელქმნილი გარემო განიხილება ერთიან სისტემად და ხაზი ესმება მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად, კი, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ისტორიული განაშენიანების დაცვის არეალი, რომელზედაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მშენებლობა დაუშვებელია გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, კერძოდ: ა) სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელს; ბ) სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გაათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, თავდაპირველი სახით აღადგინოს მისი ისტორიული გარემო და სხვა).

საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს რთული რელიეფის ნაწილს და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის და ...სთვის ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებელი ზონა 3-ით (სზ-3) დადგენილ მინიმალურ ფართობს.

ზემოაღნიშნულიდან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მხრიდან, ...ის მიმდებარედ არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ძირითადი რუკით განსაზღვრული სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) საცხოვრებელი ზონა 3-ით (სზ-3) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებული ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონის (ლსზ) ფენის მოხსნა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ძირითადი რუკით განსაზღვრული სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) საცხოვრებელი ზონა 3-ით (სზ-3) შეცვლაზე და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის (ლსზ) ფენის მოხსნაზე უარის თქმის კანონიერება, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლით განმტკიცებულია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები და გეგმების ახალ გარემოებებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ეკონომიკური და სოციალური წინაპირობების ჰარმონიზაციას საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. ამ მიზნით, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება სხვადასხვა პრინციპების დაცვით, მათ შორის: ა) როგორც დასახლებულ ტერიტორიაზე, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადამიანისათვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნისა და შენარჩუნების მიზნით; ბ) ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებისათვის თანაბარი წინაპირობების შექმნის, განვითარების გრძელვადიანი პოტენციალის შენარჩუნების და სათანადო უზრუნველყოფის და სხვა პრინციპების დაცვის მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში ცალკეულ ტერიტორიებზე სივრცით კატეგორიასა და ფუნქციურ ზონას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი ამ კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მითითებული მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება, ასევე სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. აღნიშნული წესების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით, დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედ მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) მოიცავს, როგორც წესი, თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, ხოლო ,,ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) არის დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს, ამავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) არის სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს. ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში (ლსზ) დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დასაშვებია საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე.

ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ფუნქციური ზონების ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. მე-11 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, დაგეგმარებითი ამოცანების სრულყოფილად შესრულების მიზნით ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. 112 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, თუ ფუნქციური ზონის ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს სატყეო ზონის, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის, სარეკრეაციო ზონის/ქვეზონის (რზ-1, რზ-2, რზ-3) ან სხვა ზონების/ქვეზონების სატყეო ზონად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად, სარეკრეაციო ზონად/ქვეზონად (რზ-1, რზ-2, რზ-3) ცვლილებას. მე-12 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების/სხვა ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის მიმდებარე 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის (N143) პრივატიზება განხორციელდა ...ოს მშენებლობის მიზნით 2001 წლის იანვარში ქალაქ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის მიერ ჩატარებული აუქციონის საფუძველზე, რომელზე გამარჯვებულადაც, კომისიის 2001 წლის 11 იანვრის N21 სხდომის ოქმის მიხედვით, გამოვლინდა თ.ს-ე. ქალაქ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 11 იანვრის N21 შემაჯამებელი სხდომის ოქმი დამტკიცდა ქალაქ თბილისის პრემიერის 2001 წლის 19 თებერვლის განკარგულებით. 2002 წლის მდგომარეობით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის მიმდებარე 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ნ.კ-ა და გ.ბ-ე, რომლებმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ...ოს მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად დავა თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიმართ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით წამოიწყეს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი მათი სარჩელი დაკმაყოფილდა და არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურს დაევალა ...ოს ასაშენებელი პროექტის დაუყოვნებლივ განხილვა და შეთანხმება. ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე, ...ის მიმდებარე 350 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ა.ჟ-ამ, კ.შ-ემ და თ.შ-ემ 2006 წლის 31 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებებით შეიძინეს, რომელთა საფუძველზეც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში ა.ჟ-ას, კ.შ-ისა და თ.შ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე გავრცელდა სატრანსპორტო ზონა 1 და საცხოვრებელი ზონა 3, ხოლო გამწვანებული ტერიტორიების რუკით საცხოვრებელი ზონა 3-ის არეალზე გათვალისწინებულ იქნა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ფენა.

2020 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარედგინა №01202733393-67 განცხადება ა.ჟ-ას, კ.შ-ისა და თ.შ-ის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ფენის მოხსნის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 4 ნოემბრის №20.1311.1618 განკარგულებით არ იქნა მიჩნეული დასაშვებად ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №28ბ-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის საცხოვრებელი ზონა 3-ით ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ფენის მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №18-01202932226 წერილი, რომლის თანახმად, ვინაიდან ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე, არ იყო მიზანშეწონილი, გამწვანებული ტერიტორიების რუკით განსაზღვრული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ფენის მოხსნა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებამ არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხზე მსჯელობისას ადმინისტრაციულ ორგანოს დეტალურად არ შეუსწავლია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მართალია, სადავო აქტი გამოცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილის საფუძველზე, თუმცა იგი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, დასკვნაში მხოლოდ მითითებულია, რომ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილებით შემცირდება ქალაქში არსებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სივრცეები, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ლანდშაფტური ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპია აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს. საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებისა და ბალანსის უზრუნველყოფის ვალდებულება ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას. საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს, ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა, შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირება წარმოადგენს საკუთრების უფლების შინაარსისა და მესაკუთრის უფლებამოსილების დადგენის ერთ-ერთ სამართლებრივ საშუალებას (სუსგ №ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის კუთვნილ მიწის ნაკვეთს გააჩნია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთის პრივატიზება განხორციელდა ...ოს მშენებლობის მიზნით და სასამართლომ 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაადასტურა მესაკუთრის უფლება მის სამშენებლოდ განვითარებაზე, რაც ეწინააღმდეგება არგუმენტებს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის დადგენის საფუძვლებთან დაკავშირებით. სადავო საკითხის შეფასებისა და გადაწყვეტისას სხვა გარემოებებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნების მხედველობაში მიღებას, რამეთუ სახელმწიფოს მიერ სამშენებლო მიზნით მიწის ნაკვეთის განკარგვა და მოგვიანებით ამ მიწის ნაკვეთისთვის იმგვარი ფუნქციური ზონის განსაზღვრა, რაც ხელს უშლის მის მიერვე გამოცემული აღმჭურველი შინაარსის გადაწყვეტილების აღსრულებას, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობასა და სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე