საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-700(კ-24) 11 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 7 ივნისს გ.გ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სააგენტოს 2023 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გ.გ-ის სახელზე დარეგისტრირდება ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №26-ში მდებარე 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №26-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ...), საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2006 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. აღნიშნული უძრავი ქონების მიმდებარედ დღემდე თვითნებურად დაკავებული აქვს, ფლობს და სარგებლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. საკუთრებაში რეგისტრირებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ერთ ეზოში და წლების მანძილზე არის შემოსაზღვრული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი დაადგინა, რომ უძრავ ქონებაზე არ დასტურდებოდა საკუთრების უფლების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და გ.გ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის №..., 2023 წლის 13 აპრილის №..., 2023 წლის 18 აპრილის №... და 2023 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ შეუფასებია იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა; საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირისა და საჯარო ინტერესები. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ერთხელ უკვე უთხრა უარი იმ მიზეზით, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის არსებობა 2007 წლამდე არ დადგინდა. ასევე, მიწის ნაკვეთზე სასაზღვრო მიჯნები გაკეთებულია ახალი კაპიტალური ღობით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიწის ნაკვეთის გასადიდებლად ხელოვნურად ჩამოშლილია მაღალი დახრილობის ფერდობი და მიშენებულია სამაგრი კედელი და ახალი შენობები. ღობეების გასწვრივ დარგულია ახალი მცენარეები, მაგრამ არა 2007 წლამდე. საჯარო რეესტრში დაცული ელექტრონული რუკის მონაცემების - 2007 წლის ორთოფოტოების მიხედვით, არ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის განხილული ვერ იქნება როგორც დაინტერესებული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ვინაიდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლება წარმოეშვა სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება არ წარმოშობს ამგვარი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნის უფლებას.
კასატორთა მითითებით, სადავო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, მომიჯნავე ნაკვეთები და მათ შორის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიც არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, შესაბამისად, ამ ნაკვეთებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთი, განცალკევებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვერ იქნება. კასატორები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად იქნა ჩატარებული, მოცემულ საქმეზე ყველა ფაქტობრივი გარემოება არის დადგენილი და სასამართლოს შეეძლო თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონება ქ. ბორჯომში, ...ის ქ. №26 (ს/კ...). არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც გ.გ-ე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 16 დეკემბერს განიხილა გ.გ-ის განცხადება და დაადგინა, რომ გ.გ-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დასტურდებოდა, შესაბამისად, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი მოსარჩელემ გაასაჩივრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რომლის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის ოქმი №3 გ.გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 დეკემბრის №გ-28.16213511 განკარგულება გ.გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. ხელახალი წარმოების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ.გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ სახელმწიფოს განკარგული ჰქონდა მიწის ნაკვეთები და მიწის ნაკვეთზე დაუშვებელი იყო საკუთრების უფლების აღიარება და წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი. სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხოლო 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწებისა).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ.გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებულია ორი საფუძვლით, კერძოდ: 1) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ დგინდება შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი 2007 წლამდე პერიოდში; 2) გ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შესყიდულია სახელმწიფოსგან, რაც, მომიჯნავეობის არგუმენტით, გამორიცხავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ შეუფასებია იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში ასევე დასადგენია, არის თუ არა სახეზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ან შესაძლებელია თუ არა, სააგენტომ გამოიყენოს ის უფლებამოსილება, რომლითაც შეუძლია აღიაროს საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ გადაწყვეტილებების საფუძვლად მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და შეაგროვოს მტკიცებულებები დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე