საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-729(კ-23) 4 თებერვალი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ამ“ 2019 წლის 6 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №003654 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 ოქტომბრის №000241 დადგენილების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 აგვისტოს №1201 ბრძანების ბათილად ცნობა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №003654 დადგენილებისა და მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 ოქტომბრის №000241 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ას“ მფლობელობაში არსებული ობიექტი მეხუთე კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტს განეკუთვნება, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურს არ გააჩნდა კომპეტენცია მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მეხუთე კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე განეხორციელებინა საზედამხედველო საქმიანობა და მიეღო გადაწყვეტილება სუბიექტისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვის, შესრულების ან მისგან გამომდინარე მისთვის სანქციის შეფარდების შესახებ. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა შპს „...ას“ სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, ცალ-ცალკე შეუფარდა სახდელები, რითაც უხეშად დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო დადგენილებების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელდა, მასზე პასუხისმგებელი პირი შპს „...“ იყო და სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა, ასევე, მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ შპს „...ამ“ გააგრძელა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებით შეჩერებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, რაც კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით გახდა სამართალდამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და უნებართვო ნაგებობების დემონტაჟს დაქვემდებარების საფუძველი, მოსარჩელეს კი არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული დადგენილებებით მითითებული სამშენებლო სამუშაოების საჭირო ნებართვის გარეშე შპს „...ას“ მიერ წარმოების ფაქტი, არამედ სადავოდ გახადა მასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია, თუმცა საამისო მტკიცება მოკლებულია საფუძველს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ხასიათისა და ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა და შესაბამისად, შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად იყო განსაზღვრული შენობა-ნაგებობების კლასების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო საკითხები. შენობა-ნაგებობები, სამშენებლო სამუშაოების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფოდა ხუთ კლასად. მეხუთე კლასს მიეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით. ასევე მოწესრიგებული იყო ის შემთხვევაც, როდესაც ერთ შენობას სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები გააჩნდა, კერძოდ, თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას ჰქონდა სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავდა ყველაზე მაღალი მახასიათებელი, რომელიც მას გააჩნდა. შპს „...ას“ სარგებლობაში არსებული ობიექტი როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად, წარმოადგენს მე-5 კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტს, რომელზე ზედამხედველობას ახორციელებდა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. კასატორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას არ გააჩნდა სათანადო კომპეტენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტთან დაკავშირებით განეხორციელებინა საზედამხედველო საქმიანობა და მიეღო გადაწყვეტილება სუბიექტისთვის გარკვეული მოქმედების აკრძალვის, შესრულების ან მისგან გამომდინარე გარკვეული სანქციის შეფარდების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მეხუთე კლასის ობიექტის მიმართ ნაწარმოები სამუშაოები განეკუთვნებოდა პირველ, მეორე, მესამე თუ მეოთხე კლასის სამუშაოებს, ვინაიდან, ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისთვის, განხორციელებული სამუშაოები, მიუხედავად მათი კლასთა განმასხვავებელი მახასიათებლებით დაყოფისა, მაინც უნდა მოექცეს მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობებისათვის განკუთვნილ სამუშაოთა პარამეტრებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ არსებულ ობიექტზე განხორციელდა ობიექტის შეკეთება, მოპირკეთება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითი შეცვლის გარეშე, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, არ საჭიროებდა რაიმე სახის ნებართვას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მიღებულ იქნა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, მე-10 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
ხსენებული დადგენილება განსაზღვრავს უნებართვო მშენებლობის დეფინიციას, კერძოდ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №შ-135/18 დადგენილებით შეჩერდა შპს „...ას“ მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები და სამართალდამრღვევს განემარტა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება განთავსდა ობიექტზე 2018 წლის 1 ივნისს.
2018 წლის 7 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს „...ას“ მიმართ შეადგინა №003654 მითითება, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე შპს „...ამ“ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოვა შემდეგი სახის სამშენებლო სამუშაოები: 1. არსებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი; 2. არსებული შენობის რეკონსტრუქცია - კაპიტალური კედლის შეცვლა მსუბუქი კონსტრუქციის ვიტრაჟებით და ფანჯრების შეცვლა; 3. ბეტონის ფილის დასხმა. ამავე მითითებით, შპს „...ას“ დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რისთვისაც 25 დღიანი ვადაგანესაზღვრა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 ივლისის №003654 შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „...ამ“ 2018 წლის 7 ივნისს №003654 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა.
2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 7 ივნისის №003654 მითითებისა და 2018 წლის 16 ივლისის №003654 შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. სხდომაზე გამოცხადდა შპს „...ას“ წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 7 ივნისის №003654 მითითებისა და 2018 წლის 16 ივლისის №003654 შემოწმების აქტის ჩაბარება და მიუთითა, რომ დასახელებული აქტებით გათვალისწინებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „...“, განხორციელდა ვიტრაჟისა და ფანჯრების მონტაჟი, ვაგონ-კონტეინერის მსგავსი ორი კონსტრუქციის გატანა და ბეტონის ფილის დასხმა. ამავე სხდომაზე შპს „...ას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ...ის ...ის რემონტი წარმოადგენდა მე-5 კლასის სამშენებლო სამუშაოებს, რაზედაც ზედამხედველობის სამსახურს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის N003654 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების (ლითონის კონსტრუქციის განთავსება, ბეტონის ფილის დასხმა, ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, არსებული შენობის რეკონსტრუქცია, კერძოდ, კედლის შეცვლა მსუბუქი კონსტრუქციის ვიტრაჟებით, ფანჯრების შეცვლა) განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის კონსტრუქციისა და ბეტონის ფილის დემონტაჟი, რეკონსტრუირებული შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟზე სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N000241 შემოწმების აქტის თანახმად, შპს „...ამ“ არ შეასრულა მშენებლობის შეჩერების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №შ-135/18 დადგენილება, გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც ააშენა ერთი კაპიტალური და ერთი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, მოაწყო კაპიტალური კედლები, ამოიყვანა ღობის კედლები, არსებულ შენობაზე განახორციელა მიშენება და მოაპირკეთა უნებართვოდ განთავსებული მსუბუქი კონსტრუქცია, მოაწყო ლითონის კიბეები, ბაქანი და ბეტონის ფილა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 ოქტომბრის №000241 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 50 000 ლარით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
2018 წლის 24 ოქტომბერს შპს „...ას“ წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №შ-135/18 და 2018 წლის 14 სექტემბრის №003654 დადგენილებების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 ოქტომბრის №000241 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 აგვისტოს №1201 ბრძანებით შპს „...ას“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის N003654 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 8 ოქტომბრის №000241 დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დასახელებული აქტები გამოიცა კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №შ-135/18 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხსენებული კოდექსის მეოთხე თავით განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები ვრცელდებოდა: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდებოდა შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელი იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელი იყო მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა განმარტებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა- ნაგებობაზე – 20 000 ლარით. ხოლო 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით.
ზემოხსენებული კოდექსის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებად მითითებულია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო დადგენილებების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება, მასზე პასუხისმგებელი პირი კი იყო შპს „...“ და სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა, ასევე, მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ შპს „...ამ“ გააგრძელა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილებით შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები, რაც კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით გახდა სამართალდამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და უნებართვო ნაგებობების დემონტაჟს დაქვემდებარების საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, შპს „...ას“ სარგებლობაში არსებული ობიექტი მე-5 კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტს მიეკუთვნება, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომელზეც განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, წარმოადგენს ცალკე მდგომს, შესაბამისად, მასზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები (რემონტი) მიეკუთვნება I კლასის მშენებლობას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის მწარმოებლის მხრიდან საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განზრახული მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ.ჯ-ას შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 31.07.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ.ჯ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. ვ.ჯ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 31.07.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე