საქმე Nბს-1237(2კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (სასკ-ის 16.2 მუხლი) - ი.გ-ი
მესამე პირი (სასკ-ის 16.1 მუხლი) - ლ.ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 27 თებერვალს მ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი.გ-ისა და ლ.ქ-ის მიმართ მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №2455 განკარგულების, ამავე კომისიის 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობისა და "ი.გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მ.გ-მა ასევე მოითხოვა ქ.თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის ნ.გ-ის მიერ 2022 წლის 9 დეკემბერს წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზით გათვალისწინებულ 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ ნაწილზე, მ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.გ-ი; ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ.ქ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2023 წლის 21 აგვისტოს, მ.გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ.გ-მა წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N8-ში მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით არასრულწლოვნის მ.გ-ის წარმომადგენლის, ნ.გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №8 (ს/კ...) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 17.10.2022წ. N2455 განკარგულება (მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ.N8 საერთო ფართობი 115 კვ.მ.) ი.გ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასარჩელო განცხადება სხვა მოთხოვნების ნაწილში იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით მ.გ-ისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.გ-მა 2020 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N8, საერთო ფართობი - 115.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №2455 განკარგულებით ი.გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კომისიამ 2022 წლის 8 ნოემბერს ი.გ-ის სახელზე გასცა N769 საკუთრების მოწმობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, ი.გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ.გ-ი იყო ი.გ-ის ძმა. შ.გ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 18 აგვისტოს და მას დარჩა არასრულწლოვანი შვილი - მ.გ-ი. 2020 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ნ.გ-მა (მ.გ-ის კანონიერი წარმომადგენელი - დედა) და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე. 2021 წლის 2 აგვისტოს და 2022 წლის 9 დეკემბერს ნ.გ-მა კვლავ მიმართა განცხადებებით აღიარების კომისიას და ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 1/2 - 1/2 ნაწილის მასზე და ი.გ-ზე აღიარება მოითხოვა.
2022 წლის 6 ივნისს ნ.გ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა მის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის დაჩქარების მოთხოვნით. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მისი მაზლი ცდილობს მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოაღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევასა და შესწავლაში მდგომარეობს. დაინტერესებული პირის მოწვევა ამ პროცესში ერთ-ერთი ბერკეტია ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის სრულყოფილი დამუშავებისათვის. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ პროცესში დაინტერესებული პირის ჩართვას რიგ შემთხვევებში სავალდებულო ხასიათი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ პირის უფლებებს, ვისზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს მისაღებმა გადაწყვეტილებამ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ.გ-ი აქტიურად გამოთქვამდა ინტერესს სადავო ქონების მიმართ, შესაბამისად იმის მიუხედავად, რომ მას თავისი ინიციატივით არ წარუდგენია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ვალდებულება თავად გამოეკვლია და დაინტერესებულიყო რა ედო საფუძველად მის მოთხოვნას, საგულისხმოა, რომ ნ.გ-ის განცხადებები რეაგირების გარეშე დარჩა და ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ მისი განცხადებების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება არც დაუწყია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ხელახლა შეაფასოს არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, დამატებით მოიკვლიოს და შეისწავლოს ი.გ-სთან ერთად, მ.გ-ის (კანონიერი წარმომადგენელი ნ.გ-ი) უფლების არსებობის წინაპირობები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო არ იყო ი.გ-ის უფლება (მის მიერ სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტი) დასახელებულ უძრავ ქონებაზე, არამედ დამატებით შესწავლას საჭიროებს რამდენად აქვს ამ ქონების 100% წილის ფლობის უფლება მხოლოდ მას, გამოსაკვლევია ფლობდა თუ არა ამავე ქონებას მისი ძმა სიცოცხლეში და შესაბამისად იკვეთება თუ არა მისი მემკვიდრის საკუთრების უფლებები და რა ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №2455 განკარგულების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - მ.გ-ის განმარტებით, საქმის სასამართლოში წარმოების ეტაპზე გამოკვლეულ იქნა ყველა მტკიცებულება, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეებიც, რომლებმაც დაადასტურეს 2007 წლამდე პერიოდში მ.გ-ის ოჯახის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტი. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ზემოაღნიშნული ფაქტის დადასტურება საკვანძო საკითხია. შესაბამისად, არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ ნ.გ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში 2022 წლის 6 ივნისს წარდგენილ განცხადებას თან არ ერთვოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მას გააჩნდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად. კასატორისთვის უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ნ.გ-ი უნდა მიეჩნია დაინტერესებულ პირად და უზრუნველეყო მისი ჩართვა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. საგულისხმოა, რომ თავად მ.გ-ის აღიარების კომისიისთვის არ მიუმართავს და ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩაბმა არ მოუთხოვია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტი დადასტურდება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ი.გ-ის მეზობლების თანხმობებზე, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ი.გ-ი ფლობს სადავო ფართს. კომისიის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, კომისიას ადგილზე დათვალიერებისას საცხოვრებელ სახლში დახვდა ი.გ-ი.
კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების მოწმობა თავისი შინაარსით არ განეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა საქმისწარმოების შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.გ-ისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები. ამავე განჩინების მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყვეტილიყო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ-ისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ი.გ-ის მიმართ გაცემული ქ.თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №2455 განკარგულების, 2022 წლის 8 ნოემბრის N769 საკუთრების მოწმობისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 დეკემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის საგანია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნ.გ-ის მიერ 2022 წლის 9 დეკემბერს წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზით გათვალისწინებულ 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ ნაწილზე, საკუთრების უფლების აღიარება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.გ-მა 2020 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კორექტირებული საკადასტრო/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N8, საერთო ფართობი - 115.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქ.თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 17 ოქტომბრის №2455 განკარგულებით ი.გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2022 წლის 8 ნოემბერს ი.გ-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოს 2022 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, ი.გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
2020 წლის 18 აგვისტოს შ.გ-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N8. სამკვიდრო მოწმობით, მ.გ-მა, როგორც აწ გარდაცვლილი შ.გ-ის პირველმა რიგის კანონიერმა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მთლიანად მიიღო საკუთრებაში.
2020 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ნ.გ-მა მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე. ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს 2021 წლის 2 აგვისტოს კვლავ განცხადებით მიმართა ნ.გ-მა და მოითხოვა მითითებულ უძრავ ქონებაზე მისი და ი.გ-ის საკუთრების უფლების აღიარება.
2022 წლის 6 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი მიმართვით ნ.გ-მა ითხოვა მის მიერ აწ უკვე წარდგენილი განცხადების განხილვის დაჩქარება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მისი მაზლი ცდილობს მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N8) საკუთრების უფლების აღიარებას. 2022 წლის 9 დეკემბერს ნ.გ-მა კვლავ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და თანდართულ საკადასტრო ნახაზით გათვალისწინებული 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ ნაწილზე მ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზემოაღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nბს-246-243(კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მითითებული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, ბავშვზე მორგებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სტადიაზე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა ევალება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ (სზაკ-ის 85.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან ნ.გ-მა აღიარების კომისიას არ წარუდგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო მისი განცხადების განხილვის და ი.გ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის (მ.გ-ის) ჩაბმის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის დასტურად მიუთითებს, რომ ნ.გ-ი (მ.გ-ის კანონიერი წარმომადგენელი) ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ყველა განცხადებაში კონკრეტულად უთითებდა სადავო მისამართს, სადავოდ არ ხდიდა ი.გ-ის მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითებდა, რომ მის მაზლს საკუთრების აღიარებისთვის უკვე მიმართული ჰქონდა კომისიისთვის. ამდენად, აღიარების კომისიას ნ.გ-ის განცხადებების შესწავლის შედეგად მარტივად შეეძლო დაედგინა განმცხადებლის მოთხოვნის მსგავსება ი.გ-ის მოთხოვნასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არასრულწლოვანია შესაბამისად, მის დედას - ნ.გ-ის კანონისმიერად წარმოეშვა შვილის წარმომადგენლობის უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ნ.გ-ის უფლებამოსილება საეჭვოდ მიაჩნდა შეეძლო მისი განცხადებაზე ხარვეზი დაედგინა და მისთვის წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოეთხოვა, თუმცა აღიარების კომისიას აღნიშნული არ განუხორციელებია და ნ.გ-ის განცხადებაზე არსებითად არც უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება ი.გ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო 2020 წელს, რომლის ფარგლებშიც აღიარების კომისიამ დაადგინა ი.გ-ის მხრიდან სადავო ქონების დაუფლებისა და სარგებლობის ფაქტი. უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებამდე ნ.გ-მა სამჯერ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თუმცა მის განცხადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. კომისიამ ისე გამოსცა სადავო უძრავ ქონებაზე ი.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განკარგულება, რომ არ გამოიკვლია იმ პირის ვინაობა და მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ი.გ-ი და ნ.გ-ი ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ითხოვდნენ საკუთრების უფლების აღიარებას და, ერთ-ერთი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავდა მეორე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემის მიზნით ისე ჩაატარა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, რომ არც ნ.გ-ი და არც მისი შვილი - მ.გ-ი, როგორც დაინტერესებული პირები, მიწვეულნი არ ყოფილან, შესაბამისად არ მიეცათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, რითაც უხეშად დაირღვა ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნები. კეთილსინდისიერი საჯარო მმართველობის პირობებში ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის გზით, ადმინისტრაციული ორგანო გამოავლენდა დაინტერესებულ პირს. ნ.გ-მა არაერთხელ წარადგინა განცხადებები, რითაც ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა სადავო უძრავი ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების არსებობის თაობაზე, ხოლო აღიარების კომისიამ ცალმხრივად მხოლოდ ი.გ-ის უფლებაზე იმსჯელა. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მასზედ, რომ აღიარების კომისიაში წარდგენილი ნ.გ-ის განცხადებებით აღქმადი არ იყო განმცხადებლის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ.გ-ი განცხადებებში პირდაპირ მიუთითებდა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების მისამართს, კერძოდ ქ. თბილისს, ...ის ქუჩა N8-ს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სხვა პირის დაინტერესება, არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას იმ პირის სასარგებლოდ, რომელსაც აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის საკმარისი საფუძვლები გააჩნია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nბს-327(კ-21)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ სრულად არ ყოფილა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 17.10.2022წ. N2455 განკარგულების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას და კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობის პირობებში საკასაციო პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა იმსჯელოს მ.გ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩაბმა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო არ არის ი.გ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დასადგენია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება უნდა მომხდარიყო მთლიანად ი.გ-ზე თუ უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრე მასთან ერთად მ.გ-იცაა, როგორც მისი ძმის მემკვიდრე.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას, უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რა დროსაც მან უნდა შეაფასოს მოსარჩელის კანონისმიერი წარმომადგენლის - ნ.გ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კასატორმა იშუამდგომლა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ იგი არ განეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილება მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, ი.გ-ის საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საყურადღებოა, რომ სადავოდ გამხდარ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე ი.გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საფუძვლად სწორედ აღიარების კომისიის 8.11.2022წ. N769 საკუთრების უფლების მოწმობა დაედო. "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნება ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 18.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას მასზედ, რომ საკუთრების უფლების მოწმობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგულისხმოა, რომ ი.გ-მა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება სწორედ ზემოაღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე დაირეგისტრირა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების მოწმობა შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს, რადგან გამოცემულია კონკრეტული პირის - ი.გ-ის მიმართ და ადასტურებს მის საკუთრების უფლებას ქ. თბილისში, ...ის ქ. N8-ში მდებარე 151 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საკუთრების მოწმობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევას მოწმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე Nბს-190(კ-21), 17.02.2022წ), რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკუთრების მოწმობაში ცვლილების შეტანა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა ამავე კომისიის 2022 წლის 8 ნოემბრის №769 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა