საქმე #ბს-1192(2კ-24) 13 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.გ-ე
მოპასუხეები – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა; 3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 14 ივნისს თ.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 18 ივნისს წარდგენილ იქნა #... განცხადება 1999 წლის 14 აპრილს გამოცემული #20 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 649 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო წარმოებისას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის ...ის რაიონის გამგეობის მიერ დადასტურდა წარდგენილი და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა წარდგენილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის/ზედდების ფაქტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტირებულ ს.კ.... მიწის ნაკვეთთან.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინების შემთხვევაში, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების ობიექტი არ გახდებოდა, რამდენადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
მოსარჩელის განმარტებით, ამგვარ პირობებშიც, არსებული კანონმდებლობა, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილება-კორექტირებას. სააგენტოს მხრიდან მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილებაზე ერთხელ უკვე უარის თქმის მიუხედავად, „უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191502 ბრძანებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან რეალურად დადასტურდა ამგვარი შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნულს მოჰყვა იმავე თარიღით გამოცემული მეორე „უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ“ 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანება, რომლითაც, მოსარჩელის შეფასებით, ისევ კანონდარღვევით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გამოცხადდა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 ივნისის #... განცხადებით წარდგენილი 649 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოხსენებულთან ერთად, სრულიად გაუგებარია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოხატული ნება, მაშინ, როდესაც ამ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი ბრძანებები ისევ ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით გარანტირებული საკუთრების უფლება.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია/ზედდებაშია თ.გ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 18 ივნისის #... განცხადებით წარდგენილ (649 კვ.მ) მიწის ნაკვეთთან; (2) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანების ბათილად ცნობა; (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის მეოთხე მ/რ-ის და ...ის საცხოვრებელი რაიონის რაიონის მიმდებარედ არსებული 649 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ...; (4) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მეოთხე მიკრო რაიონისა და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც ზედდებაშია/გადაფარვაშია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელე თ.გ-ის მიერ 2018 წლის 18 ივნისს #... განცხადებით წარდგენილ 649 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, სასამართლო დავის დასრულებამდე, საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის გარდა, სხვა რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით თ.გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სასამართლო დავის დასრულებამდე, აეკრძალა საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის გარდა, სხვა რეგისტრაციის განხორციელება ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-4 მიკრო-რაიონისა და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც ზედდებაშია/გადაფარვაშია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელე თ.გ-ის მიერ 2018 წლის 18 ივნისს #... განცხადებით წარდგენილ 649 კვ.მ მიწის ნაკვეთთან.
2019 წლის 24 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება; თ.გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა თ.გ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით თ.გ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე, თ.გ-ის სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
2020 წლის 21 აპრილს თ.გ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანების, (2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2019 წლის 20 აგვისტოს #... განცხადებით მოთხოვნილი თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, (7) თ.გ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებით წარდგენილ 649 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 15 აპრილს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა და (8) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვირტუალური ფორმით გამოცემული თ.გ-ის 2020 წლის 20 იანვრის #19/01200203773-01 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მე-8 სასარჩელო მოთხოვნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის #1482 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა 2020 წლის 17 ივლისს წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეში მოპასუხედ მითითებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალტიეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე შუამდგომლობის ხელახლი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აგვისტოს განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის 2020 წლის 17 ივლისის შუამდგომლობა მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლედ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს #... და 2019 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის #1482 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ.გ-ის 2020 წლის 20 იანვრის #19/012002203773-01 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა; დანარჩენ ნაწილში თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ცნო ბათილად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის #1482 ბრძანება.
კასატორის განმარტებით, აქტის გასაჩივრების ვადის დინება სწორედ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დღიდან - 2019 წლის 6 სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოსა და პირველი ინსტანციის დასკვნა, რომ თ.გ-ის მიერ დარღვეულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 15 აპრილს მომზადებული, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის დასახლებაში, IV მ/რ-ში მდებარე სს „...ის“ მართვის სისტემების ...ის მიერ დაკავებული (160 183 კვ.მ) მიწის ნაკვეთის გეგმის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პალატას კონკრეტულად უნდა მიეთითებინა, თუ რატომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ დაცული იყო სადავოდ გამხდარი აქტის გასაჩივრების ვადა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა, რომ აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისათვის ცნობილი ხდება, თუ რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 58-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას.
კასატორის შეფასებით, რამდენადაც წარმომადგენელს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაგებელი (რომელსაც თან ერთვოდა არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 15 აპრილს დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმა) 2019 წლის 6 სექტემბერს ჩაჰბარდა, მისთვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი სადავოდ გამხდარი აქტის შინაარსი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 2020 წლის 20 იანვარს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მიერ სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია, ვინაიდან 2019 წლის 6 სექტემბრიდან 2020 წლის 20 იანვრამდე გასულია ოთხ თვეზე მეტი. ამასთან, მერიის მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით, თუმცა ამგვარი გარემოების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მერიაში არ წარდგენილა.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოდგენილ საჩივარსა და სასამართლოში წარდგენილ სარჩელში არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რომელ კანონს ან კანონქვემდებარე აქტს ეწინააღმდეგება არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 15 აპრილის მიწის ნაკვეთის გეგმა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-4 მიკრო-რაიონსა და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული ს.კ... უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებში შემავალი 649 კვ.მ მიწის ნაკვეთი ცალკე საკადასტრო ერთეულად აღირიცხა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს.კ...).
კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, ასევე, ქონების მუნიციპალიტეტის აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედ „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველ პუნქტზე, დღეს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (ს.კ...) წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. შესაბამისად, მესაკუთრემ მიიღო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 649 კვ.მ მიწის ნაკვეთის ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, მიეღო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის, გამიჯვნის, სხვა უძრავ ქონებასთან გაერთიანებისა და საზღვრების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააგენტოსათვის გაუგებარია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებები.
კასატორის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ს.კ... ქონების მიმართ მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გაწერილი იყო ვადებში, პროექტის შესაძლო შეჩერებისა და მუნიციპალიტეტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო შეეცადა ცალკე საკადასტრო ერთეულად დაერეგისტრირებინა სადავო ქონება, რასთან დაკავშირებითაც გაგრძელდებოდა დავა და სააგენტო დაიცავდა მუნიციპალიტეტის, როგორც კანონიერი მესაკუთრის ინტერესებს. კასატორის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, მიერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ცვლილება გამომდინარეობს მესაკურის უფლებებიდან და დაუსაბუთებელია მსჯელობა აღნიშნული უფლების რაიმე სახით შეზღუდვაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ..., ახალი ს.კ....) არ წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, კანონმდებლობის საფუძველზე, დაურეგისტრირებელი ტერიტორიის აღრიცხვა-რეგისტრაციის შედეგად წარმოქმნილ ქონებას. იგი აღრიცხული იყო სს „...ის“ (...ის) კაპიტალში, ხოლო მისი საზღვრები დადგენილი იყო შესაბამისი დოკუმენტაციით - ქალაქ თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 09.08.1979წ. #15.28.4444 გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმით. დღეს არსებული კონფიგურაცია კი დადგინდა/შეთანხმდა 2009 წელს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს იქნა შესწავლილი თ.გ-ის სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაცია და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების შესაძლო არსებობა, რაც, გარდა ფაქტობრივი მდგომარეობისა, სამართლებრივადაც არ დადასტურდა, რამდენადაც ...ის (კერძო სამართლის იურიდიული პირის - სააქციო საზოგადოების) საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ფიზიკური პირისათვის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაცემას გასულ წლებში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 1999 წლის 14 აპრილს გაცემული #20 მიღება-ჩაბარების აქტით ქონების ადგილმდებარეობა არ დგინდება, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით და ასევე, მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლების დამდგენი დოკუმენტებით თ.გ-ის ქონების ადგილმდებარეობა არ დასტურდება.
კასატორის განმარტებით, 1994 წლის 14 აპრილს გაცემულ #20 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ თ.გ-ის მიწის ნაკვეთს ორი მხრიდან - ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან - ესაზღვრება გზა, სამხრეთიდან - საძოვარი, ხოლო დასავლეთიდან - ხევი, მაშინ, როდესაც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით მდებარეობს ყოფილი რადიოქარხანა, ხოლო ჩრდილოეთით - არა გზა, არამედ ს.გ-ის კუთვნილი ნაკვეთი უნდა იყოს მითითებული, იმის გამო, რომ მის სახელზე #372 მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია 1996 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო თ.გ-ის #20 მიღება-ჩაბარების აქტი მოგვიანებით. შესაბამისად, ჩრდილოეთით გზის ნაცვლად ასახული უნდა იყოს ს.გ-ე, როგორც მომიჯნავედ მდებარე ქონების უკვე არსებული მესაკუთრე. რაც შეეხება სამხრეთ მხარეს, საძოვრის ნაცვლად, ასევე, ფიზიკური პირი უნდა იყოს მითითებული. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იძლევა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 1999 წლის 14 აპრილის #20 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთის ნაწილი და შესაბამისად, დანარჩენი ნაწილის რეგისტრაციაც უნდა განხორციელდეს. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას განმარტავს იმგვარად, თითქოს ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული დავის შედეგებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს უფლების დამდგენი დოკუმენტით რეგისტრაცია განხორციელებული აქვს მხოლოდ ნაწილზე და მეორე ნაწილი მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული ქონების საზღვრებში უნდა მდებარეობდეს, არასწორი და არსებითად კანონსაწინააღმდეგოა.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 7 ივნისის #34-01191583392 წერილს, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი ამავე გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ საქმეში არსებულ ყველა მატერიალურ მტკიცებულებასთან ერთად, შეისწავლა 2018 წლის 15 თებერვალს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირთა ვინაობა და მათი შესაძლო ცოდნა 1999 წლის 14 აპრილს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის შესახებ. სააგენტო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ქონება არ არის შემოსაზღვრული, არ არის განაშენიანებული, მასზე არ დგას რაიმე ტიპის ნაგებობა და მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება მფლობელობაც კი, მოწმის განმარტება შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული, თუ იგი წარმოადგენს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და მასაც მიღება-ჩაბარების აქტით აქვს გადაცემული ქონება ან/და მეხსიერებით ახსოვს დაინტერესებული პირისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი და მისი საზღვრები.
კასატორი არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ მტკიცებულებად, რამდენადაც ისინი ადასტურებენ გარემოებას, რომელიც მათთვის ვერ იქნებოდა ცნობილი.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 ოქტომბრის #1482 ბრძანებას, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მის ბათილად ცნობას და ამ მხრივ, სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებებს. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა არ შეიცავს დათქმას იმის თაობაზე, რომ მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს 10 წელზე მეტი დროის წინ გამოცემული აქტის კანონიერება მისი ჩაბარებიდან 1 წლის ვადაში. კასატორი თვლის, რომ ასეთი დათქმა დაარღვევდა სამართლებრივ სტაბილურობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #ბ61.01191503 ბრძანების, (2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... გადაწყვეტილების (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2019 წლის 20 აგვისტოს #... განცხადებით მოთხოვნილი თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე, (7) თ.გ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებით წარდგენილ 649 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 15 აპრილს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ (ნაკვეთი #...) მდებარე 1 398.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს.კ. ...) მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო თ.გ-ე. აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 აგვისტოს #... გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #20; დამოწმების თარიღი: 14.04.1999წ.
მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #20 აქტის თანახმად, თ.გ-ეს გადაეცა მიწა, სულ 0.15 ჰექტარი, ერთ ნაკვეთად, მდებარე „...ში“.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 აგვისტოს #... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, თ.გ-ის საკუთრებაში აღირიცხა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ..., „...“), ს.გ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #3/327), სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 აგვისტოს #... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში და მოპასუხეს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოკვლეულა და შეფასებულა, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისთვის მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფ. ...ში, „...ში“ მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს.გ-ის სახელზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული რეგისტრაცია ხომ არ გამორიცხავდა ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ მდებარე იმავე ფართის მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე #3/327) საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 27 მარტს განხორციელდა ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ (ნაკვეთი #...) მდებარე 798.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავ ნივთზე (ს.კ....) თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2014 წელს განხორციელებული დაყოფის, გაერთიანებისა და ნასყიდობის ტრანზაქციების რეგისტრაციის შედეგად, საბოლოოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 4 ივლისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, „...ში“, 798.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობით (ს.კ....) უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მ.რ-ი.
2017 წლის 17 მაისს თ.გ-ემ განცხადებით (#...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში მითითებულია, რომ მას რეგისტრირებული ჰქონდა 1 398 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., საიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოაკლდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა წარადგინა 696 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მის სახელზე უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.გ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, სააგენტომ 2017 წლის 12 ივნისს #216486 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას, გადაუგზავნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება #20 მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით.
აღნიშნული წერილის პასუხად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ 2018 წლის 27 აპრილს #... წერილით (გადაწყვეტილება) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც, შედგა #... ოქმი. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული, არ არის განაშენიანებული, არ დგას რაიმე ტიპის ნაგებობა. დათვალიერებას დაესწრნენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრე და მიმდებარე ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელი, რომლებმაც დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის თ.გ-ის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი. ადგილზე დათვალიერებისას, ასევე, გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული, მოხდა მხოლოდ ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება. გაირკვა, რომ ფიქსირდება ზედდება. შესაბამისად, ნაკვეთის ნახაზი საჭიროებს კორექტირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ თ.გ-ის მიერ #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, თუმცა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საზღვრები საჭიროებს დაზუსტებას, შესწორებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 7 მაისის #... - გადაწყვეტილებით თ.გ-ეს ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 აპრილს #... წერილის შინაარსი, კერძოდ, მას განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 აპრილის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიასთან და მის საფუძველზე შესრულებულ 2018 წლის 7 მაისის სიტუაციურ ნახაზთან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის #... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს თ.გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით (#...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა 649 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ში, „... ში“ მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 19 ივნისს სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა სიტუაციური ნახაზი. აღნიშნული სიტუაციური ნახაზის თანახმად, დაფიქსირდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მონაცემების ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, საკადასტრო კოდით... (დაზუსტებული ფართობი: 93 470.00 კვ.მ, მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის დასახლების IV მ/რ-სა და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ნაკვეთი #...), 179 876.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ს.კ.... უძრავი ქონების ერთ-ერთ განაყოფს. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული 179 876 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიღებულ იქნა ს.კ.... (160 183.00 კვ.მ) და ს.კ.... (დაზუსტებული ფართობი: 19 693.00 კვ.მ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად.
ამასთან, სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვამდე, ს.კ.... უძრავი ქონება (160 183.00 კვ.მ) რეგისტრირებული იყო სს „...ის“ საკუთრებაში. უფრო კონკრეტულად, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ-ში (ნაკვ. #...) მდებარე 160 183.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე უძრავ ნივთზე (ს.კ....) 2009 წლის 30 ივნისიდან რეგისტრირებული იყო სააქციო საზოგადოება „...ის“ საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი: 15.04.2009წ., სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური. გეგმაზე მითითებულია, რომ იგი განხილულ უნდა იქნეს 2007 წლის 17 ოქტომბერს სამსახურის მიერ მომზადებულ გეგმასთან ერთად, კორექტირებულია რეგისტრირებულ ნაკვეთზე ზედდების გამო, 2009 წლის 13 აპრილის #07/19769-13 განცხადება.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2019 წლის 3 ივნისის #61-01191544066 და 20 ივნისის #61-01191711601 წერილებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას. სააგენტომ მიუთითა, რომ თ.გ-ის სახელზე 1999 წლის 14 აპრილს გაცემული #20 მიღება-ჩაბარების აქტით არ დგინდებოდა ქონების ადგილმდებარეობა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ..., ყოფილი ... ის ტერიტორია) საკადასტრო საზღვრები დადგენილი იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული - ქ. თბილისში, ...-... ის რაიონში, ...ის დასახლება, IV მ/რ-ში მდებარე სს „...ის“ მართვის სისტემების ...ის მიერ დაკავებული 160 183 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 აპრილის #... და 2018 წლის 10 აგვისტოს #... წერილების (აქტების) კანონთან შესაბამისობის (კანონიერების) საკითხის განხილვა მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ 2019 წლის 2 ივლისს #... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადაუგზავნა ქალაქ თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 9 აგვისტოს #15.28.4444 გადაწყვეტილებით დამტკიცებული, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის დასახლებაში, IV მ/რ-ში მდებარე სს „...ის“ მართვის სისტემების ...ის მიერ დაკავებული 160 183 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა და მოითხოვა ორთოფოტოს მომზადება, თ.გ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილი #... სარეგისტრაციო განაცხადით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის აღნიშნულ გეგმაზე ზედდების მონიშვნით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 31 ივლისს #... წერილით მიმართა ...ის რაიონის გამგეობას, გადაუგზავნა სააგენტოს მიერ 2019 წლის 31 ივლისს მომზადებული ორთოფოტო მონიშვნით და აცნობა, რომ #... განაცხადით 2017 წლის 6 ივნისს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი მოქცეულია სს „...ის“ მართვის სისტემების ...ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის ფარგლებში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 19 აგვისტოს #... წერილით (გადაწყვეტილება) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 27 აპრილის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მისი ძალაში შესვლის თარიღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს ეცნობა, რომ თ.გ-ის მიერ წარდგენილი #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში, გამგეობის წარმომადგენლის მიერ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება.
საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს თ.გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით (#...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ მდებარე 649 კვ.მ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო #... განცხადებაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 29 აგვისტოს #... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ...ის რაიონის გამგეობის #... წერილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს #61-01191544066 წერილით გამგეობას გაეგზავნა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... ის დასახლებაში, IV მ/რ-ში მდებარე სს „...ის“ მართვის სისტემების ...ის მიერ დაკავებული 160 183 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა, დამტკიცებული ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 9 აგვისტოს #15.28.4444 გადაწყვეტილებით. გამოვლენილი გარემოების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლების თანახმად, გამგეობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2018 წლის 27 აპრილის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მისი ძალაში შესვლის თარიღიდან. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გამგეობის წარმომადგენლის მიერ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და თ.გ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება. შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების შინაარსისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო, მართალია, სრულად ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძირითად მოტივაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ.გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1999 წლის 14 აპრილს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი #20 ძალაშია. მითითებული დოკუმენტის საფუძველზე, თ.გ-ეს ერთ ნაკვეთად გადაეცა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. თუმცა ნიშანდობლივია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ამ უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე დაზუსტებული ფართობით რეგისტრირებული 1398 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 600 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლება გაუუქმდა, შესაბამისად, საკუთრებაში დაზუსტებული რეგისტრაციით დარჩა 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.გ-ეს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ჩამორთმევია და უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1999 წლის 14 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #20 არ გაუქმებულა, ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ, თ.გ-ეს დაურეგისტრირდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, კონკრეტული მდებარეობით და კონფიგურაციით, თუმცა უფრო ნაკლები მოცულობით, ვიდრე მიღება-ჩაბარების აქტში იყო მითითებული. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დგინდება, რომ თ.გ-ეს გადაეცა 0.15 კვ.მ მიწა ერთ ნაკვეთად. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიწის ნაკვეთის დარჩენილი (არარეგისტრირებული) ნაწილი უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მომიჯნავედ უნდა მდებარეობდეს.
რაც შეეხება კასატორთა მხრიდან საკასაციო საჩივრებში გამოთქმულ მოსაზრებებს სადავო მიწის სს „...ის“ კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში მოქცევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტა ადმინისტრაციულ ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვლიონ და დაადგინონ, წარმოადგენს თუ არა თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სს „...ის“ ტერიტორიის ნაწილს. ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ, თუ რამდენად ასახავს სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული 2009 წლის 15 აპრილის მიწის ნაკვეთის გეგმა სს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული 160 183 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალურ საკადასტრო მონაცემებსა და ფაქტობრივ საზღვრებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამოიკვლიონ და დაადგინონ, ზემოხსენებული გეგმის მომზადების დროს, გამოირიცხა თუ არა სს „...ის“ კუთვნილი მიწის გეგმის ფარგლებში თ.გ-ის კუთვნილი 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) მოქცევა.
ამასთან, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სადავო ტერიტორიაზე არ არის განთავსებული რაიმე ტიპის ნაგებობა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 აპრილს #... წერილითაც (გადაწყვეტილებითაც). შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოები დაადგენენ, რომ თ.გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი სს „...ის“ საკუთრებაში არსებული 160 183 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფარგლებში ექცეოდა, რის გამოც, ფიზიკურად იგი თ.გ-ეს ვერ გადაეცემოდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სხვა უწყებებთან სათანადო და ეფექტური კოორდინაციის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თ.გ-ის საკუთრებაში აღრიცხვის შესაძლებლობის შეფასება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება; 2020 წლის 5 მარტის #ბს-89(კ-19) გადაწყვეტილება; 2021 წლის 1 ივლისის #ბს-784(კ-20) გადაწყვეტილება; 2022 წლის 16 ივნისის #ბს-71(კ-20) გადაწყვეტილება; 2023 წლის 12 იანვრის #ბს-562(კ-20) გადაწყვეტილება). კერძოდ, მითითებულ საქმეებში ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში ყოფნა არ ქმნის მასზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა