Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-914(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ლ.გ-ა, ს.გ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 18 მარტის ლ.გ-ამ და ს.გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეებმა მოითხოვეს ლ.გ-ას და ს.გ-ას ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის №55 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ლ.გ-ასა და ს.გ-ასათვის ორ ოთახიანი ბინის გადაცემის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...დან. 1992 წელს, აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ, ლ.გ-ა და მისი ორი შვილი ცხოვრობდნენ წყალტუბოში, ... „...ში“, თუმცა ლ.გ-ას ვაჟი დაოჯახდა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, შესაბამისად ბინაში რეგისტრირებულნი იყვნენ მხოლოდ მოსარჩელეები.

მოსარჩელეების მითითებით, მათ არაერთხელ მოითხოვეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა უშედეგოდ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 სექტემბრის №55 სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეების ოჯახს თანხმობა ეთქვათ ერთ-ოთახიანი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე, რაც მოსარჩელეების მოსაზრებით იყო უკანონო და უსამართლო.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ლ.გ-ას აქვს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი, წარმოადგენს მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ლ.გ-ას მეუღლე - რ.გ-ა ომის დაწყების დღიდან იბრძოდა აფხაზეთში და დაიღუპა 1992 წლის 6 დეკემბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ას და ს.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ.გ-ამ და ს.გ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით ლ.გ-ას და ს.გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.გ-ა და ს.გ-ა წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთა დროებით საცხოვრებელ ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) - იმერეთი, წყალტუბო, ...ის ქ. №7, ... სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოში, ...ის ქუჩაზე №7-5ში, ...ში, მე-2 სართულზე, №... ოთახში ცხოვრობდა ს.გ-ა, ხოლო ამავე მისამართზე №... ოთახში ცხოვრობდა მისი დედა ლ.გ-ა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის №55 გადაწყვეტილებით, სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე, კრიტერიუმების გარეშე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებიდან, ...ებიდან. კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში კრიტერიუმების გარეშე, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ ლ.გ-ას და ს.გ-ას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ №9 დანართზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს (დედა-შვილს), ამასთან ორივე იყო ერთი სქესის წარმომადგენელი, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და მტკიცებულებების გამოკვლევა და ვინაიდან მსგავსი გარემოებების არსებობისას საკანონმდებლო რეგულაცია ითვალისწინებდა საშუალოდ 35-40 კვ.მ ფართის გადაცემას, სააგენტოს მხრიდან კანონშესაბამისად მოხდა მათი დაკმაყოფილება ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ.გ-ამ და ს.გ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისი დანაწესები, რომლებიც უკავშირდებოდა ერთი სქესის ადამიანების/სრულწლოვანი დევნილების ერთ ოთახში განთავსების შესაძლებლობას, რამდენადაც დასახელებულ აქტში შემდგომში რამდენჯერმე იყო ცვლილება შესული და მათში არ იყო მითითებული ზემოაღნიშნულ დაშვებაზე.

გარდა ამისა, კასატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ.გ-ასადმი განკუთვნილი ქალაქ თბილისის „ენერჯის“ დირექტორის 2022 წლის 18 ოქტომბრის წერილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ გოგილავებისათვის გადაცემულ ფართს არ ჰქონდა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, კერძოდ - ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, გასანიავებელი. ამასთან, კასატორების მითითებით, მართალია პროცესზე დადასტურდა/დადგინდა, რომ წყალტუბოში, ...ის ქუჩაზე №7-5-ში მდებარე ...ში, მე-2 სართულზე, №... ოთახში ცხოვრობდა ს.გ-ა, ხოლო ამავე მისამართზე №... ოთახში ცხოვრობდა მისი დედა ლ.გ-ა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა და სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები ცალ-ცალკე ოთახებში იყვნენ განსახლებულნი, რამაც შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ.გ-ას და ს.გ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.გ-ას და ს.გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ლ. ლ.გ-ას და ს.გ-ას ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის №55 სხდომის ოქმის კანონიერება და მოსარჩელეებისთვის 2-ოთახიანი ბინის გადაცემის საკანონმდებლო წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ოჯახს თანხმობა ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, შესაბამისად მათი დაკმაყოფილების და პრიორიტეტულობის საკითხი არ არის სადავო, არამედ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ იქნა ქცეული მათთვის მიცემული ფართის მოცულობა, რამდენადაც მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო არა ერთოთახიანი, არამედ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილია საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები (დანართი №9). აღნიშნული დანართის თანახმად, დევნილის ოჯახების წევრთა 1-2 მოსახლეზე განისაზღვრა ერთოთახიანი ბინით, რომლის მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისთვის არის 30-დან - 40 მ2-მდე. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.გ-ა და ს.გ-ა წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთა საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი არის იმერეთი, წყალტუბო ...ის ქუჩა №, ... მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან ერთ ოჯახად საოჯახო ნომრით ..., თუმცა ცხოვრობდნენ №... და №... ოთახებში. 2020 წლის 16 მარტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ.გ-ა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 13 ქულით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 10 სექტემბრის №55 გადაწყვეტილებით, სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე, კრიტერიუმების გარეშე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებიდან, ...ებიდან. კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში კრიტერიუმების გარეშე, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ ლ.გ-ას და ს.გ-ას. 2022 წლის 9 აპრილის სსიპ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ს.გ-ა და ლ.გ-ა არ გამოცხადდნენ ბინების განაწილების კენჭისყრაზე, ხოლო შემდეგ, სააგენტოს იმერეთის ტერიტორიულ სამმართველოში პირადად განაცხადეს უარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში არსებული ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით, ოჯახის ცნების ქვეშ მოიაზრება ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც ამ სახის კავშირის გარდა ასევე აერთიანებთ საცხოვრებელი ადგილი და შინასამეურნეო საქმიანობა, ამასთან, დევნილი ოჯახი სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ერთ ოჯახად უნდა იყოს რეგისტრირებული და მინიჭებული უნდა ჰქონდეს ერთი საოჯახო ნომერი, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთი სქესის ოჯახის წევრებს, კერძოდ დედა-შვილს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №9) ზოგადად ითვალისწინებს 1-2 სულიან ოჯახზე სწორედ ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამასთან, კასატორის მითითების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ასევე ამჟამინდელი რედაქციის თანახმად, ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კანონმდებლობით დაშვებული ორივე წინაპირობა: კერძოდ - 2 სულიანი ოჯახი, რომლის ორივე წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2 სულიანი ოჯახის ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფისას, მისი მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისთვის არის 30-დან - 40 მ2-მდე, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ სტანდარტს შესაბამისი ოჯახის საცხოვრებელი გარემოთი და შესაბამისი პირობებით ადეკვატურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.გ-ას და ს.გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. შონია