Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-230(კ-24) 14 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

სხდომის მდივანი - მარიამ ზარიძე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ.გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 10 თებერვალს თ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 2 წლის 31 დეკემბრის №1599 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №27ა-ს მიმდებარედ) თ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, თ.გ-ი 1986 წლიდან მუდმივად ფლობდა სადავო 1100 კვ.მ უძრავ ქონებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავეს (მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №27-ა, ს/კ...), თუმცა 2021 წლის 31 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა განკარგულება №1599, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დასახელებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, უარის თქმის მიზეზად კი მითითებულ იქნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დადგინდა თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ფერდობს.

მოსარჩელის მითითებით, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 27ა, ს/კ...) უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა სააღრიცხვო ბარათი №..., სადაც უძრავი ქონების აღრიცხვის თარიღად მითითებული იყო 1986 წელი. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული თ.გ-ი ფლობდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართით 1100 კვ.მ და ამ ორ ნაკვეთს გააჩნდა მყარი სასაზღვრო მიჯნა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო აღიარების კომისიის უარი და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი სამართლებრივი ნორმა არ კრძალავდა ფერდობსა და დამრეც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ღობეში და არ იკვეთებოდა მოსარჩელის მხრიდან მისი ფლობა-სარგებლობის კვალი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა 2005 წლის ორთოფოტოზე, რომლითაც არ დგინდებოდა ერთიანი სასაზღვრო მიჯნისა და შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადგილზე გასვლისას კომისიის წარმომადგენლებს მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილი დახვდათ მავთულბადით, ასევე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება №... სააღრიცხვო ბარათზე, როგორც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაზე, რომელშიც სასამართლოს განმარტებით, არსად იყო მითითებული თ.გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობისა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში საქმეში არსებული მოწმეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ მარტოოდენ მოწმეთა განმარტება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დადებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1599 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №27ა-ს მიმდებარედ) თ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.გ-ი საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №27ა-ში მდებარე 1110,00 კვ.მ უძრავ ქონებას; ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3 და №4. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1599 განკარგულებით, თ.გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), ფოტოსურათებით და ადგილზე დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ასევე დადგენილ იქნა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად, ადგილზე დათვალიერებით მიჩნეულ იქნა, რომ არ დასტურდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ფერდობს).

სააპელაციო სასამართლომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად თ.გ-ი უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დასახელებული კანონმდებლობის თანახმად შენობის არსებობა აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენდა. კანონის მიზნებისათვის, აუციელებელია ასეთი მომიჯნავე ქონების ფართი არ აჭარბებდეს ბარში 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე ფლობა-სარგებლობის საკითხს, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე და ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ თ.გ-ის მიერ მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ იყო ერთიან მიჯნაში მოქცეული და აღნიშნა, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებდა, რომ სივრცე შემოსაზღვრული იყო მავთულბადითა და ხის მესრით, ხოლო ის გარემოება, რომ თავად უფლებასაღიარებელ მიწასა და საკუთრებაში არსებულს შორის რაიმე გამყოფი მიჯნა არსებობდა, არ დასტურდებოდა საქმის მასალებით. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესებდა მოთხოვნას, თვითნებურად დაკავებული მიწა აუცილებლად მყარი საზღვრით ყოფილიყო შემოსაზღვრული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით, ფოტოსურათებით და ადგილზე დათვალიერებით კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არც კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის არ იყო შემოსაზღვრული ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობის საპირისპიროდ კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილი იყო მავთულბადით, ხოლო ნაწილობრივ შემოსაზღვრულობა საკმარისი არ იყო ზემოაღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობისთვის.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადგილზე დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ფერდობს და არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე, დანგრეული).

აღიარების კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მიწის ნაკვეთის სრულად შემოსაზღვრულობასთან და მიჯნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ ორთოფოტოების საპირწონედ მიიღო ისეთი ფოტოსურათები, რომლებზეც არ იყო მითითებული გადაღების თარიღი, ხოლო მეორე მხრივ უპირატესობა მიანიჭა მოწმეთა სუბიექტურ ჩვენებებს. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, რომელშიც არსად არ იყო მითითებული თ.გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობისა და ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და იკვეთება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2025 წლის 14 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. კასატორმა ვერც საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 14 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გააქარწყლა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე თ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1599 განკარგულების კანონიერების შემოწმება და 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №27ა-ს მიმდებარედ) თ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად კერძოდ ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტებად ასახელებს ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტს, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტს, გადახდის ქვითარს ან/და სხვა დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ამასთან, სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობა საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად არ ადგენს აღნიშნულ ნაკვეთზე შენობის არსებობას და საკმარისად მიიჩნევს მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მისი ფლობა-სარგებლობის ფაქტის დადასტურებას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის ამონაწერის თანახმად, თ.გ-ის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №27ა-ში მდებარე 1110,00 კვ.მ უძრავი ქონება. ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - №1, №2, №3 და №4.

2021 წლის 24 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა თ.გ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №27ა-ს მიმდებარედ 1100 კვ.მ მიწის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, ორთოფოტო, ფოტომასალა და მეზობლების თანხმობები. აღნიშნული განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 აპრილის №... მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა, რომელმაც 2021 წლის 22 ნოემბერს ჩაატარა ქ. თბილისი ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №27ა-ს მიმდებარედ მდებარე, თ.გ-ის მიერ უფლებაასაღიარებელ 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დათვალიერება, რათა დადგენილიყო საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიანი სივრცისა და ღობის დადასტურება. ადგილზე გასვლისას კომისიის წარმომადგენლებს მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილი დახვდათ მავთულბადით.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1599 განკარგულებით, თ.გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ აღნიშნა, რომ არ დგინდებოდა თ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), ფოტოსურათებით და ადგილზე დათვალიერებით დადასტურებულ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ადგილზე დათვალიერებით ასევე დადგენილ იქნა, რომ არ დასტურდებოდა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი (მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ფერდობს). ასევე დადგენილ იქნა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოში ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კასატორის მიერ განიმარტა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა საზღვრების დადგენისთვის განმსაზღვრელ ღონისძიებას წარმოადგენდა, ამასთან კასატორმა აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები დააყენა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე წინ, როგორიც ორთოფოტოებია.

საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტების საპირისპიროდ განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელ წინაპირობად არ ითვალისწინებს მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს. ამასთან, კასატორის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი წინაპირობის არსებობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება ორთოფოტოებს, როგორც მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ ორთოფოტო წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ იმგვარ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს დედამიწის ზედაპირის გამოსახულებას, იძლევა კონკრეტული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენისა და ამ მიწის ნაკვეთის სრულყოფილი გამოსახულების მიღების, მათ შორის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, ორთოფოტოსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ორთოფოტოს როგორც ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი (სუსგ №ბს-698-698(კ-18); 13.12.2018წ.).

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთრების უფლების აღიარების საკითხის კვლევისას ორთოფოტოზე ასახული ინფორმაციის მნიშვნელობას და უპირატესობას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ ორთოფოტო არ წარმოადგენს სადავო ქონებაზე უფლების მოპოვების ერთადერთ დამადასტურებელ დოკუმენტს, ამაზე მეტყველებს თავად კანონმდებლობაში არსებული მითითებები სხვა მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენებები, ასევე ფოტოსურათები, განსახილველ შემთხვევაში ადასტურებდნენ თ.გ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლის ორთოფოტოზეც თვალნათლივ იკვეთება მისი ნაწილობრივ შემოსაზღვრის და შესაბამისად მიწის ნაკვეთის ფლობის კვალი, რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. შონია