№1342აგ-13 21 თებერვალი, 2014 წელი
დ-ე მ, 1342აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, მე-16 და მე-18 მუხლების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, გაუნახევრდა და პროპორციულად გავრცელდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე და მოსახდელად დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წელი პირობითი მსჯავრი, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 9 თვე - პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი პირობითი მსჯავრი, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 9 თვე - პირობითი მსჯავრი.
საბოლოოდ დ. გ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით დ. გ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუქნტით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით. მ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 21 მაისს და 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა - მ. დ-მ და დ. გ-ა, რომლებმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მ. დ-ს მიმართ სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, შთანთქა სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დ. გ-ს მიმართ სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან (თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით) თავისუფლების აღკვეთას 3 წლითა და 6 თვით დაემატა: სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ასევე სსკ–ის 120–ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 9 თვე და სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 9 თვე. დ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ პირობითი მსჯავრი განესაზღვროს 9 თვით, 18 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოხდილი ჰქონდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2011 წლის 18 აპრილიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დღემდე - 2013 წლის 17 ივლისამდე მსჯავრდებულ მ. დ-ს დანიშნული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან მოხდილი აქვს 2 წელი, 2 თვე და 29 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 1 წლით, 6 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის, 3 თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2013 წლის 17 ივლისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი შეიცვალოს, კერძოდ:
მ. დ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით, 6 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის, 3 თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 17 ივლისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი