Facebook Twitter

ბს-517 (კ-24) 05 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.გ-ის მხარდამჭერმა შო.გ-მა 13.12.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 15.02.2017წ. №129 ბრძანების ბათილად ცნობა და შ.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილებით შ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 15.02.2017წ. №129 ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის 12.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. პალატამ მიუთითა, რომ შ.გ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით შ.გ-ის მინიჭებული აქვს №... სარეგისტრაციო ნომერი. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ...ის გამზ. №37 და მისი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, შესაბამისად, ექცევა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმის დაცვის სფეროში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

პალატის მითითებით განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №37-ში, მდებარე ობიექტი, „...“ არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 15.02.2017წ. №129 ბრძანებით შ.გ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში („...“) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს მისი სახლში არყოფნის ფაქტს. კერძოდ, 21.07.2016წ. განხორციელდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათ შორის, შ.გ-ის და მისი მეუღლის ლ.ს-ის აღწერა დროებით საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე: თბილისი, ...ის გამზირი №37, კორპუსი №..., სართული ..., ბინა №... კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა მეზობელი ა.პ-ი, რომლის განმარტებით, შ.გ-ი 6 თვეა იმყოფება ...ის საპყრობილეში. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 26.08.2022წ. №252038/01 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ შ.გ-ი (დაბ. ...წ.) დაპატიმრებულ იქნა 01.11.2015წ., გასამართლდა 29.03.2016წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ და მიესაჯა 11 წელი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის დასასრული - 01.11.2026წ.. პალატის მითითებით აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ შ.გ-ის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს ის უკვე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და შესაბამისად მისამართზე არ/ვერ იქნებოდა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პატიმრობამდე შ.გ-ის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის მიზეზი იყო მხოლოდ მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. როგორც უკვე აღინიშნა 21.07.2016წ., როდესაც განხორციელდა შ.გ-ის და მისი მეუღლის ლ.ს-ის აღწერა დროებით საცხოვრებელ ადგილას, კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა მეზობელი ა.პ-ი, რომლის განმარტებით, შ.გ-ი 6 თვეა იმყოფება ...ის საპყრობილეში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია განმცხადებლის ადგილსამყოფელის შესახებ. ამასთან, მხარის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ 2016 წლის 21 ივლისისთვის ლ.ს-ი აღარ იყო შ.გ-ის მეუღლე და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დადგენილია, რომ შ.გ-ი დაპატიმრებულ იქნა 01.11.2015წ. გასამართლდა 29.03.2016წ. და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე დაპატიმრების შემდგომ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, ...ის გამზირი №37, კორპუსი №..., სართული ..., ბინა №...) ვეღარ იქნებოდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხოლოდ კონკრეტული დროის მონაკვეთში მოსარჩელის მისამართზე არ ყოფნა არ ადასტურებს, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. შ.გ-ის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ნგრევადი ობიექტი და სხვა იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან ერთად უნდა მომხდარიყო მისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 6.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორი მიუთითებს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მნიშვნელოვანი გარემოება, რომ შ.გ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, სადავო მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

საკასაციო საჩივრის თანახმად, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 10 ნგრევადი და ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ობიექტის აღწერა ქ. თბილისში, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნება ...ის გამზ. №37-ში მდებარე „...“. 09.08.2013წ. №320 ბრძანების შესაბამისად მოხდა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 21.07.2016წ. შ.გ-ი მისამართზე არ იმყოფებოდა და მეზობლის - ა.პ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი იმყოფებოდა ...ის საპყრობილეში. ბინის დასურათება ვერ მოხერხდა, მხოლოდ გარედან მოხდა ფოტოსურათის გადაღება. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვიტა შ.გ-ის ოჯახისთვის უარი ეთქვა ნგრევადი ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე - აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების და დამისამართების გამო.

კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტომ დაჩქარებული წესით მოახდინა იმ ოჯახების მოცემული ობიექტიდან გამოყვანა, ვინც ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო მისამართზე, ხოლო იმ ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომლებსაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო ეთქვათ უარი - განხილული იქნება კანონით დადგენილი წესის მიხედვით. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, რაც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" დანართი №1-ს მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.გ-ი იძულებით გადაადგილებული პირია, რომლის სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით შ.გ-ის მინიჭებული აქვს №... სარეგისტრაციო ნომერი. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ...ის გამზ. №37. შესაბამისად, იგი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ასევე დადგენილია, რომ 21.07.2016წ. განხორციელდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათ შორის, შ.გ-ის და მისი მეუღლის ლ.ს-ის აღწერა დროებით საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე - თბილისი, ...ის გამზირი №37, კორპუსი №..., სართული ..., ბინა №.... კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა მეზობელი ა.პ-ი, რომლის განმარტებით, შ.გ-ი 6 თვეა იმყოფება ...ის საპყრობილეში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 26.08.2022წ. №252038/01 წერილით დგინდება, რომ შ.გ-ი (დაბ. ...წ.) დაპატიმრებულ იქნა 01.11.2015წ., გასამართლდა 29.03.2016წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ და მიესაჯა 11 წელი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის დასასრული - 01.11.2026წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისათვის პირის მოთავსების შესახებ 15.01.2022წ. ბრძანების საფუძველზე კრიტერიუმის ამოწურვამდე გადაყვანილ იქნა „...ში“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016წ. №122 სხდომის ოქმის თანახმად, შ.გ-ის (პირადი №...; სარეგ. №...) უარი ეთქვა ქ. თბილისში 1 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ნგრევად ობიექტში - ...ის გამზ. №37-ში, „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრებისა და დამისამართების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 15.02.2017წ. №129 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, შ.გ-ის (პ/ნ...) ოჯახს, განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 4.3 მუხლზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

კასატორი თავად მიუთითებს, რომ განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 10 ნგრევადი და ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ობიექტის აღწერა ქ. თბილისში, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნება ...ის გამზ. №37-ში მდებარე „...“, სააგენტომ დაჩქარებული წესით მოახდინა იმ ოჯახების მოცემული ობიექტიდან გამოყვანა, ვინც ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო მისამართზე. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ობიექტი ასევე წარმოადგენს შ.გ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 15.02.2017წ. №129 ბრძანებით შ.გ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. ფაქტობრივად არ ცხოვრების ერთადერთ მიზეზს კი როგორც უკვე აღინიშნა განმცხადებლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადგენილია შ.გ-ის 29.03.2016წ. გასამართლებისა და მის მიმართ სასჯელის სახით 11 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ფაქტი, დაუსაბუთებელია დაკავების შემდგომ - 21.07.2016წ. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე არყოფნა გამოყენებულ იქნას მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საკითხის განხილვისას, ვინაიდან იგი მისამართზე არ იმყოფებოდა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, აღნიშნულის შესახებ კი მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში უკვე ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის და მას ჰქონდა მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და გამოკვლევის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღებამდე.

სზაკ-ის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 6.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე