Facebook Twitter

ბს-665 (კ-24) 05 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.დ-ამ 06.06.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.04.2022წ. №03-2252/ო ბრძანების ბათილად ცნობა და დ.დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2023წ. გადაწყვეტილებით დ.დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.04.2022წ. N03-2252/ო ბრძანება და დაევალა სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ.დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო აპელანტმა ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის 12.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.დ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, შესაბამისად, მისი ოჯახი ექცევა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმის დაცვის სფეროში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ.დ-ამ 17.01.2017წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შეავსო შესაბამისი კითხვარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 15.04.2022წ. N39 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველსაყოფად განიხილა, ქ. მარნეულში ახლად აშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება, მათ შორის დ.დ-ას განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით, დ.დ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ხსენებულ ეტაპზე იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 29.04.2022წ. N03-2252/ო ბრძანებით დ.დ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 14.02.2022წ. შეფასების ფორმაზე, რომლის თანახმად დ.დ-ას განაცხადი შეფასდა 6 ქულით, მათ, შორის კრიტერიუმში 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულა - 2 ქულა; ამავე განაცხადის ფარგლებში დ.დ- განმეორებით შეფასებულია 29.03.2022წ. ჯამში 6 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები-1.5 ქულა; ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; ასაკით პენსიონერი - 1 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2 ქულა.

პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, სადაც დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ცხოვრობს, წარმოადგენს სხვა პირის საკუთრებას, იგი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული უძრავი ქონება, რაც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფუძველია. პალატამ ასევე მიუთითა, რომ სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" (დანართი №1) 6.1 მუხლით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 6 ქულა, ხოლო საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს "საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც ქულათა პრიორიტეტულობაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნულ ნორმას არასწორად განმარტავს და არასწორ სამართლებრივ შეფასებას აძლევს, როდესაც მხოლოდ ქულათა სისტემით დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს. თავის მხრივ სააგენტო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა არ არის გადამწყვეტი და ყურადღება ექცევა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ სადავო საკითხში დასტურდება, რომ მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, რადგან ის ცხოვრობს შვილის საკუთრებაში 1993 წლიდან. საჩივრის თანახმად, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტზე და არა ქულათა ოდენობაზე, რადგან წლების განმავლობაში შეუფერხებლად ცხოვრობს განმცხადებელი მითითებულ მისამართზე, ბინა ეკუთვნის მის შვილს, რომელიც მასთან არ ცხოვრობს და აქვს შესაძლებლობა ცალკე იცხოვროს. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადების და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნილი და დასაბუთებული არ არის აქტის მომზადებისა და გამოცემის დროს კანონმდებლობით დადგენილი რა მოთხოვნა დაარღვია სააგენტომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ.დ-ა იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ასევე დადგენილია, რომ 17.01.2017წ. დ.დ-ამ განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 2.5 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა და მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა. 18.11.2019წ. შეფასებით ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად დაემატა სოციალური კრიტერიუმი - 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულა - 2 ქულა და ჯამში შეფასებულ იქნა 4.5 ქულით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერების თანახმად, დ.დ-ა რეგისტრირებულია აღნიშნულ ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. მის მისამართად მითითებულია მარნეული, ... N..., კორპ 8, ბინა ...

დ.დ-ას განაცხადი, განმეორებით შეფასდა 14.02.2022წ. ქულები მიენიჭა შემდეგნაირად: კრიტერიუმში 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1.5 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულა - 2 ქულა, ჯამში 6 ქულა, ასევე, 29.03.2022წ. შეფასებით დ.დ-ას განაცხადი შეფასდა ჯამში 6 ქულით, შემდეგი კრიტერიუმებით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები-1.5 ქულა, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, ასაკით პენსიონერი - 1 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2 ქულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.07.2010წ. მომზადებული ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქი მარნეული, ...ის ტერიტორია, კორპუსი N..., ბ.N...-ის (ს/კ...) მესაკუთრეა რ.უ-ა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.05.2022წ. N... წერილის თანახმად, დ.დ-ას სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 15.04.2022წ. N39 სხდომის ოქმის თანახმად, დ.დ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ხსენებულ ეტაპზე იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 29.04.2022წ. N03-2252/ო ბრძანებით დ.დ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე დ.დ-ას განმარტებაზე, რომ ცხოვრობს შვილიშვილთან ერთად ქალიშვილის საკუთრებაში არსებულ ბინა N7-ში, მეორე ქალიშვილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობს ბინა N10-ში. ორივე ბინა არის მისი ქალიშვილის რ.ას სახელზე რეგისტირებული. თავად რ. ცხოვრობს ქირით, მას თავის სამსახურთან ახლოს აქვს ნაქირავები ბინა და იქ ცხოვრობს ცალკე. რ. აპირებს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლას მიმდინარე თვის 20 რიცხვში, ბილეთი ნაყიდი აქვს, იქ რომ აეწყობა, ჩამოვა თბილისში და იმ ბინის გაყიდვას აპირებს, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს, შესაბამისად მოსარჩელე აღმოჩნდება უკვე ღია ცის ქვეშ, რადგან სხვა წასასვლელი მას არ აქვს. მეორე ბინაში მეორე ქალიშვილი ცხოვრობს თავის შვილთან ერთად. თავად მას კი არანაირი საკუთრება არ გააჩნია. შესაბამისად ითხოვს ბინით დაკმაყოფილებას, რომ ჰქონდეს თავისი კუთხე, თუნდაც 73 წლის ასაკში.

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძულებულია დროებით, ქირის გარეშე იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში - არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 6.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე