ბს-1250 (კ-23) 05 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ზ-მა 29.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.09.2019წ. N04/50355 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ.ზ-ისათვის 2011 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 20 720 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2022წ. გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.09.2019წ. N04/50355 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ.ზ-ის სასარგებლოდ 2011 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 20 720 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.ზ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2023წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე", კერძოდ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პენსია ჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ლ.ზ-ი 2008 წლიდან იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 28.03.2011წ. გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის ზედიზედ 6 თვის კომპენსაციის/სტიპენდიის მიუღებლობის მოტივით 2011 წლის 01 აპრილიდან შეუჩერდა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.04.2014წ. გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის 3 წლის შეჩერების გამო შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია 2014 წლის 01 მაისიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. N3/4170-14 გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ზ-ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 23.09.2019წ. NMIA 2 19 02517435 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა ლ.ზ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები, ხოლო შპს „...ის“ 19.09.2019წ. ... წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ კომპანიაში მატერიალური დოკუმენტის სახით არ მოიპოვებოდა არანაირი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 29.03.2011წ. ლ.ზ-ის სახელზე გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარება/ჩაუბარებლობის ფაქტს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქმეში არ მოიპოვებოდა მოსარჩელე ლ.ზ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დადასტურებულია შპს „...ის“ 19.09.2019წ. ... წერილით. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის 23.09.2019წ. N MIA 2 19 02517435 წერილით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე მხარეს 2010 წლის 01 მარტიდან, 2019 წლის 23 სექტემბრამდე გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი მხოლოდ მცირე დროით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელე ლ.ზ-ის კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის შესაბამისად არ გამოუცია და არ გაუცნია მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელე მხარეს მისცემდა შესაძლებლობას აღმოეფხვრა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველი და მიეღო შეჩერებული სოციალური პაკეტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ლ.ზ-ის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა შეუჩერდა 2011 წლის აპრილიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპენსაციის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან, გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, ბენეფიციარისათვის შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაცია ჩაითვალა შეწყვეტილად. ბენეფიციარისათვის დანიშნული კომპენსაციის შეჩერება განხორციელდა სს „...ის" 25.03.2011წ. N25/01 წერილის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს მიეწოდება ყოველთვიურად, შეთანხმებული ფორმატით. 2011 წლის 1 აპრილიდან კომპენსაციის მოსალოდნელი შეჩერებისა და მისი გამომწვევი მიზეზების თაობაზე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ძველი თბილისი) მიერ 29.03.2011წ. ლ.ზ-ის გაეგზავნა შეტყობინება (...), რომელიც განთავსებულია სახელმწიფო გასაცემლის საქმეში, თუმცა აღნიშნული შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ დოკუმენტური მტკიცებულების მოძიება შეუძლებელია. აღნიშნულ საკითხზე სააგენტომ 17.09.2019წ. N 04 49061 წერილით მიმართა შპს "...ას", რომლის 19.09.2019წ. N... წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ხანდაზმულობის გამო მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიაში მატერიალური დოკუმენტის სახით არ მოიპოვებოდა. კასატორმა მიუთითა, რომ შეწყვეტილი კომპენსაციის განახლების მოთხოვნით ლ.ზ-მა სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს მიმართა 04.04.2014წ. (განცხადება N...). შესაბამისად, მას კომპენსაცია ხელახლა დაენიშნა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2014 წლის 1 მაისიდან, ხოლო უარი ეთქვა წინა პერიოდის შეწყვეტილი კომპენსაციის ანაზღაურებაზე. აღნიშნული აქტი ლ.ზ-ის ჩაბარდა 22.04.2014წ.. კასატორის განმარტებით ლ.ზ-ისათვის კომპენსაციის შეჩერების თაობაზე ცნობილი გახდა ან უნდა ყოფილიყო ცნობილი 2011 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2014 წლის 4 აპრილისათვის ცნობილი გახდა კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ, რაც დასტურდება ბენეფიციარის 04.04.2014წ. განცხადებით, რომლითაც მან მოითხოვა შეწყვეტილი გასაცემლის ხელახლა დანიშვნა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ.ზ-ის სადავოდ არ გაუხდია 14.04.2014წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მას შეუწყდა კომპენსაციის გაცემა. კასატორმა მიუთითა, რომ ლ.ზ-მა 17.09.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს, რომლის 29.10.2014წ. წერილით უარი ეთქვა საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან მის მიერ არ იქნა წარდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) ან ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ერთთვიან ვადაში ლ.ზ-ის ან მისი მარწმუნებლის მხრიდან სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს აღნიშნული წერილით ლ.ზ-ის ასევე განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმებოდა ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსთვის. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უმსჯელია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადებზე. კასატორმა უზენაესი სასამართლოს 10.05.2022წ. Nბს-1023(კ-21) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისათვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება. კასატორმა აღნიშნა, რომ ლ.ზ-ის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა შეუჩერდა 2011 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან, გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მისთვის შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაცია ჩაითვალა შეწყვეტილად. პირისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ იგი ვერ სარგებლობდა სახელმწიფო გასაცემლით, შესაბამისად გასულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კასატორის მოსაზრებით სააგენტოს არ გააჩნდა 2011–2014 წლების გასაცემლის გადაანგარიშებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოთხოვნა იყო ხანდაზმული. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის მიმართ ყველა ეტაპზე კომპენსაციის ადმინისტრირება განხორციელდა კანონმდებლობის დაცვით და მისთვის 2011 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მაისამდე პერიოდის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ლ.ზ-ი 2008 წლიდან იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი. ზედიზედ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობის მოტივით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.03.2011წ. გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის 2011 წლის 01 აპრილიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, ხოლო 14.04.2014წ. გადაწყვეტილებით 2014 წლის 01 მაისიდან შეწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. (საქმე N3/4170-14) გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ზ-ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ.ზ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. Nბს-236-234(კ-16) განჩინებით ლ.ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2018წ. Nბს-770-770(კ-18) განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინება.
27.06.2019წ. ლ.ზ-მა N91142 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2011 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნული განცხადებისა და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ლ.ზ-ის მიერ 2010 წლის 01 მარტიდან მიმდინარე პერიოდამდე სახელმწიფო საზღვრის კვეთის (გასვლა-შემოსავლის) შესახებ. ასევე შპს „...დან“ გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩაბარდა თუ არა ლ.ზ-ის სააგენტოს 2011 წლის მარტის თვის შეტყობინება (N11-39-2-01318), 2011 წლის 01 აპრილიდან სახელმწიფო გასაცემლის მოსალოდნელი შეჩერების შესახებ. შპს „...ის“ 19.09.2019წ. ... წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია იყო ხანდაზმული (იგი მოიცავდა 2011 წლის მარტის თვეს) და კომპანიაში მატერიალური დოკუმენტის სახით არ მოიპოვებოდა არანაირი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 29.03.2011წ. ლ.ზ-ის (მის: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N42, ბინა...) სახელზე გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარება/ჩაუბარებლობის ფაქტს. წერილში მითითებული იყო აგრეთვე, რომ გზავნილის მოძიების პერიოდი განისაზღვრებოდა საფოსტო გზავნილის გაგზავნის დროიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.09.2019წ. N04/50355 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა 2011 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მაისამდე პერიოდზე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ აქტების ლ.ზ-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებების გათვალისწინებით ლ.ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად არ დასტურდება აგრეთვე მათი ძალაში შესვლა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ლ.ზ-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორი მიუთითებდა, რომ ლ.ზ-ის სახელმწიფო კომპენსაციის მოსალოდნელი შეჩერების შესახებ შეატყობინეს 29.03.2011წ., თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შპს "...ში" დაცული არ აღმოჩნდა. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 23.09.2019წ. N MIA 2 19 02517435 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ლ.ზ-ის სახელმწიფო საზღვრის კვეთა 2011 წლისთვის საერთოდ არ უფიქსირდებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ლ.ზ-ის კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის შესაბამისად არ გამოუცია და არ გაუცვნია მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელე მხარეს მისცემდა შესაძლებლობას აღმოეფხვრა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველი და მიეღო შეჩერებული სოციალური პაკეტი.
კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ლ.ზ-ის არ გაუსაჩივრებია სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.04.2014წ. გადაწყვეტილება, არ ქმნის ლ.ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ის, რომ შეწყვეტის აქტი არ გასაჩივრებულა, არ წარმოადგენს შეჩერების შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დამაბრკოლებელ გარემოებას. შეჩერება შეწყვეტის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად წარმოშობს ბენეფიციარისათვის სამართლებრივ შედეგს, თუმცა შეჩერება იმადროულად შეწყვეტის იურიდიული შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, შეჩერების ბათილად ცნობა იწვევს შეწყვეტის გაუქმებას (იხ. სუსგ ბს-25.01.2018წ. Nბს-236-234(კ-16)). ამასთან, განსახილველი დავის საგანს შეადგენს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის დაკისრება შეჩერებული პერიოდისათვის.
საფუძველსაა მოკლებული ასევე კასატორის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს 2011 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობებზე, თუმცა აღნიშნულს სასამართლო აფასებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.09.2019წ. N04/50355 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ჭრილში, რომელიც თავის მხრივ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნითაა გამოცემული. ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო არარელევანტურია კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს 10.05.2022წ. Nბს-1023 (კ-21) განჩინებაზე. კასატორის მიერ მითითებულ საქმეში დავის საგანს უნივერსიტეტის რექტორის მიერ მოსარჩელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანონიერების შეფასება წარმოადგენდა, რაც არსებითად განსხვავდება განსახილველი საქმის დავის საგნისა და ფაქტობრივი გარემოებებისაგან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით, ასევე სზაკ-ის 208.1 მუხლით, რომლის თანახმად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რის გამოც მან ვერ შეძლო მისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელება და მიადგა მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე