საქმე #ბს-1297(2კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამახანაგობა „ ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 14 ნოემბერს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამახანაგობა „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა (იმა) „...“ აწარმოებს მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას ქალაქ თბილისში, ..., მე-... კვარტალში, #... ნაკვეთზე. 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ იმა „...“ დაჯარიმებულ იქნა 30 000 ლარით სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.
მოსარჩელის მითითებით, რამდენადაც ამხანაგობას სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია და დადგენილება გამოტანილი იყო საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, დადგენილება შესაბამისი ვადის დაცვით ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის #58 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღიშნავს, რომ ბრძანებაში საერთოდ არ არის მითითებული რაიმე დასაბუთება.
შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, მოსარჩელემ (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილებისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის #58 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2023 წლის 26 და 27 აპრილს, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-მა“ განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ #4-5/ს.ფ-731-23 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული #A23072208 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის #4-5/ს.ფ-731-23 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული #A23072208 სააღსრულებო საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილება იმა „...-ის“ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, იმა „...“ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის #58 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილების იმა „...-ის“ დაჯარიმების ნაწილში ძალაში დატოვების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, მე-15 და მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, 34-ე მუხლზე, ასევე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევის მიმართ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმა „...“ ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული არ ყოფილა. ამასთან, სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ იმა „...“ ქალაქ თბილისში, ..., მე-... კვარტალში (ნაკვ. #...), ს.კ. #..., მშენებლობას აწარმოებდა 2010 წლის მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. ამხანაგობის წევრები ეტაპობრივად და თავიანთი ხარჯებით ცდილობდნენ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებას, ე.ი. საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზებას. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის #21.48.64 განკარგულებით იმა „...-ს“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის ფარგლებში დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის განესაზღვრა ხელშემწყობი ღონისძიებები. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად არ დამდგარა მავნე შედეგი. ამავდროულად, პატალამ აღნიშნა, რომ მშენებლობისას დახურული იყო ლიფტის შახტა (ფიცრებით), თუმცა არა მთლიანი ფენილით და ნაწილობრივ მოწყობილი იყო სავალი ნაწილები სათანადო დამცავი საშუალებებით (ბადე, ფენილი, საფარი). ამასთან, პალატის მოსაზრებით, საგულისხმო იყო ისიც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით არ ჩათვალა მიზანშეწონილად კანონით დადგენილი პრევენციული დაცვის მექანიზმების ამოქმედება და მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ასევე, სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის მშენებლობა იყო დასრულებული და სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იყო აცილებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, აგრეთვე, ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და ქმედების მიმართ სუბიექტის დამოკიდებულების გათვალისწინებით, პალატამ შესაძლებლად მიიჩნია იმა „...-ის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის მცირემნიშვნელობის მქონედ შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, მოსარჩელემ სადავოდ გახადა მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილება, თუმცა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობა. შესაბამისად, ინსპექცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოსარჩელე დაუსაბუთებლად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.
კასატორი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით ჯარიმის სიტყვიერი შენიშვნით შეცვლისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის #477 დადგენილების მიზანია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რადგან რეგლამენტის ერთი მოთხოვნის დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი. ამდენად, ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-5, მე-10 და მე-15 მუხლების დარღვევა არ შეიძლება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად ჩაითვალოს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. მართალია, ზიანი არ დამდგარა, თუმცა მოსარჩელემ შექმნა ზიანის დადგომისათვის სათანადო საფრთხე. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება იყო გამართლებული, პრევენციული ხასიათის ღონისძიება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით დაირღვა ის მართლწესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც ადგილობრივ საკანონმდებლო ნორმებთან, ასევე, დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილ ძირითად პრინციპებთან, რომლითაც დადგენილია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ხელშეუხებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა განჩინება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. განჩინების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას უსაფრთხოების წესების განმსაზღვრელ ერთ-ერთ ტექნიკურ რეგლამენტს წარმოადგენს #477 დადგენილება, რომელიც ადგენს, რომ სიმაღლეზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო მოედანზე უზრუნველყოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა და სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს, ამასთან, ხელი შეეწყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას. კასატორის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას ზემოხსენებული დადგენილებით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადგილი აქვს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განისაზღვრება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რამდენადაც არ იქნა შეფასებული ის შესაძლო საფრთხეები, რაც უსაფრთხოების წესების დაუცველად მშენებლობის წარმოებისას შეიძლება წარმოქმნილიყო. სასამართლო მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად არ დამდგარა მავნე შედეგი. თუმცა კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ვერ ასაბუთებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესის გამოყენებას, რამდენადაც ქმედების მცირემნიშვნელოვნად შეფასებისათვის არსებითია არა მხოლოდ ქმედებით გამოწვეული ზიანის, არამედ იმ უარყოფითი შედეგის დადგომის რეალური საფრთხის გაანალიზება, რომელიც არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დარღვევის გამოვლენამდე.
კასატორის მოსაზრებით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ დარღვევის სერიოზულობას და მისი შინაარსისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენისას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა ქმედებებისაგან განსხვავებით, კანონმდებელი არ გამოხატავს სანქცირებამდე დამრღვევისათვის გამოსწორების ვადის განსაზღვრის ნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილებისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის #58 ბრძანების ბათილად ცნობა. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე იმა „...-ის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მართლზომიერებათან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, კასატორები სადავოდ ხდიან სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას და მიიჩნევენ, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, არ იყო მცირე მნიშვნელობის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო დგას ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან იმა „...-ის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მართლზომიერების შეფასების საჭიროების წინაშე.
საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 8 მაისის #000346 შემოწმების აქტით დგინდება, რომ იმა „...-ის“ მიერ, ქ. თბილისში, ..., მე-3 კვარტალში, (ნაკვეთი ...), ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #477 დადგენილების მოთხოვნები. კერძოდ, ფასადზე არსებული ღია სივრცეები (ღიობები) სრულად არ არის შემოღობილი დამცავი მოაჯირებით; შენობის შიდა სივრცეში კიბის უჯრედები და სხვა ღიობები არ არის მოწყობილი სრულყოფილად; სრულად არ არის დაცული და შემოღობილი ლიფტის შახტები, ასევე, აღნიშნული სრულად არ არის დახურული მთლიანი ფენილით, ან შემოღობვით; ერთ ვერტიკალზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სათანადო დამცავი საშუალებებით (ბადე, ფენილი, საფარი) არ არის დაცული ქვემოთ განლაგებული სამუშაო ადგილები და სავალი ნაწილები.
შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2019 წლის 8 მაისის #000346 დადგენილებით, იმა „...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ..., მე-3 კვარტალში (ნაკვ. #...), ... საკადასტრო კოდზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. ამავე დადგენილებით იმა „...-ს“ დაევალა ქ. თბილისში, ..., მე-3 კვარტალში (ნაკვ. #...), ... საკადასტრო კოდზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით. ანალოგიური შინაარსის დათქმას ითვალისწინებს იმავე ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.
ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: 1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება; 2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შესაძლებლობა დადასტურებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის #ბს-320(2კ-21) განჩინება). ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის დეფინიციას, ადასტურებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მისი განმარტების საჭიროებას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის #ბს-320(2კ-21) განჩინება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმესთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ იმა „...“ ადრე ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული არ ყოფილა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმა „...“ ქალაქ თბილისში, ..., მე-3 კვარტალში (ნაკვ. #...), ს.კ. #..., მშენებლობას აწარმოებდა 2010 წლის მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. ამხანაგობის წევრები ეტაპობრივად და თავიანთი ხარჯებით ცდილობდნენ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებას, ე.ი. საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზებას. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის #21.48.64 განკარგულებით იმა „...-ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, წარდგენილი განცხადების და დოკუმენტაციის ფარგლებში დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის განესაზღვრა ხელშემწყობი ღონისძიებები. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად არ დამდგარა მავნე შედეგი. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია, მშენებლობისას ლიფტის შახტა არ იყო დახურული მთლიანი ფენილით, თუმცა იგი დახურული იყო ფიცრებით, ასევე, ნაწილობრივ მოწყობილი იყო სავალი ნაწილები სათანადო დამცავი საშუალებებით (ბადე, ფენილი, საფარი). ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ ჩათვალა კანონით დადგენილი პრევენციული დაცვის მექანიზმების ამოქმედება და მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ასევე, დადგენილია, რომ სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის მშენებლობა არის დასრულებული და სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდანაა აცილებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე, ქმედების მიმართ სამართალდამრღვევის დამოკიდებულების გათვალისწინებით, იმა „...-ის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა შესაძლებელია მცირემნიშვნელობის მქონედ შეფასდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა