საქმე №ბს-1094(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 8 იანვარს გ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ფოთში, ... ქ. №1-ში, ... ბინაში. მოსარჩელე წლების განმავლობაში იხდის კომუნალური მომსახურების გადასახადებს. 2023 წლის 16 ნოემბერს გ. კ-ამ განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია. მის მიერ წარდგენილ იქნა არქივიდან, ნოტარიუსთა პალატიდან, საჯარო რეესტრიდან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ცნობები მასზედ, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება. 2023 წლის 13 დეკემბერს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო №ბ... ბრძანება გ. კ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქალაქ ფოთში დამწვარია ტექ. ბიურო და განადგურებულია დოკუმენტები-ორდერები. მერიამ თავად გამოითხოვა ინფორმაცია შპს „...“-დან, რომელმაც ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ ბინაზე ინფორმაცია არ გააჩნია. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია მეზობლების ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ გ. კ-ა 1993 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს კონკრეტული უძრავი ქონებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით ასევე დგინდება, რომ სადავო ბინა მარეგისტრირებელ ორგანოში არავის სახელზე არ არის აღრიცხული.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 დეკემბრის №ბ... ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მის მიმართ ქალაქ ფოთში, ... ქ. №1-ში, მდებარე ... ბინაზე (69.23 კვ.მ), ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (საკუთრების მოწმობის) გამოცემის დავალება.
ფოთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ამ 2023 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ ფოთში, ... ქუჩა №1-ში, ... საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 დეკემბრის №ბ... ბრძანებით გ. კ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მოთხოვნილ ფართზე კანონიერი სარგებლობის ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველია „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლის მე-4 მუხლით დადგენილია მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგადი წესი. ზემოაღნიშნული მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადებას უნდა ერთვოდეს დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ დასახელებულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №261 დადგენილებით განხორციელდა ცვლილებები და №189 დადგენილებას დაემატა 51 მუხლი, რომლითაც დადგინდა სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენის და გადაწყვეტილების მიღების წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტით შეიზღუდა მისი მოქმედება დროში და დადგინდა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, კანონიერი მოსარგებლე კარგავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის, ამ მუხლის შესაბამისად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ კი საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია ზოგადი წესის შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2023 წლის 16 ნოემბერს, შესაბამისად, გ. კ-ას განცხადება უნდა განხილულიყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის ზოგად მოთხოვნათა გათვალისწინებით, რადგან მოსარჩელე აღარ იყო უფლებამოსილი ესარგებლა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წესით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და 2012 წლიდან კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, არ წარმოადგენენ იმ დოკუმენტებს, რომლებითაც შეიძლება დადასტურდეს გ. კ-ას მხრიდან სადავო ფართის კანონიერი სარგებლობისა და ფლობის ფაქტი. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მასზედ, რომ გ. კ-ამ ვერ წარადგინა სადავო ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფოთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 13 დეკემბრის №ბ... ბრძანება; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქ. ფოთში, ... ქ. №1, ბინა ...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის, 69,23 კვ.მ., გ. კ-ას საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების 11 და 12 პუნქტებზე, მე-4 და 51 მუხლებზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 1 იანვრამდე ვერ ისარგებლა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წესით, არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვითაც არსებობდა გ. კ-ასთვის, როგორც კანონიერი მოსარგებლისთვის, სადავო საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ობიექტური მიზეზების (ქალაქ ფოთის ტექ. ბიურო დაიწვა) გათვალისწინებით, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა უფლების დამადასტურებელი სხვა რაიმე საბუთი, დადგენილებით გათვალისწინებულ „სხვა დოკუმენტებს“ უნდა მიკუთვნებოდა გ. კ-ას მიერ წარდგენილი ის მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები და კომუნალური გადასახადის ქვითრები), რომელთა საფუძველზეც უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან სადავო ქონებას ფლობდა და სარგებლობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს “საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების 11 და 12 პუნქტებზე, მე-4 და 51 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. უდავოა, რომ გ. კ-ამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2023 წლის 21 იანვარს, შესაბამისად, იგი აღარ იყო უფლებამოსილი ესარგებლა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ გადაცემის სპეციალური წესით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები-მოწმეთა ჩვენებები და კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები კი სწორედ სპეციალური წესის შესაბამისად წარსადგენ დოკუმენტთა კატეგორიას მიეკუთვნება. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სადავო ფართზე კანონით დადგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რის გამოც მას მართებულად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 დეკემბრის №ბ... ბრძანების კანონიერება და გ. კ-ას მიმართ ქალაქ ფოთში, ... ქ.№1-ში მდებარე ... (69,23 კვ.მ.) საცხოვრებელ ბინაზე, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის - საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ამ 2023 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ ფოთში, ... ქუჩა №1-ში მდებარე ... საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 დეკემბრის №ბ... ბრძანებით გ. კ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა საცხოვრებელ ფართზე განმცხადებლის მხრიდან კანონიერი სარგებლობის ფაქტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილის თანახმად, ქალაქ ფოთში, ... ქუჩა №1-ში მდებარე ... ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №261 დადგენილებით განხორციელდა ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატა 11 და 12 პუნქტები. მითითებული დადგენილების 11 პუნქტის თანახმად, ეს წესი აგრეთვე ადგენს სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე იმ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალურ საფუძვლებს, რომელთა შესახებ დოკუმენტაცია არ არის დაცული შესაბამისი მუნიციპალიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივებში. 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ნორმები, თუ ამავე წესის 51 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე დროს, დადგენილებას დაემატა 51 მუხლი (სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი), რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვის მიზნებისთვის წარსადგენ დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების თანდართულ დოკუმენტთა ნუსხა. მითითებული დადგენილების 51 მუხლის მე-8 პუნქტით კი დადგინდა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, კანონიერი მოსარგებლე კარგავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის, ამ მუხლის შესაბამისად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო ზოგადი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №261 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებები განაპირობა იმ ფაქტობრივმა მოცემულობამ, რომ ქალაქ ფოთში, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივი დაიწვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დააწესა საკანონმდებლო შეღავათები იმ პირებისათვის, რომელთაც ფაქტობრივად უდასტურდებოდათ ქალაქ ფოთის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ფლობის და სარგებლობის ფაქტი, თუმცა არ გაანჩდათ კანონიერი სარგებლობის უფლების დამდგენი კონკრეტული დოკუმენტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
მითითებული წესის დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებას ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უნდა დაერთოს: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). ზემოაღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
დასახელებული ნორმები ცხადყოფენ, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, ანუ სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას. შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დანაწესი, კერძოდ არასრული ჩამონათვალის მითითება განპირობებულია სწორედ მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, კერძოდ, გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ უშუალოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სიძველის გამო ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, არ იყოს შემონახული საარქივო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს არა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული, არამედ სხვა დოკუმენტების საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი ფართის ქონას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, ქმნის თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძვლებს ქონების საკუთრებაში გადაცემისთვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გ. კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა საცხოვრებელ ფართზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლება. გასაჩივრებულ ბრძანებაში მიეთითა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი უწყებებიდან, გამოითხოვა ქ. ფოთში, ... ქ. №1-ში მდებარე ... ბინის შესახებ ინფორმაცია. ამავე ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწყებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შპს „... ...“-ის ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო ლიკვიდატორად დაინიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლ. თ-ა. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ლიკვიდატორიდან. ზემოაღნიშნული უწყებიდან და თანამდებობის პირიდან გამოთხოვილი მასალებით დადგინდა, რომ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ არ იძებნებოდა.
საგულისხმოა, რომ საქმეში დაცულია მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული 4.01.2023წ. განცხადება, რომლის თანახმად, გ. კ-ას 1993 წლიდან მფლობელობაში გააჩნია ქ. ფოთში, ... ქ. №1-ში მდებარე ... საცხოვრებელი ბინა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ამონაწერების თანახმად, სადავო მისამართზე 2012 წლიდან კომუნალური გადასახადების გადამხდელ პირად სწორედ მოსარჩელე ფიქსირდება.
საგულისხმოა, რომ გ. კ-ას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებას ასევე ერთვოდა ნოტარიუსთა პალატიდან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან ცნობები, სადაც მითითებულია, რომ სადავო ბინასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება. ასევე, წარმოდგენილია ცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო ბინა მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული არ არის. ნიშანდობლივია, რომ ქალაქ ფოთში ტექბიუროს არქივი დამწვარია, შესაბამისად მასში დაცული მონაცემები განადგურებულია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებამ არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. ამასთან, დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენისა და აქტის გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ პიროვნება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენების მიუხედავად, მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს მისი მხრიდან სადავო უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველი საგამონაკლისო შემთხვევა განმარტოს და გადაწყვიტოს მხარის იურიდიული ინტერესისთვის ზიანის მიყენების გარეშე, რათა აღნიშნული საკუთრების უფლებაზე უარის თქმის ტოლფასი არ აღმოჩნდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა ქალაქ ფოთის ტექბიუროს დაწვის ფაქტი, აღნიშნული კი თავის მხრივ ობიექტურად გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებლად კანონით კონკრეტულად დადგენილი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე კანონიერი სარგებლობის თაობაზე ვინმეს გაცხადებული აქვს პრეტენზია.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა იძლევა მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფ უძრავი ქონებაზე გ. კ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მის კანონიერად სარგებლობის ფაქტში დარწმუნების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა