საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-340(კს-24) 18 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ-ე
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 ოქტომბერს კ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის #634 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კ.კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ ემყარება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ერთობლივ შესწავლა-შეფასებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის მახასიათებლები, ასევე, 2005 და 2010 წლების ორთოფოტოებზე ნაგებობის არსებობა-არარსებობის საკითხი, დაადგინოს ნაგებობის ტიპი, კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის ფაქტი და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმოს სწორედ მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ.
საკასაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონაში მოქცევასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონისათვის მიკუთვნების საკითხის აუსახველობისა, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ გარემოებაზე და მხედველობაში მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კ.კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/2102-23, (აპელანტი (მოსარჩელე) - კ.კ-ე, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია) სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ფუნქციური ზონის შეცვლასთან დაკავშირებით 2023 წლის 29 ნოემბრის N01233333880-67 განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ფუნქციური ზონის შეცვლასთან დაკავშირებით, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა მისცემოდა განსახილველი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერება სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ფუნქციური ზონის შეცვლასთან დაკავშირებით 2023 წლის 29 ნოემბრის N01233333880-67 განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას ხელახლა არ გამოუკვლევია და დაუდგენია, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის მახასიათებლები, ასევე, 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებზე ნაგებობის არსებობა-არარსებობის საკითხი, არ განუსაზღვრავს ნაგებობის ტიპი, კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მისი არსებობის ფაქტი და შეაჩერა საქმის წარმოება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებაა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კი მიწის ნაკვეთის, სარეკრეაციო ზონაში არსებობის ფაქტი, გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეჩერებინა, ვინაიდან, ჯერ უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოება, რამდენად იძლეოდა დროებითი ნაგებობა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს და სააპელაციო პალატის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, გაანალიზების, შესწავლისა და ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შემდეგ უნდა მომხდარიყო ფუნქციურ ზონასთან დაკავშირებით მსჯელობა. ამასთან, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეჩერება წარმოადგენს საგამონაკლისო წესს და გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, რომლის დროსაც მოცემული საქმის განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა საქმის განხილვის დასრულებამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმის წარმოების შეუჩერებლობით პირს უნდა ადგებოდეს გამოუსწორებელი ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ექნებოდა, რამდენადაც, მას კვლავ ექნებოდა შესაძლებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.1 მუხლის ფარგლებში, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით მიემართა კომისიისთვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (სუსგ #ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).
მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ ( სუსგ ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.; ას-925-865-2017, 25.09.2017წ.).
ამრიგად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუკი პარალელურად სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, რომლის გადაწყვეტასაც განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.
შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობდა თუ არა აუცილებელი კავშირი განსახილველ საქმესა და ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებას შორის, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისთვის საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნის შინაარსზე ყურადღების გამახვილებას. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 10 მარტს კ.კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის #... განცხადებით კ.კ-ის 2020 წლის 10 მარტის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ კ.კ-ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართა. სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა-1 და მიწის ნაკვეთი კვეთდა ... საკადასტრო ერთეულს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #10) და მის საფუძველზე 2021 წლის 28 აპრილს გამოცემული #634 განკარგულებით კ.კ-ეს უარი ეთქვა ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ იყო დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. მითითებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა კ.კ-ემ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, შესაბამისად, განსახილველ საქმეში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა. ამდენად, კანონმდებლობა გამორიცხავს სარეკრეაციო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განაცხადი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ ის შეეხება სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მართალია კ.კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა კ.კ-ის მიერ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დასახელებული კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, მაგრამ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სამართალწარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაჟღერებული პოზიციაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარებას აბრკოლებდა ის გარემოებაც, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცეოდა სარეკრეაციო ზონაში, რაც ასევე დასტურდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის წერილით, რომლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #15-ის მიმდებარე 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა-1 და მიწის ნაკვეთი კვეთდა ... საკადასტრო ერთეულს.
მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნულზე ყურადღება გაამახვილა ასევე საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 15 ივნისის განჩინებაში და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის, მიუხედავად იმისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახა თუ არა ის გარემოება, რომ კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ 724 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა-1 სასამართლოს უწევს განსაზღვროს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების აღიარების დასაშვებობა და ამ კუთხით, გამორიცხოს საკუთრების უფლების აღიარების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება კ.კ-ის მიერ მოთხოვნილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ფუნქციური ზონის შეცვლასთან დაკავშირებით.
დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამ და საკითხის გადაწყვეტამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს განსახილველი დავის გადაწყვეტაზე, რამდენადაც რეკრეაციული დანიშნულების ტერიტორიის არსებობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას (ასეთ შემთხვევაში დროებითი შენობის არსებობის ფაქტის დადგენა მხოლოდ დამატებითი არგუმენტი იქნება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
ბ. შონია
გ. აბუსერიძე