Facebook Twitter

საქმე №ბს-1214(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): თ.კ-ი, თ. და ლ. ღ-ები

მესამე პირები: ნ.დ-ე, ა.ფ-ე

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ე ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 28 მარტს თ.კ-მა, თ., ლ. და თი. ღ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, თ.კ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში ...ის ქ. №1-ში შპს ,,...ის’’ შენობაში. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ობექტი წლების განმავლობაში წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და ახლა მიჩნეულია, როგორც ნგრევადი, სიცოცხლისთვის საშიში შენობა. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მონიტორინგის განხორციელების მომენტში ისინი მისამართზე იმყოფებოდნენ, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი ამ მისამართზე ცხოვრების ფაქტი გახდა სადავო. თ.კ-ის განმარტებით, იგი ელოდებოდა განსახლებას, თუმცა შეიტყო, რომ სააგენტოს მიერ მისი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2663/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელე თ.კ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაა.

2023 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიუთითეს თ.კ-ი, თ. და ლ. ღ-ები. ამავე სხდომაზე, სასამართლოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ.დ-ე და ა.ფ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით თ.კ-ის, თ.ღ-ის და ლ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2663/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე თ.კ-ის (ოჯახის, განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თ.კ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, შესაბამისად, მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ამასთან, მისი ოჯახის წევრები: ლ.ღ-ი (დაბ.: ... ... ...წ.) და თ.ღ-ი (დაბ.: ... ... ...წ.) ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. თ.კ-ის, ლ.ღ-ის და თ.ღ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია-იმერეთი, ქუთაისი, ...ის ქ. №1, შპს „...“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 30 ივნისს, მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის 1, შპს „...ის“ შენობა, სართული ..., ოთახი №...) განხორციელდა მონტორინგი. აღწერის ფორმის მიხედვით მისამართზე იმყოფებოდნენ თ.კ-ი, თ.ღ-ი მეუღლესთან ნ.დ-ესთან ერთად. ხოლო ლ.ღ-ი ადგილზე არ იმყოფებოდა. ოჯახმა განმარტა, რომ ფართი დაკავებული ჰქონდათ ერთი თვის მანძილზე; ამავე ფართში მანამდე ცხოვრობდა ნ.კ-ი, რომელიც დაკმაყოფილებულდა ბინით. ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობდა ამავე შენობაში თ.კ-ის მშობლების ფართში მე-3 სართულზე, ოთახი №...-ში. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თ.კ-ი 1994 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი.ღ-ისთან, რომელსაც დაშორდა 2013 წელს. დადგენილია, რომ ი.ღ-ი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ...ის ქუჩა №53-ში. 2020 წლის 7 ოქტომბერს, ი.ღ-ის მისამართზე ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №53-ში განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ი.ღ-ის მამა ნ.ღ-ი, რძალი (ლ.ღ-ის მეუღლე) ა.ფ-ე. ნ.ღ-ის განმარტებით, ი. ღ-ი და თ.კ-ი დაახლოებით 3-4 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არასდროს ყოფილან. ნ.ღ-იმ ასევე მიუთითა, რომ თ.კ-ი შვილთან თ.ღ-ისთან და რძალთან ნ.დ-ესთან ერთად ძირითადად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის №1-ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა თ.კ-ის და მის ოჯახს - თ. ღ-ის, ნ.დ-ეს, ლ.ღ-ის, ა.ფ-ეს, ქ. ქუთაისი, ...ის №1 შპს „...ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2663/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.კ-ის ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია ნ.კ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ 2015 წელს დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, რის შემდეგაც დატოვა შპს ...ში ოთახი №.... აღნიშნული ოთახი დაიკავა თ.კ-მა, რომელიც იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს და იხდის კომუნალურ გადასახადებს. სს „ე...ის“ 2023 წლის 4 ივლისის №... წერილით წარმოდგენილია ქ. ქუთაისი, ...ის №1 ბინა...-ში რეგისტრირებული აბონენტის (ნომერი ...; დასახელება - ნ.კ-ი) ბარათი, რომლითაც დასტურდება რომ 01-01-2015 წლიდან 29-06-2023 წლამდე ირიცხებოდა ელექტრო ენერგიის საფასური და ხდებოდა მისი გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ოჯახს კანონიერად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების (ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის) საფუძვლით. მიუხედავად მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ თ.კ-ის ოჯახი ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობდა, რაც სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რამეთუ ოქმში თავად სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მონიტორინგის დროს მისამართზე იყვნენ თ.კ-ი და მისი შვილი თ.ღ-ი; მესამე მოსარჩელის - ლ.ღ-ის მონიტორინგის განხორციელების პერიოდში სახლში არყოფნა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ვერ იქნებოდა დამაჯერებუელი არგუმენტი სააგენტოს პოზიციის დასასაბუთებლად;

ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას,რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოავლინა მკაცრად ფორმალური მიდგომა. კერძოდ, მან უგულებელყო როგორც მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეთა საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ნგრევად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თ.კ-ი და მისი ოჯახი არ წარმოადგენენ ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2663/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელეები ითხოვენ სააგენტოსთვის მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეები იძულებით გადაადგილებული პირები არიან, მათ მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, თუმცა სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონიძიებების ფარგლებში.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელეთა სახელზე ამჟამად არანაირი საკუთრება არ ირიცხება; ქვედა ინსტანციების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსარჩელეთა ოჯახს მხოლოდ ნგრევად ობიექტში არსებული ფართით სარგებლობა შეუძლიათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი მისამართზე არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მონიტორიგის ოქმში მხოლოდ ლ.ღ-ის არყოფნაზეა მითითება გაკეთებული. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოავლინა მკაცრად ფორმალური მიდგომა საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, მან უგულებელყო როგორც მონიტორინგის პროცესში სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეთა საცხოვრებელის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა