ბს-833 (კ-24) 05 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ემ 17.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 3 23 00000285 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2023წ. სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიეთითა: გ.კ-ე, გ.ნ-ე, ი.კ-ე და ნ.კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2023წ. გადაწყვეტილებით გ.კ-ის, გ.ნ-ის, ი.კ-ისა და ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 3 23 00000285 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო 13.2 მუხლის შესაბამისად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. პალატამ ასევე მიუთითა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ.კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი), შესაბამისად, გ.კ-ე (განაცხადში მითითებული პირები), როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი) ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №97), საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე გ.კ-ეს ეთქვა უარი, უარის საფუძვლად მითითებულია, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 15.02.2023წ. №IDP 3 23 00000285 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N97), გ.კ-ის დევნილ ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას გ.კ-ის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ ოჯახს რემონტისთვის ჭირდებოდა თანხა, რის გამოც გ.კ-ის სიდედრზე - ც.ბ-ზე გადაფორმდა ბინა კერძო მევახშისაგან სესხის აღების მიზნით. სესხის გადაუხდელობის გამო, აღნიშნული ბინა გაყიდეს გ.კ-ის ყოფილ თანამშრომელზე - სადაც დღეის მდგომარეობით ქირით ცხოვრობენ. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის მიერ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, გ.კ-ე ოჯახის წევრებთან ერთად დღემდე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის გამზირი №..., ბინა №..., ს/კ: ... და უხდის ქირას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დევნილი ოჯახი იძულებულია ქირით იცხოვროს გ.კ-ის მიერ გასხვისებულ სახლში, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. მარტის №ბს-156(კ-20) განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გასხვისება და ამავე ფართში ქირით ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის კანონისმიერ უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 3 23 00000285 ბრძანება ეწინააღმდეგება ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელემ 2008წ. შეიძინა ბინა მდებარე - ქ. ქუთაისი, ...ის №136, ბინა №...; 2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სიდედრზე - ც.ნ-ზე, ხოლო 2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება ი.ი-ე. საკასაციო საჩივრის თანახმად, განმცხადებლის დედა - მ.გ-ი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით 2017 წელს, მის.: ქ. ქუთაისი, ...ის ... მ/რ,№33, თუმცა 2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა მ.კ-ზე. განმცხადებლის დედის საკუთრებას წარმოადგენს ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში არსებული უძრავი ქონება შენობა-ნაგებობით, მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და სხვა მიწის ნაკვეთები სოფ. ...ში. მ.გ-ის საკუთრებას წარმოადგენს ასევე უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №64, რომელიც 2016წ. შეიძინა შვილმა - ლ.კ-ემ, 2019 წელს დარეგისტრირდა ა.ა-ზე, ხოლო 2021 წლიდან აღრიცხულია კვლავ მ.გ-ის სახელზე. თავად ლ.კ-ე ფლობს საკუთრებებს დაბა ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ...ის გამზ. ბინა №... და ბინა №..., ასევე, თანამესაკუთრეა ქუთაისში, ...ის ქუჩაზე მდებარე 18.98 კვ.მ. უძრავი ქონების.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. საჩივრის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, უპირატესობა ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამის გადაუდებელი საჭიროება აქვთ, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა სწორად განსაზღვროს დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა. სააგენტო თავისი მტკიცების ფარგლებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დადასტურებულად მიიჩნევს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 24.10.2022წ. გ.კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქუთაისი, ...ის №136, ბინა №..., ხოლო ოჯახის შემადგენლობაში მეუღლე - გ.ნ-ე და შვილები ნ. და ი. კ-ეები.
01.11.2022წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ კრიტერიუმების გათვალისწინებით გ.კ-ის ოჯახს მიენიჭა 4 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ გ.კ-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, და და ორი დისშვილი. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - გ.ნ-სთან ერთად. განმცხადებლის დას ლ.კ-ეს გააჩნია სამი საკუთრება: 1) თბილისი, ...ის გამზირი №..., ბინა №..., ბლოკი „...“ (მშენებარე 46.70 კვ.მ.); 2) ქუთაისი, ...ის მეოთხე შესახვევი №3, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით; 3) ..., დაბა ..., ...ის მიმდებარე ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი.
ასევე დადგენილია, რომ 04.12.2022წ. ქუთაისში, ...ის ქ. №136, ბ. ...-ში მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდნენ განმცხადებელი გ.კ-ე, მისი მეუღლე და შვილები. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ განმცხადებელმა აღნიშნული ბინა იყიდა 2008წ., ხოლო 2017 წლიდან ფიქსირდება მის მეგობარზე - ი.ი-ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გ.კ-ემ განაცხადა, რომ ვალის გამო მოუწია მეგობრისთვის - ი.ი-სთვის ბინის გადაფორმება. მითითებული ინფორმაცია ასევე დადასტურებულია ი.ი-ს მიერ 14.09.2023წ. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. განცხადების თანახმად, ი.ი-ე ასევე განმარტავს, რომ გ.კ-ე ოჯახის წევრებთან ერთად დღემდე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში (ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №136, ბინა №...) და უხდის ქირას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ.კ-ის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო - უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 4 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეებს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირით ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც გ.კ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს წარმოადგენს ი.ი-ს საკუთრებას, რომელმაც დაადასტურა, რომ გ.კ-ე უხდის ქირას ყოველთვიურად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გ.კ-ის შვილები ი.კ-ე და ნ.კ-ე არიან არასრულწლოვნები, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გ.კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 3 23 00000285 ბრძანება დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე