Facebook Twitter
№ბს-1310(კ-24) 19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.კ-ი, მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 22 ნოემბრის №23.1792.1985 განკარგულება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონების თაობაზე“, რომლითაც მოსარჩელე ი.კ-ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის საკითხის პროექტის მოწონებაზე; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოწონების შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ი.კ-ის განცხადებას ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის საკითხზე მიეცემა დადებითი შეფასება (მოწონება).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 22 ნოემბრის №23.1792.1985 განკარგულება („დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ), რომლითაც მოსარჩელე ი.კ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის საკითხზე პროექტის მოწონებაზე. დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოწონების შესახებ, რომლითაც ი.კ-ის განცხადებას ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის საკითხზე მიეცემა დადებითი შეფასება (მოწონება).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სატყეო ზონა. „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისად, სატყეო ზონა არის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილ იქნა სატყეო ზონის ცვლილება და მიწის ნაკვეთისთვის სზ-1-ის მინიჭება. განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. საცხოვრებელ ზონა 1-ში (სზ-1) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. გამწვანებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, №... საკადასტრო ერთეულზე, ასევე, შემოთავაზებულია სატყეო ზონა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, №01233141190-67 განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა ითვალისწინებდა სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებას, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის №01233183532 წერილის შესაბამისად, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილება არ მიიჩნია მიზანშეწონილად. „მწვანე ქალაქი“ არის თბილისის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესების ერთიანი კონცეფცია. მის ფარგლებში თბილისის ბუნებრივი და ხელქმნილი გარემო განიხილება ერთიან სისტემად და ხაზი ესმება მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოირიცხოს მწვანე სივრცეების ხარჯზე უკონტროლო და ქაოტური ურბანული განვითარება, რომელიც იწვევს გარემოს დეგრადირებასა და საქალაქო სტრუქტურების არახელსაყრელ განაწილებას. თბილისის მწვანე სივრცეები განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთიანი სისტემა და ამდენად, ხელი უნდა შეეწყოს ყველა განვითარებას, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების ურთიერთდაკავშირებას. ამასთან, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა და წარმოადგენს გაუნაშენიანებელ/დაუგეგმარებელ ტერიტორიას. განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეპტუალურ დონეზე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში. ზემოაღნიშნულისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 22 ნოემბრის №23.1792.1985 განკარგულებით უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებული სატყეო ზონის მოხსნას.

კასატორის განმარტებით, საპროექტო არეალზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, ვრცელდებოდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), რომელიც მოიცავს, როგორც წესი, თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გარკვეულწილად გავლენას ახდენს საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება სამშენებლო პირობების გაუარესებაც, რაც ქალაქის შემდგომი განვითარების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც საჯარო განხილვების შედეგად მიღებული კონცეფციის რეალიზების ერთადერთი საშუალება, შემოთავაზებული პოსტულატების ნორმატიული ასახვით, მათ შორის, ძირითად ნახაზზე, ემსახურება საჯარო ინტერესების უპირობო დაცვას და მათი ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელებას. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული კომპაქტურობის იდეა, ტერიტორიის ეკონომიურად გამოყენებასთან ერთად, გულისხმობს ბუნებრივი რესურსებისა და სარეკრეაციო არეალების შენარჩუნებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სხვა სიკეთეებს, რაც საჯარო ინტერესის კონტექსტში უზრუნველყოფს როგორც ამ დროისთვის არსებული მოსახლეობის, ისე მომავალი თაობების უფლებას უკეთეს გარემოზე.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ტყის ზონისთვის დამახასიათებელი ნიშნები სრულად არ ფარავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთს. საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომელზეც ცალსახად ჩანს, რომ ნაკვეთი დაფარულია წიწვოვანი ხეებით. აგრეთვე, ორთოფოტებით ცალსახად დგინდება, რომ ნაკვეთს ფარავს ტყის ზონისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ საცხოვრებელი ზონა არ ვრცელდება უშუალოდ სადავო მიწის მოსაზღვრე ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთზე, რომელსაც სასამართლო მომიჯნავედ მიიჩნევს, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინა რედაქციითაც ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 1. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონით ცვლილება გამოიწვევს მის გარშემო არსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე იგივე ცვლილებას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მწვანე საფარს. ორთოფოტოებით და საკადასტრო მონაცემებით, აშკარად დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის ზონის ცვლილება ფაქტობრივად დაუშვებელია მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ფაქტობრივად ე.წ. კუნძულის შუა ნაწილია. რაც შეეხება საკუთრების უფლებას და იმაზე მითითებას, რომ მიწის ნაკვეთი შეძენილია ფუნქციური ზონის მინიჭებამდე (2008წ.), არსებობს გარკვეული შეზღუდვები მესაკუთრეთათვისაც, მით უმეტეს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინა რედაქციითაც ვრცელდებოდა ლანდშაფტურ- სარეკრეაციო ზონა (ლსზ) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, მხარისთვის ახალ გენერალურ გეგმას სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუუარესებია, არცერთი გენერალური გეგმა არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას. ამასთან, საყურადღებოა რომ ორივე ბლოკში შეთანხმებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და ცალკე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის უკონტექსტოდ განვითარება არ არის მიზანშეწონილი. ასევე, აღნიშვნის ღირსია მომეტებული საჯარო ინტერესი და მწვანე საფარის დაცვის საჭიროება, რომელიც ქალაქს უკიდურესად სჭირდება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის სატყეო ტერიტორია (ნაკვეთი №...), , საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი.კ-ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2008 წლის 22 დეკემბერი, უფლების დამდგენი დოკუმენტი 2008 წლის 21 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 33); ბ) ი.კ-მა განცხადებით (№01233141190-67) მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნა (ტ.1, ს.ფ. 49-53); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის №01233183532 წერილის თანახმად, საქალაქო სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ფუნქციური ზონის, კერძოდ, სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილების საკითხი და გამოარკვია, რომ საპროექტო ტერიტორია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული გრაფიკული რუკის მიხედვით, ხვდებოდა სატყეო ზონაში, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა. ასევე, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდებოდა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (სატყეო ზონა) და განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის, კერძოდ, სატყეო ზონის სზ-1-ით ცვლილება შეამცირებდა დედაქალაქში არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა წარდგენილ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის სზ-1-ით ცვლილება მიზანშეუწონლად მიიჩნია, ვინაიდან ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დადგენილებით გათვალისწინებული „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ჩათვალა ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება, დაცვა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე (ტ.1, ს.ფ 234); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 22 ნოემბრის №23.1792.1985 განკარგულებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებას ქალაქ თბილისში, ...ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1) ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის შესახებ, ეთქვა უარი. აღნიშნული განკარგულების თანახმად, უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ №... საკადასტრო ერთეული წარმოადგენდა გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ნაწილს და მოქცეული იყო განაშენიანების კონტურს მიღმა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის №01233183532 წერილით საქალაქო სამსახურმა წარდგენილ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის სზ-1-ით ცვლილება მიზანშეუწონლად მიიჩნია, ვინაიდან ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დადგენილებით გათვალისწინებული „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ჩათვალა ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება, დაცვა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიუთითა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეპტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში (ტ.1, ს.ფ 49-53); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 9 დეკემბრის №21.1672.1864 განკარგულებით მოწონებულ იქნა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი ქალაქ თბილისში, ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე, ...ის სატყეო უბანში მდებარე №...; №...; №...; №...; №...; №..., №..., № ...; №...,; № №..., №..., № ... № ...,; №...; №... ,№ ...;, № ...,; №...,; №...,№ ...;, № ...;, № ...,; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; ; №...; №...; №...; №...; №...; №...; და №...; საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებისთვის ფუნქციური ზონის შეცვლის თაობაზე (ტ.1, ს.ფ 130-135).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი.კ-ისთვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელებული სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 1-ით შეცვლასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნის პროექტის მოწონებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს (1.1,,ა“ მუხლი). დასახელებული კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, განმტკიცებულია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები და გეგმების ახალ გარემოებებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ეკონომიკური და სოციალური წინაპირობების ჰარმონიზაციას საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. ამ მიზნით, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება სხვადასხვა პრინციპების დაცვით, მათ შორის: ა) როგორც დასახლებულ ტერიტორიაზე, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადამიანისათვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნისა და შენარჩუნების მიზნით; ბ) ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებისათვის თანაბარი წინაპირობების შექმნის, განვითარების გრძელვადიანი პოტენციალის შენარჩუნების და სათანადო უზრუნველყოფის და სხვა პრინციპების დაცვის მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში ცალკეულ ტერიტორიებზე სივრცით კატეგორიასა და ფუნქციურ ზონას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი ამ კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მითითებული მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის მიხედვითაც, განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა (1.2 მუხლი).
ზემოაღნიშნული წესების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონა არის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საცხოვრებელი ზონა (სზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
მითითებული წესების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე ასევე დასაშვებია საკულტო და კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხაზობრივი-საინჟინრო შენობა-ნაგებობების განთავსება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა და ფუნქციური ზონის ცვლილება სხვა ზონად, შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მიზანს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილების განხორციელებამ არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესები.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა. ამდენად, საკუთრების უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის შემთხვევაში, წინასწარ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს შეზღუდვის პროპორციულობა და დაცული სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობა, ვინაიდან დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით იმდაგვარად შეიზღუდოს საკუთრების უფლება, რომ ფაქტობრივად სრულად დაუკარგოს მას არსი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი.კ-ის საკუთრებას წარმოადგენს 2008 წლის 22 დეკემბრიდან, რაც დროში წინ უსწრებს მითითებულ უძრავ ქონებაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სატყეო ზონების მინიჭებით გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღებას, რასაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მისცემია სათანადო შეფასება.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 9 დეკემბრის №21.1672.1864 განკარგულებით მოწონებულ იქნა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი ქალაქ თბილისში, ... ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე, ...ის სატყეო უბანში მდებარე რეგისტრირებული გარკვეული მიწის ნაკვეთებისთვის ფუნქციური ზონის შეცვლის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი აპელირებს მომეტებული საჯარო ინტერესის თაობაზე, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას დაადასტურებდა. გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ი.კ-ის საკუთრების უფლება. საქმეზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება კი, სწორედ ინტერესთა თანაფარდობისა და შესაბამისი ბალანსის დაცვის შედეგად უნდა მომხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, რის გამოც არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. შონია