Facebook Twitter

ბს-1109 (კ-24) 12 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.მ-ემ 29.04.2022წ. სარჩელით, ხოლო 21.06.2022წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.06.2022წ. №04-00-ი/14544 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ.მ-ისათვის მიუღებელი პენსიის - 11 220 ლარის ანაზღაურების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2023წ. გადაწყვეტილებით ქ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2024წ. განჩინებით ქ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 13.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ქ.მ-ე დაიბადა ... ... ...წ.. ქ.მ-ემ 04.07.2018წ. მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და მას პენსია დაენიშნა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.06.2022წ. №04-00-ი/14544 გადაწყვეტილებით ქ.მ-ის განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქ.მ-ის 04.07.2018წ. განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის პირველი აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ქ.მ-ეს არ უდასტურდებოდა პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი. სააპელაციო პალატამ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის 14.2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელი პირისათვის გასაცემელის (პენსიის) დანიშვნის თარიღს უკავშირებს მის მიერ განცხადების წარდგენას და არა საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღს. მართალია პირს სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) მიღების უფლება წარმოეშობა სწორედ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, თუმცა ასაკის მიღწევა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის ამ გასაცემელის დანიშვნას. ამისათვის საჭიროა განცხადების წარდგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სწორედ ამ განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ხდება პირისათვის გასაცემელის (პენსიის) დანიშვნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ.მ-ეს 2018 წლის 04 ივლისამდე სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით წერილობით არ მიუმართავს. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მან ზეპირსიტყვიერად მიმართა სააგენტოს და მოპასუხის მხრიდანაც ზეპირსიტყვიერად მიიღო უარი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ზეპირსიტყვიერად მიმართვის შესაძლებლობას არ იძლევა. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ არსებობდა ქ.მ-ისათვის საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან პენსიის დანიშვნის მომენტამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.მ-ის მიერ.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავს მოპასუხისათვის. კასატორი მიუთითებს, რომ მან საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართა შესაბამის სამსახურს, თუმცა მას უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა-ში" და ეწეოდა საჯარო საქმიანობას. კასატორის განმარტებით, განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში დაფიქსირებულიც არ ყოფილა და ასეთი შემთხვევები იმ პერიოდისათვის უამრავი იყო, რასაც ადასტურებს ბენეფიციართა სია, რომლებიც ამავე საფუძვლით, გარკვეული პერიოდი დარჩნენ პენსიის გარეშე. კასატორის მითითებით მოპასუხე მარტივად აჯერებდა ქარხნის მუშებს, რომ მათ პენსია არ ეკუთვნოდათ საჯარო საქმიანობის გამო და საჩივრების წერა უშედეგო იქნებოდა. სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობამ მუშები შეიყვანა შეცდომაში, მოპასუხის არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ მათ შემოსავალი დააკარგვინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.მ-ე დაბადებულია ... ... ...წ.. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა-ს" 17.09.2020წ. ცნობის თანახმად, ქ.მ-ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, ...ის დეპარტამენტის მე-... ...ოს ...ის ...ის პოზიციაზე. ქ.მ-ემ 04.07.2018წ. მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. ქ.მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას პენსია დაენიშნა 2018 წლის პირველი აგვისტოდან. ქ.მ-ის წარმომადგენელმა ი.მ-ემ 20.05.2022წ. N52220 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და ქ.მ-ის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.06.2022წ. №04-00-ი/14544 გადაწყვეტილებით ქ.მ-ის განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ქ.მ-ეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 60 წლის ასაკის მიღწევის გამო. ქ.მ-ის 04.07.2018წ. განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის პირველი აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია, ხოლო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი ქ.მ-ეს არ უდასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ქალებს პენსიაზე უფლება წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 13.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ პუნქტების თანახმად, განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. პენსიის მიღების უფლების მქონე პირი მაძიებლად ითვლება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე, საპენსიო ასაკის მიღწევა ავტომატურად არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან პენსიის დანიშვნის ვალდებულებას, არამედ ამისათვის აუცილებელია ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა. კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილია პენსიის მოსაპოვებლად საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მხრიდან ნების გამოვლენის სავალდებულოობა. საპენსიო ასაკის შესრულებასთან ერთად სავალდებულოა უფლებამოსილმა პირმა შესაბამისი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით მიმართოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მართალია, ქ.მ-ეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების რაიმე ფორმით მიმართვის ფაქტი 2018 წლის 4 ივლისამდე, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე