Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-969(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 8 სექტემბერს ვ.მ-მა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ ვ.მ-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2022 წლის 14 ივლისის № SSA 62200108442 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 5 აგვისტოს № SSA 9 22 00184298 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ვ.მ-ის სასარგებლოდ, მისი კუთვნილი მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ვ.მ-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2022 წლის 17 ივლისის № SSA 6 22 00108442 გადაწყვეტილება ვ.მ-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 5 აგვისტოს № SSA 9 22 00184298 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ვ.მ-ის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრმა რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაზე და განმარტა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, რადგან პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით, რომლის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა შეჩერების კანონით განსაზღვრული პირობის დადგომის, არამედ გასაცემლის შეჩერების შესახებ აქტის ადრესატისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური ჩაბარების მომენტიდან. აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიის გაცემის შეჩერება მოხდა კანონის დაცვით, თუმცა ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელე ვ.მ-ის უარი ეთქვა დარჩენილი პერიოდის პენსიის გაცემაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუცნია ვ.მ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელე მხარეს მისცემდა შესაძლებლობას მალევე აღმოეფხვრა სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების საფუძველი და მიეღო შეჩერებული სახელმწიფო პენსია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის განმარტებით, პენსიის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური ფულადი სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წყდება ყოველთვიური სარგებლის გაცემის დარიცხვა, რის თაობაზეც მხარისთვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსთვის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით, რაც მას 2022 წლის 29 ივნისამდე არ განუხორციელებია. ის ფაქტი, რომ ვ.მ-ის სახელმწიფო პენსია შეუჩერდა ადრეც - 2018 წლის 1 თებერვლიდან, უტოვებდა მას გონივრულ ვარაუდს სახელმწიფო პენსიის კვლავ შეჩერების შესახებ და ვალდებულს ხდიდა გადაემოწმებინა საპენსიო ანგარიში მისივე ინტერესებიდან გამომდინარე.

კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია სააგენტოს მხრიდან ადმინისტრაციული აქტის მოსარჩელისთვის არ გაცნობის შემთხვევაში, შეეძლო თუ არა ვ.მ-ის შეჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება საპენსიო ანგარიშიდან საბანკო დაწესებულებაში, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო გასაცემელი მას შეუჩერდა და მისივე განცხადებით განუახლდა ადრეც - 2018 წლის 1 თებერვლიდან, უტოვებდა გონივრულ ვარაუდს სახელმწიფო პენსიის კვლავ შეჩერების შესახებ და ვალდებულს ხდიდა გადაემოწმებინა საპენსიო ანგარიში მისივე ინტერესებიდან გამომდინარე.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა აქტის მატერიალური სახით გამოცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ.მ-ი რეგისტრირებულია სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის მიმღებად 2016 წლის 1 იანვრიდან და იღებს შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს ასაკის გამო.

2019 წლის 1 აგვისტოდან ვ.მ-ის შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო.

ვ.მ-მა 2022 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის განახლება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის 2022 წლის 8 ივლისის №959-2022/5 გადაწყვეტილებით მას განუახლდა პენსიის მიღება და აუნაზღაურდა ერთი წლის პენსია 1/08/2019 წლიდან 1/08/2020 წლამდე. ასევე ჩაერიცხა 2022 წლის ივლისის პენსიაც.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, მოსარჩელე ვ.მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ითხოვა დარჩენილი პენსიის ანაზღაურება. თუმცა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ.მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელისათვის 2020 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 30 ივნისამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 და 23-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვით სარგებლობის უფლება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის შეჩერების საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც, საბანკო ანგარიშიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისთვის შესაბამისი განცხადებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მითითებული ნორმები პენსიის შეჩერებას, ასევე შეწყვეტას ითვალისწინებს განსაზღვრული პირობების დადგომით, თუმცა კანონისმიერი საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებისა და მისი ავტომატური შეწყვეტის კანონიერებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (სუსგ №ბს-575-572(კ-17), 30.11.17წ.), რომლის თანახმად, კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით (სუსგ №ბს-625(კ-19), 18.07.2019წ.), პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ვ.მ-ის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სამსახურში არ იძებნება ვ.მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის ვ.მ-ის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით, რომლის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა შეჩერების კანონით განსაზღვრული პირობის დადგომის, არამედ გასაცემლის შეჩერების შესახებ აქტის ადრესატისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური ჩაბარების მომენტიდან. გასაცემლის შეჩერების შესახებ აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. მითითებული აქტის ოფიციალური გაცნობის იურიდიული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულით დასტურდება მისი შინაარსის გაცნობა მხარის მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ხანდაზმულობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე