Facebook Twitter

ბს-1304(უს-24) 05 თებერვალი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, აპელანტი) თ.ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თა.ნ-ი, ლ.ნ-ი, ნ.ნ-ი, ი.ს-ი, ს.ს-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024წ. განჩინება

დავის საგანი - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ნ-მა 12.04.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 04.05.2022წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2630 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლით, ხოლო შემდეგში მოძიებული იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტი მოთხოვნილი 2630კვ.მ. ნაკვეთიდან 2500 კვ.მ. ნაკვეთზე, ასევე დადგინდა ნახაზზე ასახული 2500 კვ.მ. ნაკვეთისა და მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტში მითითებული 2500 კვ.მ. ნაკვეთის იდენტურობა. მოსარჩელის მითითებით ამ ნაკვეთს ოჯახის წევრებთან ერთად ფლობდა 1992 წლიდან, მასზე სისტემატურად ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მოჰყავდა სხვადასხვა მცენარეები. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების შემდგომ მისმა დამ - თა.ნ-მა ტრაქტორით გადაახნევინა მისი ნაკვეთი და დათესა მარცვლოვანი, ასევე თა.ნ-მა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ორი ნაკვეთის რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დოკუმენტები, რომლის საფუძველზე თა.ნ-ი ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, არ ადასტურებს აღნიშნული პირის უფლებას თ.ნ-ის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2023წ. განჩინებით თ.ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თა.ნ-ი, ლ.ნ-ი, ნ.ნ-ი, ი.ს-ი, ს.ს-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 24.05.2024წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თ.ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა თ.ნ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო მონაცემებზე ნებისმიერი სარეგისტრაციო ქმედების ან სხვა სახის უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 29.05.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.01.2023წ. №..., 27.02.2023წ. №..., 10.03.2023წ. №..., 16.03.2023წ. №... გადაწყვეტილებები, ასევე 14.03.2023წ. №... და 01.05.2023წ. №... გადაწყვეტილებები, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების ფარგლების, მისი კონფიგურაციის და საზღვრების, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესწავლა, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფით საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე მიეთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 24.05.2024წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალას კარგავს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

გორის რაიონული სასამართლოს 29.05.2024წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ნ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. თ.ნ-მა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობით, სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მის მიერ წარდგენილ 2630 კვ.მ. ნაკვეთზე ყველა პირისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის წარმოების აკრძალვა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აპელანტმა მიუთითა, რომ 2022 წლის ზაფხულში მის მიერ მოყვანილი ლობიოს და გოგრის მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრე თა.ნ-მა ტრაქტორით გადახნა ის ნაკვეთი, რომელსაც თ.ნ-ი 1991 წლიდან ფლობდა და ამუშავებდა. აღნიშნული მესამე პირმა განახორციელა ნაკვეთის ფლობის ილუზიის შესაქმნელად, რითაც შეილახა და შეიზღუდა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც მას განმცხადებელი დასაბუთებულად წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნილია თ.ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 2630 კვ.მ. ფართობის მქონე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ნაკვეთზე ყველა პირისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის აკრძალვა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზოგადი მითითება იმაზე, რომ ყველა პირს (პირთა განუსაზღვრელ წრეს) აეკრძალოს სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობა, თუნდაც კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, არ შეიძლება გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ანუ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების მართებულებაზე. პალატამ მიიჩნია, რომ თ.ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თ.ნ-ის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რაც პალატას განმცხადებლის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა, ამასთან წინამდებარე დავაში მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო 28.10.2024წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, გორის რაიონული სასამართლოს 29.05.2025წ. გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თ.ნ-მა 28.10.2024წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 11.10.2024წ. განჩინებაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთს ფლობდა, ამუშავებდა და სარგებელს იღებდა 1991-1992 წლებიდან, რაც გრძელდებოდა 2022 წლის ზაფხულამდე, კერძოდ მითითებულ პერიოდში თა.ნ-მა ტრაქტორით გადაახნევინა ის მიწის ნაკვეთი, საიდანაც საჩივრის ავტორს ცოტა ხანში უნდა აეღო მოსავალი. აღნიშნული ქმედება თა.ნ-მა განახორციელა მიწის ნაკვეთის ფლობის ილუზიის შესაქმნელად, თუმცა ნაკვეთის მესამე პირის მიერ ფლობის ფაქტი სასამართლოს განხილვისას მოწმეების მიერ არ იქნა დადასტურებული. სარეგისტრაციო წარმოებისას გაირკვა, რომ მოსარჩელეს ნაკვეთის ნაწილზე - 2500კვ.მ.-ზე გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მას არ მიეცა მოწმეების მეშვეობით ნაკვეთის მის მიერ ფლობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების დადასტურების შესაძლებლობა. მოწმეთა მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გამოკითხული. განსახილველ შემთხვევაში დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება, შესაბამისად დაირღვა საკუთრების შემადგენელი ნაწილის - ფლობის უფლება. თუ თა.ნ-ის ან სხვა ნებისმიერ პირს, რომელთა ვინაობა არ არის ცნობილი საჩივრის ავტორისთვის, მის ნაკვეთზე არ აეკრძალება სასოფლო-სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობა ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გაძნელდება და მატერიალური რესურსების დანახარჯის გარეშე შეუძლებელი გახდება საჩივრის ავტორის მიერ ნაკვეთის თავისუფალი სახით მიღება. ასეთი პირი მისგან მოითხოვს მოსავლის აღებამდე ლოდინს ან სათანადო კომპენსაციას მოსავალთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა. სარჩელის დაკმაყოფილების ანუ ნაკვეთის საჩივრის ავტორის საკუთრებად რეგისტრაციის შემთხვევაში მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარანტირებულს გახდის მისი საკუთრების უფლების რეალურ და შეუზღუდავ რეალიზაციას. საჩივრის ავტორმა შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა მხოლოდ მოპასუხის და მესამე პირის თა.ნ-ის მიმართ, ასევე აღნიშნა, რომ სხვა პირების მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის ფორმულირება ეფუძნება ისეთ ვარაუდს, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე შეიძლება გამოჩდნენ პირები, რომლებმაც განახორციელეს ან ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო ან სხვა საქმიანობას მის ნაკვეთზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024წ. განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. წინამდებარე დავაში მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. ზოგადი მითითება ყველა პირისთვის (პირთა განუსაზღვრელ წრეს, მათ შორის მესამე პირს) სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, თუნდაც კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, არ შეიძლება გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. თ.ნ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რაც მისცემდა პალატას საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ნ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმის საფუძველზე თ.ნ-მა შუამდგომლობით მოითხოვა მის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2630კვ.მ. ნაკვეთზე ყველა პირისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის წარმოების აკრძალვა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ფლობს და ამუშავებს 1991 წლიდან, 2022 წლის ზაფხულში მისმა დამ - თა.ნ-მა განახორციელა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები (სავარაუდოდ მოიყვანა მარცვლეული). შუამდგომლობის ავტორის მითითებით აღნიშნული დღემდე გრძელდება, რაც წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების შელახვასა და შეზღუდვას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. როგორც უკვე აღინიშნა, შუამდგომლობის ავტორმა სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის წარმოების აკრძალვა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლების არსებობის დასადგენად შეფასებას საჭიროებს დავის საგანი, ანუ თ.ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი არსი, ასევე შეფასებას საჭიროებს აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობით სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა ან გართულება. განსახილველ შემთხვევაში თ.ნ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლებითაც მას უარი ეთქვა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2630 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და მითითებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დავალება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს უნდა შეადგენდეს დავის საგნის დაცვა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეუძლებლობის ან გართულების დაუშვებლობა. მოსარჩელე მოითხოვს სადავო მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობის აკრძალვას, თუმცა არ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელიც ასეთი აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელს გახდის ან გაართულებს უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებას უკავშირდება. საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო იმის მტკიცება, რომ ამ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ხელს შეუშლის მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კერძოდ გორის რაიონული სასამართლოს 24.05.2024წ. განჩინებით თ.ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრს აეკრძალა სადავო უძრავ ნივთზე ნებისმიერი სარეგისტრაციო ქმედების ან სხვა სახის უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია, იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არასაკმარისობას. გარდა ამისა, მოსარჩელე არ მიუთითებს მოპასუხის, მესამე პირის ან/და სხვა პირ(ებ)ის მიერ სადავო ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის წარმოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, უკვე გაწეული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოცულობაზე, ასევე არ უთითებს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ნაკვეთის გამოყენების გამო ისეთი სახის ზიანის ოდენობაზე, რომელიც აზრს დაუკარგავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას ან გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სარჩელის სახეების გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა (შეცილებითი სარჩელი, სასკ-ის 22-ე მუხ.). იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (მავალდებულებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, როგორც შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.), ასევე მავალდებულებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სახის სარჩელი, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნებს შეადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აქტების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საჯარო რეესტრისთვის დავალება. მართალია, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომელსაც პირი იძენს ამ უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციით, მოიცავს ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის კომპონენტებს, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა საკუთრების უფლების რეალიზაცია (უძრავ ნივთის მოსარჩელისთვის სარგებლობასა და ფლობაში გადაცემის მხრივ), არამედ აღიარების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება. საკუთრების მოპოვების საბოლოო წინაპირობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა, თუმცა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ ამ უფლების რეალიზაციის შეუძლებლობა იმ მხრივ, რომ მოსარჩელეს სხვა პირების მიერ არ ეძლევა ამ ნაკვეთის ფლობის (ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა) ან სარგებლობის (მაგ., მოსავლის მოყვანა, სარგებლის მიღება და ა.შ.) შესაძლებლობა, ექცევა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში. ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციული დავის საგნის დაცვას ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას არ შეადგენს ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვა ან უძრავი ნივთით სარგებლობის აკრძალვა, არამედ დავის საგანია საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს 1991 წლიდან, ნაკვეთის ნაწილზე გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო ნაწილზე უფლების აღიარებას მოითხოვს თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის საფუძვლით, შესაბამისად სადავო ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრებისა და განმცხადებლის მიერ ფლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული წარმოშობს „კანონიერ მოლოდინს“ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მიმართ, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვს აგრეთვე ბალანსის დაცვას შუამდგომლობის ავტორისა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს შორის. მოსარჩელეს გასაჩივრებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ამასთან სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა, რომ ერთი და იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები ორივე მხარეს (თ.ნ-ის და თა.ნ-ის) უდასტურებენ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე მესამე პირი მიუთითებს მართლზომიერი მფლობელობისა და უძრავი ნივთის ფაქტობრივად დაუფლების ამსახველ დოკუმენტებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას არ ხდება დავის არსებითად გადაწყვეტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 29.05.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის დაევალა საკითხის ხელახლა განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების ფარგლების, მისი კონფიგურაციის და საზღვრების, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესწავლა, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფით საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2024წ. განჩინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ თ.ნ-ისა და თა.ნ-ის სარეგისტრაციო განცხადებებზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმაზე მითითებით, რომ ორივე განმცხადებელს, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების მიერ, უდასტურდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ასევე საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით (ე.წ. „ყვითელი ფენა“) სარეგისტრაციო ნაკვეთი სავარაუდოდ მოიცავს ლ.ნ-ის საკუთრებას, რომელიც სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე ჩართული და მოწვეული არ ყოფილა, ორივე განმცხადებლის (თ.ნ-ის და თა.ნ-ის) უფლებისდამდგენი დოკუმენტი აკონკრეტებს მხოლოდ მიწის ნაკვეთის ზომას და არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას მისი ზუსტი მდებარეობისა და კონფიგურაციის თაობაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მათ შორის სათანადო შეფასება არ მისცემია საარქივო ცნობებს, წარმოებაში არ ყოფილა მოწვეული ლ.ნ-ი, ასევე უნდა დადგინდეს, მოსარჩელის თ.ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზედდებაშია მესამე პირის თა.ნ-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან, გ.ნ-ის კომლის საკუთრების უფლება. ამდენად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების აკრძალვა) ემსახურება შესაძლო სამოქალაქო-სამართლებრივი დავის საგნის დაცვას, მოთხოვნა აგრეთვე არღვევს მხარეთა შორის სამართლიან ბალანსს. მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთი მხარისთვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისად გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15.07.2019წ.). როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ დავაზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საჯარო რეესტრისთვის ნებისმიერი სარეგისტრაციო ქმედების ან სხვა სახის უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე. აღნიშნული განჩინებით მოპასუხეს საჯარო რეესტრს სააგენტოს აეკრძალა უძრავ ნივთზე გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა. მითითებული სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას განაპირობებს ის, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხორციელდეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იცავს განსახილველ ადმინისტრაციულ დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებას აღუსრულებლობისგან და თ.ნ-ის სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების აკრძალვის) გამოყენებაზე.

საჩივრის ავტორი უთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს მხოლოდ მოპასუხისა და მესამე პირის მიმართ, ასევე საჩივარში აღნიშნავს, რომ სხვა პირების მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფორმულირება ეფუძნება ვარაუდს იმის შესახებ, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე შეიძლება გამოჩდნენ პირები, რომლებმაც სადავო ნაკვეთზე განახორციელეს ან ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო ან სხვა საქმიანობას. ამდენად, საჩივრის ავტორის მოთხოვნა წინააღმდეგობრივია და სხვა პირთა მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადებას, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას და სხვ.. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 01.12.2017წ. №2/6746 გადაწყვეტილება საქმეზე „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებს სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას, შესაბამისად მითითებული ნორმა ადგენს უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების მხოლოდ მოპასუხის მიმართ გამოყენების შესაძლებლობას (სუსგ 12.10.2009წ. საქმე №ას-966-1245-09). მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოსარჩელემ მოითხოვა არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეთა მიმართ, არამედ აგრეთვე სხვა პირების მიმართ მათი იდენტიფიცირების გარეშე, რაც მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს არ წარმოშობს. მართალია, სხვა პირების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (აეკრძალოს სხვა პირებს მოპასუხისთვის ქონების გადაცემის ან მის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება) გათვალისწინებულია სსკ-ის 198.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, თუმცა საჩივრის ავტორი არ მოითხოვს მითითებული ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის გამოყენებას და არ უთითებს ამ ნორმის გამოყენების წინაპირობებზე. უფრო მეტიც, მოსარჩელისთვის უცნობია ასეთ პირთა ვინაობა და მოთხოვნა ემყარება მხოლოდ ვარაუდს სამომავლოდ ასეთ პირთა შესაძლო არსებობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება ემყარებოდეს დაუსაბუთებელ ვარაუდს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე კონკრეტულად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილება შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი არათუ არ უთითებს ასეთი სახის გარემოებებზე, არამედ ვერ ასახელებს იმ პირთა ვინაობას, რომლის მიმართაც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაც გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.ნ-ის საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 11.10.2024წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე