Facebook Twitter

საქმე №ბს-401(კ-22) 05 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჯ. ო-ეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჯ. ო-ემ 21.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.11.2018წ. №1000635648 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს შრომითი ბინადრობის თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2019წ. გადაწყვეტილებით, ა. ჯ. ო-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ჯ. ო-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში. მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანიჭებს უფლებას, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა. ჯ. ო-ესთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით განსაზღვრული მიზნის შესაბამისად და მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ჯ. ო-ეს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ წლებია იმყოფება და სწავლობდა საქართველოში, მის სახელზე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, მას გააჩნია აგრეთვე მოქმედი შრომითი კონტრაქტი და 2018 წლიდან მუშაობს უწყვეტად. გარდა ამისა, ის არ არის ნასამართლევი. გასაჩივრებული სააგენტოს გადაწყვეტილება მას არ აძლევს თავის სრულად რეალიზების საშუალებას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არის ფორმალური ხასიათის და დაუსაბუთებელი. სააგენტომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მისი შინაარსის გაცნობის გარეშე მიიღო. უცხოელის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლების არსებობას ადგენს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც რეკომენდაციის სახით ეგზავნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. აღნიშნული რეკომენაციის გათვალისწინების ვალდებულება კანონმდებლობით სააგენტოს არ გააჩნია. ამასთან, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთების გაცნობის საშუალება სააგენტოს თანამშრომლებს არ გააჩნიათ, რაც მათ უზღუდავს სრული შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთების საიდუმლოობის გამო პირს ეზღუდება უფლების სასამართლოში აღდგენის მექანიზმებიც, რადგან ხშირად სასამართლო არ ინტერესდება დასკვნის დასაბუთებით და ხელმძღვანელობს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისად კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ. ო-ეს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 21.11.2018წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა. ჯ. ო-ესთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მითითებული დასკვნის საიდუმლოობის გამო შეეზღუდა უფლების სასამართლო წესით აღდგენა. საკასაციო სასამართლოს მიერ 09.10.2024წ. №ბს-401(კ-22) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა. ჯ. ო-ესთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება. მართალია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგავრი შეფასების გარეშე უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის და განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ გამოუთხოვია და არ შეუფასებია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული დასკვნა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტის კანონიერებაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ - სასამართლომ მოახდინა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, გაცნობა და მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ჯ. ო-ეს მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მითითება იმაზე, რომ წლებია ცხოვრობს საქართველოში და გააჩნია მოქმედი შრომითი კონტრაქტი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, აღნიშნული გარემოებები იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე იმ გარემოებაზე მითითება, რომ კასატორი არ არის ნასამართლევი. საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ (სუსგ 05.10.2023წ. საქმე ბს-67(კ-22)). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოში მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას უკვე ჰქონდა მინიჭებული ბინადრობის ნებართვა, არ წარმოშობს ყოველი შემდგომი მოთხოვნისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე ან სხვა სახის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. შრომითი ნებართვის დროებითი ხასიათის გამო, პირი ხელახლა ახდენს განცხადების წარდგენას, რასაც შესაბამისად მოჰყვება სააგენტოს მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და წარმოების არსებული შედეგების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987). ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ელი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა. ჯ. ო-ეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ. ო-ეს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2022წ. განჩინება;

3. ა. ჯ. ო-ეს (NG, ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №1652429460 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე