საქმე Nბს-1258(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ვ.ს-ი, ე.მ-ი, დ.ხ-ი, თ.მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 5 მაისს ვ.ს-მა, ე.მ-მა, დ.ხ-მა და თ.მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან ასაკით პენსიონერები. საპენსიო ასაკს მიღწევისთანავე მოსარჩელეებს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართული ჰქონდათ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, თუმცა მათ უარი განუცხადეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ისინი ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას, მუშაობდნენ რა სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. მოსარჩელეების განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში დაფიქსირებული არ ყოფილა, შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მათ არ მიუღიათ.
მოსარჩელეებმა დაზუტებული სარჩელით მოითხოვეს ვ.ს-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 8.06.2022 წლის N04-00-ი/14432 გადაწყვეტილების, ე.მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.06.2022წ. N04-00-ი/14572 გადაწყვეტილების, დ.ხ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 9.06.2022წ. N04-00-ი/14531 გადაწყვეტილების და თ.მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.06.2022წ. N04-00-ი/14565 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ ვ.ს-ისათვის 1.12.2013 წლიდან - 1.06.2016 წლამდე, ე.მ-ისათვის 1.09.2014 წლიდან - 1.08.2018 წლამდე, დ.ხ-ისათვის 1.02.2015 წლიდან - 1.06.2019 წლამდე და თ.მ-ისათვის 1.01.2012 წლიდან -1.08.2016 წლამდე, კანონით დადგენილი წესით და ოდენობით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.ს-ის, ე.მ-ის, დ.ხ-ისა და თ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ.ს-მა, ე.მ-მა, დ.ხ-მა და თ.მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით ვ.ს-ის, ე.მ-ის, დ.ხ-ისა და თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.ს-ი (დაბ. ... ... ...წელს, პ/ნ...) მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, ...ში, მე-... ...ოს ...ის პოზიციაზე. 19.07.2016წ. ვ.ს-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით პენსიის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-3/16 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ვ.ს-ის 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (ასაკობრივი პენსია) და აუნაზღაურდებოდა 1.08.2016 წლიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსია. ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს 14.11.2019წ. გადაწყვეტილებით ვ.ს-ის აუნაზღაურდა 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2019 წლის 1 დეკემბრამდე მიუღებელი პენსია და 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (ასაკობრივი პენსია).
2022 წლის 20 მაისს ვ.ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს და პენსიის დანიშვნის უფლების წარმოშობიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. ადმინისტრაციული ორგანოს 8.06.2022წ. N04-00-ი/14432 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე.მ-ი (დაბ. ... ... ...წელს, პ/ნ...) მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, ...ში პირველი ...ოს ...ის პოზიციაზე. 2018 წლის 11 ივლისს ე.მ-მა საპენსიო ასაკის პენსიის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ე.მ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ სასარჩელო წესით სასამართლოში გასაჩივრდა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 11.07.2018წ. N52125-18/01 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ე.მ-ისთვის 2018 წლის 1 აგვისტოდან ასაკობრივი პენსიის დანიშვნა და 2018 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №52125/19-1 გადაწყვეტილებით, ე.მ-ის 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა ასაკობრივი პენსია და აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე.
2022 წლის 20 მაისს ე.მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს და მოითხოვა მისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება. ე.მ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.ხ-ი მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, ...ში, მე-... ...ოს ...ის პოზიციაზე. დ.ხ-მა 2019 წლის 1 მაისს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა მის საჯარო საქმიანობაზე მითითებით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 6.05.2019წ. N36968-19 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დ.ხ-ის მიმართ 2019 წლის 1 ივნისიდან ასაკობრივი პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დ.ხ-ის 2019 წლის 1 ივნისიდან დაუნიშნა ასაკობრივი პენსია, ასევე მას აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 ივლისამდე. 2022 წლის 20 მაისს დ.ხ-მა მოითხოვა პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება, რაც არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.მ-ე (დაბ. ... ... ...წელს, პ/ნ:...) მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მე-... ...ოს ...ის პოზიციაზე. თ.მ-ემ 19.07.2016წ. მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით პენსიის დანიშვნა მოითხოვა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება და ასაკობრივი პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.06.2018წ. გადაწყვეტილებით თ.მ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე აუნაზღაურდა მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი, ასევე 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა ასაკობრივი პენსია. 20.05.2022წ. თ.მ-ემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-13, მე-14 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საპენსიო ასაკის მიღწევისას პირს წარმოეშობა პენსიის მიღების უფლება, თუმცა აღნიშნული უფლების განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ უფლებამოსილმა პირმა შესაბამისი ფორმით წარადგინოს განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში. სწორედ უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის მიღების თაობაზე ნების გამოხატვას - განცხადების სათანადო ფორმით წარდგენას (წერილობით ან ელექტრონულად, საჭირო დოკუმენტებთან ერთად) უკავშირდება კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და პენსიის დანიშვნის თარიღის (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვი) განსაზღვრა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები სადავო პერიოდში მიუღებელ პენსიას ითხოვდნენ, თუმცა განცხადების და საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის პირობებში, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა რამდენად აკმაყოფილებდნენ მოსარჩელეები “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პენსიის დანიშვნის ყველა კრიტერიუმს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ.ს-მა, ე.მ-მა, დ.ხ-მა და თ.მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მათ წერილობით არ მიუმართავთ ადმინისტრაციული ორგანოსათვის. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართეს შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” განხორციელბული საქმიანობის გამო ისინი საჯარო მოხელეებად მიიჩნიეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათი განცხადება პენსიის დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში დაფიქსირებულიც კი არ ყოფილა. სახელმწიფო უწყებამ მოსარჩელეებს არ განუმარტა მოთხოვნის წერილობით დაფიქსირების საჭიროება, რამაც მათ შემოსავალი დააკარგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ.ს-ის, დ.ხ-ის, ე.მ-ის და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ს-ის, დ.ხ-ის, ე.მ-ის და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეებისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 8.06.2022წ. N04-00-ი/14432 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.06.2022წ. N04-00-ი/14572 გადაწყვეტილების, 9.06.2022წ. N04-00-ი/14531 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.06.2022წ. N04-00-ი/14565 გადაწყვეტილების კანონიერება და ვ.ს-ისთვის 1.12.2013 წლიდან - 1.06.2016 წლამდე, ე.მ-ისთვის 1.09.2014 წლიდან - 1.08.2018 წლამდე, დ.ხ-ისათვის 1.02.2015 წლიდან - 1.06.2019 წლამდე, თ.მ-ისათვის 1.01.2012 წლიდან - 1.08.2016 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რა პერიოდიდან წარმოეშობა პირს ასაკით პენსიის დანიშვნის საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ.ს-ი, ე.მ-ი, დ.ხ-ი და თ.მ-ე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ.
2016 წლის 19 ივლისს ვ.ს-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-3/16 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ.ს-მა გაასაჩივრა სასარჩელო წესით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-3/16 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ.ს-ის 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (ასაკობრივი პენსია) და 1.08.2016 წლიდან აუნაზღაურდებოდა მიუღებელი სახელმწიფო პენსია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N57995/19-1 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2019 წლის 1 დეკემბრამდე აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია და 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (ასაკობრივი პენსია).
2022 წლის 20 მაისს, ვ.ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს, მისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის N04-00-ი/14432 გადაწყვეტილებით ვ.ს-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2018 წლის 11 ივლისს ე.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2018 წლის 11 ივლისის N52125-18/01 გადაწყვეტილებით ე.მ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.მ-მა სასარჩელო წესით გაასაჩივრა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 11 ივლისის N52125-18/01 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ე.მ-ს 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნებოდა ასაკობრივი პენსია და 2018 წლის 1 აგვისტოდან აუნაზღაურდებოდა მიუღებელი პენსია. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის N52125/19-1 გადაწყვეტილებით, ე.მ-ის 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა ასაკობრივი პენსია და აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე.
2022 წლის 20 მაისს ე.მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს და მოითხოვა მისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდში, მიუღებელი თანხის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 10 ივნისის N04-00-ი/14572 გადაწყვეტილებით ე.მ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 1 მაისს დ.ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2019 წლის 6 მაისის N36968-19 გადაწყვეტილებით დ.ხ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მან სასარჩელო წესით სადავო გახადა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 6 მაისის N36968-19 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - დ.ხ-ის 2019 წლის 1 ივნისიდან დაენიშნებოდა ასაკობრივი პენსია. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 2 ივნისის N36968/20-1გადაწყვეტილებით დ.ხ-ის 2019 წლის 1 ივნისიდან დაენიშნა ასაკობრივი პენსია, ასევე აუნაზღაურდა მიუღებელი პენსია 1.06.2019 წლიდან -1.07.2020 წლამდე.
2022 წლის 20 მაისს, დ.ხ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს მისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდში, მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის N04-00-ი/14531 გადაწყვეტილებით, დ.ხ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2016 წლის 19 ივლისს თ.მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-5/16 გადაწყვეტილებით თ.მ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, რადგან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობა. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ.მ-ემ სასარჩელო წესით გაასაჩივრა.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-5/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ.მ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 1 ივლისამდე აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსია, ასევე დაენიშნებოდა ასაკობრივი პენსია. ზემოთმითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 ივნისის N 57995/18-1 ბრძანებით თ.მ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 1 ივლისამდე აუნაზღაურდა მიუღებელი სახელმწიფო პენსია, ასევე 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა ასაკობრივი პენსია.
2022 წლის 20 მაისს, თ.მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს მისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდში, მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 10 ივნისის N04-00-ი/14565 გადაწყვეტილებით, თ.მ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნული კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იმავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი’’ (დანართი №1). აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. წესის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე წესის 6.1 მუხლის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ნორმის მე-3 პუნქტით პენსია ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ პენსიის მიღება უკავშირდება არა ავტომატურად საპენსიო ასაკს მიღწევას, არამედ ფიზიკური პირის მხრიდან ნების გამოვლენას, კერძოდ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენას. პენსიის გაცემაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო კი პენსიის დანიშვნას ახდენს განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ მათ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე შესაბამისი განცხადებით მიმართული ჰქონდათ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება მათი მოთხოვნის ადმინისტრაციულ ორგანოში წერილობით დაფიქსირების ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ საპენსიო ასაკს მიღწევისთანავე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის ფაქტი, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ს-ის, ე.მ-ის, დ.ხ-ისა და თ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვარის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
გ. აბუსერიძე
ბ.სტურუა