Facebook Twitter

საქმე #ბს-1095(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი, ასკ 16.2) – სს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.წ-ა

მოსარჩელე – ლ.შ-ა

მოპასუხეები – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

მესამე პირი – შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 10 დეკემბერს თ.წ-ამ და ლ.შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - შპს „...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა #... საკადასტრო მონაცემებთან ზედდების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... და #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ უძრავ ქონებაზე (ს.კ ...) თ.წ-ას, ხოლო 800 კვ.მ უძრავ ქონებაზე (ს.კ...) ლ.შ-ას საკუთრების უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია მოითხოვეს.

2020 წლის 22 სექტემბერს თ.წ-ამ და ლ.შ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - შპს „...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: (1) 2010 წლის 17 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და, მეორე მხრივ, შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 1400 კვ.მ-ზე გადაფარვის ნაწილში, რომელშიც შედის მოსარჩელე თ.წ-ას 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ....) და ლ.შ-ას 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ ...); (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მონაცემების #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მონაცემებთან ზედდების ნაწილში; (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) თ.წ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მონაცემების #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მონაცემებთან ზედდების ნაწილში; (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ...) ლ.შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2002 წლის 6 ნოემბერს თ.წ-ამ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 600 კვ.მ, ს.კ... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკომლო სია #2037 და მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც უძრავი ქონების მფლობელად ასახულია თ.წ-ას ოჯახი და მიკუთვნებულია საკადასტრო კოდი - .., განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 1657/2022, თარიღი: 06.11.2002წ.

მოსარჩელეთა მითითებით, 2010 წლის 17 დეკემბერს შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და, მეორე მხრივ, შპს „...ას“ (მყიდველი) შორის, რის შემდგომაც, შესყიდულ იქნა მთელი რიგი მიწის ნაკვეთები, რომელთა შორის მოექცა თ.წ-ას მიწის ნაკვეთი (ს.კ....), რომლის მონაცემებიც დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიწის ნაკვეთთა ნუსხაში არ შედის. მოსარჩელეები თვლიან, რომ საჯარო რეესტრიდან ეკონომიკის სამინისტრომ არ მიიღო სწორი მონაცემები პრივატიზებულ და გასაყიდ მიწის ნაკვეთებზე ან საჯარო რეესტრმა არ/ვერ გადაამოწმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე, რითიც შეილახა თ.წ-ას საკუთრების უფლება და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ დაშვებული შეცდომების გამო, მას წაერთვა რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც დღეს შპს „...ას“ მიერ შეძენილ საკუთრებასთან მოდის ზედდებაში.

რაც შეეხება ლ.შ-ას, მოსარჩელეთა მითითებით, მას გააჩნია 2004 წლის 9 ნოემბერს ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ ლ.შ-ამ (მყიდველი) ვ.ბ-სგან (გამყიდველი) შეიძინა ...ში მდებარე უძრავი ქონება. გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც გაცემულია 2004 წლის 9 ნოემბერს, ს.კ...

მოსარჩელეთა განმარტებით, ლ.შ-ამ 2019 წლის 12 მარტს რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მიღებული პასუხით დგინდება, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონება ზედდებაშია ს.კ.... საკადასტრო კოდით შპს „...ას“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან.

მოსარჩელეთა მითითებით, მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები მდებარეობს მომიჯნავედ. ამასთან, ნოტარიუს მ.ფ-სთან შემდგარ მედიაციაში შპს „...ას“ დირექტორმა - ს.გ-ამ დაადასტურა, რომ შპს-ის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ბეტონით შემოღობილი ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა თ.წ-ასა და ლ.შ-ას, რასთან დაკავშირებითაც, მან მოგვიანებით, მიწის ნაკვეთების შესყიდვის შემდგომ შეიტყო. მოსარჩელეთა აღნიშვნით, ის ფაქტი, რომ შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებული იყო საშენი მასალები და რომ მიწის ნაკვეთები, რომელიც შპს „...ამ“ შეისყიდა, თ.წ-ასა და ლ.შ-ას ეკუთვნოდათ, დასტურდება სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით და ს.გ-ას მიერ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე გაკეთებული ხელმოწერით.

მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უპირატესობა ენიჭება ადრინდელ რეგისტრაციას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.წ-ას სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი თ.წ-ას #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა; სხვა ნაწილში თ.წ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; ლ.შ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ.წ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, რამდენადაც სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ბანკი სამართალწარმოებაში მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე ჩაერთო. შესაბამისად, მას პირველ ინსტანციაში არ მისცემია თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის ფარგლებში არ უმსჯელია ბანკის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის მართებულად მიჩნევას. ბანკი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს აძლევდა საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ თ.წ-ას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას საეჭვოდ აქცევდა. სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, დაედასტურებინა მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა. შესაბამისად, სწორედ მას უნდა განესაზღვრა სადავო მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილის იდენტურობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაყრდნობოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, სასამართლო ექსპერტიზას და გადაწყვეტილების მიღებით დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, შპს „...ას“ მიერ შეძენამდე, რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. შპს „...ას“ მიერ ნაკვეთის შეძენის შემდგომ, მასზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რიგი მოქმედებები, კერძოდ - მნიშვნელოვანი ინვესტირება მისი განვითარებისათვის. ამასთან, სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა ბანკის, როგორც კეთილსინდისიერი იპოთეკარის, სამართლებრივ სტატუსს დასახელებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვისას, ბანკი ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, უხეშად არღვევს კეთილსინდისიერი მხარის ინტერესებს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აკისრებს მარეგისტრირებელ ორგანოს საკითხის ხელახალ კვლევას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციასა და მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ბანკის იპოთეკის უფლება ს.კ.... უძრავ ნივთთან მიმართებით არსებობს 2011 წლის 17 დეკემბრიდან, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 17 დეკემბრიდან არის შპს „...“. შესაბამისად, იპოთეკის რეგისტრაციის დროისათვის, უძრავი ნივთი იმყოფებოდა შპს „...ას“ საკუთრებაში. შესაბამისად, ბანკი მოქმედებდა სამოქალაქო ბრუნვის წინდახედულობის ფარგლებში. მან გადაამოწმა საჯარო რეესტრის მონაცემები, სადაც არ იკვეთებოდა რაიმე დამაბრკოლებელი ან ხელისშემშლელი გარემოება უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან მიმართებით. შესაბამისად, ბანკს წარმოეშვა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების მიმართ და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება.

ამდენად, კასატორი თვლის, რომ ბანკი წარმოადგენს კეთილსინდისიერ იპოთეკარს. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ უმსჯელია ბანკის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შესახებ და არ შეუფასებია ბანკის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის სამართლებრივი სტატუსი/მდგომარეობა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იპოთეკის სამართლებრივ, კერძოდ კი, მის აქცესორულ ბუნებაზე და განმარტავს, რომ იპოთეკის მიდევნებადი ხასიათიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე (ს.კ....) ვრცელდება იპოთეკის უფლება სრულად, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთ(ებ)ზე. აღნიშნული განპირობებულია ბანკის, როგორც კეთილსინდისიერი იპოთეკარის დაცვის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება წარმოადგენს კრედიტორისათვის - ბანკისათვის სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, რითიც იგი იცავს საკუთარ ინტერესებსა და უფლებებს მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისაგან. განსხვავებული მიდგომა საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - იპოთეკის უფლებას. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების მიღმა დატოვა იპოთეკის სამართლებრივი ბუნება და მიდევნებადი ხასიათი.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ბანკს არ მისცემია პირველ ინსტანციაში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი და სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა განსხვავებებსა და თავისებურებებზე. კასატორის განმარტებით, მიუხედავად საქმეში იმ მტკიცებულებათა არსებობისა, რომელიც ადასტურებდა სადავო უძრავ ქონებაზე ბანკის იპოთეკის არსებობას, საქმის განხილვისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ბანკი არ ყოფილა მოწვეული საქმეში მესამე პირად სავალდებულო წესით, მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ზემოქმედებას მოახდენდა ბანკის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე.

ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სათანადო დასაბუთებით ვერ გამორიცხა ის ფაქტი, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 23 იანვრის #000406323 დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ს.კ.... მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ტექნიკურად შეუძლებელია; ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება ს.კ.... მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, აღნიშნულის გამო, შეუძლებელია განისაზღვროს ს.კ.... მიწის ნაკვეთი ახდენს თუ არა ზედდებას ს.კ.... მიწის ნაკვეთთან.

კასატორის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, პალატა აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, კერძოდ, ერთი მხრივ, იგი უთითებს, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არაა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა სადავო ქონების ზუსტი კოორდინატების დადგენის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგისტრირებელ ორგანოს ავალებს გამოიკვლიოს თ.წ-ას უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და ამ მიწის ნაკვეთის და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. კასატორის შეფასებით, ასეთ პირობებში, საჯარო რეესტრს ეკისრება მძიმე და განუხორციელებელი ვალდებულება, რადგან ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობა, რის გამოც, შეუძლებელია მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია განხორციელებულიყო.

ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 2 სექტემბრის შპს „...ას“ დირექტორის - ს.გ-ას დასტურსა და 2019 წლის 16 სექტემბრის ინფორმაციაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სანოტარო მედიაციის გზით მხარეთა მოურიგებლობის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებულ პერიოდში შპს „...ას“ მიმართ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება. დღეის მდგომარეობით, საწარმო იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, შესაბამისად, შპს „...“ ექვემდებარებოდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას, რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კასატორის მითითებით, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერიდან გამომდინარე, შპს „...ას“ დირექტორს - ს.გ-ას არ ჰქონდა უფლებამოსილება, 2019 წლის 2 სექტემბრის ხელწერილის სახით მოსარჩელეებისათვის დაედასტურებინა რაიმე ფაქტი, ხოლო სანოტარო მედიაციისას კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი უფლებამოსილება, ყოფილიყო შპს „...ას“ წარმომადგენელი გაკოტრების რეჟიმში.

კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სადავოა, თუ რამდენად გამოხატავდა სანოტარო მედიაციაში დაფიქსირებული პოზიციით ს.გ-ა შპს „...ას“ ინტერესებს და როგორც დირექტორი, რამდენად იცავდა მის ფიდუციურ ვალდებულებას კომპანიის წინაშე, მაშინ, როდესაც, მედიაციის დროს, დირექტორი აღიარებდა შპს „...ას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაწილზე მოსარჩელეების საკუთრების უფლებას. კასატორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომპანია იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, ხოლო დირექტორი პასუხისმგებელი იყო არამარტო კომპანიის, არამედ კრედიტორების წინაშეც. შესაბამისად, სადავოა ისიც, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებს ასეთ დროს დირექტორი კრედიტორების მიმართ, მაშინ, როდესაც მისი ქმედებები ზრდის გაკოტრების მასიდან ქონების ამორიცხვის რისკს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით თ.წ-ას მიერ მოთხოვნილია (1) 2010 წლის 17 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მეორე მხრივ, შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე თ.წ-ას 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ....) გადაფარვის ნაწილში, (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მონაცემების #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მონაცემებთან ზედდების ნაწილში და (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) თ.წ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელე თ.წ-ას არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თ.წ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ უმსჯელია, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს თ.წ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, იგი საკასაციო წესით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ არ გასაჩივრებულა. ზემოხსენებული განჩინება საკასაციო საჩივრით მხოლოდ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა სს „...მა“ გაასაჩივრა.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება სს „...ას“ სასარგებლოდ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების შენარჩუნების ინტერესს. კერძოდ, მართალია, კასატორი სადავოდ ხდის თ.წ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხსაც და გასაჩივრებულ განჩინებას ამ მოტივითაც ასაჩივრებს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბანკი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად არგუმენტად მოიხმობს იმ გარემოებას, რომ სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა სს „...ას“, როგორც კეთილსინდისიერი იპოთეკარის, უფლებრივი მდგომარეობა და სადავო უძრავ ქონებაზე მისი იპოთეკის უფლების შენარჩუნების საკითხი. შესაბამისად, თ.წ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა დგას სწორედ სს „...ას“ უფლებრივი მდგომარეობის შეფასების საჭიროების წინაშე. უფრო კონკრეტულად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ახდენს თუ არა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.წ-ას სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილება (რაც შემდგომ უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით) სს „...ის“ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას და შედეგად, ქმნის თუ არა ამ მოტივით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე თ.წ-ას ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე თ.წ-ას 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ....) გადაფარვის ნაწილში, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც მითითებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტი და არც სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილება ხსენებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში, თ.წ-ა სადავოდ არ ხდის მოთხოვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ას“ საკუთრებად დარეგისტრირდა.

ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.წ-ას სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი თ.წ-ას #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა; სხვა ნაწილში თ.წ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო პალატის განმარტებით, არსებული მდგომარეობით, ძალაშია სადავო უძრავი ქონების (600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, ასევე, ამ რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტი. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ თ.წ-ას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ....) გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე, ძალაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების შპს „...ას“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, ასევე, თავად რეგისტრაციის საფუძველი (ნასყიდობის ხელშეკრულება).

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არც წარმოდგენილი სარჩელით და არც განცალკევებული სამართალწარმოების ფარგლებში სადავოდ არ ხდის რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სს „...ის“ იპოთეკის უფლების რეგისტრაციას. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ.წ-ას სამოქალაქო სარჩელი აქვს აღძრული სს „...ის“ სახელზე თავად აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლის - იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით, სადავო უძრავ ქონებაზე (600 კვ.მ) სს „...ის“ იპოთეკის უფლების რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი - თავად იპოთეკის ხელშეკრულება ძალაშია. ასეთ პირობებში კი, პრეზუმირებულია, რომ სს „...“ კეთილსინდისიერი იპოთეკარია, რამდენადაც მისი კეთილსინდისიერება იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებამდე ეჭქვეშ ვერ დადგება.

შესაბამისად, საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კასატორის მსჯელობას იპოთეკის, როგორც სანივთო უფლების, აქცესორულ ბუნებასთან და მის მიდევნებად ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.წ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით მის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება. შედეგად, სადავო სამართალურთიერთობის ამგვარი გადაწყვეტით სადავო უძრავ ქონებაზე შპს „...ას“ საკუთრების უფლება არ გაუქმებულა. ნიშანდობლივია, რომ ძალაშია სადავო უძრავ ქონებაზე სს „...ის“ იპოთეკის უფლების რეგისტრაციაც და აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების საფუძველიც - იპოთეკის ხელშეკრულებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სადავო საკითხის ამგვარი გადაწყვეტა და თ.წ-ას სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, ამ ეტაპზე, არ იწვევს სადავო მიწის ნაკვეთთან (600 კვ.მ, (ს.კ....)) მიმართებით სს „...ას“, როგორც იპოთეკარის, უფლებრივი მდგომარეობის ცვლილებას, არ წარმოშობს მისი იპოთეკის უფლების გაუქმების რისკს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა გამორიცხავს სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და საკითხზე არსებითი მსჯელობის შედეგად, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას. ამასთან, ასეთი საჭიროება არ არსებობს იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად სადავო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ.წ-ას საკუთრების უფლების აღრიცხვის შემთხვევაშიც კი, იპოთეკის უფლების ძალაში ყოფნის პირობებში, მისი აქცესორული ბუნებისა და მიდევნებადი ხასიათის გათვალისწინებით, სს „...ას“ არ ესპობა სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება და არ ერთმევა შესაძლებლობა, ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა იპოთეკის საგნიდან დაიკმაყოფილოს. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების ძალაში ყოფნის შემთხვევაში, სს „...სათვის“, როგორც იპოთეკარისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის საკუთრებაში იქნება რეგისტრირებული სადავო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თ.წ-ას სასარჩელო მოთხოვნები და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მხრიდან მისი სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი, ამ ეტაპზე, საფრთხეს არ უქმნის სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ სს „...ას“ იპოთეკის უფლებას.

რაც შეეხება კასატორის მითითებებს შპს „...ას“ დირექტორის მიერ კომპანიის წინაშე არსებულ ფიდუციურ ვალდებულებათა დაუცველობისა თუ ზოგადად მისი არაკეთილსინდისიერების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებების კვლევა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს, რამდენადაც დირექტორსა და მეწარმე სუბიექტს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირდება, ხოლო ამ ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის წინაშე ნაკისრი ფიდუციური ვალდებულებების დირექტორის მხრიდან დარღვევა თუ საქმიანობის ფარგლებში მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ქმნის სამოქალაქო წესით განსახილველი დამოუკიდებელი დავის შემადგენლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ (ს/კ...) საკასაციო საჩივარზე 09.08.2024წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. სს „...ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.08.2024წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა