Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-551(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - შ.შ-ი, მ.ჟ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 1 დეკემბერს შ.შ-მა და მ.ჟ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს შ.შ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3603/ო ბრძანებისა და მ.ჟ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3602/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის შ.შ-ისთვის და მ.ჟ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სააგენტოსთვის შ.შ-ისა და მ.ჟ-ის სასარგებლოდ ზიანის - დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალება, კერძოდ მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

სარჩელის თანახმად, შ.შ-ი და მ.ჟ-ე 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ და საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ დაბა ...ში, ...ის ქ. №150-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ამასთან ისინი მუშაობდნენ დაბა ...ში. მოსარჩელეების მითითებით, ომის მიმდინარეობისას მათი ოჯახი იძულებული გახდა წამოსულიყო ...დან და საცხოვრებლად გადასულიყო ქ. ...ში.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე იღებდნენ დევნილთა შემწეობას სახელმწიფოსგან, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3603/ო და №03-3602/ო ბრძანებებით მათ უკანონოდ ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.შ-ის და მ.ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3603/ო და №03-3602/ო ბრძანებები; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ.შ-ისთვის და მ.ჟ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ასევე დაევალა მოსარჩელეების: შ.შ-ისა და მ.ჟ-ის სასარგებლოდ ზიანის - დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.შ-ი და მ.ჟ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 2012 წლიდან და დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად უფიქსირდებათ - ..., ...ის ქ. №150.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მ.ჟ-ის და შ.შ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლამდე დაბა ... არ ყოფილა. შ.შ-ის 1996 წლიდან, ხოლო, მ.ჟ-ეს ...ში არასდროს უმუშავია. სამივე შვილმა სკოლა ...ში დაამთავრა, ამასთან ...ში ჰქონდათ საკუთრება, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენდა შვილიშვილის საკუთრებას და ამჟამად, ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში. 2008 წლამდე მათ ცხოვრებას ...ში, ასევე, ადასტურებდა შსს-ს წერილზე თანდართულ ოქმში მათი მეზობელი. ამავე დასკვნის თანახმად, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3602/ო და №03-3603/ო ბრძანებების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 6 ოქტომბრის №03-9803 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, მ.ჟ-ეს და შ.შ-ის ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

სააპელაციო სასამართლომ შ.შ-ის სახელზე გაცემულ პასპორტში მის დაბადების ადგილად (...) მითითებული ინფორმაციის, მის მიერ განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის, მისი და მ.ჟ-ის ქორწინების ფაქტის, მოსარჩელეების სამუშაო გამოცდილების, მოწმეთა ჩვენებების (სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვის ეტაპზე მოწმეებს დაესვათ დამაზუსტებელი შეკითხვები, რაზეც მათ გააკეთეს თანმიმდევრული და ზედმიწევნითი განმარტებები) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელეთა ...ში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტოს არგუმენტი მოსარჩელეთა შვილების ...ში სწავლის და ...ში საკუთრების ქონის შესახებ, ასევე მეზობლის განმარტება, სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნებისთვის არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო უპირობოდ ხელისშემშლელ გარემოებებად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარადგინა მოსარჩელეების არა ...ში, არამედ ...ში ცხოვრების დამდგენი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეებისთვის ზიანის სახით დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების თაობაზე განმარტა, რომ რამდენადაც შ.შ-ის და მ.ჟ-ეს უკანონოდ ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რის გამოც ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ კუთვნილი შემწეობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მათთვის აენაზღაურებინა უკანონო აქტის გამოცემით მოსარჩელეთათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მხარეთა ახსნა-განმარტებებს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა და ობიექტურად განხილვისა და გამოკვლევის ნაცვლად, მოსარჩელის სასარგებლოდ განმარტა, მაშინ როდესაც მოსარჩელეების ოჯახი როგორც ფაქტობრივი ცხოვრებით, შრომითი საქმიანობით, სწავლა-განათლების მიღებით, ასევე უძრავი ქონებით, დაკავშირებული იყო ...სთან და არა ...სთან, 2002 წლიდან კი ისინი აღარც კი ცხოვრობდნენ საქართველოში. ხოლო ის გარემოება, რომ ოჯახს ჰყავდა ახლობლები ...ში და პერიოდულად ჩადიოდნენ მათ მოსანახულებლად, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების უპირობო საფუძველი.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და არც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მოსარჩელეების ...ში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობები, ასევე ...ში, ...ის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქესთან გასაუბრების ოქმი, რომლებიც ერთი მხრივ ადასტურებდნენ, რომ 2001 წლიდან შ.შ-ი პერიოდულად გადაადგილდებოდა საზღვარგარეთ, ხოლო, მეორე მხრივ ოქმში განმარტებული იყო, რომ მოსარჩელეები 2008 წლამდე ცხოვრობდნენ ...ში მის მეზობლად. კასატორმა ასევე მიუთითა საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ ოჯახს ომამდე და მას შემდეგაც გააჩნია უძრავი ქონება ...ში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლამდე ... არ ყოფილა. კასატორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შ.შ-ს 1996 წლიდან, ხოლო მ.ჟ-ეს კი არასდროს უმუშავია ...ში, ხოლო შ.შ-ი 2001 წლიდან საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ამასთან, მოსარჩელეთა სამივე შვილმა სკოლა დაამთავრა ...ში. ასევე მათ ...ში გააჩნდათ საკუთრება, რომელიც 2014 წლიდან ეკუთვნის მოსარჩელეების შვილიშვილს.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული წარმოებისას თავად მხარე ადასტურებდა, რომ ... წელს შვილი შეეძინა ...ში და შრომითი საქმიანობითაც ...სთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შ.შ-ისთვის და მ.ჟ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №03-3602/ო და №03-3603/ო ბრძანებების კანონიერება და სააგენტოსთვის ერთი მხრივ მოსარჩელეების მიმართ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ხოლო მეორე მხრივ მათ სასარგებლოდ ზიანის - დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების (მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით) წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ №ბს-858(2კ-20), 17.06.2021წ.).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ.შ-ი და მ.ჟ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილად რეგისტრირებულნი არიან 2012 წლიდან და დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად უფიქსირდებათ - ..., ...ის ქ. №150.

ასევე დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 დეკემბრის №2-1997 წერილის თანახმად, მ.ჟ-ის და შ.შ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ...ის ქ. №150. ამასთან, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2021 წლის 7 სექტემბრის №2-0515 წერილის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მ.ჟ-ის და შ.შ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ...ის ქ. №150. გარდა ამისა, დადგენილია, რომ დაბა ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 19 დეკემბრის №129 და 2021 წლის 21 აგვისტოს №71 წერილები ადასტურებდა, რომ 2001 წლიდან შ.შ-ი პერიოდულად გადაადგილდებოდა საზღვარგარეთ.

დადგენილია, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა №MIA 1 18 02044430 მიმართვა წარუდგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მ.ჟ-ის და შ.შ-ის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ ზეპირი გამოკითხვის ოქმი გაუგზავნა. აღნიშნული ოქმის თანახმად, ქ. ...ში, ...ის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ მის მეზობლად დაახლოებით 20 წელია ცხოვრობდნენ მ.ჟ-ე და შ.შ-ი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2006 წლის 3 ივლისს, შ.შ-ის სახელზე გაცემულ №... პასპორტში მის დაბადების ადგილად მითითებულია .... რვაწლიანი განათლების მოწმობის თანახმად, შ.შ-ი სწავლობდა ...ის რაიონის უკანამხრის 8-წლიან სკოლაში. დაამთავრა 1967 წელს, რვა კლასი, ფრიადი ყოფაქცევით. საშუალო განათლების ატესტატის თანახმად, შ.შ-მა 1976 წელს დაამთავრა ...ის რაიონის საშუალო სკოლა. ...ის სადაბო საბჭოს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, შ.შ-ი და მ.ჟ-ე დაქორწინდნენ 1974 წლის 14 სექტემბერს. №3T-I №... შრომის წიგნაკის თანახმად კი, 1978 წლიდან მ.ჟ-ე ...ის რაიონში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო 1991 წლის 1 ნოემბერს, სამუშაოდან გათავისუფლებულ იქნა პირადი განცხადებით. ასევე დადგენილია, რომ 2004 წლის 10 ნოემბერს, მ.ჩ-სა (გამყიდველი) და კ.შ-ის (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კ.შ-მა შეიძინა დაბა ...ში, „...“, მდებარე 1589 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ კ.შ-ი არის შ.შ-ის და მ.ჟ-ის შვილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნაზე, რომლის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მ.ჟ-ის და შ.შ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლამდე დაბა ... არ ყოფილა. შ.შ-ის 1996 წლიდან, ხოლო, მ.ჟ-ეს ...ში არასდროს უმუშავია. სამივე შვილმა სკოლა ...ში დაამთავრა, ამასთან ...ში ჰქონდათ საკუთრება, რომელიც 2014 წლიდან იყო შვილიშვილის საკუთრება და ამჟამად, ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში. 2008 წლამდე მათ ცხოვრებას ...ში, ასევე, ადასტურებდა შსს-ს წერილზე თანდართულ ოქმში, მათი მეზობელი. ამავე დასკვნის თანახმად, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც პირველი ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, მოწმეებად დაიკითხა არაერთი პირი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2008 წლამდე, შ.შ-ი და მ.ჟ-ე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ში და მათ 2008 წელს დატოვეს აღნიშნული ტერიტორია. მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ ...ში მოსარჩელეთა შვილები სწავლობდნენ, სადაც მშობლები ხანდახან ჩადიოდნენ. აღნიშნული განმარტებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელეების 2008 წლამდე ...ში ცხოვრების ფაქტს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ მართალია მოსარჩელეთა სამივე შვილმა სკოლა ...ში დაამთავრა, მათ ...ში ჰქონდათ საკუთრება და შსს-ს წერილზე თანდართულ ოქმში მათი მეზობელი ადასტურებდა მოსარჩელეების ...ში ცხოვრებას, თუმცა აღნიშნული გარემოებები ცალსახად არ გამორიცხავდა მოსარჩელეების ...ში ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წარმოდგენილა მოსარჩელეების ...ის ნაცვლად ...ში ცხოვრების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

რაც შეეხება მოსარჩელეებისთვის ზიანის სახით მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, რაც მათ შორის გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობისა და სხვა დახმარებების გაცემას. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - უკანონო ბრძანების გამოცემით, კერძოდ, დევნილის სტატუსის ჩამორთმევით, რამაც შ.შ-ს და მ.ჟ-ეს წაართვა შესაძლებლობა მიეღოთ კუთვნილი შემწეობა, განსახილველ შემთხვევაში არსებობს მიუღებელი შემწეობის სახით ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. შონია