Facebook Twitter

საქმე #ბს-1233(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 21 ოქტომბერს ნ.ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა ქ. სოხუმში ... წლის ... ...ს. ნ.ჯ-ა აღნიშნავს, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. სოხუმი, თუმცა აფხაზეთის ომის შემდეგ გახდა იძულებული დაეტოვებინა მშობლიური გარემო და იმისთვის, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა დროებით გადაწყვიტა რუსეთში გადასვლა. მოსარჩელის მითითებით სოხუმში დაკარგა როგორც საკუთარი, ასევე მშობლების სახლიც. ნ.ჯ-ა წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით განმარტავს, რომ გადაწყვიტა საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება და მიმართა სახელმწიფოს დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილად არ მომხდარა მისი საკითხის შესწავლა და ამიტომ მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის #IDP 2 22 00000852 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელე ნ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის #IDP 2 22 00000852 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე ნ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები: 2022 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული #570 ცნობის მიხედვით, ნ.ჯ-ა პ/ნ... ცხოვრობდა 1993 წლამდე ქალაქ სოხუმში, ...ას ქ. #...“, ბინა ... ნ.ჯ-ამ 2022 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭება. 2022 წლის 30 აგვისტოს, მოსარჩელე ნ.ჯ-ას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ 1961 წლის 8 აპრილს დაიბადა ქალაქ სოხუმში. 1967-1978 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის #... საშუალო სკოლაში, 1983-1985 წლებში ქ. ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტში, ხოლო 1985-1989 წლებში - აფხაზეთის უნივერსიტეტში. ქალაქ სოხუმში ცხოვრობდა მშობლებთან და ძმასთან ერთად მშობლების სახლში. 1990 წელს ქალაქ მოსკოვში ნ.ჯ-ა დაოჯახდა რ.ჭ-ზე, რომელიც 1989 - 1992 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ქალაქ მოსკოვში. 1989-1992 წლებში ქალაქ სოხუმში ნ.ჯ-ა მუშაობდა ...ად ...ში, 1990 წელს და 1992 წელს შეეძინა შვილები ქალაქ მოსკოვში, ხოლო ვინაიდან შვილების გაზრდაში დედა ეხმარებოდა, თავად შვილებთან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში ქალაქ სოხუმში. 1991 წელს ნ.ჯ-ას მეუღლემ შეიძინა ბინა ქალაქ სოხუმში, ...ას ქ. #5ა, ბ..., აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრიათ, სარემონტო სამუშაოების გამო. 1993 წლის აგვისტოს თვეში ნ.ჯ-ამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად დატოვა ქალაქი სოხუმი და გადავიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, მეუღლის მშობლების სახლში; 1994-2018 წლებში ნ.ჯ-ა ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში. 1996 წელს მეუღლემ შეიძინა ბინა. 2018 წლიდან ცხოვრობს თბილისში მეუღლესთან ერთად, რომელსაც აქვს თბილისში საკუთრება 2005 წლიდან. ნ.ჯ-ას მეუღლესა და შვილებს არ აქვთ დევნილის სტატუსი, თავად არის ორმაგი მოქალაქე.

ამასთან, საქმეში დაცულია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტო იდენტურობის დამდგენი კომისიის 2022 წლის 16 აგვისტოს #51-03 დასკვნა, რომლის თანახმადაც ნ.ჯ-ა 1991 წლიდან 1993 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აფხაზეთში, ქალაქი სოხუმი, ...ას ქ. #5„ა“, ბინა ....

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით, მიჩნეული იქნა, რომ ნ.ჯ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპორებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2022 წლის 21 სექტემბრეს მიღებულ იქნა #IDP 2 22 00000852 ბრძანებია ნ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არაჯეროვნად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის თანხმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ #570 ცნობის მიხედვით, ნ.ჯ-ა პ/ნ ... ცხოვრობდა 1993 წლამდე ქალაქ სოხუმში, შემდეგ მისამართზე: ...ას ქ. #5 „ა“, ბინა ...-ში. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტო იდენტურობის დამდგენი კომისიის 2022 წლის 16 აგვისტოს #51-03 დასკვნის მიხედვით, ნ.ჯ-ა 1991 წლიდან 1993 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აფხაზეთში, ქალაქი სოხუმი, ...ას ქ. #5„ა“, ბინა ... სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გასაქარწყლებლად რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონო იყო, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უკანონო იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოება. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის მინიჭებით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 სექტემბრის #IDP 2 22 00000852 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ნ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ.ჯ-ამ 2022 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭება. 2022 წლის 30 აგვისტოს, მოსარჩელე ნ.ჯ-ას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ქალაქ სოხუმში. 1967-1978 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის #... საშუალო სკოლაში, 1983-1985 წლებში ქ.ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტში, ხოლო 1985-1989 წლებში - აფხაზეთის უნივერსიტეტში. ქალაქ სოხუმში ცხოვრობდა მშობლებთან და ძმასთან ერთად მშობლების სახლში. 1990 წელს ქალაქ მოსკოვში ნ.ჯ-ა დაოჯახდა რ.ჭ-ზე, რომელიც 1989 - 1992 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ქალაქ მოსკოვში. 1989-1992 წლებში ქალაქ სოხუმში ნ.ჯ-ა მუშაობდა ...ად ...ში, 1990 წელს და 1992 წელს შეეძინა შვილები ქალაქ მოსკოვში, ხოლო ვინაიდან შვილების გაზრდაში დედა ეხმარებოდა, თავად შვილებთან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში ქალაქ სოხუმში. 1991 წელს ნ.ჯ-ას მეუღლემ შეიძინა ბინა ქალაქ სოხუმში, ...ას ქ. #5ა, ბ..., აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრიათ, სარემონტო სამუშაოების გამო. 1993 წლის აგვისტოს თვეში ნ.ჯ-ამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად დატოვა ქალაქი სოხუმი და გადავიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, მეუღლის მშობლების სახლში; 1994-2018 წლებში ნ.ჯ-ა ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში. 1996 წელს მეუღლემ შეიძინა ბინა. 2018 წლიდან ცხოვრობს თბილისში მეუღლესთან ერთად, რომელსაც აქვს თბილისში საკუთრება 2005 წლიდან. ნ.ჯ-ას მეუღლესა და შვილებს არ აქვთ დევნილის სტატუსი, თავად არის ორმაგი მოქალაქე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ნ.ჯ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი.

სადავო საკითხთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

სასამართლო მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ #570 ცნობაზე, რომლის მიხედვით, ნ.ჯ-ა პ/ნ ... ცხოვრობდა 1993 წლამდე ქალაქ სოხუმში, შემდეგ მისამართზე: ...ას ქ. #5 „ა“, ბინა ...-ში. საქმეში ასევე წარმოდგენილია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტო იდენტურობის დამდგენი კომისიის 2022 წლის 16 აგვისტოს #51-03 დასკვნის მიხედვით, ნ.ჯ-ა 1991 წლიდან 1993 წლამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აფხაზეთში, ქალაქი სოხუმში, ...ას ქ. #5„ა“, ბინა ...-ში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები პრინციპული მნიშვნელობისაა პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არაჯეროვნად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან მხარისა და გამოკითხულ პირთა მიერ გაცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ დასკვნას განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ნ.ჯ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა