საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-930(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ქ.ჟ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 ოქტომბერს ქ.ჟ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 სექტემბრის №15049 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №1637 ბრძანების ბათილად ცნობა; 3. სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქ.ჟ-ა აღდგება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ...ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე; 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ქ.ჟ-ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის MOC 2 15 00004964 ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის მოტივით, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამინისტროს №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ...ის შტატები დარჩა უცვლელი და არ გაუქმებულა თანამდებობა, რაზედაც ირიცხებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/9395-15) ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს გამოიცა №15049 ბრძანება, რომლითაც ქ.ჟ-ა დათხოვნილად ჩაითვალა 2015 წლის 1 სექტემბრიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანება არის დაუსაბუთებელი და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას, ვინაიდან როგორც ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, არ უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.ჟ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ჟ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ჟ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 სექტემბრის №15049 ბრძანება და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2020 წლის 30 იანვრის №1637 ბრძანება; ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ქ.ჟ-ას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ...ის ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და ქ.ჟ-ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების წაყენების გასამართლებლად ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მიიჩნია არარელევანტურად, რადგან, პალატის მითითებით, კანონმდებელმა რეორგანიზაციას დაუკავშირა რეორგანიზაციის პერიოდისათვის დაწესებულებაში მოსამსახურეთა გადაყვანა მათი თანხმობის პირობებში და არა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე მათი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ის გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და დასაბუთება დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით ამომწურავი პასუხი გაეცა გადაწყვეტილებაში დასმული საკითხებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რაც უკავშირდება ქ.ჟ-ას უკანონო დათხოვნის საკითხს, ადმინისტრაციულმა ორგანომ მას წაუყენა ის მოთხოვნები, რაც მისი გათავისუფლების დროს საერთოდ არ ყოფილა განხილული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და დაწესებულების ყველა თანამშრომელი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მოვალეობას ასრულებდნენ რეორგანიზაციის დასრულებამდე და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი საშტატო ერთეულით დამტკიცებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნამდე. ახალი საშტატო ერთეულიდან გამომდინარე, ზოგიერთი თანამდებობები გაუქმებული იყო, ზოგიერთი კი - შემცირებული, პენიტენციურ დაწესებულებებშიც ახალი საშტატო ერთეული ყველა ვაკანტური იყო და დანიშვნა ხდებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. ქ.ჟ-ას პირადი საქმის შესწავლისას, აღმოჩნდა, რომ მის პირად საქმეში არ იდო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი დოკუმენტია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. შესაბამისად, მოსარჩელე რეორგანიზაციამდე არსებულ, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდა, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს - არ ჰქონდა უმაღლესი განათლება. აღნიშნულის გამო, მას შესთავაზეს №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზედაც ქ.ჟ-ამ უარი განაცხადა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ...ის ინსპექტორის ტოლფასი თანამდებობის მოძიება არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არაა შესაძლებელი, რადგან ...ის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავდება ყველა სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილოს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს, ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას, უნდა გამოეკვლია ქ.ჟ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა გათვალისწინებულიყო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შედეგად ფაქტობრივად საშტატო ერთეულისა და ფუნქცია-მოვალეობების უცვლელად დატოვების პირობებში, ფორმალური რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ვერ გაამართლებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას. ხოლო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, თუკი დადგინდებოდა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლები, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს ბათილად ცნობილი სადავო აქტის არარსებობის პირობებში უნდა ემსჯელა მოსარჩელე ქ.ჟ-ას მიერ დაკავებული იქნებოდა თუ არა დღეის მდგომარეობით №... დაწესებულების ...ში არსებული ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული. აღნიშნული მსჯელობისას დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო მართლზომიერად, კანონიერი მიზნის მისაღწევად და კონკრეტულ პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის გარეშე.
სადავო აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 სექტემბრის №15049 ბრძანების თანახმად, განხორციელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია და პენიტენციური დაწესებულებების რეორგანიზაცია, რომლის დროსაც პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ლიკვიდირებულ იქნა მთელი რიგი სტრუქტურული ერთეულები, რომლიდან გამომდინარე განხორციელდა მოსამსახურეთა დანიშვნა ახალ თანამდებობებზე და არა დატოვება ან გადაყვანა ლიკვიდაცია რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე სამინისტრო ამოწმებდა დასანიშნ კანდიდატურათა შესაბამისობას დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებით და ვინაიდან ქ.ჟ-ა ვერ აკმაყოფილებდა მის მიერ ლიკვიდაცია/რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სწორედ მისი თანამდებობაზე დანიშვნა იქნებოდა უკანონო ქმედება და არა თანამდებობიდან დათხოვნა. აღნიშნული სადავო ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ...ის ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ქ.ჟ-ა დათხოვნილად ჩაითვალა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში 2015 წლის 1 სექტემბრიდან. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ აქტში იმსჯელა დანიშვნის უკანონობაზე, რადგან ქ.ჟ-ას არ გააჩნდა უმაღლესი განათლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებისა და აღსრულების შედეგად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, რამდენად არსებობდა სადავო აქტის არსებული სახით გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, ხოლო რეორგანიზაციის და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების პირობებში, რამდენად არსებობდა თანამდებობის ვაკანტურად მიჩნევისა და მოსარჩელისათვის ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების წაყენებით დანიშვნის საკანონმდებლო წინაპირობა.
პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პირობებში, 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ქ.ჟ-ას აღდგენასთან დაკავშირებულ გარემოებებზე და არა თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №210 ბრძანებაზე, რომელიც დამტკიცდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად. ბრძანების 28-ე მუხლმა განსაზღვრა ...ის ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წასაყენებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის – უმაღლესი განათლება.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს №210 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ნოემბრის №164 ბრძანებით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. ამავე ბრძანების 21-ე მუხლით დადგინდა პენიტენციური დაწესებულების ...ის ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის, სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება.
აღსანიშნავია, რომ ქ.ჟ-ას გათავისუფლების შემდეგ, 2015 წლის 24 ნოემბრის ცვლილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა №210 ბრძანება, ხოლო ახალი ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით პენიტენციური დაწესებულების ...ის ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გათვალისწინებულ იქნა საკვალიფიკაციო ალტერნატიული მოთხოვნა: სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება, რაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 22 აპრილის №42 ბრძანებით შეიცვალა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სავალდებულო გახდა უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას).
საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, მხარის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ გამხდარა ის გარემოება, რომ ქ.ჟ-ას არ აქვს უმაღლესი განათლება. ხოლო ამ ეტაპზე, უმაღლესი განათლების არქონაზე მითითება ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რაც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომ ფაქტობრივად საშტატო ერთეულისა და ფუნქცია-მოვალეობების უცვლელად დატოვების პირობებში, ფორმალური რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას მოხელე დათხოვნილ იქნა შტატების შემცირების საფუძვლით. შეთავაზებებზე უარი კი, ქ.ჟ-ას განმარტებით, გამოიწვია მისი შვილების მცირეწლოვნების გამო ...ში მუშაობის შეუძლებლობამ. რეორგანიზაციის პირობებში კანონმდებელი რეორგანიზაციის განმახორციელებელ სუბიექტს განუსაზღვრავს მოსამსახურის უკონკურსოდ გადაყვანის შესაძლებლობას თავად პირის თანხმობის შემთხვევაში, რაც გამორიცხავს პირის მიმართ ახალი საკანონმდებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნების წაყენებას და აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის პირობებში - მის განთავისუფლებას, ანუ, კანონმდებელმა რეორგანიზაციას დაუკავშირა რეორგანიზაციის პერიოდისათვის დაწესებულებაში მოსამსახურეთა გადაყვანა მათი თანხმობის პირობებში და არა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე მათი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის განხორციელებისას ქ.ჟ-ას ჰყავდა 3 წლამდე ასაკის ბავშვი (სადავო აქტების გამოცემისას კი, ორი მცირეწლოვანი შვილი). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. 2019 წლის სადავო აქტის გამოცემისას, გასათვალისწინებელი იყო დასახელებული გარემოებაც.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, გარდა 2015 წლის რეორგანიზაციისა, განიცადა სხვა ცვლილებებიც: 2018 წლის 12 ივლისს გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 თებერვლის №346 განკარგულებით, ასევე 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 და 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებებით დამტკიცებულ იქნა საშტატო ნუსხა და განსხვავებული თანამდებობრივი სარგოები, თუმცა წინამდებარე საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან №... პენიტენციურ დაწესებულებაში ...ის კონტროლიორ ინსპექტორის თანამდებობაზე ქ.ჟ-ას დანიშვნის შეთავაზება ადასტურებს შეცვლილი საშტატო ნუსხის არსებობის პირობებშიც, მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობას ტოლფას თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ სასამართლო აქტში განსაზღვრული გარემოებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით ამომწურავი პასუხის გაცემა გადაწყვეტილებაში დასმული საკითხებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (რაც უკავშირდება ქ.ჟ-ას უკანონო დათხოვნის საკითხს), ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს წაუყენა ის მოთხოვნები, რაც მისი გათავისუფლებისას საერთოდ არ ყოფილა განხილული.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტების - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 6 სექტემბრის №15049 ბრძანებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2020 წლის 30 იანვრის №1637 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, ქ.ჟ-ას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ...ის ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის დავალებისა და ქ.ჟ-ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მისი გათავისუფლების მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე