Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №23აპ-14 ქ. თბილისი

ა-ე დ 23აპ-14 6 მარტი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-ა და კ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, დ. ა-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 17 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ დ. ა-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-ა და კ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი