№ბს-1346(კ-22) 25 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
კასატორი – სსიპ ... უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - „...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5; ბ) დაეკისროს მოპასუხე - სსიპ ... უნივერსიტეტს შპს „...-სთვის“ მიყენებული ზიანის 9795.36 ლარის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - „...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5 და დაევალა სსიპ ... უნივერსიტეტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2019 წლის 6 მარტს, სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა №SPA... ელექტრონული ტენდერი ...-ის დაფინანსების ფარგლებში, ...ის შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ტექნიკური მოთხოვნა (მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით) ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: „პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი უნდა შეიცავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყანა, კომპანია და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია მოდელი, უნდა მიეთითოს „მოდელი არ აქვს“. ასევე საჭიროების შემთხვევაში Part Number ან/და სერიული ნომერი ან/და შესყიდვის ობიექტის სხვა მაიდენტიფიცირებელი სასაქონლო ნიშანი“. ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგინდა ფასების ცხრილის წარმოდგენის ფორმა, რომლის თანახმად, შესასყიდი პროდუქტის მახასიათებლების ერთ-ერთ გრაფად მიეთითა „მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“; ბ) №SPA... ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა: შპს „...-მ“, შპს „აი...იმ“, შპს „ა...მა“, შპს „რ...მა“ და შპს „ჯ...მა“. ბოლო შეთავაზებისას, შესყიდვის ყველა დაბალი ფასი წარადგინა შპს „ჯ...მა“ (33 000 ლარი), ხოლო ყველაზე მაღალი - შპს „...-მ“ (37 582 ლარი); გ) შპს „...-ს“ მიერ №SPA... ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ფასების ცხრილის თანახმად, ...ის მახასიათებლებში ,,მწ. ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის“ გრაფაში მითითებული იყო - ჩინეთი ...; ...ის - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; დ) შპს „ჯ...ის“ მიერ №SPA... ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ფასების ცხრილის თანახმად, ...ის მახასიათებლებში ,,მწ. ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის“ გრაფაში მითითებული იყო - ..., ჩინეთი; ...ის - ..., ჩინეთი; ..., ჩინეთი; ... - ..., ჩინეთი; ..., ჩინეთი; ე) სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის თანახმად, №SPA... ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯ...ი“ და არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მოწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ოქმში მიეთითა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი ,,ფასების ცხრილი“ - დანართი №1 შესაბამისობაშია შემსყიდველის მიერ სატენდერო განცხადებით მოთხოვნილთან; ვ) 2019 წლის 25 მარტს, შპს „...-მ“ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - „...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისათვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. საჩივარში მიუთითა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის მოთხოვნებს და ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მითითებული საქონლის მოდელი დაზუსტებას არ ექვემდებარება, სატენდერო კომისიას ნაცვლად იმისა, რომ პრეტენდენტი მოეწვია ხელშეკრულებაზე, უნდა მოეხდინა მისი დისკვალიფიკაცია; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს მიერ 2019 წლის 10 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „...-ს“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას უნდა გაეუქმებინა 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ საბჭომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერნეტ საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძია ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ სადავო პროდუქციასთან მიმართებით და განმარტა, რომ წარმოდგენილ პროდუქციაზე მოდელად მითითებულია შემდეგი მონაცემები, კერძოდ: პირველ პოზიციაზე (...) - Model ... (...), მე-2 პოზიციაზე ...) – model number – ..., მე-3 პოზიციაზე (...) – ... Model No:..., მე-4 პოზიციაზე (...) - model ... . ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ ყველა შეთავაზებულ პროდუქციას გააჩნია სატენდერო პირობით მოთხოვნილი მოდელი, შესაბამისად, საბჭოს მხრიდან პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - „მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნა გაიგივებული მოდელთან. 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში დავების განხილვის საბჭომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას სხდომის შესაბამის ოქმში არ აქვს დეტალურად განხილული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ინფორმაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობა. შესაბამისად, საბჭოსთვის ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე დადგინდა აღნიშნულ დოკუმენტში, მათ შორის სადავოდ გამხდარ პოზიციებზე გრაფაში - „მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ წარმოდგენილი პროდუქციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ „... უნივერსიტეტის“ სატენდერო კომისიას უნდა გაეუქმებინა 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დეტალურად ემსჯელა თუ რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება და რატომ პრეტენდენტის - შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში სადავოდ გამხდარ პოზიციებზე მოდელთან დაკავშირებით მითითებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მხოლოდ, აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის შედეგად მიეღო შესაბამისი არგუმენტირებული გადაწყვეტილება; თ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, სატენდერო კომისიამ განიხილა 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე და დაადგინა: 1) შპს ,,...-ს“ მიერ წარმოდგენილი DIS...-01 საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 ნაწილების, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-8 ნაწილის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები; 2) ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიის აპარატმა უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართვის წერილის მომზადება, ტენდერის სტატუსის შეცვლის თაობაზე, რათა შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განხორციელდეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით; ი) სატენდერო კომისიის 2019 წლის 12 აპრილის №3 სხდომის ოქმში მიეთითა, რომ ვინაიდან, შპს „ჯ...ის“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია გახდა სადავო, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, დავების საბჭომ კი თავის კომპეტენციის ფარგლებში ინტერნეტ საძიებო სისტემის ფარგლებში მოიძია ინფორმაცია აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - ,,მწ. ქვეყანა, კომპანია და მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნა გაიგივებული მოდელთან, იმისთვის, რომ შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით განხორციელდეს შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება, მიზანშეწონილია გაუქმებულ იქნას 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმი; კ) 2019 წლის 19 აპრილს, სატენდერო კომისიამ განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს „ჯ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია; ლ) 2019 წლის 30 აპრილს შედგა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) შეწყვეტის საკითხი და დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 4 ივნისის №12 ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, ელექტრონულ ტენდერს SPA ... უნდა მიენიჭოს სტატუსი ,,შეწყვეტილია“ და სატენდერო წინადადების 2.1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით; მ) 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმში სატენდერო კომისიამ მიუთითა, რომ შპს „...-ს“ DIS...-01 საჩივრის შედეგად, დავების საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, კერძოდ, შპს „ჯ...ის“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია გახდა სადავო და გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, დავების საბჭოს გადაწყვეტილებით კი, პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - ,,მწ. ქვეყანა, კომპანია და მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნა გაიგივებული მოდელთან. სატენდერო კომისიამ იმსჯელა და გამოითქვა მოსაზრებები, კერძოდ, აღინიშნა, რომ რადგანაც მოცემულმა დავამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს აქვთ ანალოგიური შემთხვევა და ,,ფასების ცხრილი“ - დანართი №1, მოდელის პოზიციაზე წარმოდგენილი აქვთ, კონფიგურაციით - ... და არა ..., შესაბამისად, პრეტენდენტები იმყოფებიან არათანაბარ კონკურენტულ გარემოში, მითუფრო, რომ ფასით ყველაზე დაბალ პრეტენდენტზე - შპს „ჯ...ზე“ 4 582 ლარით მაღალი ფასი აქვს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს „...-ს“, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტია მოცემულ ტენდერში, რომელსაც „ფასების ცხრილის“ მოდელი პოზიცია შემოთავაზებული აქვს კონფიგურაციით - ..., რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან და არადისკრიმინაციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაიხედოს, გადამუშავდეს ,,ტექნიკური დავალება“ აღნიშნული დავის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ტენდერს მიენიჭოს სტატუსი - ,,შეწყვეტილია“.
სასამართლოს განმარტებით, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, ხოლო 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სატენდერო კომისიამ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და 2019 წლის 12 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, განახორციელა შპს „ჯ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ხოლო ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნული წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სხდომის ოქმი სატენდერო კომისიის მიერ მიღებული იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამდენად, NSPA... ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძველი გახდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი რაციონალური ხარჯვისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები, ასევე ის გარემოება, რომ ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ იქნა ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რაც სატენდერო კომისიას ანიჭებდა უფლებამოსილებას მიეღო გადაწყვეტილება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთი მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სატენდერო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პირობებშია შესაძლებელი დადგინდეს, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძვლების თაობაზე. კერძოდ, გასაჩივრებულ ოქმში არ არის ასახული კომისიის მსჯელობა, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული შესყიდვის ფასი (37 582 ლარი) ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, რის გამოც რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შპს „...-ს“ დაფიქსირებული ჰქონდა შპს „ჯ...ის“ მიერ შეთავაზებულ შესყიდვის ფასზე (33 000 ლარი) 4 582 ლარით მაღალი ფასი, არ ქმნის საკმარის საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ იგი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. რაც შეეხება, შესყიდვის ობიექტის მოდელის თაობაზე სატენდერო პირობასთან დაკავშირებით, პრეტენდენტებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, რაც სატენდერო კომისიამ დისკრიმინაციულად მიიჩნია, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმის მიღებას წინ უსწრებდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, სადაც დავების განხილვის საბჭომ შპს „...-ს“ საჩივრის საფუძველზე განიხილა ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს „ჯ...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან (სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტთან) შესაბამისობა და მიუთითა, რომ საბჭოს მხრიდან პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - ,,მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნებოდა გაიგივებული მოდელთან. გადაწყვეტილებაში არსად არ არის მითითებული, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით დადგენილი პირობა იყო ორაზროვანი და პრეტენდენტებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სატენდერო პირობები პრეტენდენტთა მხრიდან სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ოქმი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ წარმოადგენდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით დადგენილი პირობა დისკრიმინაციულ პირობას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კონკრეტულმა პირობამ პრეტენდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, უპირობოდ არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ აღნიშნული პირობა იყო ორაზროვანი და პრეტენდენტთა ნაწილს სხვა პრეტენდენტთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ოქმი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძვლების თაობაზე. ამდენად, სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმი გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - „...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5 და დაავალოს სსიპ ... უნივერსიტეტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკითხის ხელახალი განხილვისას სსიპ ... უნივერსიტეტი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. კერძოდ, სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს ელექტრონული ტენდერიდან ყველაზე დაბალი შესყიდვის ფასის მქონე პრეტენდენტის (შპს „ჯ...ი“) დისკვალიფიკაციის შემდგომ, შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული შესყიდვის ფასი (37 582 ლარი) ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა თუ არა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. ამასთან, კომისიამ უნდა იმსჯელოს რამდენად აყენებდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით დადგენილი პირობა ტენდერში მონაწილე ოთხ პრეტენდენტს შპს „...-სთან“ შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პირობის შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი პრეტენდენტის (შპს „...-ს“) მიერ, ხოლო დანარჩენი ოთხი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მითითებულ პირობას, რაც რაციონალური ხარჯვის პრინციპთან ერთად ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5 და სსიპ ... უნივერსიტეტს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს დაეკისროს მოპასუხე - სსიპ ... უნივერსიტეტს შპს „...-სთვის“ მიყენებული ზიანის 9 795.36 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ზიანი წარმოადგენს მატერიალური ხასიათის ზიანს, რომელიც შპს „...-ს“ მიადგა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სსიპ ... უნივერსიტეტმა არ გამოავლინა იგი ტენდერში გამარჯვებულად და არც ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი, მისი სუფთა მოგება იქნებოდა სწორედ 9 795.36 ლარი. ამდენად, შპს „...-ს“ მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არსებითად უკავშირდება ტენდერის შეწყვეტის შესახებ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5) კანონიერებას. იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი შესაძლო უკანონობის დადგენა უკავშირდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის ხელახლა შეფასებას, ამ ეტაპზე არ არსებობს სადავო აქტის მოქმედებით მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ... უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ ... უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...-ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5. დაეკისრა მოპასუხე - სსიპ ... უნივერსიტეტს შპს „...-სთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 4500 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა შემდეგი: ა) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ ... უნივერსიტეტს ნება დაერთო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ...-ის „...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ...ის სახელმწიფო შესყიდვა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულების საფუძველზე, სსიპ ... უნივერსიტეტსა და შპს „ჯ...ს“ შორის 2019 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №..., რომლის მიხედვით, სსიპ ... უნივერსიტეტმა შპს „ჯ...ისგან“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინა ...ი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 38 553.00 ლარით; გ) შპს „...-ს“ მიერ წარმოდგენილი ინვოისებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ №SPA... ელექტრონული ტენდერში მითითებული ...ის შეძენა და მისი სრული ტრანსპორტირება ამერიკიდან ... უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებულ მისამართამდე შპს „...-ს“ დაუჯდებოდა (861+26 794+16) 27 671 ლარი, ხოლო ელექტრონულ ტენდერში შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული ღირებულებიდან 37 582 ლარიდან, კომპანიის მოგება იქნებოდა (37 582 - 27 671) 9911 ლარი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ ... უნივერსიტეტმა №SPA... ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ გადაეხედა, გადაემუშავებინა ტექნიკური დავალება და ჩამოეყალიბებინა ახალი რედაქციით და არა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად, რომლითაც ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესია დამტკიცებული. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს მითითებული წესის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, კერძოდ, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი: ა) თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და გ) ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. რაც შეეხება წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტს, იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრედენდენტის დისკვალიფიკაცია. საყურადღებოა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა გააუქმოს 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწოფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიის სხდომის 2019 წლის 30 აპრილის №5 ოქმით, ელექტრონულ ტენდერს №SPA... მიენიჭა სტატუსი ,,შეწყვეტილი“ და სატენდერო წინადადება 2.1.1. პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, თუმცა როგორ, სადავო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ იარსებებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრედენდენტის დისკვალიფიკაცია), კომისიამ 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, უნდა შეაფასოს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ან მიიღოს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მომდევნო პრედენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი იყო ერთადერთი პრედენდენტი - შპს „...“, რასაც ადასტურებს სადავო აქტით თვითონ სატენდერო კომისია 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოცემულია დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, სადაც აღნიშნავს, რომ ,,მიმდინარე ტენდერში მონაწილე პრედენდენტებს აქვთ ანალოგიური შემთხვევა და ფასების ცხრილი“ - დანართი 1, მოდელის პოზიციაზე წარმოდგენილი აქვთ, კონფიგურაციით - ... და არა ... . შესაბამისად, პრეტენდენტები იმყოფებიან არათანაბარ კონკურენტულ გარემოში, მით უფრო, რომ ფასით ყველაზე დაბალ პრეტენდენტზე - შპს „ჯ...ზე“ 4 582 ლარით მაღალი ფასი აქვს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს „...-ს“, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტია მოცემულ ტენდერში, რომელსაც ,,ფასების ცხრილის“ მოდელი პოზიცია შემოთავაზებული აქვს კონფიგურაციით - ..., რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან და არადისკრიმინაციულობის პრინციპებიდან გამომდინარე”. ამდენად, სადავო აქტით არის დადასტურებული, რომ სატენდერო კომისიას შესაფასებელი ჰყავდა ერთადერთი პრედენდენტი - შპს „...-ს“ სახით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შპს „...-ს“ მითითებული ჰქონდა 4582 ლარით მაღალი ფასი, ვიდრე შპს „ჯ...ს“, რომლის მიმართაც გაუქმდა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მისი ამ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე, თუმცა შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული თანხა - 37 582.00, შესაბამისობაში იყო სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებულ თანხასთან. ამასთან, ის გარემოება, რომ შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული ფასი (პრედენდენტის წინადადების ფასი) მიუღებელი იყო ბაზარზე შეცვლილი გარემობების შედეგად ან მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის ღირებულებას (,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა), არც სადავო აქტშია მითითებული და არც სასამართლო განხილვისას დაუსაბუთებია ადმინისტრაციულ ორგანოს. პირიქით, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტენდერის შეწყვეტის შემდგომ, სსიპ ... უნივერსიტეტმა გამარტივებული წარმოების პირობებში შეიძინა იგივე სახეობის ..., რომლის შესასყიდადაც იყო შეწყვეტილი ელექტრონული ტენდერი გამოცხადებული, შეიძინა ტენდერიდან დისკვალიფიცირებული შპს „ჯ...ისგან“ და თანაც შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებულ ფასზე (37582.00 ლარზე) უფრო ძვირად (38 553.00 ლარად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ არ არსებობდა ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძვლები, სადავო აქტი არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესით“ დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისთვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი №5 არ არის მიღებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლსაწინააღმდეგოა და უნდა გაუქმდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებზე, 992-ე მუხლზე, 1005-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი - ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვასა ან უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამასთანავე უნდა დადგინდეს, რომ დაზარალებული შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იმ პრედენდენტებს შორის, რომლებმაც 2019 წლის 6 მარტს, სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ №SPA... ელექტრონული ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, დარჩენილი იყო ერთადერთი პრედენდენტი - შპს „...“, რომლის შეთავაზებული ფასიც შესაბამისობაში იყო სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ სავარაუდო ფასთან და რომ არა ტენდერისათვის სტატუსი - ,,შეწყვეტილია“ მინიჭება, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა შპს „...“ და დაიდებოდა ხელშეკრულება. ამდენად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რაც გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებამ. სადავო აქტით უსაფუძვლოდ შეწყდა ელექტრონული ტენდერი და შპს „...“, რომელიც ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთა ერთადერთ პრედენდენტს წარმოადგენდა, სამართლებრივი გზით შეეცადა ზიანი აეცილებინა თავიდან, დარჩა იმ შემოსავლის გარეშე, რომელსაც ის მიიღებდა, რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტების ერთობლიობა ასაბუთებს და ამართლებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, იგი შესაფასებელია სასამართლოს მიერ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით და სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სსიპ ... უნივერსიტეტს შპს „...-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 4500 ლარის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ... უნივერსიტეტმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ 06.03.2019წ. გამოცხადებულ ტენდერში ტენდერის შეწყვეტამდე დარჩენილი იყო ერთადერთი პრეტედენტი - შპს „...“ და, რომ არა ტენდერისათვის სტატუსი „შეწყვეტილია’’ მინიჭება, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა აღნიშნული კომპანია, რომელთანაც დაიდებოდა შესყიდვის ხელშეკრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა ხუთი პრედენდენტი - შპს „...“, შპს „აი...ი“, შპს „ა...ი“, შპს „რ...ი“ და შპს „ჯ...ი“. შესყიდვის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა შპს „ჯ...მა“ (33 000 ლარი), ხოლო ყველაზე მაღალი - შპს „...-მ“ (37 582 ლარი). სატენდერო კომისიამ 19.04.2019წ. გადაწყვეტილებით განახორციელა შპს „ჯ...ის’’ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდეტს. მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე შპს „...-ს“ შეფასებამდე უნდა განხორციელებულიყო - შპს „აი...ის’’, შპს „ა...ის’’ და შპს „რ...ის’’ შეფასება, რაც სატენდერო კომისიას არ განუხორციელებია და შესაბამისად, ტენდერის შეწყვეტამდე არ იყო დარჩენილი ერთადერთი პრეტედენტი - შპს „...“. დაუსაბუთებელია პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თუ ტენდერი არ შეწყდებოდა, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა შპს „...“ და მასთან დაიდებოდა შესყიდვის ხელშეკრულება. საგრანტო პროექტის დონორის მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის ოპერატიული სისტემა გადიოდა მხოლოდ ერთ მწარმოებელზე „...-ზე“, რის გამოც შესყიდვა ვერ განხორციელდებოდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. იგი შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამდენად, მითითებული საფუძვლით ტენდერი მაინც უნდა შეწყვეტილიყო და შპს „...“ გამარჯვებულად ვერ გამოცხადდებოდა.
სააპელაციო პალატის მოსაზრება შპს „...-ს“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სატენდერო კომისიას და სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა საკითხი, რომელიც მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ნაწილშიც, კერძოდ, გაურკვეველია რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა 4500 ლარის ოდენობით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით განისაზღვრა სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ ... უნივერსიტეტისათვის შპს „...-ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის - 4500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 6 მარტს, სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა №SPA... ელექტრონული ტენდერი ...-ის დაფინანსების ფარგლებში, ...ის შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ერთ-ერთი ტექნიკური მოთხოვნა (მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით) ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: „პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი უნდა შეიცავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყანა, კომპანია და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია მოდელი, უნდა მიეთითოს ,,მოდელი არ აქვს“. ასევე საჭიროების შემთხვევაში Part Number ან/და სერიული ნომერი ან/და შესყიდვის ობიექტის სხვა მაიდენტიფიცირებელი სასაქონლო ნიშანი“. ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგინდა ფასების ცხრილის წარმოდგენის ფორმა, რომლის თანახმად, შესასყიდი პროდუქტის მახასიათებლების ერთ-ერთ გრაფად მიეთითა ,,მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ (ტ.1. ს.ფ. 118-127); ბ) №SPA... ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა: შპს „...-მ“, შპს „აი...იმ“, შპს „ა...მა“, შპს „რ...მა“ და შპს „ჯ...მა“. მათ შორის, ბოლო შეთავაზებისას, შესყიდვის ყველა დაბალი ფასი წარადგინა შპს „ჯ...მა“ (33 000 ლარი), ხოლო ყველაზე მაღალი - შპს „...-მ“ (37 582 ლარი) (ტ.1. ს.ფ. 128-129); გ) შპს „...-ს“ მიერ №SPA... ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ფასების ცხრილის თანახმად, ...ის მახასიათებლებში ,,მწ. ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის“ გრაფაში მითითებული იყო - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ...; ... - ჩინეთი ... (ტ.1. ს.ფ. 130-131); დ) შპს „ჯ...ის“ მიერ №SPA... ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ფასების ცხრილის თანახმად, ...ის მახასიათებლებში ,,მწ. ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის“ გრაფაში მითითებული იყო - ..., ჩინეთი; ... - ..., ჩინეთი; ..., ჩინეთი; ... - ..., ჩინეთი; ..., ჩინეთი (ტ.1. ს.ფ. 132-134); ე) სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის თანახმად, №SPA... ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯ...ი“ და არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მოწვეული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ოქმში მიეთითა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი ,,ფასების ცხრილი“ - დანართი №1 შესაბამისობაშია შემსყიდველის მიერ სატენდერო განცხადებით მოთხოვნილთან (ტ.1. ს.ფ. 149-153); ვ) 2019 წლის 25 მარტს, შპს „...-მ“ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ ... უნივერსიტეტის ... პროექტის - ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ელექტრონული ტენდერის საშუალებით უნივერსიტეტისათვის ...ის შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. საჩივარში მიუთითა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის მოთხოვნებს და ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მითითებული საქონლის მოდელი დაზუსტებას არ ექვემდებარება, სატენდერო კომისიას ნაცვლად იმისა, რომ პრეტენდენტი მოეწვია ხელშეკრულებაზე, უნდა მოეხდინა მისი დისკვალიფიკაცია (ტ.1. ს.ფ. 154-155); ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს მიერ 2019 წლის 10 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „...-ს“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას უნდა გაეუქმებინა 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ საბჭომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერნეტ საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძია ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ სადავო პროდუქციასთან მიმართებით. წარმოდგენილ პროდუქციაზე მოდელად მითითებულია შემდეგი მონაცემები, კერძოდ: პირველ პოზიციაზე (...) - Model ... (...), მე-2 პოზიციაზე (...) – model number – ..., მე-3 პოზიციაზე (...) – ... Model No:..., მე-4 პოზიციაზე (...) - model ... . ამდენად, ყველა შეთავაზებულ პროდუქციას გააჩნია სატენდერო პირობით მოთხოვნილი მოდელი, შესაბამისად, საბჭოს მხრიდან პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - „მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნება გაიგივებული მოდელთან. მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას სხდომის შესაბამის ოქმში არ აქვს დეტალურად განხილული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ინფორმაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობა. შესაბამისად, საბჭოსთვის ბუნდოვანია თუ რის საფუძველზე დადგინდა აღნიშნულ დოკუმენტში, მათ შორის სადავოდ გამხდარ პოზიციებზე გრაფაში - „მწ. ქვეყანა, მწარმოებელი, მოდელი“ წარმოდგენილი პროდუქციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „... უნივერსიტეტის“ სატენდერო კომისიამ უნდა გააუქმოს 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, დეტალურად იმსჯელოს თუ რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება და რატომ პრეტენდენტის - შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში სადავოდ გამხდარ პოზიციებზე მოდელთან დაკავშირებით მითითებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მხოლოდ, აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის შედეგად მიიღოს შესაბამისი არგუმენტირებული გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 149-153); თ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, სატენდერო კომისიამ განიხილა 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე და დაადგინა: 1) შპს „...-ს“ მიერ წარმოდგენილი DIS...-01 საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 ნაწილების, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-8 ნაწილის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები; 2) ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სატენდერო კომისიის აპარატმა უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართვის წერილის მომზადება, ტენდერის სტატუსის შეცვლის თაობაზე, რათა შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განხორციელდეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით. სატენდერო კომისიის 2019 წლის 12 აპრილის №3 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, შპს „ჯ...ის“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია გახდა სადავო, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, დავების საბჭომ კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერნეტ საძიებო სისტემის ფარგლებში მოიძია ინფორმაცია აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - ,,მწ. ქვეყანა, კომპანია და მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნა გაიგივებული მოდელთან, იმისთვის, რომ შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით განხორციელდეს შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება, მიზანშეწონილია გაუქმებული იქნას 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. 144-145); ი) 2019 წლის 19 აპრილს, სატენდერო კომისიამ განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს „ჯ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია (ტ.1. ს.ფ. 184-185); კ) 2019 წლის 30 აპრილს შედგა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) შეწყვეტის საკითხი და დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 4 ივნისის №12 ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, ელექტრონულ ტენდერს SPA ... უნდა მიენიჭოს სტატუსი ,,შეწყვეტილია“ და სატენდერო წინადადების 2.1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმში სატენდერო კომისიამ მიუთითა, რომ შპს „...-ს“ DIS...-01 საჩივრის შედეგად, დავების საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, კერძოდ, შპს „ჯ...ის“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია გახდა სადავო და გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, დავების საბჭოს გადაწყვეტილებით კი, პრეტენდენტის მიერ სადავო პოზიციებზე გრაფაში - ,,მწ. ქვეყანა, კომპანია და მოდელი“ მითითებული ინფორმაცია ვერ იქნა გაიგივებული მოდელთან. სატენდერო კომისიამ იმსჯელა და გამოითქვა მოსაზრებები, კერძოდ, აღინიშნა, რომ რადგანაც მოცემულმა დავამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს აქვთ ანალოგიური შემთხვევა და ,,ფასების ცხრილი“ - დანართი №1, მოდელის პოზიციაზე წარმოდგენილი აქვთ, კონფიგურაციით - ... და არა ..., შესაბამისად, პრეტენდენტები იმყოფებიან არათანაბარ კონკურენტულ გარემოში, მითუფრო, რომ ფასით ყველაზე დაბალ პრეტენდენტზე - შპს „ჯ...ზე“ 4 582 ლარით მაღალი ფასი აქვს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს „...-ს“, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტია მოცემულ ტენდერში, რომელსაც ,,ფასების ცხრილის“ მოდელი პოზიცია შემოთავაზებული აქვს კონფიგურაციით - ... . რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან და არადისკრიმინაციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაიხედოს, გადამუშავდეს ,,ტექნიკური დავალება“ აღნიშნული დავის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ტენდერს მიენიჭოს სტატუსი - “შეწყვეტილია“ (ტ.1, ს.ფ 186-187); ლ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ ... უნივერსიტეტს ნება დაერთო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ...-ის ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ...ის სახელმწიფო შესყიდვა (ტ.2. ს.ფ. 123-124); მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულების საფუძველზე, სსიპ ... უნივერსიტეტსა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №..., რომლის მიხედვით, სსიპ ... უნივერსიტეტმა შპს „ჯ...ისგან“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინა ...ი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 38 553 ლარით (ტ.2. ს.ფ. 131-135).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სსიპ ... უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ხოლო შპს „...-ს“ საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილი, მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დაკმაყოფილებულ იქნა შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს (1.1 მუხლი). კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (მე-2 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. კანონის 161 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი (1-ლი მუხლი). აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მარტს, სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა №SPA... ელექტრონული ტენდერი. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა: შპს „...-მ“, შპს „აი...იმ“, შპს „ა...მა“, შპს „რ...მა“ და შპს „ჯ...მა“. სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის თანახმად, №SPA... ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯ...ი“ და არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 231 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო პირობები არის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა; ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია არის სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი; ხოლო „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტექნიკური დოკუმენტაცია განიმარტება როგორც დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში.
ზემოაღნიშნული წესის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ შპს „...-მ“ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სატენდერო კომისიის 2019 წლის 21 მარტის №2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის მოთხოვნებს და ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მითითებული საქონლის მოდელი დაზუსტებას არ ექვემდებარება, სატენდერო კომისიას ნაცვლად იმისა, რომ პრეტენდენტი მოეწვია ხელშეკრულებაზე, უნდა მოეხდინა მისი დისკვალიფიკაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს მიერ 2019 წლის 10 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „...-ს“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას უნდა გაეუქმებინა 2019 წლის 21 მარტის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯ...ის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი გახდება სატენდერო კომისიისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის პირობებში მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
მოცემულ შემთხვევაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2019 წლის 19 აპრილს, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა შპს „ჯ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია. 2019 წლის 30 აპრილს შედგა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ ,,...ის“ შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (სატენდერო განცხადების ნომერი SPA ...) შეწყვეტის საკითხი და დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 4 ივნისის №12 ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, ელექტრონულ ტენდერს SPA... უნდა მიენიჭოს სტატუსი ,,შეწყვეტილია“ და სატენდერო წინადადების 2.1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. 2019 წლის 30 აპრილის №5 სხდომის ოქმში სატენდერო კომისიამ მიუთითა, რომ პრეტენდენტები იმყოფებიან არათანაბარ კონკურენტულ გარემოში, მითუფრო, რომ ფასით ყველაზე დაბალ პრეტენდენტზე - შპს „ჯ...ზე“ 4 582 ლარით მაღალი ფასი აქვს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს „...-ს“. ამასთან, რაციონალური ხარჯვისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გადაიხედოს, გადამუშავდეს ,,ტექნიკური დავალება“, აღნიშნული დავის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ტენდერს მიენიჭოს სტატუსი - ,,შეწყვეტილია“.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სატენდერო კომისიამ ისე მიიღო ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომ სახეზე არ ყოფილა ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა აუცილებელი გახდება სატენდერო კომისიისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძველი არც ის გარემოება გამხდარა, რომ შპს „ჯ...ის“ დისკვალიფიკაციის შემდეგ მომდევნო პრეტენდენტ(ებ)ის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ბაზარზე შეცვლილი გარემოებების არსებობა და ყველაზე მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტის - შპს „...-ს“ მიერ შეთავაზებული თანხაც კი - 37 582 ლარი შესაბამისობაში იყო სატენდერო კომისიის მიერ მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ ... უნივერსიტეტს ნება დაერთო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ...-ის ,,...“ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ...ის სახელმწიფო შესყიდვა. 2019 წლის 10 ოქტომბრის №2153 განკარგულების საფუძველზე სსიპ ... უნივერსიტეტსა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სსიპ ... უნივერსიტეტმა შპს „ჯ...ისგან“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინა ...ი, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განსაზღვრული იყო 38 553 ლარით. ამდენად, დადგენილია და მოპასუხე (კასატორი) სადაოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ტენდერის შეწყვეტის შემდგომ, სსიპ ... უნივერსიტეტმა გამარტივებული წარმოების პირობებში შეიძინა იგივე სახეობის ..., რომლის შესასყიდადაც იყო გამოცხადებული 2019 წლის 6 მარტის №SPA... ელექტრონული ტენდერი, ამასთან, შესყიდვა განხორციელდა ტენდერიდან დისკვალიფიცირებული შპს ,,ჯ...იდან“ და თანაც, შპს ,,...“-ს მიერ შეთავაზებულ ფასზე (37582.00 ლარზე) უფრო ძვირად (38 553.00 ლარად).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის წინაპირობები, შესაბამისად, სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის №5 ოქმი კანონსაწინააღმდეგოა და მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტისა და მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადასტურება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მისი სუფთა მოგება იქნებოდა 9 795.36 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სსიპ ... უნივერსიტეტმა არ გამოავლინა იგი ტენდერში გამარჯვებულად და არც ხელშეკრულება გაუფორმა, მას მიადგა ზიანი ზემოაღნიშნული თანხის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა თავისი არსით წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ ქონებრივ ნამეტს, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. სავარაუდოა შემოსავალი, რომლის მიღებაც მოსალოდნელი იყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს. მხედველობაშია მისაღები მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, მოსალოდნელი შემოსავალი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. შემოსავლის მიუღებლობა დასტურდება იმგვარი მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან ქონებრივი ნამეტის მიღების მოსალოდნელობასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (სუსგ 2019 წლის 16 მაისის საქმე №ბს-740-736(კ-17)).
საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) სატენდერო კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სატენდერო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრზე, რომელიც არ ესწრება სხდომას); დ) განხილვის საგანი; ე) სატენდერო კომისიის მსჯელობა; ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში); ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა სატენდერო კომისია; თ) კენჭისყრის შედეგები; ი) მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმის ხელმოწერის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, თუ არ მოხდებოდა ტენდერისათვის სტატუსის - „შეწყვეტილია“ მინიჭება, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა შპს „...“ და მასთან დაიდებოდა ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად სააპელაციო პალატამ მიიჩნია სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, კერძოდ, კომისიის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ ერთადერთი პრეტენდენტია მოცემულ ტენდერში, რომელსაც ,,ფასების ცხრილის“ მოდელი პოზიცია შემოთავაზებული აქვს კონფიგურაციით - ... .
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტებისთვის არ მიუნიჭებია დისკვალიფიკაცია და აღნიშნულის შესახებ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორც ეს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით. კომისიის სხდომის ოქმში არსებული ზოგადი მითითება მხოლოდ შპს „...-ს“ მიერ მოდელის პოზიციაზე შემოთავაზებული კონფიგურაციის სისწორის შესახებ, სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე, არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შპს „...“ იყო ერთადერთი დარჩენილი პრეტენდენტი და ის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ შპს ,,ჯ...ის’’ დისკვალიფიკაციის შემდეგ შპს „...“ არ იყო „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, ვინაიდან შპს „აი...ის“ (34 000 ლარი), შპს „ა...ს“ (35 900 ლარი) და შპს „რ...ს“ (35 750 ლარი) სატენდერო კომისიისათვის შეთავაზებული ჰქონდათ შპს „...-ზე“ (37 582 ლარი) დაბალი ფასები.
ამდენად, დადგენილია, რომ №SPA... ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა: შპს „...-მ“, შპს „აი...იმ“, შპს „ა...მა“, შპს „რ...მა“ და შპს „ჯ...მა“, რომელთაგანაც ყველაზე მცირე ფასი დაფიქსირებული ჰქონდა შპს „ჯ...ს“, ხოლო ყველაზე მაღალი - შპს „...-ს“. სატენდერო კომისიის მიერ განხორციელდა შპს „ჯ...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სატენდერო კომისიის მხრიდან სხვა პრეტენდენტთა შესახებ დისკვალიფიკაციის მიღების გადაწყვეტილებას დაადასტურებდა. აღნიშნული კი „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით/გადაწყვეტილებით უნდა განხორციელებულიყო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-13 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს.
საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმები ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის პირობებში ითვალისწინებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის შეფასებას, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდება მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნისა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში. გარდა იმ გარემოებისა, რომ სატენდერო კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება შპს „...-ზე“ დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება სატენდერო კომისიის მხრიდან მოსარჩელის ტექნიკური დოკუმენტაციის სხვა კომპონენტების (გარდა „ფასების ცხრილის“ მოდელი პოზიციისა) შეფასება და აღნიშნულის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენა. მითითებული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნის უსაფუძვლობას იმის შესახებ, რომ ტენდერში გამარჯვებული იქნებოდა შპს „...“ და მასთან გაფორმდებოდა ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის სხდომის №5 ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის გარეშე მიიღებდა შემოსავალს, შესაბამისად, არ დასტურდება უკანონო აქტით ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული კი, გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სსიპ ... უნივერსიტეტისათვის შპს „...-ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის - 4500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში შპს „...-ს“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 41), ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 392 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ 44), რომელიც ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ 300 ლარს, აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შპს „...-ს“ კასატორის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სსიპ ... უნივერსიტეტისათვის შპს „...-ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის - 4500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...-ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
5. შპს „...-ს“ სსიპ ... უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე