Facebook Twitter

№ბს-1121(კ-23) 25 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD ... ბრძანება ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD ... ბრძანება ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ლ. ხ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე; დ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით; ე) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, ლ. ხ-ი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა 2017 წლის 22 ნოემბერს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანებით მოსარჩელე როტაციის წესით სამუშაოდ მიავლინეს ქ. ...ში (...) 3 წლის ვადით, 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის ბრძანებით 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, შედეგად - შემცირდა/გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის კატეგორია. აღნიშნული ბრძანება მიღებულია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტის გამოცემამდე არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, რეორგანიზაცია უზრუნველყოფდა თუ არა კანონით განსაზღვრულ სავალდებულო შემადგენლობას - სისტემურ, ეფექტიან მმართველობას ან არსებობდა თუ არა რეორგანიზაციის აუცილებლობა, საჯარო ინტერესი. ვინაიდან ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა რეორგანიზაციის შესახებ დაუსაბუთებელი ბრძანების საფუძველზე, ასევე დაუსაბუთებელია, გათავისუფლების შესახებ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაციის ფაქტის მითითება. ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD ... ბრძანებით მოსარჩელე ვადაზე ადრე გაიწვიეს სამუშაო მივლინებიდან. მოცემული ბრძანება, თავის მხრივ, არის გათავისუფლების შესახებ უკანონო ბრძანების თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით ლ. ხ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD72000001956 ბრძანება „ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD22000002130 ბრძანება ,,ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ლ. ხ-ი აღდგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება და 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის №71700003813 ბრძანებით, ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №... ბრძანებით ლ. ხ-ი როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ იქნა ..., ქ. ...ში 3 წლის ვადით, 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის განხორციელებისას იბოჭება კანონით გათვალისწინებული წინაპირობებით და, შესაბამისად, მხოლოდ სათანადო კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს რეორგანიზაცია. ამდენად, სასამართლომ შეაფასა არა რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხი, არამედ, ის თუ რამდენად იყო დაცული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები რეორგანიზაციის განხორციელებისას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №MOD42000000044 ბრძანება არის დაუსაბუთებელი, კერძოდ, ბრძანების გამოცემისას არ მოხდა გარემოებების არსებითი შესწავლა. ბრძანება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვერ აკმაყოფილებს, ვერც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებს, რომ აქტი იყოს დასაბუთებული და გარემოებები არსებითად შესწავლილი, ასევე, ბრძანება ვერ აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას რეორგანიზაციის წესთან და მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. რეორგანიზაციის აქტი გამოიცა 2020 წლის 20 იანვარს, რომელიც არ შეიცავს არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ დასაბუთებას, ამ ეტაპზე კი, აპელანტის ზოგადი მითითება - თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის 2020 წლის 1 მაისის №392740 და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აგვისტოს №7359659 წერილებზე, როგორც რეორგანიზაციის მოტივებზე, არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ აქტის დასაბუთების სტანდარტს. ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ კონკრეტულად რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა რეორგანიზაცია და ატაშის თანაშემწის შტატის გაუქმება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის MOD2000000044 ბრძანებით, მაშინ, როდესაც აღნიშნულს, ერთი კვირით წინ უსწრებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედება იყოს თანმიმდევრული, ობიექტური და გამჭვირვალე, რათა მხარეს გაუჩნდეს მუდმივობის და კანონიერების განცდა. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადმინისტრაციული წარმოების დროს. რეორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებულის სადამსჯელო ღონისძიება, არ უნდა იწვევდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების სრულ უგულველყოფას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ. ხ-ი აღდგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე აღდგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დასტურდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა. შეაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად დაეკისრა ლ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტიდან 2020 წლის 14 თებერვლიდან დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. ასევე, მართებულად დადგინდა მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) გაცემის საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უშუალო ადრესატს წარმოადგენს მოსარჩელე ლ. ხ-ი, ხოლო სამართლებრივი მოწერიგების საგანს წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის განაცდური ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი და ცალსახად არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები. რაც შეეხება რეორგანიზაციის ბრძანების გაუსაჩივრებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმოადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ბრძანებით განისაზღვრა - 2020 წლის 20 თებერვლიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმოადგენლების დეპარტამენტში განხორციელდეს რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის ბრძანების ადრესატს არ წარმოადგენდა მოსარჩელე. რეორგანიზაციის ბრძანება არის ზოგადი ხასიათის, არ არის იმპერატიული სახით ჩამოყალიბებული და შეუძლებელია შეფასდეს, როგორც მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ინდივიდუალური ზიანის მიმყენებელი. რეორგანიზაციის აქტს არ გამოუწვევია მოსარჩელის კანონიერი უფლების ან კანონიერი ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება და უფლების უკანონო შეზღუდვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის №71700003813 ბრძანებით ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე 12 (თორმეტი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №... ბრძანებით ლ. ხ-ი როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ იქნა ..., ქ. ...ში, 3 წლის ვადით - 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით. ლ. ხ-ი 2018 წლის 18 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №... ბრძანებით 2018 წლის 16 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე ... და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა ... ევრო; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №42000000044 ბრძანებით 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №72000053977 აქტით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლ. ხ-ი გააფრთხილა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების გამო, 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის MOD 91900000762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით, ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. ,,ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD ... ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ... ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ლ. ხ-ს მიეცა 20-დღიანი ვადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით როტაციის წესით შეუწყდა სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე, 2020 წლის 11 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით ლ. ხ-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2 წლის ვადით, 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით, ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა 3 თვის თანამდებობრივი სარგო.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა დასახელებული კანონის მოქმედება. სადავო აქტებში ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 110-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაციის გამო მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების ფაქტი რეორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებით.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ... შედგებოდა ორი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე და მეოთხე რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თავდაცვის ატაშეს თანაშემწე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის MOD 91900000762 ბრძანებაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. განახლებული საშტატო ნუსხის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ... შედგებოდა ერთი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე. ამასთან, ხსენებულ თანამდებობაზე საშტატო კატეგორიად მიეთითა „ბრიგადის გენერალი“. ამდენად, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა. საგულისხმოა, რომ არც თავად მოსარჩელე და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები მობილობის განსახორციელებლად, თუმცა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა ვერ იქნა მოძიებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ვერ გააქარწყლა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ სახეზე იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატა სადავო განჩინებაში ვერ ასაბუთებს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული თავდაცვის სამინისტროს მიერ. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად ექცეოდა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეორგანიზაციის დეფინიციაში, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი შტატების შემცირებას, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის შექმნას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხების შეფასება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული წარმოების გამართვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთებულობის საკითხებზე, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად კანონმდებლობის რომელ მოთხოვნათა უგულებელყოფით იქნა გამოცემული სადავო აქტები. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ შეუდარებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხები მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). ამდენად, სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის ჩატარების პირობებში სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმების ან დამატების საჭიროებაზე, არამედ ამ პროცესში სასამართლო ამოწმებს აქვს თუ არა ადგილი საშტატო ერთეულების მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას და მოხელის გათავისუფლების მოტივით ორგანოს მიერ ხელოვნური პროცედურების განხორციელებას, მოხელეთა თანასწორუფლებიანობის შეზღუდვას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხების დარღვევას და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას.

სადავო განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარეობდა რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც მოიცავდა თავდაცვის ატაშატის რაციონალური, ეფექტიანი და შედეგებზე გათვლილი სტრუქტურისა და ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. დისკუსიების შედეგად შეჯერებულ იქნა თავდაცვის ატაშატის პოლიტიკა, შემუშავებულ იქნა ოპტიმალური და ეფექტური სტრუქტურა და განისაზღვრა სტრუქტურული განვითარების გეგმა. ერთ-ერთ ასპექტს, რაციონალიზაციისა და სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატებში ატაშეს თანაშემწის (სამოქალაქო საშტატო ერთეულის) გაუქმება. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის კანონიერად შესაფასებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ საშტატო ერთეულის შემცირების/გაუქმების ფაქტი, არამედ აუცილებელია რეორგანიზაციის განხორციელების კანონით გათვალისწინებული მიზნების არსებობა - რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი, თუმცა პალატა ვერ მიუთითებს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე კონკრეტულად კიდევ რა სახის მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა ადმინისტრაციულ ორგანოს რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი. ამ კუთხით სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი დებულებების მითითებით.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სამოქალაქო თანამდებობები, ხოლო თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე განისაზღვრა საშტატო კატეგორია - „ბრიგადის გენერალი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხიც სააპელაციო პალატის მსჯელობის მიღმა დარჩა. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით (რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო პალატის სადავო განჩინებით) თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ხ-ი აღდგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. ამავე დროს, ქვედა ინსტანციის სასამართლოები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მითითებული საშტატო ერთეული (ან/და ფუნქციონალური დატვირთვით მისი ტოლფასი საშტატო ერთეული) აღარ არსებობს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვისაც, გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოცემული ეტაპისთვის გასულია მოსარჩელის მივლინების ვადა.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის პოზიცია, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ 2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანებაზე მსჯელობისას სასამართლო გასცდა დავის საგანს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც დავის საგანს რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია თუ არა რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ აქტი, სასამართლო მოკლებული არ არის შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯელობა უნდა შეეხოს არა მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ კანონიერების საკითხებს. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის კონკრეტულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, შეაფასოს როგორც ძველი, ისე ახალი საშტატო ნუსხა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეულის არსებობის საკითხი და აღნიშნულის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 16 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლ. ხ-ის მიერ დაზუსტდა მე-3 სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ლ. ხ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ლ. ხ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ. ხ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №42000000044 ბრძანებით 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №72000053977 აქტით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლ. ხ-ი გააფრთხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების გამო 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის MOD 91900000762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი; დ) „ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD ... ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ... ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; ე) ლ. ხ-ს მიეცა 20-დღიანი ვადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით როტაციის წესით შეუწყდა სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე 2020 წლის 11 მარტიდან; ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით ლ. ხ-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2 წლის ვადით 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა 3 თვის თანამდებობრივი სარგო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რამ აღმოფხვრა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობით (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ...) გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების საჭიროება, მაშინ, როდესაც ცალსახაა, რომ კონკრეტული დეპარტამენტი მხოლოდ ორი საშტატო ერთეულისაგან შედგებოდა (თავდაცვის ატაშე და მეოთხე რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თავდაცვის ატაშეს თანაშემწე). მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ატაშის თანაშემწის შტატის გაუქმებას ერთი კვირით წინ უსწრებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, რაც თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწის შტატის არსებობის საჭიროებაზე მიუთითებდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ რეორგანიზაციის ფაქტობრივი აუცილებლობა განაპირობა თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ნატოს სტანდარტებზე დაყრდნობით განხორციელებამ (იხ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 15 მაისის №MOD 9 23 00536439 წერილი), არის ზოგადი შინაარსის განმარტება რეორგანიზაციის მოტივზე. იმ პირობებში, როდესაც აპელანტი ვერ მიუთითებს კონკრეტულად რა გარემოებებმა განაპირობა თავდაცვის ატაშეს აპარატში ატაშეს თანაშემწის სამოქალაქო საშტატო ერთეულის ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამობა, ზემოაღნიშნული განმარტება არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ აქტის დასაბუთების სტანდარტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საშტატო ერთეული მიეკუთვნებოდა თავდაცვის ატაშეს აპარატს, ხოლო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, როგორც რეორგანიზაციის დროს მოქმედი, ასევე არსებული მდგომარეობით მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს თავდაცვის ატაშეს აპარატის უმცროს დიპლომატიურ თანამდებობას და ასევე მიუთითებს აპარატის საქმიანობის წესის განსაზღვრაზე. ამდენად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №42000000044 ბრძანება, რომლითაც 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ, განხორციელებული რეორგანიზაციის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველია. ამასთან, რეორგანიზაციის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, აღარ არსებობს დამატებით რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხების შედარების, მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით მსჯელობის აუცილებლობა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №2723 განკარგულებას, რომლითაც ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №318 განკარგულებაში (აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, საშტატო ერთეულის რაოდენობა არის 627, რომლის შემადგენლობაში შედის კატეგორია - თავდაცვის ატაშეს თანაშემწის კატეგორია და მათ შორის, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ...), სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია არსებულ შეუსაბამობაზე და მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული საშტატო ნუსხის მოქმედების პირობებშიც, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო (საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი) უფლებამოსილია გააუქმოს ზემოაღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული საშტატო ერთეული და რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება არ ეწინააღმდეგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს „ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD ... ბრძანების და „ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD ... ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის №MOD 4 22 00000150 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 იანვრის №MOD 0 22 00000020 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული №3, №5 და №9 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. აღნიშნული ბრძანებით დასტურდება, რომ თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის სამოქალაქო თანამდებობა, რომელ თანამდებობაზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, არსებული მდგომარეობით აღარ არსებობს. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დამსაქმებელთან არ არსებობს მოსარჩელის თავდაპირველი პოზიციის იდენტური ვაკანტური თანამდებობა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა აღდგეს არა პირდაპირ იმავე თანამდებობაზე, არამედ უნდა დაინიშნოს ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ხოლო თუ მისი სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის პროცედურა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. შესაბამისად, კონკრეტულ თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ლ. ხ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ტოლფასი თანამდებობის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შესაძლოა არსებული რეალობა შეიცვალოს, თუმცა, თუ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში არ იქნება ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები/ღონისძიებები. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად, თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამასთან, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ ცნო მოსარჩელის - ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ხ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით, ლ. ხ-ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება ლ. ხ-ისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიერ მიღებული კომპენსაციის თანხა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. ,,პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. ამრიგად, მოსარჩელე ლ. ხ-ის მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) ანაზღაურებასთან დაკავშირებით ასევე საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უშუალო ადრესატს წარმოადგენს ლ. ხ-ი (მოსარჩელე), ხოლო სამართლებრივი მოწერიგების საგანს წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის განაცდური ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც სარჩელის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანების კანონიერებაზე და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე. სასამართლოს განმარტებით თავდაცვის მინისტრის №44 ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული სადავოდ გამხდარი აქტები კი, ექვემდებარება ბათილად ცნობას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მხრიდან თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანება რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ სადავოდ არ არის გამხდარი და არც დავის საგანს წარმოადგენდა. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ მითითებული აქტი უნდა შეფასებულიყო, როგორც მტკიცებულება და დადგენილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობა. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანების კანონიერებაზე და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე, რამეთუ ასეთი მოთხოვნით სარჩელი აღძრული არ ყოფილა. უფრო მეტიც, სასამართლომ არ გამიჯნა, სარჩელის მოთხოვნის ობიექტი-საგანი მისი ფაქტობრივი საფუძვლებისგან, რის გამოც იმსჯელა არა დავის საგნის, არამედ სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის კანონიერებაზე და მიზანშეწონილობაზე. სასამართლოს კვალიფიციური შეფასება უნდა მიეცა დავის საგნისათვის, უნდა შეეფასებინა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებების კანონიერება, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კუთხით, კერძოდ, ფორმალური კუთხით - სადავო 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებები იყო თუ არა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გამოცემული, მათი გამოცემის დროს იყო თუ არა დაცული ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები: წარმოების ფორმა, წარმოების დაწყების საფუძვლები, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების აკრძალვა და ა.შ.; მატერიალური კუთხით - სადავო 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იყო თუ არა კანონიერების პრინციპი, უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება, თანაზომიერების და კონკრეტულობის პრინციპი და ა.შ.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია, რომ სამინისტროს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაცია. თავდაცვის სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ეფუძნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებს და ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას. პარალელურად ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარეობს თავდაცვის მიმოხილვის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება. ორივე ხაზით მუშაობის პროცესში მხარეთა ერთ-ერთ სადისკუსიო მიმართულებას წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატის რაციონალური, ეფექტიანი და შედეგებზე გათვლილი სტრუქტურისა და ორგანიზაციის ჩამოყალიბება. შეხვედრების და დისკუსიების შედეგად შეჯერებულ იქნა თავდაცვის ატაშატის პოლიტიკა, შემუშავებულ იქნა ოპტიმალური და ეფექტური სტრუქტურა და განისაზღვრა სტრუქტურული განვითარების გეგმა. ერთ-ერთ ასპექტს რაციონალიზაციისა და სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატებში ატაშეს თანაშემწის (სამოქალაქო საშტატო ერთეულის) გაუქმება, რათა თავდაცვის ატაშეების აპარატების საქმიანობის ეფექტიანი, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვის ატაშატების აპარატების საშტატო კატეგორიების ერთიან სტანდარტში მოქცევის მიზნით გათვალისწინებული ყოფილიყო მსოფლიოში არსებული პატარა ქვეყნების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს დიპლომატიური სამსახურების მოწყობის სტანდარტი. გარდა აღნიშნულისა, თავდაცვის სფეროში ქვეყნებს (თავდაცვის სამინისტროებს) შორის ურთიერთობების დარეგულირების და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს სტრატეგიული ინტერესების მქონე ქვეყნებში თავდაცვის ატაშეს აპარატის ინსტიტუტის არსებობა, ხოლო ფუნქციური დანიშნულება თავდაცვის ატაშეს მიერ დაკისრებული ფუნქციის შესრულების ხელშეწყობაში მდგომარეობს და ამ კუთხით განსაკუთრებულად მოითხოვს სამხედრო საქმის ცოდნას, ასევე, ქვეყნებს შორის სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, კონფერენციებში ჩართულობასა და მონაწილეობას. საშტატო ერთეულების რაოდენობა დამოკიდებულია როგორც თავდაცვის სფეროში შესაბამის ქვეყანასთან (თავდაცვის სამინისტროებს) ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, მოცულობაზე, პირდაპირი კომუნიკაციის არსებულ მექანიზმზე, ასევე საბიუჯეტო ასიგნებებზე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენდა საფუძველს, რომ თავდაცვის სამინისტროში მითითებული მიმართულებით განხორციელებულიყო რეორანიზაცია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან დაიწყო თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის და მის საშტატო სტრუქტურაში შემავალი თავდაცვის ატაშეს აპარატების რეფორმირების პროცესი, კერძოდ: 1. თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის №47 ბრძანებით თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის საშტატო თანამდებობა გადაკეთდა სამხედრო თანამდებობად, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა ამ ქვედანაყოფის ყოფილი უფროსი (სამოქალაქო პირი), ხოლო უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე; 2. ..., აგრეთვე ... თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო განრიგში, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება - შეიკვეცა თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა. საბიუჯეტო თანხების ოპტიმალურად და რაციონალურად გადანაწილების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეების რესურსების საკმარისობის ფაქტორის და თავდაცვის ატაშატების გასამხედროების მიდგომის გათვალისწინებით, გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საშტატო - სამოქალაქო თანამდებობები. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის შედეგად, თავდაცვის ატაშეების აპარატების საქმიანობის ეფექტიანი, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვის ატაშეების აპარატების საშტატო კატეგორიების ერთიან სტანდარტში მოქცევის მიზნით, თავდაცვის ატაშეს აპარატის ყველა სამოქალაქო საშტატო თანამდებობა ჩამოყალიბდა სამხედრო თანამდებობების სახით, რითაც მიღწეულ იქნა დაგეგმილი რეფორმის მიზანი.

კასატორის განმარტებით, სასამართლო უსაფუძვლოდ შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და განიხილა რეორგანიზაციის მიზანშეწონილობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება. ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. საკადრო ოპტიმიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო მიზანშეწონილობის პირობებში მოქმედებს. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში და საჯარო მმართველობის განმახორციელებელ სუბიექტს თავად განუსაზღვროს თანამდებობათა არსებობა-არარსებობის საჭიროება, ვინაიდან, საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. ამდენად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება/გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოწინააღმდეგე მხარეს შეაცვლევინა სასარჩელო მოთხოვნა იმავე თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. ამასთან, სასამართლო დავალების საფუძველზე წარდგენილი 13.04.2023 წლის №423882 წერილით დასტურდება, რომ ტოლფასი რანგისა და კატეგორიის ან/და მისი კომპეტენციის გათვალისწინებით უფრო დაბალი რანგის თანამდებობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მითითებული განჩინების თანახმად, თითქმის სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, მიუთითა სააპელაციო სასამართლოს ყურადღება გაემახვილებინა ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე და დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის №3813 ბრძანებით ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის მეოთხე რანგის, მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე 12 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №1096 ბრძანებით ლ. ხ-ი როტაციის წესით, სამუშაოდ მივლინებულ იქნა ... ქ. ...ში 3 წლის ვადით, 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით. ლ. ხ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის №4278 ბრძანებით 2018 წლის 18 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლობის სამსახურის მეოთხე რანგის, მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე ... და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა ... ევრო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანებით 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლობის დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №53977 აქტით ლ. ხ-ი გაფრთხილებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლობის დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონიძიებების გამო 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანებით ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. „ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №1956 ბრძანებით ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მას მიეცა 20-დღიანი ვადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით როტაციის წესით შეუწყდა სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე - 2020 წლის 11 მარტიდან. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ არც მოსარჩელე და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა. საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები მობილობასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა ვერ იქნა მოძიებული და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ ვერ გააქარწყლა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ სახეზე იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ პუნქტითა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით ლ. ხ-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2 წლის ვადით, 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით, ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა 3 თვის თანამდებობრივი სარგო. საკასაციო პალატამ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული თავდაცვის სამინისტროს მიერ, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად ექცეოდა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეორგანიზაციის დეფინიციაში, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი შტატების შემცირებას, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის შექმნას. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ შეუდარებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებული საშტატო ნუსხები მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით. მითითებულზე არც ახალ გადაწყვეტილებაში იმსჯელა სასამართლომ. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო პალატას უნდა დაესაბუთებინა რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის კონკრეტულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, შეეფასებინა როგორც ძველი, ისე ახალი საშტატო ნუსხა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეულის არსებობის საკითხი და აღნიშნულის შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულ საკითხებზე არც 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ რეორგანიზაციის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, აღარ არსებობდა დამატებით რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხების შედარების, მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით მსჯელობის აუცილებლობა.

კასატორის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ფაზა, რომლის ფარგლებში შემუშავებულ იქნა სტრატეგიული მიდგომები, რაც გულისხმობს თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ნატოს სტანდარტებზე დაყრდნობით განხორციელებას. თავდაცვის სამინისტროში გარდაიქმნა და ტრანსფორმაცია შეეხო არაერთ მიმართულებას, მათ შორის, თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტს. ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის მთლიანი პროცესი ეფუძნება თავდაცვის განვითარების ხედვის მრავალწლიან დოკუმენტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ნატოს საიდუმლოობის გრიფი და მათი სასამართლოსთვის წარდგენა დაუშვებელია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების არქონის გამო. ზემოაღნიშნულ პროცესში მონაწილე მხარეები არიან, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესაბამისი ერთეულები, პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team). ერთობლივი კონსულტაციები ემსახურება ნატოს სტანდატებზე გადასვლას და მაქსიმალურად თავსებადობის მიღწევას. პროცესის დროს ხდება პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინება და მხედველობაში მიიღება მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციისათვის ნატოს სტანდარტების ფინანსური მოდელი. ანალიზის საფუძველზე და საქართველოს რეალობასთან საუკეთესო პრაქტიკის ადაპტირების შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და გაუქმებულ იქნა ატაშეს თანაშემწის სამოქალაქო პოზიციები.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შექმნილი სამართლებრივი შედეგი ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, კერძოდ, მოსარჩელის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მართალია, უთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელის იმავე თანამდებობაზე ან ტოლფას აღდგენას, თუმცა სასამართლო მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ არა მხოლოდ თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში, არამედ მთელს სამინისტროს სისტემაში ფაქტობრივად აღარ არსებობს როგორც მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, აგრეთვე, მისი ტოლფასი თანამდებობა, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე ფაქტობრივად. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მობილობა მოსარჩელის მიმართ ერთხელ უკვე განხორციელებულია და ტოლფასი თანამდებობის არარსებობის გამო, მისივე განცხადებით ჩარიცხულია რეზერვში.

სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას სამივლინებო თანხების ნაწილში, რადგან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 34-ე პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობაზე სარჩელის დაუშვებლობის კუთხით, რადგან, როგორც თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №44 ბრძანება, ისე თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანება პირდაპირ და უშუალო შემხებლობაშია მოსარჩელესთან, თუმცა არცერთი აქტი მის მიერ გასაჩივრებული არაა და დღემდე იურიდიული ძალის მქონეა.

სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ თითქოს, რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ მოსარჩელე ლ. ხ-ის საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის №47 ბრძანებით თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის საშტატო თანამდებობა გადაკეთდა სამხედრო თანამდებობად, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა ამ ქვედანაყოფის ყოფილი უფროსი (სამოქალაქო პირი), ხოლო უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე. ამასთან, ..., აგრეთვე, ... თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო განრიგში, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება, შეიკვეცა თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა და თავდაცვის ატაშატების გასამხედროების მიდგომის გათვალისწინებით, გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საშტატო სამოქალაქო თანამდებობები.

სასამართლოს მიერ, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემის ნაწილში არასწორად იქნა დადგენილი ფაქტი - მოსარჩელის საშტატო ერთეულის საჭიროების არსებობის თაობაზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემა განპირობებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაამტკიცოს პროფესიული საჯარო მოხელისთვის განკუთვნილი თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საშტატო ერთეული (საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა) თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემის დროს არსებობდა, თავდაცვის მინისტრი მოქმედებდა ზემოთ მითითებული კანონისმიერი ვალდებულების შესრულების მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურ რეჟიმში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა განსახორციელებელი რეორგანიზაციისათვის სათანადო მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა. არსებობს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ყველა თანამდებობა, მათ შორის, ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის №MOD 7 17 00003813 ბრძანებით ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე 12 (თორმეტი) თვის გამოსაცდელი ვადით (ტ.1, ს.ფ 32); ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №MOD ... ბრძანებით ლ. ხ-ი როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ იქნა ..., ქ. ...ში, 3 წლის ვადით, 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 33); გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 დეკემბრის №MOD ... ბრძანებით ლ. ხ-ი 2018 წლის 16 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ... თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა ... ევრო (ტ.1, ს.ფ 34); დ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ტ.1, ს.ფ 55-64); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №MOD 4 20 00000044 ბრძანებით, 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით (ტ.1, ს.ფ 65); ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №MOD 7 20 00053977 წერილით ლ. ხ-ს ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების გამო 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ (ტ.1, ს.ფ 66); ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №MOD 9 19 00000762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №MOD 7 20 00000155 ბრძანებით, ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი (ტ.1, ს.ფ 69-91); თ) ,,ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №MOD ... ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ... ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტ.1, ს.ფ 92); ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით ლ. ხ-ს 2020 წლის 11 მარტიდან ვადაზე ადრე შეუწყდა სამუშაო მივლინება და როტაციის წესით გამოწვეულ იქნა საქართველოში (ტ.1, ს.ფ 93); კ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით ლ. ხ-ი 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ტ.1, ს.ფ 95).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №MOD ... ბრძანებისა და ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 26 თებერვლის №MOD ... ბრძანების კანონიერება, ასევე მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის, მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მე-2 მუხლი).

აღნიშნული კანონის 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 103-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-1102-1096(კ-17)).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება-გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ... შედგებოდა ორი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე და მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - თავდაცვის ატაშეს თანაშემწე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. განახლებული საშტატო ნუსხის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ... შედგებოდა ერთი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე. ამასთან, ხსენებულ თანამდებობაზე საშტატო კატეგორიად მიეთითა „ბრიგადის გენერალი“.

განსახილველ საქმეზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები და არ მიუცია მათთვის სათანადო სამართლებრივი შეფასება. იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შემთხვევაში სასამართლო კონტროლი მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს, სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმების ან დამატების საჭიროებაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ ასაბუთებს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რეორგანიზაციის პროცესში. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აკმაყოფილებდა თუ არა საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილება რეორგანიზაციის კანონით დადგენილ დეფინიციას, ხომ არ ჰქონდა ადგილი საშტატო ერთეულების მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას და მოხელის გათავისუფლების მოტივით ორგანოს მიერ ხელოვნური პროცედურების განხორციელებას.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, 32-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლებიც, მათ შორის, უმცროს დიპლომატიურ თანამდებობებად ითვალისწინებს თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირებს. სააპელაციო სასამართლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დეტალურ დასაბუთებას თუ რატომ ადასტურებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილების კანონსაწინააღმდეგობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს უმცროს დიპლომატიურ თანამდებობას და მიუთითებს აპარატის საქმიანობის წესის განსაზღვრაზე, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს თავდაცვის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეიძლება დაფუძნებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატი, რომლებშიც შედიან აპარატის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი. დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, თავდაცვის ატაშეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის დაფუძნება ითვალისწინებს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ამდენად, ზემოაღნიშნული საფუძვლით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის ბრძანება, რომლითაც 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 12 ივლისის განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად ექცეოდა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეორგანიზაციის დეფინიციაში, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი შტატების შემცირებას, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის შექმნას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხების შეფასება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული წარმოების გამართვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთებულობის საკითხებზე, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად კანონმდებლობის რომელ მოთხოვნათა უგულებელყოფით იქნა გამოცემული სადავო აქტები. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ შეუდარებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხები მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, კონკრეტულად რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა რეორგანიზაცია და ატაშეს თანაშემწის სამოქალაქო შტატის გაუქმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). ამდენად, სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის ჩატარების პირობებში სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმების ან დამატების საჭიროებაზე, არამედ ამ პროცესში სასამართლო ამოწმებს აქვს თუ არა ადგილი საშტატო ერთეულების მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას და მოხელის გათავისუფლების მოტივით ორგანოს მიერ ხელოვნური პროცედურების განხორციელებას, მოხელეთა თანასწორუფლებიანობის შეზღუდვას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხების დარღვევას და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას’’.

საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატას, არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ არ შეუდარებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხები მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით, რის შესახებაც მითითებას შეიცავდა აღნიშნული განჩინება და რასაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღარ არსებობს დამატებით რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხების შედარების, მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით მსჯელობის აუცილებლობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ დაუდგენია საქმის გარემოებები და არ შეუსწავლია რეორგანიზაციის პროცესი, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა რეორგანიზაციის უკანონობის შესახებ.

მართალია, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის განმარტებაზე, რომ რეორგანიზაციის ფაქტობრივი აუცილებლობა განაპირობა თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ნატოს სტანდარტებზე დაყრდნობით განხორციელებამ, თუმცა აღნიშნულს ზოგადი შინაარსის განმარტებად მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 15 მაისის №MOD 9 23 00536439 წერილზე (ტ.2. ს.ფ. 337-338), რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ფაზა, რომლის ფარგლებში შემუშავებულ იქნა სტრატეგიული მიდგომები, რაც გულისხმობს თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ნატოს სტანდარტებზე დაყრდნობით განხორციელებას. თავდაცვის სამინისტროში გარდაიქმნა და ტრანსფორმაცია შეეხო არაერთ მიმართულებას, მათ შორის, თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტს. ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის მთლიანი პროცესი ეფუძნება თავდაცვის განვითარების ხედვის მრავალწლიან დოკუმენტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ნატოს საიდუმლოობის გრიფი და მათი სასამართლოსთვის წარდგენა დაუშვებელია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების არქონის გამო. ამდენად, აღნიშნულ წერილში ჩამოყალიბებული პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულად კიდევ რა სახის მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა ადმინისტრაციულ ორგანოს რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა ვლინდება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ - ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. ვინაიდან დასადგენია საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს.

საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, დაასაბუთოს რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, შეადაროს ძველი და ახალი საშტატო ნუსხა და აღნიშნულის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე