საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-556(2კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
კასატორი (მესამე პირი) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ი-ი
მესამე პირი - ზ.მ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 24 ივლისს თ.ი-მა სარჩელით, ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ზ.მ-ასთან ერთად საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთი. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა 2-ს. დადგენილების ამოქმედების შემდეგ კი, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გახდა სატყეო ზონა.
მოსარჩელემ 2020 წლის 18 ივნისის №01201702312-67 განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის №20.714.898 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განკარგულება ლახავს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ეზღუდება საკუთრების უფლება, კერძოდ, უფლება იმისა, რომ თავისუფლად ისარგებლოს მისი საკუთრებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თანასაკუთრებაში არსებულ - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებაზე - უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის №20.714.898 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელე - თ.ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და ზ.მ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით თ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის №20.714.898 განკარგულება, მოსარჩელე - თ.ი-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, მის თანასაკუთრებაში არსებულ - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებაზე - უარის თქმის ნაწილში და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. საჯაროდ ხელმისაწვდომი თბილისის ინტერაქციული რუკის დათვალიერებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, არ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის არსებობა. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №01201811937 წერილში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება შეამცირებდა სატყეო ზონის ფართობს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სხვა შენობა-ნაგებობები, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ფუნქციური ზონის ცვლილებამდე, მიწის ნაკვეთს ჰქონდა საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი და თ.ი-ის განმარტებით, მასზე იდგა საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც მოსარჩელე აღნიშნავდა მოცემულ საქმეზე და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. მოპასუხეს შეეძლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ადგილზე შესწავლით, საპროექტო კვლევის ჩატარებით, მოსარჩელის აბონენტად რეგისტრაციის ფაქტის დადგენით, მეზობელ მიწის ნაკვეთებზე არსებული განაშენიანების გათვალისწინებით და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობით დაედგინა რამდენად გამოიწვევდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ზონის გავრცელება სატყეო ზონის სტრუქტურის რღვევასა და ტყის მასივის შემცირებას. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ საკითხის ხელახალი განხილვისას სრულფასოვნად უნდა გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და თ.ი-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის. ამასთან, საქმეზე არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი გამოკვლევის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას და საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლევა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ)საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის №20.714.898 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც თ.ი-ის უარი ეთქვა მის თანასაკუთრებაში არსებულ - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 490 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე 490.00კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:...) 2014 წლის 16 სექტემბრიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ.ი-ისა და ზ.მ-ას სახელზე.
2020 წლის 18 ივნისს თ.ი-იმა №001201702312-67 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №52-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:...) სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2 - ით (სზ-2) ცვლილება.
საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №01201811937 წერილის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება შეამცირებს სატყეო ზონის ფართობს და ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის, კერძოდ, სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით (სზ-2) ცვლილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის №20.714.898 განკარგულებით თ.ი-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №52-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:...) სატყეო ზონის საცხოვრებელ ზონა 2 - ით (სზ-2) ცვლილებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიზანს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის იმგვარი ცვლილების განხორციელება წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელს გახდის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამომავლოდ განვითარებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ეკონომიკური და სოციალური წინაპირობების ჰარმონიზაციას საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილია სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთის გამოყენების სპეციფიკური პირობები. აღნიშნული წესების პირველი მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.მითითებული წესების მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ფუნქციური ზონების ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად ახორციელებს ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. ამავე სამართლებრივი ნორმის 112 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, თუ ფუნქციური ზონის ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს სატყეო ზონის, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის, სარეკრეაციო ზონის/ქვეზონის (რზ-1, რზ-2, რზ-3) ან სხვა ზონების/ქვეზონების სატყეო ზონად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად, სარეკრეაციო ზონად/ქვეზონად (რზ-1, რზ-2, რზ-3) ცვლილებას. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების/სხვა ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით მოწონებული მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-13 პუნქტის თანახმად, ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამზადებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტს. ამავე წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონა მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ სახელმწიფო ტყისა ან/და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სატყეო ზონა არის სატყეო ქვეზონა. მითითებული წესების მე-16 მუხლის ,,ღ" ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.
საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ურბანული განვითარების შეუქცევადობის გათვალისწინებით, კონკრეტულ ტერიტორიებზე ფუნქციური ზონების ცვლილება გარდაუვალი პროცესია, თუმცა ამასთანავე, უფლებრივი ზონირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დაგეგმვის და დაგეგმვის შენარჩუნების საჭიროების დასაბუთების პროცესში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებას და დაბალანსებას (სუსგ 26.01.2021წ. საქმე №ბს-1112(კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ.ი-ის საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №52-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:...), ხოლო მის თანამესაკუთრეს 2014 წლის 16 სექტემბრიდან. ამ პერიოდისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა 2-ს, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულ იქნა სატყეო ზონაში. შესაბამისად, თ.ი-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე შეიზღუდა სამშენებლო განვითარების თვალსაზრისით, რამეთუ სატყეო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, რის გამოც მოსარჩელისთვის სადავო აქტის ბათილად ცნობის უმთავრეს კანონიერ ინტერესს სწორედ ზონალური ცვლილების გაუქმება და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის კვლავ საცხოვრებელი ზონა 2-ის განსაზღვრა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზნისა და ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალების, ასევე, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის და დისკრეციის კანონმდებლობით განსაზღვრული ფარგლების დაცულობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის არსებობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის არსებობა არ დგინდება ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი თბილისის ინტერაქციული რუკის დათვალიერებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №01201811937 წერილში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება შეამცირებდა სატყეო ზონის ფართობს. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სხვა შენობა-ნაგებობები, ასევე არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ფუნქციური ზონის ცვლილებამდე, მიწის ნაკვეთს ჰქონდა საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი და მოსარჩელის განმარტებით, მასზე იდგა საცხოვრებელი სახლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის დასაბუთებული იზღუდება თუ არა თ.ი-ის საკუთრების უფლება, არის თუ არა შეზღუდვა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, რა ხარისხით ხდება უფლების შეზღუდვა და არის თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის თანაზომიერი. ამასთან, ხომ არ იწვევს საკუთრების უფლების მოცემული ხარისხით შეზღუდვა საკუთრების უფლების არსის რღვევას და მესაკუთრის არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობასა და სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე