Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-299(კ-24) 11 თებერვალი , 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.რ-ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 აგვისტოს ჯ.რ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ჯ.რ-ე 1993-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ფოთის გარნიზონის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებლად გამოეყო ქ. ფოთში, ... „...ის“ №... სახლის ბინა №..., რომელიც 2002 წლის 15 მარტიდან დაიკავა, ფოთის რეგიონალური №... ბაზის მიერ გამოწერილი 2002 წლის 1 მარტის №5 ორდერის საფუძველზე, სადაც დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოსარჩელემ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბინის საკუთრებაში გადასაცემად წარსადგენი წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი.

მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 25 იანვრის №MOD41900077646 და 2019 წლის 8 აპრილის №MOD21900350613 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ ფოთში, ... „...ის“ №... სახლის №... ბინის ჯ.რ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 25 იანვრის №MOD41900077646 და 2019 წლის 8 აპრილის №MOD21900350613 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ჯ.რ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ჯ.რ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაზე, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №... ბაზის მიერ 2002 წლის 1 მარტის ორდერის გაცემის დროს მოქმედ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებაზე და განმარტა, რომ საბინაო კომისია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №... ბაზა ვერ იქნება მიჩნეული ორდერის გაცემაზე არაუფლებამოსილ ორგანოდ. კანონი საგამონაკლისო წესს ადგენდა მხოლოდ დახურული ტიპის ქალაქებზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №... ბაზის მიერ 2002 წლის 1 მარტს გაცემული ორდერი №5, რომელიც ძალაში მყოფი დოკუმენტია და არ არის არარად აღიარებული, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ იგი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საბინაო კომისიის 2001 წლის 25 დეკემბრის №3 ოქმის დედნის მოუძიებლობა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის სათანადო საფუძველია და მიუთითა, რომ მხარეს მოპოვებული აქვს შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტის ასლი, ხოლო დედნის შენახვის ან მოძიების პასუხისმგებლობის მასზე გადმოტანა განსახილველ შემთხვევაში დაუშვებელია.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება უკვე ძალადაკარგულია და ამ დროისათვის მოქმედებს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილება, რომელიც შეიცავს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელ მოცემულობას და ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს შეისწავლოს და ჩაატაროს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სწორედ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ჯ.რ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ამგვარ დავალებას, თუმცა სამოტივაციო ნაწილში ცალსახად აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის გაბათილება, რაც გულისხმობს საკითხის გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ადგენს კონკრეტულ მოთხოვნას თუ რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეუძლია საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს გასცეს ორდერი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა ფოთის რეგიონალური ბაზა ...-ის მიერ 01.03.2002 წელს გაცემული №5 ორდერი, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, კასატორმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. ვინაიდან, ქ. ფოთში, ... „...ის“ №... სახლის №...-ში მდებარე ბინას არ აქვს მოხსნილი სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელი ბინის სტატუსი იგი არ ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 25 იანვრის №MOD41900077646 და 2019 წლის 8 აპრილის №MOD21900350613 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება წარმოადგენს. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ჯ.რ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ფოთში, ... „...ის“ №... სახლის №... ბინის საკუთრებაში გადაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი 2022 წლის 1 მარტით დათარიღებული ორდერი არ იყო გაცემული საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ამასთან, საბინაო კომისიის 2001 წლის 25 დეკემბრის №3 ოქმის ამონაწერი არ იყო დედნის სახით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ქალაქ ფოთში, ... „...ის“ №... სახლის №... ბინის ჯ.რ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

განსახილველი დავისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემაზე და ქმნის თუ არა მოსარჩელის - ჯ.რ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები მის სახელზე სადავო ბინის პრივატიზების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაზე, რომლითაც დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულება. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. იმავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.

ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.” და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ჯ.რ-ემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიმართა განცხადებით ქალაქ ფოთში, ...ის №...-ში არსებული №... ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადებით განიმარტა, რომ ჯ.რ-ე 1995-2000 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მას მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ამავე განცხადებით მიეთითა, რომ 2001 წელს თავდაცვის სამინისტრომ (ბაზა №...) ჯ.რ-ეს გამოუყო ქალაქ ფოთში, ... ...ის №...-ში მდებარე სახლის ბინა №..., რომელსაც ფლობდა არსებული მდგომარეობითაც. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №... ბაზის მიერ 2002 წლის 1 მარტს გაცემული ორდერი №5 (ასლი) სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობის დაკავებაზე, რომლის მიხედვით, ჯ.რ-ეს გადაეცა ქალაქ ფოთში, ... ...ის №... სახლის №... ოთახი (მე-... სადარბაზო, პირველი სართული, საერთო ფართი 35 კვ.მ, 2 ოთახი, საცხოვრებელი ფართი 29 კვ.მ), ამასთან, მითითებულ ფართში ჩაწერის უფლება მიენიჭა ჯ.რ-ის მეუღლეს და ორ შვილს. ამავე ორდერის მიხედვით, ორდერის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა ფოთის გარნიზონის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 2001 წლის 25 დეკემბრის №3 ოქმი და ჯ.რ-ის ნამსახურობის ნუსხა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №MOD21900350613 წერილით ჯ.რ-ეს, ბინის საკუთრებაში გადაცემაზე ფაქტობრივად უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ ორდერის გაცემის პერიოდში - 2002 წელს ქალაქ ფოთში, ... ...ის №...-ში მდებარე ბინა №... არ იმყოფებოდა დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. მოცემულ პერიოდში კი, ორდერის გაცემის წესის მარეგულირებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების თანახმად, ორდერს გასცემდა ადგილობრივი მმართველობის ორგანო სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო დახურული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კი ბინის ორდერს გასცემდა შესაბამისი საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილი და ამდენად, წარმოდგენილი 2002 წლის 1 მარტს გაცემული №5 ორდერი არ იყო გაცემული დადგენილი წესით და ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია. კანონშესაბამისად არ იქნა მიჩნეული არც საბინაო კომისიის 2001 წლის 25 დეკემბრის №3 ოქმის ამონაწერი, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული მისი დედანი. საკუთარი უფლების რეალიზებისათვის განმცხადებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაზე მიეთითა, რომელიც დაადასტურებდა პირის სარგებლობის უფლებას ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა ფიზიკური პირის მიერ ბინის ფაქტობრივად დაკავების ფაქტს. ამავე წერილით ჯ.რ-ეს მოეთხოვა დამატებით დოკუმენტის წარდგენა რომელიც დაადასტურებდა პირის სარგებლობის უფლებას ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა ფიზიკური პირის მიერ ბინის ფაქტობრივად დაკავების ფაქტს.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლევათ ბინები (დანართი №2) სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმებლად აგზავნის საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება. ამავე დებულების მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით, მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერებს, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ბინაში შესახლება. ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი, ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის. მითითებულ პუნქტებს ერთვის შენიშვნა, რომ დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საბინაო კომისია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №3 ბაზა ცალსახად ვერ იქნება მიჩნეული ოდერის გაცემაზე არაუფლებამოსილ ორგანოდ. კანონი საგამონაკლისო წესს ადგენდა მხოლოდ დახურული ტიპის ქალაქებზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ოფისის №3 ბაზის მიერ 2002 წლის 1 მარტს გაცემული ორდერი №5, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა ორდერი წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 1 მარტის №5 ორდერი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ასევე არამართებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძვლად საბინაო კომისიის 2001 წლის 25 დეკემბრის №3 ოქმის დედნის მოუძიებლობაზე მითითება, ვინაიდან, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტის ასლი, ხოლო დედნის შენახვის ან მოძიების ვალდებულება მოსარჩელეს არ აქვს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, მართალია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 6 სექტემბრის №1037 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, კერძოდ, მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით. ჯ.რ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიღებული სადავო აქტის გამოცემისას მოქმედ რეგულაციას წარმოადგენდა 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვისას უკვე მოქმედებდა 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება“, რამაც მოაწესრიგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, ფლობა (მფლობელობა) არის საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე ფაქტობრივი ბატონობა. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს: ა) საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს); ბ) ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე. ამავე დებულების მე-5 მუხლით მოწესრიგებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების პროცედურა, რომელიც განსხვავდება ადრე მოქმედი, უკვე გაუქმებული პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნებისგან. კერძოდ, დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს საკუთრებაში გადასცემს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს (მათ შორის, დევნილ ოჯახს), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ეს ფართობი წარმოადგენს უფლებრივად უნაკლო ნივთს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია ფართობის საკუთრებაში გადაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია, რომელიც აღარ მოიცავს ორდერისა და საბინაო კომისიის სხდომის ოქმის დედნის წარდგენას სავალდებულო წესით. ნაცვლად ამისა, საკადასტრო აზომვით ნახაზსა და სხვადასხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტთან ერთად, ახალი დებულება ადგენს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია ალტერნატივად მითითებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს (მაგალითად, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამ დროისათვის მოქმედი წესი შეიცავს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელ მოცემულობას და ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს შეისწავლოს და ჩაატაროს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სწორედ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინა იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და მას აქვს სამსახურებრივი სტატუსი, რაც გამორიცხავს მის საკუთრებაში გადაცემას, აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ყველა ბინა, მათ შორის, სადავო ბინა გამოცხადებულ იქნა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ბინად. შესაბამისად, მითითებული ბრძანებულებით გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირებისათვის მინიჭებული უფლება, ამავე ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემოდათ დაკავებული ბინები, მთლიანად შეიზღუდა. უდავოა, ასევე, რომ სადავო ბინებს მოხსნილი არ აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსი. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძველი, რომელიც საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე შესაბამისი თანხმობის (ცნობის) გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (ბინის სამსახურებრივი დანიშნულების სტატუსი), დღეის მდგომარეობითაც არსებობს და იგი გაუქმებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას იმ კუთხით, რომ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯ.რ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 25 იანვრის №MOD41900077646 და 2019 წლის 8 აპრილის №MOD21900350613 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში აღნიშნულ გარემოებაზე არ მიუთითებია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ წლების განმავლობაში სადავო ბინებზე პრეტენზიის განუცხადებლობით, ბინების მობინადრეთა სარგებლობაში დატოვებით, მხოლოდ სამართლებრივად დატოვა ბინებისთვის სამსახურებრივი სტატუსი. ფაქტობრივად, სადავო ბინების სამსახურებრივი სტატუსით გამოყენება წლების განმავლობაში არ ხდება. სწორედ აღნიშნული უდავოდ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო ბინებზე სამსახურებრივი სტატუსის მოხსნის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობაზე (სუსგ №ბს-1017(კ-18), 20.06.2019წ.).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის - ჯ.რ-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში აღნიშნულ შუამდგომლობასთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII​3 ​და VII​17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე, ხოლო ამავე მუხლის 11 და 12 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსის VII​9 და VII​​22 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება ბინის საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზაციის) საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავას რაც არ გამომდინარეობს არც სოციალური დაცვის საკითხებიდან და არც მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართალურთიერთობებიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტ - ჯ.რ-ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი მართებულად ჩათვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

ბ. შონია

გ. აბუსერიძე