№ბს-968(კ-24) 24 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანება, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.პ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანება, ეკომიგრანტ ა.პ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეკომიგრანტ ა.პ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დადგენილიყო - თუ რამდენად გადაუდებლად ესაჭიროებოდა მოსარჩელეს განსახლება. საყურადღებოა, რომ საქმის მასალების თანახმად, ა.პ-ი ცხოვრობს სენაკში მშობლებთან ერთად. არის განქორწინებული და შვილები ცხოვრობენ მამასთან, თბილისში. მოსარჩელე სოციალურის ბაზაში რეგისტრირებულია სენაკში ...ას №7-ში. შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით, რის გამოც არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების’’ მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი - სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა – შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. სააგენტომ დაიცვა ყველა ის მოთხოვნა, რაც საკითხის მომწესრიგებელი აქტებით იყო გათვალისწინებული და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით, ვინაიდან მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
კასატორის განმარტებით, 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად, სხვებთან შედარებით, უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, ვინაიდან მათ, სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი. თუკი სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ პრინციპს, გაჩნდება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ა.პ-ის საკითხის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რის გამოც გასაჩივრებული აქტი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 10 იანვარს, ა.პ-მა №... განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განაცხადში განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულ იქნა სენაკი, ...ას ქ. №7, ხოლო დაზარალების მისამართად - მარტვილი, სოფელი ... განმცხადებლის მითითებით, სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში, არ იკეტება ფანჯრები და კარები, არის დამეწყრილი, მიწა არის დატალღებული; იმავე ეზოში ცხოვრობდა ორი ოჯახი, რომელსაც ამავე მიზეზით სახელმწიფომ შეუსყიდა სახლები (ტ.1. ს.ფ. 89-90); ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემებით, ა.პ-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე მარტვილი, სოფელი ..., დაზიანდა 2009 წლის მეწყრის შედეგად და მინიჭებული ჰქონდა დაზიანების I კატეგორია. აღნიშნული სახლის მდგომარეობა დაფიქსირდა ფოტომასალაზე (ტ.1. ს.ფ. 80, 81-88); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის 25 თებერვლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 16 ქულით („საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია“ - 10 ქულა და „სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში“ - 6 ქულა). ელექტრონულ ფორმაში კომენტარის სახით მითითებულ იქნა, რომ „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან 23.02.2022 წლის №... წერილის თანახმად, სახლის დაზიანება მიეკუთვნება I კატეგორიას; საჯარო რეესტრის მონაცემებით, განმცხადებელს სხვა ალტერნატიული ფართი არ უფიქსირდება; რეგისტრირებული აქვს დაზიანებული სახლი, საკადასტრო კოდით №...; სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია სენაკში, ...ას №7-ში, სულ 4 წევრი. მოცემული დროისათვის, სარეიტინგო ქულა შეადგენდა 16-ს. 2022 წლის 10 აგვისტოს განაცხადის გადაფასების შედეგად, ქულა დარჩა უცვლელი (16 ქულა). (ტ.1. ს.ფ. 76-79); დ) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 25.08.2022 წელი) დაზიანებული სახლი, მდებარე მარტვილში, სოფელ ...ში (საკადასტრო კოდით ...), წარმოადგენს ა.პ-ის საკუთრებას. განმცხადებელი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დაბადებიდან. ა.პ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია სენაკი, ...ას №7. მონიტორინგის დროს განმცხადებელი იმყოფებოდა ზუგდიდში, სტუმრად. ადგილზე იყვნენ ა.პ-ის მამა - ვ.პ-ი და დედა - ლ.შ-ა. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ა.პ-ის ბიძა - გ.პ-ი, რომელსაც გასაფორმებელი აქვს ფართი და თავად ცხოვრობს რუსეთში. მონიტორინგის ფორმაში, ასევე, მითითებულია, რომ განმცხადებელს ჰყავს ორი და, რომლებიც ოჯახებით სხვაგან ცხოვრობენ; ასევე, ორი შვილი და ყოფილი მეუღლე, რომლებიც ცხოვრობენ ქირით, თბილისში. დაზიანებული სახლი არის ერთსართულიანი, ძველი ხის შენობა; შენობა არის ძლიერ დეფორმირებული; სახლის დაზიანება გამოწვეულია სიძველით და ეზოში არამდგრადი ნიადაგის გამო. ეზოში ასევ არის ბიძაშვილების ორი ოჯახი, რომელთაც სააგენტომ შეუძინა სახლი (ტ.1. ს.ფ. 72-75); ე) საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 10 ივნისის ამონაწერის მიხედვით, მარტვილის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა.პ-ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 92-93); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბრის - 9 დეკემბრის სხდომებზე კომისიამ იმსჯელა იმ ოჯახების განსახლების საკითხზე, რომელთა განაცხადებსაც მინიჭებული აქვთ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა (დანართი №1) (ტ.1. ს.ფ. 63-65). კომისიის №6 საოქმო გადაწყვეტილებით, ა.პ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, კერძოდ, აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლით, მდებარე სენაკი, ...ას ... №7. (ტ.1. ს.ფ. 63-71); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 28 ნოემბრის - 9 დეკემბრის №6 ოქმის საფუძველზე, ა.პ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (ტ.1. ს.ფ. 59-62); თ) საჯარო რეესტრიდან 2023 წლის 11 ივლისის ამონაწერის მიხედვით, ქ. სენაკში, №... კვარტალში, №... ნაკვეთზე მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავის ქონების მართლზომიერ მფლობელად აღრიცხულია გ.პ-ი (ტ.2. ს.ფ. 19-20);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
ა.პ-მა 2022 წლის 10 იანვარის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის წარდგენილ №... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებაში, მიუთითა, რომ სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში, არ ეკეტება ფანჯრები და კარები, არის დამეწყრილი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის 25 თებერვლის მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეფასდა 16 ქულით („საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია“ - 10 ქულა და „სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში“ - 6 ქულა). ელექტრონულ ფორმაში კომენტარის სახით მითითებულ იქნა, რომ „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან 23.02.2022 წლის №... წერილის თანახმად, სახლის დაზიანება მიეკუთვნება I კატეგორიას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, განმცხადებელს სხვა ალტერნატიული ფართი არ უფიქსირდება, საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 10 ივნისის ამონაწერის მიხედვით კი, დაზიანებული სახლი, საკადასტრო კოდით №..., რეგისტრირებული აქვს მოსარჩელეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2022 წლის 28, 29, 30 ნოემბრისა და 1, 2, 5, 6, 7, 8, 9 დეკემბრის №6 სხდომაზე, განიხილა „სახლის მიღების თაობაზე“ მოსარჩელის განცხადება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანებით და №6 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით, ქ. სენაკში, ...ას ... №7-ში მდებარე უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავის საკუთრება არის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია