№ბს-1362(კ-24) 28 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჯ-ა, მესამე პირი - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 დეკემბრის №IDP 1 22 00001102 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 დეკემბრის №IDP 1 22 00001102 ბრძანება ლ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული რიგი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ლ.ჯ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია.
დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი კანონში მითითებული გარემოებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება არის კანონიერი. ლ.ჯ-ასთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რის გამოც მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 27 ოქტომბერს ლ.ჯ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. დაბადების მოწმობის მიხედვით, ლ.ჯ-ა ... წლის ... ...ს დაიბადა რუსეთში. ამავე მოწმობის თანახმად, ლ.ჯ-ას დედაა - მ.ჯ-ა. მ.ჯ-ას პირადობის მოწმობის მიხედვით, იგი ... წლის ... ...ს დაიბადა ...ში. 2022 წლის 1 სექტემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის №... მოწმობით დგინდება, რომ მოსარჩელის დედა - მ.ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოწმობაში მითითებულია, რომ მ.ჯ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, ..., სოფელი ... (ს.ფ 50, 94, 96); ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის თანახმად, მიჩნეულ იქნა, რომ ლ.ჯ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ლ.ჯ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. შესაბამისად, ლ.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული (ს.ფ 48-49); გ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 9 დეკემბრის №IDP 1 22 00001102 ბრძანებით ლ.ჯ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ 15-16).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ლ.ჯ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდგომ და არ უცხოვრია აფხაზეთში, რის გამოც მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მე-2 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირის არასრულწლოვანებისას, სტატუსის მინიჭება ასევე შესაძლებელია მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარეც, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის პირობებში, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას გააჩნია სრულწლოვანების მიღწევისას ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა. ამდენად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობაა, მიუხედავად მისი ასაკისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ ლ.ჯ-ას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უცხოვრია, არ გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, ვინაიდან დადასტურდა, რომ მოსარჩელის დედას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია