Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1308(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 2 ივნისს ბ.ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. ...ში, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებამდე. იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ომის დამთავრების შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ის ფაქტი, რომ მისი ძირითადი საცხოვრებელი ომის დასრულებამდე იყო ქ. ... დასტურდება ასევე ქ. ...ის მერიის პირადობის დამდენი კომისიის დასკვნით. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 16 დეკემბრის №03-4361/ო ბრძანებით უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 16 დეკემბრის №03-4361/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ბ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 16 დეკემბრის №03-4361/ო ბრძანება. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ბ.ა-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც იგი ირჩევს საცხოვრებლად, თუმცა პირის კონკრეტულ ადგილზე ცხოვრების ფაქტის დადგენისთვის უნდა შეფასდეს საერთო მონაცემები, მათ შორის, ფაქტობრივად უმეტესი დროის კონკრეტულ ადგილზე ყოფნის, ამავე ადგილზე ნათესაური კავშირების არსებობის, საქმიანობისა და სხვა გარემოებების დამადასტურებელი ფაქტები

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად შეესაბამება და ადასტურებს მოსარჩელის მიერ აღწერილ გარემოებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 4 ნოემბრის N412 ცნობა, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის N63-01 დასკვნა, მძღოლის ბარათი, საშვი და მოწმის ჩვენება ერთობლიობაში ადასტურებს 1993 წლამდე ბ.ა-ის ქალაქ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ ბ.ა-ის მიერ დასახელებული ორი მეზობლიდან არც ერთი არ იძებნება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, ასევე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს 1993 წლამდე ბ.ა-ის ქ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთობლიობაში დასტურდება, რომ ბ.ა-ი 1993 წლამდე ქალაქ ...სთან დაკავშირებული იყო ყოველდღიური ყოფითი და შრომითი ურთიერთობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, არ დასტურდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. საქმის მასალებიდან და მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ აფხაზეთი დატოვა ჯერ კიდევ სკოლის დამთავრების შემდეგ. სწავლა გააგრძელა 1979 -85 წლებში ...ში, ხოლო, 1985 -88 წლებში მუშაობა დაიწყო ...ში. შვილი 1989 წელს შეეძინა ქ. ...ში. მისივე განმარტებით დასტურდება, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ში და ოჯახის წევრები არიან ...ის მოქალაქეები. თავად მოსარჩელე არის საქართველო-რუსეთის მოქალაქე. რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ 2021 წლის 4 ნოემბრის N412 ცნობას, აღნიშნული კასატორის განმარტებით, ვერ მიიჩნევა იმის მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა 1993 წლის სექტემბრამდე აფხაზეთში. რადგან მისივე განმარტებით ჯერ კიდევ 1985 წელს დატოვა აფხაზეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ბ.ა-ის არ უდასტურდებოდა დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილის სტატუსი მინიჭებისათვის კი არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივად ცხოვრების ფაქტს, დევნილის სტატუსის მატარებელი პირი მუდმივად, თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ბ.ა-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ბ.ა-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. დასკვნის თანახმად, ბ.ა-ი 1993 წლამდე მუდმივად აღარ ცხოვრობდა ქ. ...ში. იგი 1988 წლამდე მუშაობდა ...ზე, ხოლო 1988 წლიდან ქ. ...ში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოსთვის არ წარუდგენია. ასევე არ დაუსახელებია მასთან ერთად ...ში მომუშავე თანამშრომლები. ამასთან, ბ.ა-ის განმარტებით, მისი მეუღლე არ მუშაობდა ქ. ...ში. 1989 წელს შვილი შეეძინა ქ. ...ში და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებიდან დღემდე თავადაც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ამავე ქალაქში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 4 ნოემბრის N412 ცნობაზე, რომლითაც დადასტურებულია ბ.ა-ის 1993 წლის სექტემბრამდე ქ. ...ში, ...ის ქუჩა N50-ში ცხოვრების ფაქტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის N63-01 დასკვნის მიხედვით, ბ.ა-ი დაბადებიდან 1962 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ...ში, მისამართზე - ...ის ქუჩა, N50. საქმეშია ასევე ლ.ლ-ას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში - მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N35 ბ.ა-ის დროებით რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო მოწმობის აღნიშნულ მისამართზე აღების თაობაზე.

საყურადღებოა ასევე ...ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შსგ-ის მიერ 1993 წლის 30 დეკემბერს ბ.ა-ის სახელზე გაცემულ მძღოლის ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ ბ.ა-იმა გაიარა სწავლება შემდეგი პროგრამით - სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, კატეგორია „B“, ...ის ...ში „...“ და მან 1991 წლის 23 დეკემბერს მიიღო N... მოწმობა. ასევე, აფხაზეთის ...ის კომენდანტის მიერ 1992 წლის 29 სექტემბერს ბ.ა-ის სახელზე გაცემულია N... საშვი - ქ. სოხუმის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს გადაადგილების უფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად, თუმცა კონკრეტულ ადგილზე ცხოვრების ფაქტის დადგენისთვის უნდა შეფასდეს საერთო მონაცემები, მათ შორის, ფაქტობრივად უმეტესი დროის კონკრეტულ ადგილზე ყოფნის, ამავე ადგილზე ნათესაური კავშირების არსებობის, საქმიანობისა და სხვა გარემოებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია 1993 წლამდე ბ.ა-ის ქალაქ სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე ბ.ა-ის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა


მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე