საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-989(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ხ.ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - მ.ს-ე, რ.რ-ე, მ.ვ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 22 სექტემბერს ხ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა ქ. ბოლნისში, ...ის ქ. №..., ბინა №..., ფართი 95.8 კვ.მ-ის მ.ს-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 ნოემბრის №3699 ბრძანებისა და მ.ს-ის სახელზე გაცემული 2021 წლის 4 ნოემბრის №528 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების მისამართზე (ბოლნისი, ...ას ქ. №..., ამჟამად: ბოლნისი, ...ის ქ. ...) 1983 წლიდან რეგისტრირებული იყო ზ.ჟ-ა (მ.ს-ის დედა), რომელმაც ბინა მიყიდა ლ.კ-ეს. 2004-2005წწ. ლ.კ-ემ სადავო უძრავი ქონება გაასხვისა მოსარჩელე ხ.ბ-ეზე. 2021 წელს ზ.ჟ-ას მემკვიდრემ - მ.ს-ემ მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო ბინის პრივატიზების მოთხოვნით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მ.ს-ე და მისი მამკვიდრებელი 1995 წლიდან აღარ სარგებლობდნენ სადავო უძრავი ქონებით. მიუხედავად ამისა, მოწმეთა ცრუ განმარტებების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას საწინააღმდეგო ინფორმაცია წარედგინა. შედეგად, სადავო ადმინისტრაციული აქტებით, მ.ს-ეს საკუთრების უფლება მიენიჭა უძრავ ქონებაზე. მოსარჩელის მითითებით, ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იგი წარმოადგენდა ბინის ბოლო მესაკუთრესა და მფლობელს. სადავო აქტებით კი ილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ხ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 ნოემბრის №3699 ბრძანება და 2021 წლის 4 ნოემბრის №528 საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული მ.ს-ის მიმართ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბოლნისი, ...ის ქ. №... ბინა №... (ფართი 95.8 კვ.მ).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მესამე პირმა - რ.რ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და რ.რ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ბინით სარგებლობა ბინაში უშუალოდ ცხოვრების სინონიმი არ არის და ბინის მოსარგებლის მიერ ბინაში მისი ნების შესაბამისად სხვა პირის ცხოვრების ფაქტი არ აქარწყლებს უფლებას კონკრეტულ უძრავ ქონებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ს-ე, მოსარჩელის მიერ დასახელებულ პერიოდში, სადავო ქონების მესაკუთრე არ იყო და შესაბამისად, ვერც სადავო ბინას გაასხვისებდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.ბ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის გარემოებები. კასატორის მითითებით, რ.რ-ის, მ.ს-ისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩადენილია დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ კი დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება და მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ხ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა, პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ს-ემ 2021 წლის 29 სექტემბერს განცხადებით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას კანონიერ სარგებლობაში არსებული არაპრივატიზებული ფართის (მდებარე: ბოლნისი, ...ის ქუჩა №...) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. განცხადებაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილია მოწმეების - შ.ჩ-ისა და ჟ.ჩ-ის 2021 წლის 22 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებები. მოწმეები მიუთითებენ, რომ ბოლნისში, ...ის ქუჩა №...-ში, ბინა №...-ში, 70-იანი წლებიდან ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ზ.ჟ-ა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 ნოემბრის №3699 ბრძანებით მ.ს-ეს საკუთრებაში გადაეცა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. ბოლნისი, ...ის ქუჩა №... ბინა №....-ში (ს/კ...) არსებული საერთო ფართი 95.8 კვ.მ, საცხოვრებელი - 56.5 კვ.მ, დამხმარე ფართი - 25.8 კვ.მ, ღია აივანი - 13.5 კვ.მ. დადგენილია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 4 დეკემბერს, ზემომითითებული ბრძანების საფუძველზე გასცა №528 საკუთრების უფლების მოწმობა მ.ს-ისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბოლნისი, ...ის ქუჩა №... ბინა №..., საერთო ფართი - 95.8 კვ.მ.
დადგენილია, რომ ბოლნისში, ...ის ქუჩა №...- ში მდებარე ბინა №..., 2021 წლის 10 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა რ.რ-ის საკუთრებად, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა იყიდა მ.ვ-იმა (ტომი 1, ს.ფ. 20, 136). დადგენილია, რომ ამჟამად ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს მ.ვ-ი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, აღნიშნული „წესი“ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს აღჭურავს სათანადო უფლებამოსილებით, რათა განიხილონ და გადაწყვიტონ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადებები.
მითითებული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამავე „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
ამდენად, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მითითებული წესი მოითხოვს ორი პირობის კუმულატიურად არსებობას, კერძოდ: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერი მოსარგებლისათვის მოთხოვნილი ფართის პრივატიზების პროცესში კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია არსებობდეს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ განსაზღვრული მეორე წინაპირობაც - ფართით სარგებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვალს მომზადებული საინფორმაციო ბარათის თანახმად, ზ.ჟ-ა (დაბ. ... ... ...წ.) 11.03.1983 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე, ბოლნისი, ...ის ქუჩა №... (ამჟამად, ბოლნისი, ...ის №...). საგულისხმოა, რომ ბინაში რეგისტრირებულ ერთადერთ პირად ზ.ჟ-ა არის მითითებული. ამასთან, ბარათის გრაფა „რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი“ ცარიელია. სააგენტოს ინფორმაციით, ზ.ჟ-ა რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №54-სა და ...ის ქ. №77-ში. ხსენებულ მისამართებზე მითითებულია როგორც რეგისტრაციის, ასევე, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღები. ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №54-ში რეგისტრაციის თარიღია 2009 წლის 16 თებერვალი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი - 2017 წლის 24 აპრილი. ქ. თბილისში, ...ის ქ. №77-ში რეგისტრაციის თარიღია 2017 წლის 25 აპრილი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი - 2019 წლის 16 მაისი.
დადგენილია, რომ 2021 წლის 28 სექტემბრის №... სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილ ზ.ჟ-ას სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა კანონისმიერმა მემკვიდრემ, მ.ს-ემ (შვილმა). ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ დაახლოებით 2000 წლიდან ზ.ჟ-ას/მ.ს-ეს სადავო უძრავ ქონებაში აღარ უცხოვრიათ. 2000 წლის შემდეგ, ბინაში საცხოვრებლად გადავიდნენ კ.ქ-ე და მისი მეუღლე ლ.კ-ე, შემდეგ, დაახლოებით 2005-2006 წლებიდან ცხოვრობდნენ ხ.ბ-ე და რ.რ-ე, ხოლო 2011 წლიდან, ხ.ბ-ისა და რ.რ-ის განქორწინების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა მხოლოდ რ.რ-ე. დღეის მდგომარეობით კი, ბინაში ცხოვრობს მ.ვ-ის ოჯახი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მესამე პირის - მ.ს-ის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, სადავო ბინა სარგებლობაში მის ბებიას გადაეცა. ამავე ბინაში ცხოვრობდნენ მისი დედა - ზ.ჟ-ა და თავად მ.ს-ეც. ოჯახს უნდოდა ბინის გაყიდვა, თუმცა ვერ ახერხებდნენ, რადგან არ იყო პრივატიზებული. ზ.ჟ-ას 2000 წლების დასაწყისიდან ბინა დაგირავებული ჰქონდა ლ.კ-ის ოჯახზე, რომელსაც შეეძლო საბოლოოდ შეესყიდა ეს ბინა, თუკი პრივატიზების საკითხი მოგვარდებოდა. ლ.კ-ე და ზ.ჟ-ა ვერ შეთანხმდნენ პირობებზე და ლ.კ-ემ განუცხადა, რომ თანხის დაბრუნების შემთხვევაში ბინას გაათავისუფლებდა. ვინაიდან ზ.ჟ-ას თანხა (2500 აშშ დოლარი) არ გააჩნდა, მოიძია ახალი მოგირავნე რ.რ-ე, რომელმაც ლ.კ-ეს გაუსტუმრა ეს თანხა და ასევე გადაიხადა ბინაში არსებული კომუნალური დავალიანება 1000 ლარამდე ოდენობით. დაახლოებით 2004 წლიდან ბინაში საცხოვრებლად გადავიდნენ რ.რ-ე, მისი მეუღლე ხ.ბ-ე და შვილი ლ.რ-ე. გარკვეული წლების შემდეგ რ.რ-ემაც მოისურვა ბინის საკუთრებაში გადაცემა, რომლის დამაბრკოლებელი გარემოება კვლავ პრივატიზების საკითხი იყო. ამ დროისათვის მ.ს-ის დედა - რ.ჟ-ა გარდაცვლილი იყო, მისაღები იყო სამკვიდროც. მ.ს-ე თბილისში ცხოვრობდა და თანხმობა განაცხადა, მინდობილობა გაეცა და მის ნაცვლად მოეგვარებინათ პრივატიზების საკითხი, რის შემდეგაც გააფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ ყველა პირობაზე და ხარჯის დაფარვის წესზე. მ.ს-ის განმარტებით, 2004 -2010 წწ. რ.რ-ემ მასთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით გაარემონტა ბინა და მიაშენა აივანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ.ბ-ემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 ნოემბრის №3699 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული 2021 წლის 4 დეკემბრის №528 საკუთრების უფლების მოწმობა იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მან ბოლნისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებული ბინა №... მ.ს-ისგან ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯერ ლ.კ-ემ შეიძინა, ხოლო 2004-2005 წლებში ლ.კ-ისგან, ასევე ზეპირი გარიგების საფუძველზე, შეიძინა თავად მოსარჩელემ. მოსარჩელის მითითებით, დაახლოებით 1995 წლიდან მ.ს-ე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მოსარგებლეს ბინის გასხვისების გამო და მის სახელზე უძრავი ქონების პრივატიზება დაუშვებელი იყო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება-გამოცემისას დადასტურდებოდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესს. მართალია, საქმის მასალებში დაცული მოწმეთა ჩვენებების თანახმად, 2005-2006 წლებში სადავო ბინაში ცხოვრობდა რიჟამაძე-ბერძენაძის ოჯახი, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ გახდება აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. მხარე მოთხოვნას აყრდნობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით არ წარმოადგენს სათანადო, უტყუარ მტკიცებულებას. მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია კანონმდებლობით სავალდებულოდ გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო ფართით კანონიერი სარგებლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე ლ.მ-ის მიერ 29.10.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ.მ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ლ.მ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ხ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 29.10.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე