¹ ას-243-932-03 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის გამოყოფა (ძირითად სარჩელში), ეზოს გამიჯვნა, სადავო ფართის თანაბარწილად გაყოფა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ა.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. ა.-ისა და მ. ც.-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა. აღნიშნული სახლთმფლობელობა საკუთრების უფლებით ეკუთვნის მხარეებს იდეალური წილების სახით. ნ. ა.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფა.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: განისაზღვრა მოსარჩელე ე. ა.-ის სახელზე ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ. ა-ა1 პირველი სართულის ¹5 ოთახის (ფართით 16,43 კვ.მ.), მის წინ მდებარე აივნის (ფართით 14,7 კვ.მ.), ლიტ ა-ა1 სარდაფიდან ¹3 ოთახის (ფართით 14,04 კვ.მ.), ¹4 ოთახის (ფართით 6,0 კვ.მ.), წინ მდებარე აივნის (ფართით 21 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთის (331 კვ.მ.) აღრიცხვა; მოპასუხე ნ. ა.-ს დაევალა თავისი ხარჯებით მიადგას ცალკე კიბე და ჩადგას კარები აივნის მხრიდან; ნ. ა.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განისაზღვრა ნ. ა.-ის სახელზე სადავო სახლთმფლობელობის ლიტ ა-ა1 პირველი სართულის ¹3 ოთახის (ფართით 23,14 კვ.მ.), ¹7 ოთახის (ფართით 4,15 კვ.მ.), ¹8 ოთახის (ფართით 6,50 კვ.მ.), ¹9 ოთახის (ფართით 4,20 კვ.მ.), ზედა სართულის აივნის (ფართით 6,125 კვ.მ.), ლიტ ა-ა1 სარდაფიდან ¹7 ოთახის (ფართით 12,47 კვ.მ.), ¹6 ოთახის (ფართით 3,06 კვ.მ.), ¹5 ოთახის (ფართით 5,04 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთის (ფართით 331 კვ.მ.) აღრიცხვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში გამოესწორებინა ხარვეზი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ე. ა.-ს ჩაბარდა 2003წ. 7 მაისს. განსაზღვრული საპროცესო ვადის განმავლობაში, კერძოდ, 2003წ. 13 მაისს, ე. ა.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი, ეკონომიკურად გაჭირვებული. განცხადებასთან ერთად აპელანტმა წარმოადგინა თავისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობები, კერძოდ, ცნობა ყოველთვიურად პენსიის 14 ლარის ოდენობით მიღების თაობაზე და ცნობა იმის შესახებ, რომ არის უმუშევარი პენსიონერი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინებით ე. ა.-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი არ ითვალისწინებს მატერიალურად გაჭირვებული და უმუშევარი პირის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟისაგან.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე ე. ა.-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის განჩინებით ე. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამარლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ა.-მ ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, წარუდგინა სააპელაციო პალატას მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ორი ცნობა, რომელთა საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება. მოცემულ ცნობათაგან ერთი გაცემულია სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მიერ და ადასტურებს მის მიერ პენსიის მიღებას ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე, გაცემული ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადასტურებს, რომ ე. ა.-ე არის უმუშევარი პენსიონერი.
სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 63-ე, 102-103-ე, 46-ე მუხლებით, ასევე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ვინაიდან: აპელანტმა ე. ა.-მ სააპელაციო პალატას სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლამდე, რის გამოც აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაქარწყლებულად; აპელანტის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ იქნა მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, არ დაასაბუთა, თუ რატომ არ მიიჩნია წარმოდგენილი ცნობები სათანადო მტკიცებულებებად; არასწორად მიუთითა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების იმპერატიულ საფუძვლებზე მაშინ, როდესაც მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფაკულტატურ საფუძველთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს წინასწარ უნდა ეცნობებინა აპელანტისათვის მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ამდენად, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.