Facebook Twitter

ბს-1081 (კ-21) 18 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ჯ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2021წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ...-მა“ 03.08.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 24.07.2019წ. N000870 მითითების, 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტის და 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილების, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 15.07.2020წ. N815 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2020წ. გადაწყვეტილებით შპს „ჯ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ...“ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 884 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეს. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ...ის არქიტექტურული პროექტი, ხოლო სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებით ...ის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 24.07.2019წ. შპს ,,ჯ...-ის“ მიმართ შედგა №000870 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,ჯ...-ის" მიერ ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარღვეულია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 და 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს ,,ჯ...-ს“ დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს „ჯ...-ს“ განესაზღვრა 25 კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შპს „ჯ...-ის“ მიერ არ იქნა შესრულებული N000870 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 18.10.2019წ. №4-3/226-გ/19 ბრძანებით შპს ,,ჯ...-ის" მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 02 (ორი) თვით. 02.12.2019წ. ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინა, რომ შპს „ჯ...-ის“ მიერ არ იყო შესრულებული 24.07.2019წ. №000870 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ იყო წარდგენილი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია და ასევე ობიექტი არ იყო მოყვანილი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. №4-1/დ 2282-19 №000870 დადგენილებით შპს „ჯ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (...ი) მშენებლობისათვის, შპს „ჯ...-ს“ დაევალა დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

შპს „ჯ...-ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 24.07.2019წ. N000870 მითითების, 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტის და 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 15.07.2020წ. N815 ბრძანებით შპს „ჯ...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილება. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ჯ...-ის" მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემოწმების შედეგად დადგინდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 და 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტის დარღვევა, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე და არც სასამართლოში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მშენებლობის ნებართვის გაცემის ან ლეგალიზების დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქალაქო სასამართლოს მითითებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ,,მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ,,ა.ბ“ მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით; ამავე კანონის 25-ე მუხლი თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,ჯ...“ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეს და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 და 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტის დამკვეთს. დადგენილია, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა პროექტთან შესაბამისობაში და დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე, თუმცა მოსარჩელეს არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და არც სადავო დადგენილების გამოცემამდე სამართალდარღვევა არ გამოუსწორებია, რის გამოც სახეზე იყო მისი დაჯარიმების საფუძველი, რაც ადასტურებს იმას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. №000870 დადგენილება გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2020წ. №815 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც შპს ,,ჯ...-ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლომ სზაკ-ის 601.3, 185-ე და 201-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.07.2020წ. №815 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...-ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2021წ. განჩინებით შპს „ჯ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს პირობებს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად და ვადას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. №4-1/დ 2282-19 №000870 დადგენილებით შპს „ჯ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (...ი) მშენებლობისათვის და შპს „ჯ...-ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ №... საკადასტრო კოდზე, 2-16 მონაკვეთში დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,ჯ...-ის" წარმომადგენელი არ უარყოფს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 და 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტის დარღვევის ფაქტს. ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითების მიცემის და ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების მიუხედავად, შპს ,,ჯ...-ს" არც მითითებით იმპერატიულად დადგენილ ვადაში და არც სადავო დადგენილების გამოცემამდე არ მოუხდენია სამართალდარღვევის გამოსწორება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 24.07.2019წ. №000870 მითითება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.08.2019წ. №000870 შემოწმების აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. №4-1/დ 2282-19 №000870 დადგენილება, გამოცემული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ჯ...-ის“ მიერ.

კასატორმა მიუთითა სასკ-ის 22-ე, სზაკ-ის 601, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მის წინააღმდეგ სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 24.07.2019წ. N000870 მითითების შედგენით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტის შედგენით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა. აღნიშნულის შემდგომ, 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილებით, შპს „ჯ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (...ი) მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით შპს „ჯ...-ს" დაევალა დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებით განსაზღვრული დარღვევის გამოსწორებისა და პროექტის კორექტირების მიზნით შპს „ჯ...-მა“ 20.08.2019წ. განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა უარი ეთქვა პროექტის კორექტირებაზე. კასატორი თვლის, რომ არქიტექტურის სამსახურის უარი უკანონოა, რაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით არქიტექტურის სამსახურს რომ არ მიეღო უკანონო გადაწყვეტილება და მათთვის პროექტის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა, აღარ იქნებოდა მიღებული დაჯარიმების თაობაზე დადგენილება. კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. კასატორმა სზაკ-ის 53-ე, 96-ე და სასკ-ის 32-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტი არამართლზომიერად ზღუდავს მოსარჩელის უფლებებსა და ინტერესებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 884 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „ჯ...“. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ...ის არქიტექტურული პროექტი. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებით ...ის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 24.07.2019წ. შპს ,,ჯ...-ის“ მიმართ შედგა №000870 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,ჯ...-ის" მიერ ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარღვეულია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. №4010820 და 02.07.2018წ. №4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს ,,ჯ...-ს“ დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს „ჯ...-ს“ განესაზღვრა 25 კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შპს „ჯ...-ის“ მიერ არ იქნა შესრულებული N000870 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 18.10.2019წ. №4-3/226-გ/19 ბრძანებით შპს ,,ჯ...-ის" მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 02 (ორი) თვით. 02.12.2019წ. ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინა, რომ შპს „ჯ...-ის" მიერ არ იყო შესრულებული 24.07.2019წ. №000870 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, არ იყო წარდგენილი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია და ასევე ობიექტი არ იყო მოყვანილი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. №4-1/დ 2282-19 №000870 დადგენილებით შპს „ჯ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (...ი) მშენებლობისათვის, შპს „ჯ...-ს“ დაევალა დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

მოცემული საქმის დავის საგანს შეადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 24.07.2019წ. N000870 მითითების, 19.08.2019წ. N000870 შემოწმების აქტის და 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილების, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 15.07.2020წ. N815 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით, მოქმედებს პრევენციული აკრძალვის მოდელი ნებართვის გაცემის დათქმით, ნებართვის გაცემით პირს ექმნება სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ფორმალური საფუძველი. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად, მშენებლობის აკრძალვის საფუძველი - უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან (გარკვეული კატეგორიის შენობისათვის) შეტყობინების გარეშე (სუსგ 29.12.2021წ. Nბს-160(კ-19)). უნებართვო მშენებლობა უკანონობის საფუძველს ქმნის, უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის - სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის არსებითი დარღვევით. სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში შპს „ჯ...-ის“ მიერ დარღვეულია არქიტექტურის სამსახურის 14.06.2018წ. N4010820 და 02.07.2018წ. N4045825 ბრძანებებით შეთანხმებული პროექტი, რაც გახდა საბოლოოდ მის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილების გამოცემის საფუძველი. ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით შპს „ჯ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (...ი) მშენებლობისათვის, შპს „ჯ...-ს“ დაევალა დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ნებართვას დაქვემდებარებული ქმედების განხორციელება სათანადო უფლების მოპოვების გარეშე წარმოადგენს დარღვევას, რაც იწვევს დამრღვევისთვის პასუხისმგებლობის (ადმინისტრაციული სახდელის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (დემონტაჟის) ვალდებულების დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილების მიღების საფუძველია "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „ა.ბ.“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამეტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის იწვევს 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია III კლასის შენობა-ნაგებობაზე (ს.ფ. 16-21). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე და არც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მშენებლობის ნებართვის გაცემის ან ლეგალიზების დამადასტურებელი დოკუმენტები. უფრო მეტიც, შპს „ჯ...-ის“ წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ორგანოს მითითებით განსაზღვრული დარღვევის გამოსწორებისა და პროექტის კორექტირების მიზნით შპს „ჯ...-მა“ 20.08.2019წ. განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა უარი ეთქვა პროექტის კორექტირებაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახურის უარის კანონიერება სხვა, ცალკე დავის საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ დავაზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას გამოვლინდა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით №... საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორსართულიანი შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 1169 კვ.მ., რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 23.02.2022წ. Nბ17.01220543 ბრძანება, ობიექტი დარეგისტრირებულია არა როგორც მშენებარე, დაუმთავრებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. შპს „ჯ...-ის“ მიერ აღნიშნული ბრძანების ასლი 25.04.2023წ. წარმოდგენილია საკასაციო სასამართლოში. ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მოპირდაპირედ (ს/კ ...) სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობადამთავრებული ობიექტი (...ი). ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველია "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 1413 მუხლი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.07.21წ. N85-73 დადგენილებით დამტკიცებული "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები". "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. N255 დადგენილების 29.1 მუხლის თანახმად ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოოდ დადგენას. 31.1 მუხლის შესაბამისად, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. N28-94 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუქნტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მიიღოს ესპლუატაციაში დასრულებული შენობა-ნაგებობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის განხილვა-შეფასების პროცესში სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულიერებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგლამენტირებული ზოგადი პრინციპებით. ხსენებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 12.07.2021წ. კანონით კოდექსს დაემატა 1413 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ 12.07.2021წ. კანონით შეტანილი დამატებების თანახმად, ექპლუატაციაში მიღება არის ობიექტზე დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პასუხისმგებლობის მოხსნის პირობა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობა, მათ შორის, შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, რომელზედაც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა წარმოებულია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით) ან შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ეს ნაწილი ვრცელდება აგრეთვე იმ ობიექტზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია წარმოებული (1413 მუხ. 1-ლი ნაწ.). ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია, აგრეთვე იმ ობიექტებს, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამკვიდრებული განაშენიანების გეგმის არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა 18.08.2020წ. მდგომარეობით, დამთავრებულია (1413 მუხ. მე-2 ნაწ.). ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს განცხადებით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში და წარუდგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას (1413 მუხ. მე-4 და მე-5 ნაწ.).

"საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 1413 მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას (ანალოგიური მოწესრიგება გვხვდება "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 1033 მუხლში). საჯარო რეესტრის 10.11.16წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ..., ...ის მოპირდაპირედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ჯ...", საჯარო რეესტრის 29.06.16წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ..., ...ის მოპირდაპირედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული. მუნიციპალური ინსპექციის 02.12.19წ. N4-1/დ 2282-19-N000870 დადგენილებაში დარღვევათა შორის მითითებულია: "16-2" მონაკვეთში მოწყობილია მონოლითური კონსოლური ფილა, რომელიც გადადის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N...); შენობის მარცხნივ, ეზოში სენდვიჩპანელის ღობის ნაცვლად მოწყობილია მონოლითური ღობე, რომელსაც შეცვლილი აქვს გაბარიტი, კონფიგურაცია, აღნიშნული ღობე და მიწის დონეზე მოწყობილი ბეტონის ფილა გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N...). მუნიციპალური ინსპექციის 23.02.22წ. Nბ17.01220543 ბრძანების მიხედვით სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობადამთავრებული ობიექტის (...ის) ექსპლუატაციაში მიღებასთან ერთად (1-ლი პუნქტი) აღნიშნულია, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას (მე-2 პუნქტი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. N59 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტზე - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“, რომლის 26.2 მუხლის მიხედვით, მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 3.0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილების 30.10 მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ ირკვევა სადავო დადგენილებაში მითითებული დარღვევების ფაქტობრივი მდგომარეობა. გამოსარკვევია შენობის რა ნაწილზეა მოწყობილი დადგენილებაში მითითებული ფილა და წარმოადგენს თუ არა ის შენობის არსებით შემადგენელ ნაწილს, დადგენას საჭიროებს ასევე დადგენილებაში მითითებული მიწის დონეზე მოწყობილი ფილის და ღობის ფაქტობრივი მდგომარეობა, ხომ არ აქვს მას დროებითი, დამხმარე ნაგებობის სტატუსი, რის შემდგომაც შესაფასებელია ფილის მოწყობა და საკადასტრო საზღვრების გაცდენა ექცევა პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ წარმოადგენს ცალკე სამართალდარღვევას, რა დროსაც გასათვალისწინებელია ერთი და იმავე ქმედებისთვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების დაუშვებლობის პრინციპი. ამასთან აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ 12.07.2021წ. კანონის "განმარტებითი ბარათის" მიხედვით მიჯნის ზონის დარღვევის შემთხვევაშიც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ექსპლუატაციაში მიღება ობიექტის მესაკუთრეს აძლევს თავისი საკუთრების არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობის რეგისტრაციის საშუალებას, "სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 1413 მუხლი ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საჯარო სამშენებლო სამართლით გათვალიწინებული საჯარო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რაც არ გამორიცხავს კერძო სამშენებლო სამართლის მიხედვით დაინტერესებული პირისათვის დავას თავისი უფლების დასაცავად (თუ ის თვლის, რომ დარღვეულია მისი უფლებები მიჯნის ზონის დაუცველობით). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალი მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სამშენებლო სამართალს, რაც ქმნის უფლების დაცვის პლურალიზაციის საფუძველს, ანუ შესაძლებელს ხდის უფლების დაცვას სამოქალაქო წესით მაშინ, როდესაც ასეთი რამ შეუძლებელია საჯარო-სამართლებრივად და პირიქით, შესაძლებელს ხდის უფლების დაცვას ადმინისტრაციული წესით, მაშინ როცა ასეთი რამ სამოქალაქო წესით შეუძლებელია. კერძო სამშენებლო სამართალი გულისხმობს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან მისი ფუნქციონირების პროცესში წარმოშობილ კერძო ხასიათის ურთიერთობებს, რომლებიც მხოლოდ კერძოსამართლებრივი ნორმებით (სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (მაგ. სამეზობლო სამართლის, დელიქტური სამართლის ნორმებიდან, ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობები)) ან საჯაროსამართლებრივთან ერთად კერძოსამართლებრივი ნორმებითაც წესრიგდება, მისი მიზანია კერძო სამეზობლო ინტერესების დაცვა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე, რაც ქმნის უფლების დაცვის ავტონომიურად ფუბქციონირებად შესაძლებლობას. ამდენად, მუნიციპალური ინსპექციის 23.02.22წ. Nბ 17.0120543 ბრძანების მე-2 პუნქტში მითითება იმაზე, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას, არ ადასტურებს სადავო აქტით მოსარჩელის მიმართ საჯარო-სამართლებრივი სანქციის გამოყენების მართებულობას. ამასთანავე, განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ზემოაღნიშნული ბრაძანების ან მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გასაჩივრების უფლებით სარგებლობა მოცემული დავის ფარგლებში არ დასტურდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის, გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ლეგალური მიუხედავად ფორმალური კანონიერების კრიტერიუმის დარღვევისა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებელობა, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებისა და აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების საფუძველზე განიხილოს განხორციელებული მშენებლობის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. იმ შენობის დემონტაჟი, რომლის კანონმდებლობით დადგენილ მატერიალურ მოთხოვნებთან (მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობა, განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი, გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი, შენობის დაშვებული ფუნქციური დანიშნულება და სხვ. მსგავსი პირობები) სრულად შესაბამისობა დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაძლოა არღვევდეს თანაზომიერების პრინციპს. ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, თუმცა მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა ხდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება (სუსგ 29.12.2021წ. Nბს 160(კ-19)). მოცემულ შემთხვევაში სადავო შენობა-ნაგებობა მიღებულია ექსპლუატაციაში, რაც ობიექტის კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გარემოებაა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 1413 მუხლის მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ან/და სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული არ არის და შესაბამისად გაურკვეველია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საკითხი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდება ამავე ინსპექციის სადავო 02.12.2019წ. N4-1/დ 2282-19 N000870 დადგენილება შპს "ჯ...-ის" მიერ ჯარიმის თანხის გადახდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, განსხვავებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისაგან, რომელიც არა ავტომატურად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი შედეგების გაუქმებას (სზაკ-ის 601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგს, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: მისი ძალაში შესვლის დღიდან; მისი ბათილად ცნობის დღიდან; მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით). სააპელაციო საამართლოს მიერ ზემოაღნიშნული საკითხის გამორკვევის შემდეგ დადგენას საჭიროებს დავის გაგრძელების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სადავო აქტების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (იხ. სუსგ 28.03.2022წ. №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (იხ. სუსგ 07.12.2016წ. №ბს-764-764(2კს-18) განჩინება). აღსანიშნავია, რომ სწორედ დავის გაგრძელების მიმართ იურიდიული ინტერესის არქონის საფუძვლით შპს „ჯ...-მა“ გაიხმო სარჩელი, რომლითაც პროექტის კორექტირებაზე უარის თქმის თაობაზე არქტიტექტურის სამსახურის შესაბამისი აქტის ბათილად ცნობა ჰქონდა მოთხოვნილი (საქმე N3/7910-19). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვისას შპს „ჯ...-მა“ უნდა დაასაბუთოს მოცემული დავის გაგრძელების იურიდიული ინტერესი. ამასთანავე, სასკ-ის 281 მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსს, მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და დაეხმაროს მოსარჩელეს მიზნის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გამორკვევის შემდეგ შესაძლოა დადგეს მოთხოვნის ტრანსფორმირების საჭიროება. სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონი 12.07.2021წ. არის მიღებული, შპს ჯ...-ს" არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრებში ხსენებული კოდექსის 1413 მუხლის საფუძველზე სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა არ მოუთხოვია. მოსარჩელის (კასატორის) მიერ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ზემოაღნიშნულ წესზე მიუთითებლობის მიუხედავად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 178-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს ევალება მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული სამართლებრივი საფუძვლების მითითება არ არის მხარის ვალდებულება (მოქმედებს პრინციპი - "მოსამართლე იცნობს სამართალს"), თუმცა მხარის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე მითითება შესაძლოა მნიშვნელოვან დახმარებას უწევდეს მოსამართლეს სამართლებრივ შეფასებაში (ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოსგან განსხვავებით მხარისათვის დაშვებულია ნორმის ტენდენციური განმარტება). ამდენად, მოსარჩელეს არ ევალება სადავო სამართალურთიერთობის იურიდიული კვალიფიკაცია, ხოლო სასამართლო არაა შებოჭილი მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მხარის იურიდიული კვალიფიკაციით, სასამართლო თავად ახდენს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას (სუსგ 14.03.05წ. Nას-973-1208-04), ფაქტობრივ გარემოებებთან "სუბსუმფციის" ფარგლებში შესატყვისი ნორმის გამოყენების წინაპირობების შეფასებას. მხარეების მიერ არასწორი ან არამყარი სამართლებრივი პოზიციის არჩევის შემთხვევაში, თუ საქმის მასალების მიხედვით და სხვაგვარი დასაბუთებით მოთხოვნის კანონიერი დაკმაყოფილება შესაძლებელია, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს დავის გადაწყვეტის სხვა სამართლებრივი საფუძველი. შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სასამართლოში დავის აღძვრის საკითხი, მათ ასევე შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მოსამართლის ექსკლუზიურ პრეროგატივას შეადგენს (სუს 28.12.10წ. Nას-877-825-2010). სარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმებით მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება არ გულისხმობს შეცილებული სამართლებრივი საფუძვლის სასამართლოს მიერ შეცვლას (სუსგ 25.03.13წ. Nას-1350-1275-2012). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლო კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი (სუსგ 25.03.13წ. Nას-1350-1275-2012; Nას-690-651-2010). საპროცესო მხარეს მარტოოდენ ფაქტების მითითებისა და მათი მტკიცების ტვირთი აკისრიათ (მოსარჩელესა და მხარეებს შორის მოქმედებს პრინციპი - "მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს" (da mili facta, dabo tibe ins)), თუმცა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული სასამართლოს ინიციატივით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა. მოცემულ შემთხვევაში შპს "ჯ...-ის" წარმომადგენელმა 25.04.2023წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 23.02.22წ. Nბ.17.01220543 ბრძანებით სანებართვო პირობების დარღვევით ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, განმცხადებელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მუნიციპალური ინსპექცია არ ასრულებს მიღებული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების ვალდებულებას. აღნიშნული ადასტურებს მოთხოვნის კორექტირების, დავის საგნის დაზუსტების საჭიროებას, მით უფრო, რომ არ დასტურდება მუნიციპალური ინსპქეციის 24.07.19წ. N000870 მითითებისა და 19.08.19წ. N000870 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული აქტები წარმოადგენენ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით შუალედურ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა ფასდება დამაგვირგვინებელი გადაწყვეტილების - მუნიციპალური ინსპექციის 02.12.19წ. N4 1/დ 2282-19 00087 დადგენილების კანონიერების შემოწმების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1169 კვ.მ. ფართის ორსართულიანი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „...ი“, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 24.05.2022წ. ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რეგისტრაცია განხორციელებულია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „...ის“ და შპს „ჯ...-ს“ ჰყავს ერთიდაიგივე დირექტორი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია მესამე პირის მიმართ არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა გარიგების დადებამდე იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა (სუსგ 03.06.2014წ. Nბს-287-279(კ-13)), მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უფლების შემძენი არ მიიჩნევა კეთილსინდისიერ შემძენად. მოცემულ შემთხვევაში შპს „...ს“ გადაეცა პროექტის დარღვევით აშენებული და შემდგომ ექსპლუატაციაში მიღებული უძრავი ქონება, მაშინ როდესაც შპს "...ის" დირექტორმა იცოდა შენობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც გამორიცხავს შპს "...ზე" კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის გავრცელების შესაძლებლობას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას შესაფასებელია შპს „...ის“ სამართლებრივი ინტერსის არსებობა დავის მიმართ, რის შემდეგაც საქმეში ჩაბმის და მისი საპროცესო სტატუსის განსაზღვრის თაობაზე მიღებული უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასკ-ის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად, ხოლო ამავე კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს შპს "...ის" ინტერესებზე მისაღები გადაწყვეტილების ზეგავლენის ფარგლები და განიხილოს საქმეში მისი მესამე პირად ჩაბმის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად საკასაციო პალატა მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსგან, რომელსაც სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმის ხელახალი განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2021წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი