საქმე №ბს-693(2კ-23) 25 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ა-ე
მესამე პირები - ქ.დ-ე, ლ.ზ-ე, ვ.თ-ე, თ.ნ-ე, ლ.ზ-ე, ზ.ზ-ე, ტ.ზ-ე, ს.ა-ა, მ.ზ-ე, გ.ზ-ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო - არასრულწლოვანი მესამე პირების ლ.ზ-ისა და გ.ზ-ის წარმომადგენელი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ვ.ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 ნოემბრის განკარგულება №688 და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №35 საოქმო გადაწყვეტილება; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ვ.ა-ის სახელზე გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ქ. ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.
სარჩელის თანახმად, ვ.ა-ე 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელზეც 1995 წელს პროექტის საფუძველზე ააშენა შენობა-ნაგებობა. 1995 წლის 25 იანვარს ხელვაჩაურის რაიონული გამგეობის №363 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა ,,...ის’’ მოთხოვნა ...ის მოწყობაზე, რომლის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია და აშენებულ იქნა შენობა-ნაგებობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც საქმის მასალები გადაუგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ვ.ა-ე სადავო ქონებით დღემდე სარგებლობს, კომისიის 2019 წლის 19 ნოემბრის №688 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის დაუსაბუთებელი და მასში აღნიშნული არ არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. განკარგულებაში მითითებულია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს ...ას, რომელზეც დაშენებულია მეორე სართული. აგრეთვე, წარმოდგენილია მიმდებარედ მცხოვრებ პირთა განცხადება, რომ შენობა არის სხვა პირთა სარგებლობაში, რომელთა თანხმობით ვ.ა-ემ დააშენა მეორე სართული. წარმოდგენილია ქ.დ-ის განცხადება, რომლის თანახმად, მას მომიჯნავედ გააჩნია 1010 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს თავად ფლობს და სარგებლობს. აღნიშნული გარემოებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ვ.ა-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით (მათ შორის, სამშენებლო პროექტი) დგინდება, რომ მას მიეცა უფლება აეშენებინა ..., რაც მან განახორციელა კიდეც, კერძოდ, ააშენა ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის პირველ სართულზე მოაწყო სათავსო-საწყობი. შესაბამისად, ეს შენობა-ნაგებობა არ არის სხვა პირთა სარგებლობაში და მხოლოდ მოქალაქეთა განმარტება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ამ პირთა მოსაზრების გასაზიარებლად. ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ნამდვილად არის განთავსებული ...ები, რომლებიც აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირებული აქვს საკუთრებაში ზ.ბ-ეს. ამდენად, ვ.ა-ე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩააყენა ზ.ბ-ისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში. რაც შეეხება ქ.დ-ეს, მას მომიჯნავედ საკუთრების უფლება წარმოეშვა 2019 წლის 10 მაისს, შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, ქ.დ-ე არ ფლობს და სარგებლობს ასაღიარებელი მიწის ნაკვეთით, მან უკანონოდ, თვითნებურად გადაწყვიტა დაუფლებოდა ვ.ა-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთს.
გასაჩივრებულ განკარგულებაში მითითებულია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილების გათვალისწინებით, ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია, რაც დაუსაბუთებელია, რადგან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობების და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის არსებობა ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ არ გამორიცხავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს -კომისიას ავალდებულებს გაითვალისწინოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა, ანუ საკუთრების უფლების აღიარება ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის რომელიმე კონკრეტულ გარემოებასთან. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვ.ა-ე არ იყო მიწვეული და არ იქნა მოსმენილი მისი პოზიცია.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ.დ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ.ზ-ე, ვ.თ-ე, თ.ნ-ე, ზ.ზ-ე, ს.ა-ა, ტ.ზ-ე, მ.ზ-ე, ლ.ზ-ე, გ.ზ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 ნოემბრის №688 განკარგულება და აღნიშნულ საკითხზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №35 საოქმო გადაწყვეტილება ვ.ა-ის მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას. ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება როგორც მიწის მართლზომიერად დაკავების, ასევე მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას, კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქალაქ ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ უძრავ ქონებას, რომლის ნაწილზეც - 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილებით კომერციულ ფირმა „...ას“ დაერთო ნება 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო ..., ხოლო დარჩენილ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე დაუფლებული იყო თვითნებურად. ვ.ა-ის განცხადებაზე კომისიამ წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც მას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან 2019 წლის 11 ოქტომბერს №... კორესპონდენციით გადაეგზავნა დაინტერესებული პირის განაცხადება და სარეგისტრაციო მასალები. ასევე დადგენილია, რომ 1994 წლის 27 მაისს კომერციული ფირმა „...ის“ პრეზიდენტმა ვ.ა-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და ითხოვა ნება დაერთოთ ფირმის საჭიროებისათვის ...ის ტერიტორიაზე, კერძოდ, ...ის 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში აეშენებინათ 2-სართულიანი შენობა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა, როგორც ფირმის ... და ოფისი. 1994 წლის 01 აგვისტოს ქალაქ ბათუმის ...ის უფროსმა წერილით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ გამგეობას და განაცხადა, რომ ბათუმის ...ის ადმინისტრაცია თანახმაა ...ის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ფირმა „...ას“ გამოუყოს 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ...ის თანამშრომლებმა - ა-ემ, მ-ემ, ა-ამ, ბ-ემ, ზ-ემ, მე-მა, ც-ემ, გ-ამ და კ-ემ თანხმობა განაცხადეს, რომ ...ის ოთხსართულიან საუწყებო სახლში, მათივე თანამშრომელს - კომერციული ფირმის თავმჯდომარეს, მათი სახლის ეზოში აეშენებინა კომერციული ... და ფირმისათვის ოფისის შენობა. აღნიშნული თანხმობა დადასტურებულია მათივე ხელმოწერებითა და ხელვაჩაურის ...ის საკრებულოს ბეჭდით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა „...ის“ განცხადება და მას ნება დაერთო ბათუმი - ...ის საავტომობილო გზის გასწვრივ, ...ის ტერიტორიაზე, კერძოდ, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო ... არქიტექტურული, სახანძრო და სანიტარული ნორმების დაცვით, საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებასთან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი მიღებულ იქნა 1994 წლის 28 ოქტომბერს, თუმცა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578 დადგენილების 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“ ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტიდან, ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, სახელდობრ, 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლში სიტყვები ,,1996 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალა სიტყვებით ,,1996 წლის 1 სექტემბრამდე“. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, ვ.ა-ემ ,,მეწარმეთა შესახებ“ 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონისა და მასში შეტანილი ცვლილების შესაბამისად რეგისტრაცია გაიარა თუ არა და დაფიქსირდა თუ არა მეწარმე სუბიექტად. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემის დროს გამოსაკვლევია მოცემული საკითხიც და ისეთ ვითარებაში, თუკი დადგინდება, რომ ვ.ა-ის კომერციულ ფირმა ,,...ას“ არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია კანონშესაბამისად, ასეთი 1996 წლის 1 სექტემბრიდან ითვლება გაუქმებულად, ხოლო მის მიერ 1994 -1995 წლებში განხორციელებული ქმედებები შეფასებულ უნდა იქნას არა როგორც იურიდიული, არამედ როგორც ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წელს ვ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. ბათუმში, ... №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს №... კორესპონდენციით მასალები გადაეგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
კომისიის 2019 წლის 08 ნოემბრის №35 საოქმო გადაწყვეტილებით და 2019 წლის 19 ნოემბერს მიღებული №688 განკარგულებით, ვ.ა-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთსა და მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ზემოხსენებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებულია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს ...ას, რომელზეც დაშენებულია მეორე სართული. მიწის ნაკვეთისა და შენობის დათვალიერებით, აგრეთვე მიმდებარედ მცხოვრებ პირთა განცხადებით, განსახილველი შენობა-ნაგებობა (...ები) წარმოადგენს სხვა პირთა სარგებლობაში არსებულ შენობას, რაზეც მათი თანხმობით განხორციელდა დაშენება ვ.ა-ის მიერ. ამავე აქტებში მითითებულია ასევე იმის შესახებ, რომ კომისიაში წარდგენილია ქ.დ-ის განცხადება, რომლის თანახმადაც, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საკუთრებაში გააჩნია 1010 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ვ.ა-ის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი არის მის სარგებლობაში არსებული მიწა. ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად კომისიამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, ,„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 მუხლსა და „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტს №3-7 დადგენილებაზე.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვ.ა-ე არ იყო მიწვეული და არ იქნა მოსმენილი მისი მოსაზრება. ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 21 დეკემბერს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასარკვევად, საქალაქო სასამართლომ ჩაატარა გასვლითი სხდომა, მოხდა სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობათა დათვალიერება. დათვალიერებისას ვ.ა-ის განმარტებით, შენობა-ნაგებობა, რომელიც არის ორსართულიანი, აგებულია მის მიერ, პირველ სართულზე არის განლაგებული ორი ... დათვალიერებით გამოირკვა, რომ ...ების გვერდით, საავტომობილო გზის გასწვრივ არის ოთახი, რომელიც ადრე იყო ... შენობას აქვს საერთო სახურავი, ყველა ფანჯარა იდენტურია. შენობის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მდებარეობს შენობის წინა მხარეს, საავტომობილო გზის გასწვრივ. ვ.ა-ის განმარტებით ...ის გვერდით მდებარე, პირველ სართულზე არსებული, პირველი ... არის მისი საკუთრება. დათვალიერების მონაწილე სხვა პირების განმარტებით აღნიშნული ... არის ვ.ა-ის ძმის და არა ამ უკანასკნელის. დათვალიერებით გამოირკვა, რომ აღნიშნული ...ის გვერდით მდებარე მეორე ... არის საქმეში მესამე პირად მონაწილე ლ.ზ-ის, რომელიც ამ უკანასკნელს გამოყენებული აქვს საცხოვრებლად და მასში განთავსებული აქვს ავეჯი. გარე ტერიტორიის დათვალიერებით გამოირკვა, რომ სადავო შენობის აღმოსავლეთ მხარეს არსებული მიწის ნაკვეთის პარალელურად ადრე გადიოდა სანიაღვრე არხი, რომელიც ამჟამად დახურულია. სადავო შენობის დასავლეთ მხარეს დგას მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი თავისი საავტომობილო შესასვლელით, რომელიც გამოიყენება ასევე ...ებში შესასვლელ გზად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი დავის ფარგლებში, აღიარების კომისიამ დაათვალიერა სადავო ტერიტორია, სადაც დახვდა აშენებული ...ები და მასზე დაშენებული შენობა-ნაგებობანი. კომისიისათვის გაურკვეველი დარჩა თუ ვინ ააშენა ეს შენობები, ვინ ფლობდა, ვინ სარგებლობდა და ზოგადად ვის ეკუთვნოდა ისინი, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ აღნიშნული შენობები იყო მისი აშენებული და ასევე, იქ მყოფმა პირებმა სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ მათი აშენების ფაქტი. აპელანტის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტს №3-7 დადგენილების დანაწესზე და მიუთითა, რომ ტერიტორიაზე, რომელიც არის გარკვეულ საზღვრებში მოქცეული, დაუშვებელია ...ების მშენებლობა და უნდა განხორციელდეს მათი დემონტაჟი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, ამ კუთხითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელი იყო. საქმის სააპელაციო განხილვისას მოსარჩელე მხარისა და მისი წარმომადგენლების განმარტების თანახმად, ვ.ა-ე 1980 წლიდან ფლობდა ქალაქ ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ უძრავ ქონებას, რომლის ნაწილზეც - 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილებით მის ფირმას დაერთო ნება 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო ..., ხოლო დარჩენილ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე დაუფლებული იყო თვითნებურად. მითითებულ ტერიტორიაზე შენობები აშენდა მის მიერ დაქირავებული მშენებლის მეშვეობით, რომელშიც გადაუხადა შესაბამისი თანხა. ვ.ა-ის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითეს იმის შესახებ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღემდე არ აქვს შემუშავებული სტრატეგიული გეგმა იმის შესახებ, თუ რომელი შენობა-ნაგებობის აშენება არის დასაშვები და რომელი უნდა დაინგრეს. შესაბამისად, მათთვის გაურკვეველია თუ რატომ ჩაითვალა ვ.ა-ის აშენებული შენობები უსახურად, მაშინ, როდესაც იდენტური შენობები, რომელიც მდებარეობდა ამ შენობებთან ახლოს და არის სხვა პირთა საკუთრებაში (ზ.ბ-ის, მ-ის და სხვა), აღიარებულ იქნა ამ პირთა საკუთრებად. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით მოსარჩელე განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აღმოჩნდა იდენტურ საქმეებზე სხვა პირებთან შედარებით. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ კომისიამ გაიზიარა მესამე პირის ქ.დ-ის განმარტება, რომ ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ფარავდა მის მიწის ნაკვეთს, თუმცა ქ.დ-ეს მითითებული ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია და იგი ამ ეტაპზე წარმოადგენს მხოლოდ მომიჯნავე ნაკვეთს, რომლის საკუთრებაში აღიარებაზე, მართალია, მიმართული აქვს კომისიისათვის, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული. სააპელაციო განხილვისას მესამე პირის - ქ.დ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების აღიარებას ითხოვს ვ.ა-ე, იჭრება იმ მიწის ნაკვეთში, რომელიც წარმოადგენს ქ.დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს, რომელსაც წლებია დაუფლებულია ქ.დ-ე და მას მიმართული აქვს კომისიისთვის ამ ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკვეთი მას საკუთრებაში არ მიუღია. სააპელაციო განხილვისას მესამე პირის - ლ.ზ-ის წარმომადგენელმა უარყო სადავო შენობების ვ.ა-ის მიერ აშენების ფაქტი, თუმცა მიუთითა იმის შესახებაც, რომ შენობა-ნაგებობა 1994-1995 წლებში აშენებული იყო როგორც ლ.ზ-ის მამის, ასევე, ვ.ა-ის ძმის - ხ-ის მიერ. მისივე განმარტებით, შენობა-ნაგებობების 1/3 წილი იყო რ.ზ-ის, ხოლო დანარჩენი 2/3 წილი ეკუთვნოდა ვ.ა-ის ძმას - ხ-ა-ეს და მის ცოლს, მ.ნ-ეს. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვ.ა-ის მიერ განიმარტა, რომ ზ-ეები თვითნებურად შესახლდნენ მის მიერ აშენებულ ფართში, მაშინ, როდესაც მას ეს ფართები უნდა დაერეგისტრირებინა, მათ შეამტვრიეს ფანჯარა და ამ გზით შეაღწიეს ფართში. აღნიშნულის გამო მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ვ.ა-ემ ასევე არ დაადასტურა სადავო შენობების წილობრივი გადანაწილების ფაქტი და განმარტა, რომ თავის ძმას - ხ-ა-ესა და რძალს - მ.ნ-ეს დროებით დართო ნება ეცხოვრათ მის საკუთრებაში. მას სურს კანონშესაბამისად მოიპოვოს საკუთრების უფლება მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე და აღნიშნულის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ ეს უძრავი ქონება აჩუქოს მისი გარდაცვლილი ძმის ოჯახს.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ 2019 წლის 06 ოქტომბერს ღობის უკანონო მშენებლობის ფაქტზე ვ.ა-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებას, სადაც უთითებდა, რომ ე.დ-ემ მის ტერიტორიაზე კვლავ განაახლა უკანონო სამუშაოები, რომლის ქმედების გამო სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული იყო, ხოლო ამჯერად უკანონოდ ჰქონდა დაწყებული კაპიტალური ღობის მშენებლობა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ვ.ა-ემ ღობის უკანონო მშენებლობის თაობაზე განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერს, სადაც უთითებდა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ზე №236-ში, 1995 წლიდან სათანადო ნებართვითა და პროექტით აშენებული ჰქონდა კაპიტალური ორსართულიანი შენობა, სათანადო წესით გამოყოფილ 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ ეტაპზე არ ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მისი მეზობელი ე.დ-ე ცდილობდა, რომ მიეთვისებინა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და აწარმოებდა კაპიტალური ღობის მშენებლობას. შესაბამისად, ითხოვდა სათანადო ღონისძიების გატარებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებაასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტისა და ექსპერტის დასკვნები.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული. კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებიდან ირკვევა, რომ კომისია საკითხის განხილვისას ძირითადად დაეყრდნო მხოლოდ დაინტერსებულ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უარყოფდნენ ვ.ა-ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების ფლობის ფაქტს და თავად მიიჩნევდნენ თავიანთ თავს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მქონე სუბიექტებად, თუმცა, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თვით მესამე პირების წარმომადგენლის მიერ განიმარტა, ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება 2/3 წილის მოცულობით გააჩნია ვ.ა-ის გარდაცვლილი ძმის კანონისმიერ მემკვიდრეებს, სახელდობრ ამ უკანასკნელის მეუღლეს მ.ნ-ეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაირკვა და დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კომისიას არ გამოუკითხავს ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა იურიდიული ინტერესი ჰქონოდათ სადავო ქონებასთან მიმართებით. თავად აპელანტის წარმომადგენელმა რამდენჯერმე განმარტა სასამართლო სხდომაზე, რომ კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების ჩატარებისას გაურკვეველი დარჩა თუ ვის მიერ იყო აშენებული სადავო ნაგებობები და რეალურად ვის ეკუთვნოდა ისინი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუკვლევია ყველა ის აუცილებელი გარემოება, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ორ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთიდან 335 კვ.მ-დან 150 კვ.მ გამოეყო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს დაეუფლა თვითნებურად. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს ორივე მითითებული შემთხვევა და დაადგინოს დასტურდება თუ არა მოსარჩელის მიერ სადავო ქონების როგორც მართლზომიერი ფლობის, ისე თვითნებურად დაკავების ფაქტი, ამასთან მან უნდა დაადგინოს სადავო ქონებაზე სხვა დაინტერესებულ პირებს გააჩნიათ თუ არა იურიდიული ინტერესი. აპელანტის წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სადავო საკითხის განხილვისას გამოიკვეთა დაინტერესებულ პირთა პრეტენზიები, რაც კანონის თანახმად საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ სადავო ქონებაზე სხვა პირთა პრეტენზიების არსებობისას, აუცილებელია გაირკვეს რამდენად საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი გააჩნიათ მათ, ხოლო აღნიშნულის გამოკვლევა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ იმის გამო, რომ სხვა პირებიც აცხადებდნენ პრეტენზიას სადავო ქონებაზე, სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები და დაედგინა თუ ვის გააჩნდა მასზე ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ამის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე განიხილა და გადაწყვიტა სადავო საკითხი, რომ მოსარჩელე მხარე არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოებისას და არ ყოფილა მოსმენილი მისი მოსაზრება სადავო გარემოებებთან მიმართებით. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა და დაკმაყოფილდა მხოლოდ სადავო ტერიტორიის ზოგადი დათვალიერებით, ამასთან დათვალიერებისას ადგილზე მყოფი პირების ზეპირი განმარტებებით, რაც საფუძვლად დაუდო მიღებულ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსაბუთებელია სადავო აქტებში გადმოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების უარსაყოფად იმაზე აპელირება, რომ თითქოსდა მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 მუხლთან. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ „დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ტიპის უსახური მოძველებული, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ...ების, მოწყობა განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით“. აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. მოცემულ შემთხვევაში, არც სადავო განკარგულებით და არც აპელანტის წარმომადგენლის მითითებით არ ირკვევა აღიარებისათვის დამაბრკოლებელი კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, თუ რატომ ითვლება მითითებული შენობები უსახურად და რატომ უნდა განხორციელდეს მათი დემონტაჟი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დასაბუთებულია საქალაქო სასამართლოს აპელირება, რომ კომისიას არ მოუხდენია ვ.ა-ის მიერ წარდგენილი სამშენებლო პროექტის და რიგი დოკუმენტების შესწავლა-შეფასება. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ვ.ა-ეს არ მისცემია უფლება მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში. კომისიას დოკუმენტალურად არ გაურკვევია, ვინ და როდის ააშენა სადავო მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობა, ასევე, არ გაურკვევია 2007 წლის მდგომარეობით ვინ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და ხომ არ იყო იგი სხვა პირის, მათ შორის, ვ.ა-ის რძლის - მ.ნ-ის საკუთრება, რომლის სახელზეც 2010 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით გაცემულია ტექნიკური დახასიათება ნახაზითურთ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომისია ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების სრულყოფილად დადგენა და გასაჩივრებულ აქტში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით არაა შესწავლილი, ან არასწორია, სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამდენად, მართებულია მოცემული დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ვ.ა-ე ითხოვდა, ქ. ბათუმში, ... №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ ვ.ა-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენდა ...ებს, რაზედაც დაშენებული იყო შენობა-ნაგებობის მეორე სართული. კომისიამ მიწის ნაკვეთის და შენობის დათვალიერებით, აგრეთვე, მიმდებარედ მცხოვრებ პირთა გამოკითხვით დაადგინა, რომ შენობა-ნაგებობა (...ები) წარმოადგენს სხვა პირთა სარგებლობაში არსებულ შენობას, რაზედაც მოგვიანებით, მათი თანხმობით განხორციელდა მეორე სართულის დაშენება ვ.ა-ის მიერ. კომისიაში ასევე წარდგენილი იყო ქ.დ-ის განცხადება, რომელიც მიიჩნევდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საკუთრებაში აქვს 1010,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს წარმოადგენს. კომისიამ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მოთხოვნებს. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. შესაბამისად, გასათვალისწინებელი იყო „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილება, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ტიპის უსახური, მოძველებული, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ...ების, მოწყობა განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით. ამავე დადგენილების მიხედვით, დემონტაჟს ექვემდებარება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უსახური შენობა-ნაგებობები, მათ შორის, ...ები.
კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვ.ა-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს სხვა პირთა სარგებლობაში არსებულ ...ებს, რაც ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ შეიძლება დაექვემდებაროს. ამდენად, ვ.ა-ე ვერ ჩაითვალა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნიეს, რომ კომისიამ არასრულყოფილად გამოიკვლია მასალები, არ მიიწვია მხარე ადმინისტარციული წარმოებისას და შესაბამისად, ვერ მოხერხდა ვ.ა-ის მოსაზრების შეფასება სადავო შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ეს საკითხები სასამართლომ თავისი ინიციატივით ჩატარებულ სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით გამოიკვლია, კერძოდ, მოხდა ადგილზე დათვალიერება, რომლის დროსაც ვ.ა-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ...ის მის მფლობელობაში არსებობის ფაქტი. გამოიკითხნენ მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს გარემოება, რომ ...ებიდან მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა არცერთი ნაგებობა, ამასთან, განმარტეს ის გარემოებაც, რომ ვ.ა-ის მიერ მათი თანხმობით არის დაშენებული მეორე სართულის ფართი ...ზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ მხრივ, რომ კომისიამ უნდა შეაფასოს ვ.ა-ის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულება - პროექტის შეთანხმება კომერციული ფართის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება ვ.ა-ისათვის არის სამართლებრივი საფუძველი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციოდ. კომისიამ ამ მხრივ სასამართლო სხდომებზე განმარტა, რომ აღნიშნული პროექტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ მიიჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და მის საფუძველზე სადავო ქონების რეგისტრაცია არ განახორციელა. საყურადღებოა, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია იურიდიულ პირზე და არა ვ.ა-ეზე, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ იგი 2012 წლის შემდგომ ვერ ჩაითვლება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და შესაბამისად, მასალები გადააგზავნა აღიარების კომისიაში. კომისიაზე საკითხის განხილვისას გამოიკვეთა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა ამ პროექტის ფარგლებში შესაბამისი მშენებლობის განხორციელება (მშენებლობა განხორციელდა ...ების და არა პროექტით გათვალისწინებული კომერციული ფართების). ამასთან, გაირკვა, რომ მშენებლობა განხორციელებული იყო სხვა პირების და არა ვ.ა-ის მიერ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კი კომისიამ ვერ ჩათვალა ვ.ა-ე მიწის თვითნებურ დამკავებლად.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო, სასამართლოს თავად მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან დარჩენილი იყო მხოლოდ ამ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასება. კომისიამ კანონმდებლობაზე დაყრდნობით სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა მხარის მიერ წარმოდგენილ და კომისიის მხრიდან დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებს. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ...ების აღიარების წესით დაკანონებას (ვინაიდან ისინი წარმოადგენს უსახურ, სივრცით-ტერიტორიულ მოწყობისათვის შეუსაბამო ნაგებობას და მათი დაკანონების შემთხვევაში მარტივად ვერ განხორციელდება დემონტაჟი, რასაც არსებული კანონმდებლობა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილება ითხოვს), სავსებით გამართლებული იყო აღიარების წესით ვ.ა-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. კომისიამ სწორად მიიჩნია, რომ ვ.ა-ე ვერ ჩაითვლება მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად, ვინაიდან ზემოაღნიშნული შენობის აშენების ფაქტი სადავოდ არის გამხდარი მეზობლების მიერ. ასეთ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის კონკრეტულ პირზე აღიარების განხორციელება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთის ფლობა გულისხმობს ფიზიკური პირის (პირების) მიერ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას და მიწის ნაკვეთის თავისუფლად ფლობას იმგვარად, რომ სხვამ ვერ ისარგებლოს ამ ქონებით, თუკი ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაგებობას ჰყავს სხვა მფლობელები, რომლებიც თვლიან, რომ შენობა-ნაგებობა მათი აგებულია. შესაბამისად, სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება, მაშინ, როდესაც ამავე ფართზე იკვეთება სხვა ფიზიკური პირების ინტერესი, სამართლებრივად გაუმართლებელია. ამასთან, სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა, რომ ... ეკუთვნოდა ვ.ა-ეს, ხოლო მის მიერ ...ზე უკანონოდ დაშენებული ნაგებობა არ არის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ.ზ-ემ, ვ.თ-ემ, თ.ნ-ემ, ზ.ზ-ემ, ს.ა-ამ, მ.ნ-ემ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით განუხილველი დარჩა ლ.ზ-ის, ვ.თ-ის, თ.ნ-ის, ზ.ზ-ის, ს.ა-ას და მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ვ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. ბათუმი, ... №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 17-18); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს №... კორესპოდენციით მასალები გადაეგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ტ.1. ს.ფ. 17-18); გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 8 ნოემბრის №35 საოქმო გადაწყვეტილებით ვ.ა-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით აღიარებაზე (ტ.4. ს.ფ. 204-207); დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 ნოემბრის №688 განკარგულებით ვ.ა-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ის №236-ში მდებარე 335 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით აღიარებაზე. კომისიის №688 განკარგულებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წარმოადგენს ...ას, რომელზეც დაშენებულია მეორე სართული. მიწის ნაკვეთისა და შენობის დათვალიერებით, აგრეთვე მიმდებარედ მცხოვრებ პირთა განცხადებით, განსახილველი შენობა-ნაგებობა (...ები) წარმოადგენს სხვა პირთა სარგებლობაში არსებულ შენობას, რაზეც მათი თანხმობით განხორციელდა დაშენება ვ.ა-ის მიერ. გარდა აღნიშნულისა, კომისიაში წარმოდგენილია ქ.დ-ის განცხადება, რომლის თანახმადაც, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საკუთრებაში გააჩნია 1010 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ვ.ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი არის მის სარგებლობაში არსებული მიწა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51.2 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილება, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ტიპის უსახური მოძველებული, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ...ების, მოწყობა განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით. ამავე დადგენილებით, დემონტაჟს ექვემდებარება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უსახური შენობა-ნაგებობები, მათ შორის, ...ები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვ.ა-ის განცხადება არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული წამოადგენს სხვა პირთა სარგებლობაში არსებულ ...ებს, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ შეიძლება დაექვემდებაროს. ამდენად, ვ.ა-ე ვერ ჩაითვლება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად (ტ.1. ს.ფ. 17-18); დ) 1994 წლის 27 მაისს კომერციული ფირმა „...ის“ პრეზიდენტმა - ვ.ა-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და ითხოვა ნება დაერთოთ ფირმის საჭიროებისათვის ...ის ტერიტორიაზე, კერძოდ, ...ის 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში აეშენებინათ 2-სართულიანი შენობა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა როგორც ფირმის ... და ოფისი. 1994 წლის 01 აგვისტოს ქალაქ ბათუმის ...ის უფროსმა წერილით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ გამგეობას და განაცხადა, რომ ბათუმის ...ის ადმინისტრაცია თანახმაა, ...ის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ფირმა „...ას“ გამოუყოს 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ...ის თანამშრომლებმა ა-ემ, მ-ემ, ა-ამ, ბ-ემ, ზ-ემ, მე-მა, ც-ემ, გ-ამ და კ-ემ თანხმობა განაცხადეს, რომ ...ის ოთხსართულიან საუწყებო სახლში, მათივე თანამშრომელს - კომერციული ფირმის თავმჯდომარეს, მათი სახლის ეზოში აეშენებინა კომერციული ... და ფირმისათვის ოფისის შენობა. აღნიშნული თანხმობა დადასტურებულია მათივე ხელმოწერებითა და ხელვაჩაურის ...ის საკრებულოს ბეჭდით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა „...ის“ განცხადება და მას ნება დაერთო ბათუმი - ...ის საავტომობილო გზის გასწვრივ, ...ის ტერიტორიაზე, კერძოდ, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო ..., არქიტექტურული სახანძრო და სანიტარული ნორმების დაცვით. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებასთან (ტ.1. ს.ფ. 22-63).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს ვ.ა-ისათვის თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. სადავო აქტის თანახმად, ვ.ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მითითება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული/წარდგენილი სრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეგისტრაციის დროს საკითხის გადაწყვეტის წესს, როდესაც სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ასეთ შემთხვევაში კომისიის მიზანია დაადგინოს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების გარემოებები და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი მასალები, რომლითაც ვ.ა-ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. ბათუმი, ... №236.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. საკასაციო სასამართლომ №ბს-1008(კ-20) საქმეზე განმარტა, რომ ,,კანონის მიზანია კერძო პირის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არა ყველა მიწის ნაკვეთის განკერძოება, არამედ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი, ნაკვეთის გამოყენება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, კერძო პირის მიერ ნაკვეთის „მისაკუთრება“, რაც დგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრებით ან/და საქმიანობით, ნაკვეთის დაუფლების არადროებითი ხასიათით, ნაკვეთის, როგორც საკუთარის ფლობით“.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ორ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთიდან -335 კვ.მ-დან 150 კვ.მ გამოეყო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს დაეუფლა თვითნებურად. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს ორივე მითითებული შემთხვევა და დაადგინოს დასტურდება თუ არა მოსარჩელის მიერ სადავო ქონების როგორც მართლზომიერი ფლობის, ისე თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ზემოაღნიშნული ნორმები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები). ამავე კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილია მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა იმსჯელოს სადავო ქონებაზე მოსარჩელის მართლზომიერი ფლობის ფაქტზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიღებით სახელმწიფოს სურდა, მოეხდინა მიწის ნაკვეთთა განკერძოება, რაც გამოიხატებოდა მიწის ნაკვეთის არა ნებისმიერი პირისთვის, არამედ მფლობელისთვის/მოსარგებლისთვის გადაცემაში. ნიშანდობლივია, რომ საკუთრების უფლების აღიარებისას (გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა) კანონმდებელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ამავე მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის მიერ შენობის განთავსებას, ითვალისწინებს შენობის სახესა და მდგომარეობას ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მომიჯნავეობას. შესაბამისად, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ, ერთი მხრივ, ფლობს მიწის ნაკვეთს, ხოლო, მეორე მხრივ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული აქვს შენობა ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე (სუსგ საქმეზე 20.06.2022წ. №ბს-1279(კ-20)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის - საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უკავშირებს მასზე განთავსებულ ორსართულიან შენობა-ნაგებობას და განმარტავს, რომ აღნიშნული შენობა მის მიერ არის აშენებული 1995 წლის პროექტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას. ამავდროულად აუცილებელია, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა დაადასტუროს, დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა თუ არა მიწის ნაკვეთით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი არის სადავო მიწის ნაკვეთით ფლობის ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი შენობა არის მისი აშენებული და ამასთან, წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილება ...ის მშენებლობის შესახებ, თუმცა იმ პირობებში, როდესაც №363 გადაწყვეტილება მშენებლობის უფლებას უდგენს კომერციულ ფირმა „...ას“ და არა ვ.ა-ეს და ამავდროულად, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სადავო შენობა სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე აშენებული ..., შეუძლებელია მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა. საყურადღებოა, რომ ვ.ა-ის განმარტების საწინააღმდეგო განმარტებას იძლევიან საქმეში მონაწილე სხვა პირები, მათ შორის, მესამე პირის - ლ.ზ-ის წარმომადგენელმა უარყო სადავო შენობების ვ.ა-ის მიერ აშენების ფაქტი, თუმცა მიუთითა იმის შესახებაც, რომ შენობა-ნაგებობა 1994-1995 წლებში აშენებული იყო როგორც ლ.ზ-ის მამის, ასევე ვ.ა-ის ძმის მიერ. მისივე განმარტებით, შენობა-ნაგებობების 1/3 წილი იყო რ.ზ-ის, ხოლო დანარჩენი 2/3 წილი ეკუთვნოდა ვ.ა-ის ძმას - ხ-ა-ეს და მის ცოლს - მ.ნ-ეს. ამ მხრივ სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა საქმეში წარმოდგენილი ქ. ბათუმის, ...ის №238 კორპუსის მობინადრეთა 2020 წლის 8 ივნისის კრების ოქმი, ამავე ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ 2020 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობა, 2020 წლის 16 და 18 ივნისით დათარიღებული ლ.ზ-ის მეზობლების ერთობლივი განცხადება (ტ.1. ს.ფ. 113-114, 115, 116-118, 231), სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ტერიტორიაზე აშენებულ შენობებს შორის არის ლ.ზ-ის მამის მიერ აშენებული ორსართულიანი ქვის შენობა, რომელსაც ლ.ზ-ე იყენებს საცხოვრებლად.
საყურადღებოა, რომ 2021 წლის 21 დეკემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა ადგილზე დათვალიერება და დაადგინა, რომ პირველ სართულზე არის განლაგებული ორი ... ...ების გვერდით, საავტომობილო გზის გასწვრივ არის ოთახი, რომელიც ადრე იყო ... შენობას აქვს საერთო სახურავი, ყველა ფანჯარა იდენტურია. შენობის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მდებარეობს შენობის წინა მხარეს, საავტომობილო გზის გასწვრივ. ვ.ა-ის განმარტებით ...ის გვერდით მდებარე, პირველ სართულზე არსებული, პირველი ... არის მისი საკუთრება. დათვალიერების მონაწილე სხვა პირების განმარტებით აღნიშნული ... არის ვ.ა-ის ძმის და არა ამ უკანასკნელის. დათვალიერებით გამოირკვა, რომ აღნიშნული ...ის გვერდით მდებარე მეორე ... არის საქმეში მესამე პირად მონაწილე ლ.ზ-ის, რომელიც ამ უკანასკნელს გამოყენებული აქვს საცხოვრებლად და მასში განთავსებული აქვს ავეჯი. გარე ტერიტორიის დათვალიერებით გამოირკვა, რომ სადავო შენობის აღმოსავლეთ მხარეს არსებული მიწის ნაკვეთის პარალელურად, ადრე გადიოდა სანიაღვრე არხი, რომელიც ამჟამად დახურულია. სადავო შენობის დასავლეთ მხარეს დგას მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი თავისი საავტომობილო შესასვლელით, რომელიც გამოიყენება ასევე ...ებში შესასვლელ გზად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს რამდენად ფლობს მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთს როგორც საკუთარს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ითხოვს 335 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,...ას’’ მინიჭებული ჰქონდა 150 კვ. მეტრზე, გაურკვეველი რჩება რა ფორმით არის დაუფლებული მოსარჩელე დარჩენილ 185 კვ.მ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ფაქტის კვლევა სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, თუმცა თავად მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია იმ სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომლის კვლევა შესაძლოა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების პირობებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილია, მიიღოს მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, არამედ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 25 იანვრის №363 გადაწყვეტილება ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული იყო ფირმა ,,...ის’’ სასარგებლოდ, სააპელაციო პალატამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაავალა გამოეკვლია ვ.ა-ის კომერციულმა ფირმამ ,,...მა“ გაიარა თუ არა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე (მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის გათვალისწინებით) სააპელაციო პალატას თავადაც შეეძლო შეფასება მიეცა მითითებული საკითხისათვის, მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 11 იანვარს მომზადებული ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ტ.2. ს.ფ. 194).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ.ა-ე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის განხილვაზე, თუმცა სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა რამდენად მოახდენდა გავლენას საბოლოო შედეგზე ვ.ა-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა და შესაბამისად, სახეზე არის თუ არა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული სადავო საკითხის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე და მოპასუხე კომისიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე