Facebook Twitter

№ბს-709(2კ-23) 30 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1209 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ა-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილებით განსაზღვრული 25 000 ლარიანი ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 8000 ლარით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1209 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი 25 000 ლარიანი ჯარიმის ბათილად ცნობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

4.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობის ფართობი იყო 60 კვადრატულ მეტრზე ნაკლები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არასწორად განსაზღვრა, რომ სადაო შენობა-ნაგებობა მიეკუთვნებოდა პირველი კლასს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, შენობა-ნაგებობათა კლასებისადმი მიკუთვნება ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის მშენებლობა არის მიმდინარე, ამასთან, ამ მშენებლობის თაობაზე არ არსებობს შესაბამისი ნებართვა, რომლითაც კლასისადმი კუთვნილება უტყუარად დადგინდებოდა, შენობა-ნაგებობას უნდა მიეკუთვნოს ყველაზე მაღალი კლასი. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის შემცირების საფუძველი.

4.2. კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ თ.ა-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2021 წლის 26 მარტის №001252 მითითების გაცემით, რომლითაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ..., ...ის ტერიტორია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ამავე მითითებით თ.ა-ის განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №001252 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე ინსპექციის 2021 წლის 26 მარტის №001252 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. მუნიციპალურ ინსპექციაში 2021 წლის 17 მაისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა თ.ა-ის წარმომადგენელი - ბ.ა-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია თ.ა-ის მიერ 2020 წელს. საქმის მასალებში წარმოდგენილი მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 7 ივნისის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ თ.ა-ის მიერ არ შესრულდა მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 მარტის №001252 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილებით თ.ა-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ..., ...ის ტერიტორია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით თ.ა-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1209 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ.ა-ის 2021 წლის 16 ივლისის №19/01211971793-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილება.

კასატორის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. ამგვარი დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კი განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების ერთობლივი შეფასების შედეგად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ..., ...ის ტერიტორია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...) განხორციელდა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა. მოცემული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელეს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ზემოხსენებული სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადასტურებულად მიიჩნევს თ.ა-ის მიერ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოების განხორციელების ფაქტს, თუმცა იზიარებს აპელანტის პოზიციას განხორციელებული მშენებლობის პირველ კლასად განსაზღვრის ნაწილში და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის“ მე-4 და მე-5 მუხლებზე და ამავე წესის დანართი №1-ზე მითითებით №001252 სადავო დადგენილებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა 25 000 ლარი შეამცირა 8000 ლარამდე.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა უნებართვო მშენებლობა, შესაბამისად, სადავო შენობა-ნაგებობის კლასის დადგენისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლოს დასკვნა აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს მიერ ასევე არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტსაც, რომ სადავო შენობა-ნაგებობა როგორც სამართალადარღვევის საქმისწარმოების დაწყების დროს, ასევე სადავო დადგენილების გამოცემის ეტაპზეც იყო დაუსრულებელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობაზე კლასის განსაზღვრას მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სამართალდამრღვევის დაჯარიმება უნდა მომხდარიყო უკვე განხორციელებული ქმედების შესაბამისად და არა სავარაუდოდ, სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებისთვის. ასევე დაუსაბუთებელია, პალატის განმარტებით, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება დამრღვევის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელება, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა განმეორებით დაიწყოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და უკვე შემდგომ განხორციელებულ ქმედებაზე მოახდინოს რეაგირება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისში, ..., ...ის ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდით ი.გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...), სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თ.ა-იმა ააშენა გადახურულ სივრცეში მოქცეული და კედლებით შემოსაზღვრული კაპიტალური, ახალი შენობა-ნაგებობა (ს.ფ 102-103, 110-111, 61-66); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელის მიერ 2021 წლის 4 მარტს შედგა №4-6/ო-211-21 დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, დაათვალიერა ქ. თბილისში, ..., ...ში, №... საკადასტრო კოდით ი.გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე თ.ა-ის მიერ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობა (ს.ფ 106-107); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 26 მარტს გაიცა №001252 მითითება, რომლითაც თ.ა-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მას განემარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც აშენებულია შენობა-ნაგებობა, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა მუნიციპალურ ინსპექციაში სამშენებლო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად. სხვა შემთხვევაში, თ.ა-ის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. (ს.ფ. 110-111); 2021 წლის 12 აპრილს, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის მიერ შედგა №001252 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 2021 წლის 26 მარტის მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა (ს.ფ. 108-109); გ) 2021 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტის მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად შედგენილი მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ თ.ა-იმა არ შეასრულა ინსპექციის 2021 წლის 26 მარტის №001252 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ 92); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილებით თ.ა-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით ქ. თბილისში, ..., ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე (ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით, თ.ა-ის დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (ს.ფ 87-89); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1209 ბრძანებით თ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილება (ს.ფ. 68-70, 61-66); ვ) საქმეში წარმოდგენილია დაკვალვის აქტი, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობის ფართობი შეადგენს 59.4 კვ.მ-ს (ს.ფ 243).

საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.ა-ის საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი. აქედან გამომდინარე, მთავარი სადავო საკითხია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 131-ე მუხლის რომელი ნაწილით უნდა განსაზღვრულიყო მოსარჩელის პასუხისმგებლობა, ანუ არსებობდა თუ არა თ.ა-ისთვის 25000 ლარის ოდენობით ჯარიმის ნაცვლად 8000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. მითითებული კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.

მითითებული კოდექსის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 26 მარტს გაიცა №001252 მითითება, რომლითაც მოსარჩელე თ.ა-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 2021 წლის 12 აპრილს, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის მიერ შედგა №001252 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 2021 წლის 26 მარტის მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი − გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 25000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, თუმცა, ამავე ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციისა ან/და დემონტაჟისათვის სანქციის ოდენობა განსაზღვრულია 8000 ლარით. ამდენად, დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ჯარიმის ოდენობას განასხვავებს იმის მიხედვით, თუ რომელი კლასის (I კლასის თუ მომდევნო კლასების) უნებართვო მშენებლობაა ნაწარმოები. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებითია იმ გარემოების დადგენა, თუ რომელ კლასს განეკუთვნება უნებართვო მშენებლობა, რაც განაპირობებს სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო სანქციის მართლზომიერად შეფარდებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილებით თ.ა-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით ქ. თბილისში, ..., ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე (ჯიპიეს კოორდინატები: ...; ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის მიერ უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტს და იმ გარემოებას, რომ სამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრება. შესაფასებელია მხოლოდ ის, თ.ა-ის მიერ ნაწარმოებია თუ არა I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებზე“, რომელიც განსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, გარდა V კლასის შენობა-ნაგებობისა; სანებართვო დოკუმენტაციის შემადგენლობას, მათი შედგენისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარების წესსა და პირობებს; სანებართვო პირობებს, მათი შესრულების პროცესს; შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების წესსა და პირობებს (1.2 მუხლი). დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის, ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად, ცალკეული შენობა-ნაგებობები და მშენებლობის სახეები, კონკრეტული მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით, იყოფა შესაბამის კლასებად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია, დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობების“ №1 დანართით დამტკიცებულია I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლები, კერძოდ: ა) 60 მ​2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ​3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ სადაო შენობა-ნაგებობის ფართობი 59.4 კვ.მ-ს შეადგენს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის მარტის, აპრილისა და ივნისის თვეებით დათარიღებული ფოტოსურათები, რომლითაც დგინდება, რომ შენობის კედლები სრულად ამოყვანილია და გადახურულია. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხის მიერ შედგენილ 2021 წლის 26 მარტის მითითებასა და 2021 წლის 12 აპრილის შემოწმების აქტში დარღვევის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საჯარიმო სანქციად კი - 8000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება უნებართვო მშენებლობის I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლების დაუკმაყოფილებლობისა და აღნიშნული შენობის მომდევნო კლასებისთვის მიკუთვნების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ვარაუდი, რომ სადავო მშენებლობა არის დაუსრულებელი და შესაძლებელია შეიცვალოს შენობის მახასიათებლები არ წარმოადგენს მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელის 25000 ლარის ოდენობით დაჯარიმების საკმარის საფუძველს, ვინაიდან ვარაუდის საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად მიჩნევა და მისთვის სანქციის დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგულისხმოა ისიც, რომ თ.ა-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 7 ივნისის №001252 დადგენილებით დავალებული აქვს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი და ამ ნაწილში აღნიშნული დადგენილება შესულია ძალაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელის დაჯარიმება უნდა მომხდარიყო ყველაზე მაღალი კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.ა-ის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობა სცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დაკისრებოდა ჯარიმა 8000 ლარით. ამდენად, გასაჩივრებულ ნაწილში არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია