საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-51(2კ-25) 10 მარტი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - დ.ჩ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - დ.ჩ-ის მიმართ და მისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...) 2022 წლის 24 მარტიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 20159.57 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ.ჩ-ეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის (2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით) 5621.33 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და დ.ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის სასწავლო საცდელ მეურნეობაში, ... (წინა კოდი...) საკადასტრო კოდის მქონე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ 527 კვ.მ-ით, არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა დ.ჩ-ე, რომელიც 2022 წლის 24 მარტიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. მას ტერიტორიაზე განთავსებული ქონდა მძიმე ტექნიკა, ასევე, მასალა და სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა დროებითი კონსტრუქციები, რომლებსაც ასევე იყენებდა საწარმოო პროცესებისთვის. აღსანიშნავია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება გაიმიჯნა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ..., რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2023 წლის 3 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „ ...-ს“.
კასატორის მითითებით, სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ ის ფაქტი, რომ დ.ჩ-ე 2022 წლის 24 მარტიდან დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად. რეგისტრაციის მეორე დღიდანვე, კერძოდ, 2022 წლის 25 მარტიდან გააფორმა ხელშეკრულება შპს „...-სთან“ ქალაქ თბილისში, ...ის მე-12 კმ-ზე მდებარე 120 კვ.მ სასაწყობე ფართზე კიბის საფეხურების მოსაწყობად. სწორედ იჯარით აღებული ფართის მომიჯნავედ, ერთ სივრცეში მდებარეობს არამართლზომიერი სარგებლობის ობიექტი, სადაც დ.ჩ-ე საქმიანობის დაწყების დღიდან ათავსებდა სარეალიზაციოდ გამზადებულ ...ას.
კასატორის მოსაზრებით, დ.ჩ-ისთვის უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის დაკისრება 2023 წლის 7 ნოემბრიდან, კერძოდ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის აღმოჩენის დღიდან, არასწორია, რამეთუ მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ დ.ჩ-ემ ქონების გამოყენება სწორედ ამ დღიდან დაიწყო. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მას სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა უნდა დაკისრებოდა სწორედ 2022 წლის 25 მარტიდან.
კასატორი - დ.ჩ-ე აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს, კერძოდ, არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ დ.ჩ-ე ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2022 წლის 24 მარტს და მისი იურიდიული მისამართია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., მე-5 ქუჩა, №33 და მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართთან და არ უსარგებლია ამ ფართით. მან 2022 წლის 25 მარტს იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „...-თან“, რომელიც მდებარეობს ...ის სასწავლო საცდელი მეურნეობის მომიჯნავედ და იგი მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებით აღებული 120 კვ.მ ფართით სარგებლობდა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, სასამართლოს სრულად უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის თანხის დაკისრებაზე.
დ.ჩ-ემ საკასაციო საჩივრით იშუამდგომლა, ასევე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის ზეპირი მოსმენით გამართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 და 298 იანვრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ.ჩ-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისში (...ის სასწავლო საცდელი მეურნეობა) მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა დემური ჩინჩალაძე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ნოემბერს №7/66333 და 2022 წლის 19 დეკემბერს №7/70431 წერილები გაეგზავნა დ.ჩ-ეს და განემარტა, რომ ...ის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე უძრავი ქონება, რომლის ნაწილითაც (527 კვ.მ) იგი სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა, საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მომენტიდან - 2022 წლის 24 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს მომზადებული №008609422 დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, დამკვეთის მიერ ორთოფოტოზე მონიშნული 527 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2022 წლის 24 მარტიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენდა 1951 ლარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო პრეტენზიები ძირითადად მიმართულია არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდის გამოთვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ თანხის დაანგარიშება უნდა მოხდეს 2022 წლის 24 მარტიდან - დ.ჩ-ის ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის დღიდან 2023 წლის 3 თებერვლამდე - უძრავი ქონების გასხვისებამდე, ხოლო, მოპასუხე - დ.ჩ-ის განმარტებით, მას საერთოდ არ უსარგებლია სახელმწიფო ქონებით.
მოცემულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების დანაწესებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების აქტი, რომელსაც ერთვის სარგებლობის დამადასტურებელი ფოტოსურათები, სარწმუნოს ხდის იმ გარემოებას, რომ ამ პერიოდისათვის საწარმოო მასალა ნამდვილად განთავსებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე. ამდენად, სსპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმოეშვა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, მოეთხოვა სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერი და ამავდროულად, სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოითვლება ფაქტის გამოვლენის მომენტიდან, უძრავი ნივთის გასხვისებამდე დროის მონაკვეთით. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო სადავო პერიოდის ათვლის საწყის წერტილად მიუთითებს დ.ჩ-ის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის თარიღს, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო დროის მონაკვეთში იმ ფაქტს, რომ სამეწარმეო მასალა სადავო ტერიტორიაზე 2022 წლის 7 ნოემბრამდეც იქნებოდა განთავსებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია დ.ჩ-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის არამართლზომიერად სამეწარმეო მიზნებისთვის სარგებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2022 წლის 7 ნოემბრიდან, 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ჯამში - 5621.33 ლარის დაკისრება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-88(კ-20), 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-449(კ-20) განჩინებები.
რაც შეეხება დ.ჩ-ის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა რამდენიმე სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. მ.ა-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს დ.ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 27 იანვარს №25667096825 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე