Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1228 (კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ფ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 25 აგვისტოს ი.ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2002 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, რომელიც არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარე, ქ. თბილისი, ... -2 დასახლება, ...ის ქ. №38-ის (ს/კ ...) მომიჯნავე. მიწის ნაკვეთები შემოღობილია და ქმნიან ერთიან სივრცეს. 2007 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი დასტურდება მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობებით და ორთოფოტოებით. ი.ფ-ის მითითებით, 2020 წლის 9 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება 2020 წლის 31 მაისს გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რომლის 2022 წლის 25 თებერვლის №180 განკარგულებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 თებერვლის №180 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 თებერვლის №180 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ

დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ კომისიას სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუყენებია ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში დაშვებული არცერთი ბერკეტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოსაკვლევად არ მიუთითებია იმ არგუმენტების თაობაზე, რაც საკმარისი იქნებოდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვისათვის. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის თაობაზე. მაგალითად, №... მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის მოძიებით, მებაღის წიგნაკიდან ამონაწერით, შესაბამისი არქივიდან მასალების გამოთხოვით, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მფლობელთა/მესაკუთრეთა გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით და ა.შ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნება მოძიებული მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, მხოლოდ და მხოლოდ, მიწათსარგებლობის გეგმიდან ამონარიდი №142 მიწის ნაკვეთის კოლექტიური მებაღეობისთვის გამოყოფასთან დაკავშირებით და მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში №...-ის მითითება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის საფუძვლად მოსარჩელის კანონიერი ინტერესის, მიწის ნაკვეთის სავარაუდოდ თვითნებურად დაკავების ფაქტის შესწავლაზე უარის თქმისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მითითებით, კომისიამ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რითაც დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი განკარგულია და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნუმერაცია, რაც ასევე დაადასტურა სააპელაციო სასამართლომაც და აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოება საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებაა. რაც შეეხება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთების კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების ფაქტს, კასატორის განმარტებით, საგულისხმოა რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ ყველა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი ინახება შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოს ტექ-ბიუროში, ხოლო ნაწილი ინახება მართლზომიერ მესაკუთრეებთან. მოქალაქეები კი, შეზღუდულნი არ არიან უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვადით, რაც არ გამორიცხავს მართლზომიერი მფლობელის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთზე გარკვეულ პერიოდის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახეზე იქნება ზიანი, რომლის კანონიერი მოთხოვნის უფლება ექნება იმ პირს, რომლის ინტერესებიც უგულებელყოფილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი.ფ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაზე მითითებულ და შესაბამისად, განაწილებულ მიწის ნაკვეთს №..., რაც გამორიცხავდა ი.ფ-ის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი.ფ-ი 2007 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...-2-ის დასახლება, ...ის ქუჩა №38-ში, დაზუსტებული ფართობი - 600 კვ.მ (საკადასტრო კოდი:...) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, ი.ფ-იმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის №... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაიგზავნა ი.ფ-ის განცხადება ქ. თბილისში, ...ის I ...ის ტერიტორიაზე (საერთო ფართობი - 546 კვ.მ.) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს წერილის თანახმად, ...ის I ... 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რუკის მიხედვით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1). ასევე, მასზე გათვალისწინებული იქნა ... სისტემური რეგისტრაცია (არ იძებნება ვისზეა აღრიცხული).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 თებერვლის №180 განკარგულებით ი.ფ-ის უარი ეთქვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიის მიერ გამოთხოვილ იქნა საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ... საკადასტრო ერთეულის რეგისტრაციის საფუძვლები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 8 ნოემბრის №55-01213122750 წერილის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 ნოემბრის №... და 24 ნოემბრის №... წერილით გადაგზავნილ იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (№...) და სქემატური გეგმა, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამება მიწის ნაკვეთის (ს/კ...) მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაზე მითითებულ და შესაბამისად, განაწილებულ მიწის ნაკვეთს - №142, რის გამოც საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გამორიცხავს ი.ფ-ის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების სამართლებრივ საფუძველს, რაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს შესაძლოა ჰყავდეს მესაკუთრე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დადგენის მიზნით მოსარჩელე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ფლობდა თუ არა 2007 წლამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ი.ფ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, სადავო აქტში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში იმსჯელა ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერებისა და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე