საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-698(კ-24) 18 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ზ. ბ-ე, მ. კ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - მ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ბ-ემ და მ. კ-ემ 2021 წლის 24 თებერვალს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის დროებითი განჩინებით ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში (ფართი - 54.40 კვ.მ) მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
ზ. ბ-ემ და მ. კ-ემ 2021 წლის 02 მარტს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2021 წლის 25 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2-870), დაკმაყოფილდა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის სარჩელი და მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №10, ბინა №...–ში მდებარე 54,40 კვ.მ ფართის მქონე ბინის მესაკუთრეებად (თანამესაკუთრე); კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად: ბათილად იქნა ცნობილი 1976 წლის 24 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონის, ...ს სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, ... წლის ...ს დაბადებულ ს. ო.-ს ასული ი-ესა და ... წლის ...ს დაბადებულ ხ. ს.-ს ძე ბ-ეს შორის. ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა გაცემული ს. ბ-ეის სახელზე (სანოტარო აქტი 2-11 (27.01.2006წ.)). გარდა ამისა, დადგენილ იქნა მოსარჩელეების - მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, შესაბამისად, ისინი ცნობილ იქნენ ხ. ბ-ეის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ...ს დასახლება, სახლი №..., ბინა №... (ს/კ №...), მემკვიდრეებად 1/2-1/2 ნაწილში.
მოსარჩელეებმა 2020 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 54,40 კვ.მ ბინა №... (ს/კ №...) დარეგისტრირდა მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის თანასაკუთრებაში.
რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების გათვალისწინებით სადავო გახადა ფართის პირვანდელი მესაკუთრის, ს. ბ-ეის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მ. ბ-ემ და საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის შესახებაც მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა სრულიად შემთხვევით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისივე 2021 წლის 13 იანვრის განცხადებით მოითხოვა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის მიმართ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩაბმის გარეშე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 10.11.2020 წ. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში მდებარე 54,40 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე აღდგენილი იქნა ს. ბ-ეის საკუთრების უფლება (ს/კ №...). ამდენად მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტები მიღებული იქნა საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ლახავდა მესაკუთრეების უფლებებს, შესაბამისად უფლების აღდგენის მიზნით მიმართეს სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება მ. ბ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელსაც დაევალა ... წლის ...ს დაბადებული მ. ბ-ეის ინტერესების დაცვის მიზნით, დავის საგანთან მიმართებაში მხარის პოზიციის გამოკვლევა და თავისი პოზიციის სასამართლოში წარდგენა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინებით ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტების სწორი გაგება გამორიცხავდა ყოველგვარ დავას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე და იძლეოდა მკაფიო წარმოდგენას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებაზე (საქმე №ბს-420-420(კ-18)), რომლითაც მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ის გარემოებები, რომლებიც ექსკლუზიურად და იმპერატიულად მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენასა და დადასტურებას ექვემდებარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სამართალწარმოებისას კონკრეტული დავის განხილვის პროცესში მაინც დადგინდა, ყოველგვარი მოკვლევისა და დადგენის გარეშე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის გაზიარებული ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მას ვერც პრეიუდიციული ძალა მიენიჭებოდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე ადმინისტრაციულ დავაზე მოსარჩელეები სადავო აქტების უკანონობას ასაბუთებენ სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებებით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შინაარსით აშკარად მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და დადგენილი ფაქტები არ შეიძლებოდა ყოფილიყო პრივატიზაციის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. ს. ბ-ეესა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №5 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორას შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე, როგორც ხ. ბ-ეის დანაშთ სამკვიდროზე, მოსარჩელეთა პრეტენზიების საფუძვლიანობას. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ სწორედ ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში მყოფი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაციის შესახებ №... (10.11.2020) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩათვალა, რომ აჭარის რეგიონული ოფისი არ იყო უფლებამოსილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-870) საფუძველზე, მიეღო რეგისტრაციის შესახებ №... (10.11.2020) გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის თანასაკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციის შესახებ №... (10.11.2020) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილება არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან მისი სარეზოლუციო ნაწილი შეუსაბამო იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან. კერძოდ, დადგინდა, რომ სასამართლომ მოსარჩელეები ხ. ბ-ეის მემკვიდრეებად ცნო ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც საჯარო რეესტრში ს. ბ-ეის სახელზე რეგისტრირებული იყო არა ბათილად ცნობილი სამკვიდრო მოწმობის (27.01.2006წ.), არამედ 1992 წლის 14 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც, სწორედ ს. ბ-ეეს გადაეცა უსასყიდლოდ საკუთრებაში ზემოხსენებული უძრავი ნივთი. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დამადასტურებელი მტკიცებულება კი სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, უძრავი ნივთი ვერ იქნებოდა მიჩნეული ხ. ბ-ეის სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებად და შესაბამისად, შეუძლებელი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-870) აღსრულება. ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილება რომ არ ქმნიდა უძრავ ნივთზე (ს/კ №...) მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო დადასტურდა, როცა ს. ბ-ეის სახელზე გაცემული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეესტრის №5970) ბათილად ცნობისა და 1982 წლის 13 მაისს გაცემული №01860 საცხოვრებელი ბინის ორდერიდან ს. ბ-ეის ამორიცხვის მოთხოვნით მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასამართლოების მიმართ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №3/244-13) ზემდგომ სასამართლოებში გასაჩივრების მიუხედავად შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი და გამოარკვია, რომ სახეზე იყო რეგისტრაციის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების მომზადების ან გამოცემის წესების იმგვარი დარღვევა, რაც შესაძლოა გამხდარიყო მათი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ადმინისტრაციული წარმოების წესის ყოველგვარი, თუნდაც უხეში დარღვევა არ იწვევდა აქტის უპირობოდ გაუქმებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და მათი მიღების დროს არსებითად არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების წესები. ადგილი არ ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით ან კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (№ბს-367-363(კ-14); №ბს-226-224(კს-12); №ბს-226-224(კ-17)) მითითებით აღნიშნა, რომ მართალია, რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეისთვის წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა, აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცული იყო იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტში იყო მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის უფლებას არსებითად არღვევდა, კანონიერი ნდობის პრიორიტეტულად განხილვა სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე შეუძლებელი იქნებოდა. ნორმის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგებოდა როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებას, განსახილველ დავაში კი, მოსარჩელეთა კანონიერი უფლება ეწინააღმდეგებოდა ჯერ ს. ბ-ეის, ხოლო შემდგომ მისი ანდერძისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებები მიიღო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის ჩართვის გარეშე. არ ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ საქმის მასალებს, წარედგინათ მოსაზრებები საჩივრებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები, რომლითაც გააბათილებდნენ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტით ბათილად ცნო აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და განაახლა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, აღადგინა უძრავ ნივთზე ს. ბ-ეის საკუთრების უფლება, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგათ კასატორებს. საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთრების უფლება ისე გააუქმა, რომ კასატორებს არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციული საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეისთვის უწყების ჩაბარებასა და მათ მიერ სხდომაზე დასწრებაზე უარის გაცხადებას საქმეში არ მოიპოვება.
ზ. ბ-ე და მ. კ-ე აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყურადღების მიღმა დატოვა. აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერების პრინციპი, რაც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ასევე მიუთითებენ ამავე კოდექსის 96-ე მუხლსა და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების დროს სრულყოფილად შეუსწავლელ და გამოუკვლევ გარემოებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ს. ბ-ეის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება („ა“ ქვ.პ.) და ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი („ბ“ ქვ.პ.). ამავე კოდექსის 601 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას (4 ნაწ.). სათანადო პირობების არსებობისას ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტი. აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. კონფლიქტის გადაჭრის ადმინისტრაციული და სასამართლოს საშუალებები ზემოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს.
ადმინისტრაციული ორგანო, იმ მომენტიდან, როცა იგი აღმოაჩენს (მიხვდება), რომ მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული აქტი ეწინააღმდეგებოდა აქტის გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობას, მმართველობის კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია ბათილად ცნოს იგი (სზაკ-ის 601 მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც ადმინისტრირების პრაქტიკაში მიღებული, კანონშესაბამისი პრაქტიკაა (სუსგ №ბს-428-423(2კ-14), 03.02.2015წ.). ის გარემოება, რომ სზაკ-ის 60-62-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება, ადასტურებს აგრეთვე იმასაც, რომ ასეთი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზეც. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით უგულებელყოფილი ან დარღვეულ იქნა (სუსგ №ბს-743-735(კ-16), 24.05.2018წ.). სარეგისტრაციო ურთიერთობა ეფექტურ კონტროლს საჭიროებს, რაც ერთის მხრივ გამოვლენას უნდა პოულობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში განახორციელოს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე თვითკონტროლი და მეორე მხრივ სრული ციკლის სასამართლოს კონტროლქვეშ მოქცევაში (სუსგ №ბს-598-591(კ-15), 25.02.2016წ.).
საქმეზე დადგენილია, რომ მ. კ-ემ და ზ. ბ-ემ 2020 წლის 28 ოქტომბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს ქ. ბათუმში მდებარე 54.40 კვ.მ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხსენებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს. ო.-ს ასული ი-ესა და ხ. ს.-ს ძე ბ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება, ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა გაცემული ს. ბ-ეის სახელზე, დადგინდა კასატორების მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, შესაბამისად, ისინი ცნობილ იქნენ ხ. ბ-ეის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებად 1/2-1/2 ნაწილში. გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ ხ. ბ-ეის გარდაცვალების შემდეგ, ს. ბ-ემ, როგორც მეუღლემ მოახდინა სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია. ბინის ორდერით დასტურდება, რომ ის გაცემულია კასატორთა მამის, ხ. ბ-ეის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურში სადავო ფართზე აღირიცხა ს. ბ-ეის საკუთრების უფლება, თუმცა, რამდენადაც ს. ბ-ეესა და ხ. ბ-ეს შორის ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ბ-ეის მიერ ზემოხსენებული ქმედებები განხორციელდა ბათილი ქორწინების საფუძველზე.
საჯარო რეესტრში დაცული ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ქ. ბათუმში, ...ს დასახლების №...-ში მდებარე ბინა №... აღრიცხული იყო ს. ბ-ეის სახელზე. აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა პრივატიზაციის ხელშეკრულება №5970, რომლის თანახმად, ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №5 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის წარმომადგენელმა ს. ბ-ეეს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ზემოხსენებული უძრავი ნივთი. პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ინა ეკუთვნოდა ქ. ბათუმის ადგილობრივ მმართველობის ორგანოს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კასატორების მოთხოვნა და ქ. ბათუმში მდებარე 54.4 კვ.მ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის თანასაკუთრების უფლება.
2020 წლის 17 ნოემბერს ს. ბ-ეის ანდერძისმიერი მემკვიდრის მ. ბ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, რომლითაც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე მითითებით, მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარდგენილი არ იყო საკუთრების გაუქმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა, სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების დაწყება რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეაჩერა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმულ იქნებოდნენ: აჭარის რეგიონული ოფისი, მ. კ-ე, ზ. ბ-ე და ს. ბ-ეის არასრულწლოვანი ანდერძისმიერი მემკვიდრის მ. ბ-ეის კანონისმიერი წარმომადგენელი ნ. მ-ე, თუმცა მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის დაცული.
2021 წლის 18 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის საკუთრების უფლება; განახლდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და უძრავ ნივთზე აღდგა ს. ბ-ეის საკუთრების უფლება. შესაბამისად, 2021 წლის 25 თებერვალს სარეგისტრაციო ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელებული რეგისტრაცია მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის სახელზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილების თანახმად, სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული წარმოების დროს გამორკვეული გარემოებები, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მატის განჩინებით დადგენილი გარემოებები. დადგენილია, რომ მ. კ-ემ და ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ს. ბ-ეის სახელზე გაცემული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ს. ბ-ეის ამორიცხვა 1982 წლის 13 მაისს გაცემული №01860 საცხოვრებელი ბინის ორდერიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და განიმარტა, რომ ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული №01860 ბინის ორდერის თანახმად, საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები იყვნენ ხ. ბ-ე, ს. ბ-ეე და მ. ბ-ე. 21.06.1990წ. ხ. ბ-ე გარდაიცვალა, ხოლო მ. კ-ე (ბ-ე), ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-2006წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, ირიცხებოდა კომლის წევრად მეუღლესთან ლ. კ-ესთან ერთად. შესაბამისად, ს. ბ-ეე წარმოადგენდა ერთადერთ დამქირავებელს, რომელიც უფლებამოსილი იყო, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებით, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმება და სადავო ქონებაზე ს. ბ-ეის საკუთრების უფლების წარმოშობა განაპირობა არა ს. ბ-ეესა და ხ. ბ-ეს შორის არსებულმა მემკვიდრეობითმა ურთიერთობამ, არამედ სადავო ბინასთან ს. ბ-ეის უშუალო კავშირმა, რომელიც აღნიშნული ქონების მიმართ დამქირავებლის სტატუსსა და სადავო ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში იქნა გამოხატული. პალატამ განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ ის პირები, ვინც წარმოადგენდნენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებდა საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №5 საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის წარმომადგენელსა და ს. ბ-ეეს შორის 1992 წლის 14 სექტემბერს პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებული იყო „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით და რომ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე დაიწყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება, გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებით დადგენილი გარემოებები და მიიჩნია, რომ აჭარის რეგიონული ოფისი არ იყო უფლებამოსილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-870) საფუძველზე, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის - პრივატიზაციის ხელშეკრულების ძალაში არსებობის პირობებში, მიეღო რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავი ნივთი (ს/კ №...) დარეგისტრირდა მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეის თანასაკუთრებაში, ბათილად ცნო აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, განახლდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და უძრავ ნივთზე აღდგა ს. ბ-ეის საკუთრების უფლება.
ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა მისი ან ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების საფუძველი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმეზე ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ., ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015წ. და სხვა). განსახილველ შემთხვევაში პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ს. ბ-ეემ მოიპოვა საკუთრების უფლება, ძალაშია, შესაბამისად, არ არსებობდა ს. ბ-ეის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (1 ნაწ.), ხოლო 98-ე მუხლი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით (1 ნაწ.). სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (2 ნაწ.).
საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ცნობისა და წარმოებაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინების მ. კ-ეისა და ზ. ბ-ეისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, ხოლო კასატორების უფლებებსა და ინტერესებს ნამდვილად შეეხო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კასატორები მიიჩნევენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, ისინი არ ყოფილან ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ მიეცათ მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა და მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების სზაკ-ის ნორმებთან შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვაგვარი შედეგის დადგომა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 601 მუხლი აქტის ბათილობას უკავშირებს კანონის არა ნებისმიერ, არამედ ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების მომზადების ან გამოცემის წესების ისეთი დარღვევა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. კასატორები მიუთითებენ საკანონმდებლო დანაწესზე, თუმცა არ მიუთითებენ რა არსებითი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მათ მონაწილეობას, რა არგუმენტები იქნებოდა წარდგენილი, რაც გამორიცხავდა სადავო აქტების მიღებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში კასატორები შემოიფარგლნენ მხოლოდ ნორმებზე მითითებით, თუმცა რაიმე არგუმენტი საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტის შესახებ არცერთ სასამართლოში არ წარუდგენიათ. ამის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, თავის მხრივ, ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება და საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მოცულია სასამართლო კონტროლით. ამგვარი კონტროლის განხორციელებისას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების შემოწმების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუსგ №ბს-623-610(კ-14), 21.01.2016წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი ნდობის დაცვაზე უარი სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი უნდა იყოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.) (სუს №ბს-1065(კ-20), 20.10.2021წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია ზ. ბ-ესა და მ. კ-ეს გააჩნდათ კანონიერი ნდობა 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მათი თანასაკუთრება, თუმცა აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (სუსგ. №ბს-226-224(კ-17), 29.06.2017წ.). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება კასატორების კანონიერი ნდობის ს. ბ-ეისა და მისი ანდერძისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლებასთან წინააღმდეგობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ეისა და მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მაისის განჩინება;
3. ზ. ბ-ეს (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს პ. შ-ეის (პ/ნ - ...) მიერ 22.07.2024წ. №9352 საგადასახადო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა