Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-47(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ა-ი (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები - ა. გ-ე, ზ. გ-ე, მ. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ღ-იმა სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 7 მარტს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში, მდებარე 936,00 კვ.მ უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რომელსაც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ფლობდა საკუთრების უფლებით. სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადებასთან დაკავშირებით დაადგინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან ზედდება, ამასთანავე ადმინისტრაციული ორგანო თავისივე გამოკვლეულ დოკუმენტაციაში უთითებდა, რომ მოთხოვნილ სარეგისტრაციო ფართზე საჯარო რეესტრში დაცული იყო განმცხადებლის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია თუმცა იმ მოტივით, რომ აღნიშნულ მისამართზე უკვე სხვისი საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული განმცხადებელს უარი განუცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განმცხადებელს ჯერ კიდევ 1996 წელს ჰქონდა მოპოვებული, ახლანდელ მესაკუთრეს კი, დაახლოებით 2004 წლიდან. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მიწის ნაკვეთთა იდენტურობაც, კერძოდ, უფლებადამდგენ დოკუმენტებში ზემომითითებული ორი მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრავი ტერიტორია სხვადასხვანაირადაა დახასიათებული და ზ. გ-ეის უფლებადამდგენ დოკუმენტებში მითითებული მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრავი ტერიტორია სრულიად სხვა სახითაა დახასიათებული, რაც გამორიცხავს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ ტერიტორიაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა ფორმალური დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №... და 2015 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების, მცირე საწარმო ,,...სათვის“ 936.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილების, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 2014 წლის 18 ნოემბერს გაცემული №885 ცნობის, 2004 წლის 15 ივლისის რეგისტრაციის, რომლითაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მ. მ-ის სახელზე, 2006 წლის 26 ივნისის რეგისტრაციის, რომლითაც უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) აღირიცხა ა. გ-ეის სახელზე და 2015 წლის 6 ნოემბრის რეგისტრაციის, რომლითაც უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) აღირიცხა ზ. გ-ეის სახელზე ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ღ-იმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. მ-ი და ა. გ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით კ. ღ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ა-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე მ. ა-ის (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელისა გამო, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 22 თებერვლის თვითაცილების განჩინების გათვალისწინებით, განსახილველად გადაეცა ცაგერის რაიონულ სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე მ. ა-ის (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელისა გამო, ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 29 მარტის თვითაცილების განჩინების გათვალისწინებით, განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე კ. ღ-ის უფლებამონაცვლის მ. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების-მ. მ-ის, ა. გ-ეის, ზ. გ-ეის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის - სარეგისტრაციო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უძრავი ნივთი (ს/კ ...) აღირიცხა ა. გ-ეის სახელზე და უძრავი ნივთი (ს/კ ...) აღირიცხა ზ. გ-ეის სახელზე შეჩერდა საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №2/2494-20წ. სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე მ. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - მ. მ-ის, ა. გ-ეის და ზ. გ-ეის მიმართ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე გაგრძელდა საქმის წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით კ. ღ-ის უფლებამონაცვლე მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ღ-ის უფლებამონაცვლე მ. ა-იმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კ. ღ-ის უფლებამონაცვლე მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი თავის მოთხოვნას აფუძნებს მხოლოდ იმ არგუმენტებზე მსჯელობას თუ კანონის რა მოთხოვნები დაირღვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მესამე პირის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვით, თუმცა ვერ ადასტურებს მოსარჩელის საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციით შელახვის ფაქტს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად ადგენს, რომ „დღეისათვის ზ. გ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება, მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის მდებარეობას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია ელ. სადგურის დასავლეთ მხარეს. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №26 აქტის მიხედვით, №9 (ყანა ,,...ში" ფართით 936 კვ.მ) მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ელ. სადგური. ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე სუბიექტის (ელ. სადგური) მდებარეობის გათვალისწინებით, მცირე საწარმო „...სათვის“ გადაცემული და შემდეგ მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთი არ მოიცავს კა. ღ-ისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №26 აქტით გამოყოფილ №9 მიწის ნაკვეთს. აპელანტს კი, აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დართული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ სადავო ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილებით მცირე საწარმო ,,...ს“ სწორედ ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია კ. (კა.) ღ-ის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-იმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა და ეყრდნობა მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რაც მისცემდა სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საშუალებას, ხოლო არგუმენტები და მტკიცებულებები, რაც მოსარჩელემ წარადგინა და რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გამხდარიყო სასამართლომ არ გაითვალისწინა. სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და უტყუარად მიიჩნია, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. სასამართლომ არ გამოიკვლია რატომ გასცა ამბროლაურის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა წელს ერთი და იგივე ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილებით მცირე საწარმო ,,...ს“ გამოეყო 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მ. მ-იმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია. სასამართლოს კი არ გამოუკვლევია სად არის დარჩენილი 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, არ არის დადგენილი, სადავო მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე ელ. სადგურის 0,2 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსების და აღნიშნული ელ. სადგურის ტერიტორიის მცირე საწარმო ,,...სთვის“ გადაცემის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის მონაცემებში, საკადასტრო კოდით - ... ცვლილების რეგისტრაცია. საქმეზე დადგენილია მიწის ნაკვეთების ზედდების ფაქტი, ერთი მხრივ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომლის მესაკუთრეა ზ. გ-ე და მეორე მხრივ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრეა მოსარჩელე, რომლის განმარტებითაც, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს ფლობდა 1997 წლის 4 ივლისის მიწის მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილებით მცირე საწარმო „...ს“ გამოეყო 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი. ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მ. მ-იმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 0.1 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის №... (2004 წელი) გადაწყვეტილებით მ. მ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ამბროლაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილება.

2004 წლის 16 ნოემბერს, მ. მ-ისა და ა. გ-ეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ამბროლაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით ...ა. მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით, ნასყიდობის საგანი (უძრავი ნივთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე: ამბროლაურის რაიონის, სოფელ ...ში) აღირიცხა ა. გ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. გ-ემ და ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2014 წლის 18 ნოემბრის №885 ცნობაზე დაყრდნობით სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა ითხოვა. მარეგისტრირებელი ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით შეჩერდა აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი/ინფორმაცია არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეიცავდა საკადასტრო აღწერის თარიღს, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18.11.2014 წლის №885 ცნობა არ შეიცავდა ინფორმაციას საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის შესახებ და საკადასტრო აღწერის თარიღს.

2014 წლის 24 დეკემბერს ა. გ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 23 დეკემბრის №1150 ცნობა და საკადასტრო–აზომვითი ნახაზი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 23 დეკემბრის №1150 ცნობის თანახმად ა. გ-ეის მიერ წარდგენილი საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის - რ. ნ-ის 2014 წლის 20 ივნისს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სოფელ ...ში (...) მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთები ურთიერთშესაბამისობაშია უფლების დამდგენ დოკუმენტთან.

2014 წლის 24 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ეის განცხადება მის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...ა), მდებარე ამბროლაურის რაიონის, სოფელ ...ში, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1997 წლის 04 ივლისის მიწის მიღება–ჩაბარების აქტით, ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ში, ,,...ში“ მოსარჩელე კ. (კა.) ღ-ის გამოეყო 936 კვ.მ სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ,,ყანა“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ...ში, დაუზუსტებლად რეგისტრირებულია 943.75 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომლის მესაკუთრედ აღრიცხულია კა. ღ-ის ოჯახი, რეგისტრაციის საფუძველია - მიწის მიღება–ჩაბარების აქტი №77.

2018 წლის 7 მარტს, კ. ღ-იმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის მონაცემებში, საკადასტრო კოდით - ..., ცვლილების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილებით კ. ღ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. მითითებული გადაწყვეტილება კ. ღ-იმა გაასაჩივრა საჩივრით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით კ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის N11 გადაწყვეტილება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვითა არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები. კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაცია, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 5 სექტემბრის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ დღეისათვის ზ. გ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება, მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთის მდებარეობას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია ელ. სადგურის დასავლეთ მხარეს. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №26 აქტის მიხედვით, №9 (ყანა ,,...ში" ფართით 936 კვ.მ). მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ელ. სადგური. ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე სუბიექტის (ელ. სადგური) მდებარეობის გათვალისწინებით, მცირე საწარმო "...სათვის“ გადაცემული და შემდეგ მ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთი არ მოიცავს კა. ღ-ისათვის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №26 აქტით გამოყოფილ №9 მიწის ნაკვეთს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კა. ღ-ის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწა გამოეყო 1997 წლის 04 ივლისს და ამ დროისათვის სადავო ტერიტორია უკვე გამოყოფილი ჰქონდა მცირე საწარმო „...ს“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ საქმეზე დართული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ სადავო ამბროლაურის რაიონის გამგეობის 1996 წლის 29 თებერვლის №11 გადაწყვეტილებით მცირე საწარმო ,,...ს“ სწორედ ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია კ. (კა.) ღ-ის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის მიმდინარეობისას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთობლიობაში იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ სადავო აქტების შედეგად დაირღვა. ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერც სასარჩელო და ვერც საკასაციო საჩივრებში ვერ მიუთითა მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვაზე. ასევე გაუგებარია კასატორის მითითება სასამართლოს მიერ სხვის საკუთრებაში არსებული 0.2 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენაზე, რაც არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ა-ის (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარზე თ. პ-ის 22.02.2024წ №20679898961 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. პ-ის (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის (კ. ღ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. თ. პ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 22.02.2024წ №20679898961 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

ბ. შონია

გ. მაკარიძე