Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1329(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - დ. ა-ა, თ. ჭ-ა, ჩ. ბ-ე, ს. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 29 აგვისტოს დ. ა-ამ სარჩელით, ხოლო 2023 წლის 13 დეკემბერს დ. ა-ამ, თ. ჭ-ამ, ჩ. ბ-ემ და ს. ა-ამ დაზუსტებული სარჩელით (დაზუსტდა მოსარჩელე პირთა წრე) მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 ივლისის №IDP 5 23 00001565 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. ა-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, დ. ა-ა დაიბადა ... წლის ...ს, გულრიფშის რაიონის სოფელ ...ში, თუმცა აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა წყალტუბოში, ...ში. მოსარჩელეთა მითითებით, ამჟამად ისინი ცხოვრობდნენ ქირით, ყველას ჰქონდა დევნილის სტატუსი, ს. ა-ა კი წარმოადგენდა ვეტერანს, მიუხედავად ამისა ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ ბინით უზრუნველყოფას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ას, თ. ჭ-ას, ჩ. ბ-ეის და ს. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 ივლისის №IDP 5 23 00001565 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს დ. ა-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: წყალტუბო, ...ის ქ. №..., ხოლო ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად, მიუთითა: მშობლები - ს. ა-ა და ჩ. ბ-ე, ასევე შვილი - თ. ჭ-ა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლებმა 2022 წლის 4 მარტს ჩაატარეს მონიტორინგი და დაადგინეს, რომ დ. ა-ა შესაბამის მისამართზე 2021 წლიდან ცხოვრობდა ქირის გარეშე და ბინა ეკუთვნოდა მის დეიდაშვილს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, დ. ა-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. დასახელებული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 ივლისის №IDP 5 23 00001565 ბრძანებით დ. ა-ას ოჯახს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ნათესავის სახლში, არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს, ხოლო სხვის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა განსახლების საჭიროებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4 და მეტი ქულა, მოსარჩელის ოჯახს კი მინიჭებული ჰქონდა 5.5. ქულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ჩაატარა სრული ადმინისტრაციული წარმოება და გამოიკვლია ყველა ის გარემოება, რასაც შემხებლობა ჰქონდა სადავო საკითხთან, თავად სასამართლომ კი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სააგენტო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 4 აპრილს განხორციელდა მონიტორინგი, სადაც მოსარჩელე არ იმყოფებოდა, გამოცხადდა მხოლოდ სატელეფონო კონტაქტის შემდგომ და განმარტა, რომ იყო კარდიოლოგი და მუშაობდა კლინიკაში, მისი მშობლები ცხოვრობდნენ უკრაინაში, ხოლო თავად შვილთან ერთად ქირის გარეშე ცხოვრობდა მისამართზე 2021 წლიდან, აღნიშნული ბინა კი ეკუთვნოდა მის დეიდაშვილ თ. ლ-ას, რომელიც პერიოდულად არ იყო საქართველოში. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ იგი მეუღლესთან იყო განქორწინებული, რომელიც ცხოვრობდა აბაშაში, ხოლო მის მშენებარე ბინაზე არ ფლობდა ინფორმაციას, თუმცა 2023 წლის 5 თებერვალს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში, სოფელ ...ში, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვი მეუღლესთან ჰყავდა სანახავად მოყვანილი, თუმცა ამავდროულად ისიც დაადასტურა, რომ მისი შვილი სკოლაში სწორედ სოფელ ...ში დადიოდა. კასატორმა ასევე მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი ძმა - დ. ა-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში, მან თანხა გამოუგზავნა მშობლებს, რომლებმაც ბინა შეიძინეს ბათუმში, რომელიც შემდგომ, როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში, გადაუფორმეს შვილს.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ოჯახი სასწრაფო და გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა და სასამართლოს მსგავსი მიდგომის ჩამოყალიბება - მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელთა დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდებ დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 03 ივლისის №IDP 5 23 00001565 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს დ. ა-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: წყალტუბო, ...ის ქ. №2, ხოლო ოჯახის შემადგენლობაში, მასთან ერთად მიუთითა: მშობლები - ს. ა-ა და ჩ. ბ-ე, ასევე, შვილი - თ. ჭ-ა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დადგენილია, რომ კრიტერიუმების გათვალისწინებით დ. ა-ას ოჯახს მიენიჭა 5.5 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2.5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - ს. ა-ა - 1.5 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულ იქნა, რომ დ. ა-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მშობლები, შვილი და ძმა (სტატუს შეწყვეტილი), ხოლო განაცხადს აკეთებდა მშობლებთან და შვილთან ერთად. ასევე მითითებულ იქნა, რომ მამას ს. ა-ას გააჩნდა საკუთრება, მის: ქ. ბათუმი, ...ს ქ. №..., სართული ..., ბინა ... (79.60 კვ.მ.), რომელიც გაასხვისა ხელშეკრულებით შვილზე - დ. ა-აზე (სტატუს შეწყვეტილი) 2015 წლის 15 სექტემბერს. განაცხადში არ იყო შეყვანილი არადევნილი მეუღლე კ. ჭ-ა, რომელსაც გააჩნდა საკუთრება ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №...-ში (მშენებარე 54.70 კვ.მ.) და აბაშაში, სოფ. ...ში (სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) შენობა-ნაგებობით და ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი).

დადგენილია, რომ მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2022 წლის 4 მარტს გამოცხადდნენ დ. ა-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - ქ. ქუთაისი, ...ის №..., სადაც ადგილზე იმყოფებოდა განმცხადებელ დ. ა-ას შვილი - თ. ჭ-ა. მონიტორინგის ფორმაში მითითებულ იქნა, რომ დ. ა-ა აღნიშნულ მისამართზე ქირის გარეშე ცხოვრობდა 2021 წლიდან. აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა დეიდაშვილს, რომელიც ცხოვრობდა ბაღდათში (პერიოდულად არ იმყოფებოდა საქართველოში).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, დ. ა-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 ივლისის №IDP 5 23 00001565 ბრძანების თანახმად, დ. ა-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლად მითითებულ იქნა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, გარდა ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტისა, საკასაციო საჩივარში კასატორმა ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის და ძმის საკუთრებაში შესაბამისი ქონების არსებობაზე. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ პირს მუდმივად დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან შეუზღუდავად მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას“ (სუსგ №ბს-643(კ-24), 17.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირების შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლონ სხვის (თუნდაც ნათესავის) საკუთრებაში არსებული ფართით, ან მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა