№801აგ-13 7 მარტი, 2014 წელი
ხ-ი გ., 801აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე,
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, პირობით არ იქნა სისრულეში მოყვანილი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 50 000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი პირობით არ იქნა სისრულეში მოყვანილი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ხ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუველზე პირობით არ იქნა სისრულეში მოყვანილი და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი. მასვე სსკ–ის 52–ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით გ. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით დანიშნული სასჯელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ხ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელ ვადით.
გ. ხ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 11 აგვისტოდან 2011 წლის 20 აპრილის ჩათვლით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 12 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. ხ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რომელიც მიღებულია შანტაჟითა და დაშინებით. პროკურატურა ახდენდა ზეწოლას, რათა იგი დაეთანხმებინა საპროცესო შეთანხმებაზე და ეღიარებინა არარსებული ბრალი. გ. ხ-ი მიუთითებს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, 2006–2009 წლებში სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა კანონიერად და აღნიშნავს, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტი შემოწმებულია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, საგამოძიებო ნაწილის პროკურორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ. დოკუმენტის 21–ე და 23–ე გვერდებზე მითითებულია შპს „---“ მიერ ქიზიყის ქუჩა №--–ში მდებარე 44,025 კვ. მ მიწის ნაკვეთის კანონიერად დარეგისტრირების შესახებ, რაც ადასტურებს მის სრულ უდანაშაულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ხ-მა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. ხ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, მასში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აგვისტოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე