საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1177(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ა-ი; ა. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 10 დეკემბერს ს. ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ, მოპასუხის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2023 წლის 13 თებერვლის განცხადებით ს. ა-იმა და ა. ა-იმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 აგვისტოს N10-01212392329 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელეების - ს. და ა. ა-იებისათვის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან, ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ..., ზ/პ, კორპუსი N...-ში მდებარე ბინა N...-ის დაკანონებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაწევის დავალება. მოპასუხედ დამატებით მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოიხსნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 აგვისტოს N10-01212392329 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ის და ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელეებისათვის - ს. და ა. ა-იებისათვის ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ..., ზ/პ, კორპუსი N...-ში მდებარე N... ბინის დაკანონებასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შუამდგომლობის გაწევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე“ და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების რგოლს, თუმცა მის მიმართ განმცხადებელს ჰქონდა მოთხოვნა - გაეწია შუამდგომლობა კანონით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოების წინაშე, მის დაინტერესებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს 2021 წლის 21 ივლისის NMIA 1 21 01906872 წერილით სამგორის რაიონის გამგეობას გაეგზავნა 2022 წლის 22 ივნისის გასაუბრების ოქმები, სადაც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ..., ზ/პ, კორპუსი N..., N... ბინაში ს. ა-ი ნამდვილად ცხოვრობდა 2015 წლიდან. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 9 ივნისის N37-0121160775 წერილის საფუძველზე, გამგეობის ...ს საუბნო განყოფილების სპეციალისტმა 2021 წლის 22 ივნისს განახორციელა სადავო ბინაში მცხოვრები ს. ა-ის ოჯახის შემოწმება. შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ს. ა-ის ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2015 წლიდან. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ ს. ა-ი, ა. ა-ი და არასრულწლოვანი - დ. და ს. ნ-ეები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობის გაწევაზე. უარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ პროექტი ითვალისწინებდა იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართი. ამავე დროს, საკუთრებაში არ ჰქონდათ არანაირი უძრავი ქონება და იმყოფებოდნენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. შესაბამისად, გამგეობამ მიზანშეუწონლად მიიჩნია გაეწია შუამდგომლობა უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. დადგენილი იყო მოსარჩელეთა დასახელებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი 2015 წლიდან, რაც საქმის განხილვის მდგომარეობით უკვე შეადგენდა 9 წელს, ამასთან კანონით არ იყო დადგენილი რაიმე შეზღუდვა არაპრივატიზებულ უძრავ ქონებაში ცხოვრების მინიმალურ დროსთან დაკავშირებით და აღნიშნულზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მომავალში მართლზომიერი მესაკუთრის "გამოჩენის" რისკის დაზღვევის საშუალებას. პალატამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი უფლებათა რეესტრის შემოწმების, ისე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წელს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სამგორის რაიონის გამგეობას და სიმბოლურ ფასად ქ. თბილისში, ..., ..., კორპ. №... ში მდებარე №... ბინის დაკანონებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერთან შუამდგომლობის გაწევა მოითხოვეს. ს. ა-ი, ა. ა-ი და ნ. ა-ი აღნიშნული უძრავი სარგებლობენ მცირე პერიოდის განმავლობაში. ამდენად, სამგორის რაიონის გამგეობამ მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფართის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაწევა.
კასატორის მითითებით, 2021 წლის 05 აგვისტოს №37-01212171409 წერილი, რომლითაც გამგეობამ უარყოფითი პოზიცია აცნობა განმცხადებლებს, არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის თვალსაზრისით არ გააჩნია ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, შესაბამისად, ვერ გამოსცემდა სარჩელით მოთხოვნილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
გამგეობა აღნიშნავს, რომ თვითმმართველობების მიერ შემუშავებული საერთო გაიდლაინების გათვალისწინებით, გამგეობა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან განმცხადებლის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი იზოლირებული ფართის, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შუამდგომლობის გაწევასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით ცხოვრების ფაქტის დადასტურება, რისი გადამოწმებაც ხდება სხვადასხვა უწყებებში. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, როგორიც შეიძლება იყოს დაკეტილ ფართებში უნებართვო შეჭრა ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვოს უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენს კორპუსის ბინას. საჯარო რეესტრის სისტემის შექმნამდე, კორპუსის ბინებზე, საკუთრების უფლების დამადასტურებლად გაიცემოდა ორდერები, გადაწყვეტილებები, საბინაო წიგნები, ფორმა 17 და სხვადასხვა სახის უფლება დამდგენი დოკუმენტები. სამგორის რაიონის გამგეობამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად შუამდგომლობის გაწევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან, რადგან განმცხადებლების მიერ არ იყო წარმოდგენილი უფლება დამდგენი დოკუმენტი და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოჩენილიყო უფლება დამდგენი დოკუმენტის მქონე პირი, რომელსაც აქვს კანონით მინიჭებული საკუთრების რეგისტრაციის უფლება. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილი იქნება განიხილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეებმა N19/0120286932-37 განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვეს შუამდგომლობის გაწევა ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ..., ზ/პ, კორპუსი N...-ში მდებარე №... ბინის (ს/კ N...) საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ს დასახლება, ..., ზ/პ, კორპუსი N...-ში მდებარე №... ბინაში და იყვნენ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები.
განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 10 ივნისს N37- 01211611534 წერილით მიმართა შსს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოს და უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს 2021 წლის 21 ივლისის NMIA 1 21 01906872 წერილით სამგორის რაიონის გამგეობას გაეგზავნა 2022 წლის 22 ივნისის გასაუბრების ოქმები, სადაც მითითებული იყო, რომ ს. ა-ი 2015 წლიდან ნამდვილად ცხოვრობდა სადავო ბინაში.
დადგენილია, რომ გამგეობის თანამშრომლები, შემოწმების მიზნით, იმყოფებოდნენ სადავო მისამართზე. შემოწმების აქტით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული 48,64 კვ.მ ფართობის მქონე ბინა მდებარეობს ... სადარბაზოში, მე-... სართულზე. ს. ა-ის ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2015 წლიდან. ოჯახის შემადგენლობაში შედიან ს. ა-ი, ა. ა-ი და არასრულწლოვანი - დ. და ს. ნ-ეები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 სადავო ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ პროექტი ითვალისწინებდა იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართი და ამავე დროს, საკუთრებაში არ გააჩნდათ არანაირი უძრავი ქონება და იმყოფებოდნენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2021 წლის 14 დეკემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შესაბამისად, ს. ა-ის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 9410.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 5 აგვისტოს №37-01212171409 სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადგენა წარმოადგენს. ხსენებული აქტით მოსარჩელეთა ოჯახს უარი ეთქვა სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაწევაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების ფარგლებში უნდა დადგინდეს გამგეობის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ერთ-ერთი უფლებამოსილებაა ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. ამავე კოდექსის 118-ე და 1181 მუხლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება – აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარმოადგენს სამგორის რაიონის გამგეობა, რომელიც არ არის უძრავი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა, როგორც თავად მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, გამგეობა მონაწილეობას იღებს პირდაპირი განკარგვის ფორმით უძრავი ქონების პრივატიზების პროცესში. კერძოდ, გამგეობა სხვადასხვა ორგანოების მეშვეობით ადგენს განმცხადებელთა მიერ კონკრეტული უძრავი ქონების ფლობის ფაქტსა და ხანგრძლივობას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს უძრავი ქონების განმცხადებელთათვის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობას. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ გამგეობამ იშუამდგომლოს უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, საჭიროა განმცხადებლები არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ფლობდნენ მოთხოვნილ უძრავ ქონებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აფციაურების ოჯახი 2015 წლიდან ცხოვრობს სადავო ფართში. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმს, რის გამოც მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას არაპრივატიზებულ უძრავ ქონებაში ცხოვრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მთავარ მოტივს არ გააჩნია ნორმატიული საფუძველი, რაც დაუსაბუთებელს ხდის სადავო გადაწყვეტილებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად გასულია უძრავ ქონებაში ცხოვრების ის მინიმალური ვადა (10 წელი), რომელზეც მოპასუხე აპელირებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ ერიცხებათ უძრავი ქონება. ამასთან, დადგენილია, რომ ოჯახი არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შესაბამის შემწეობას, რაც დამატებით საფუძველს ქმნიდა მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. მაკარიძე