Facebook Twitter

№820აგ-13 6 მარტი, 2014 წელი

გ-ა ვ., 820აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის განაჩენით ვ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ვ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის განაჩენით ვ. გ-ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 4 წლისა და 1 თვის ვადით - მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და საბოლოოდ ვ. გ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ვ. გ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ვ. გ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 11 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

მსჯავრდებულ ვ. გ-ას აღუდგა ზემოაღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

2013 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. გ-ამ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. გ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. გ-ას პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

მ. ოშხარელი