Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-552(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ც-ემ 2021 წლის 16 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 09 აგვისტოს №914 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა №...-ში მდებარე (კორპუსის მოპირდაპირე მხარეს) 60.00 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 09 აგვისტოს №914 განკარგულება და დაევალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №883 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მ. ც-ეის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ც-ეის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლის პრინციპებისა და თეორიული საფუძვლების უხეში დარღვევით მ. ც-ეის საქმეზე ისეთი კანონი გაავრცელა, რომელიც არ უნდა გაევრცელებინა, აღნიშნულით მოცემულ სამართლებრივ ნორმას უკუქცევითი ძალა მიანიჭა იმ პირობებში, როდესაც ამ ნორმის გამოცემამდე მ. ც-ეს უკვე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, მან 2000-2003 წლებში ააშენა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე 60 კვ.მ ფართის პირველი კლასს მიკუთვნებული კაპიტალური პავილიონი, რომელიც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 20 დეკემბრის N 72 ბრძანების N 5 დანართის თანახმად არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. კასატორის მითითებით არ შეიძლება სამართლის ნორმას მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი აუარესებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის და მოქალაქის მდგომარეობასა და უფლებებს. უფრო მეტიც, სამართლებრივად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე 2016 წლამდე სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ არსებობდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად განიმარტა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. ც-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ც-ეისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ც-ემ 2019 წლის 25 იანვარს №.../01190253454-55 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ..., ...ს ქ. №... (კორპუსის მოპირდაპირე მხარეს), საერთო ფართობი - 53.00 კვ.მ.

მ. ც-ემ 2020 წლის 16 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დააზუსტა მოთხოვნა და წარმოდგენილი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, ..., ...ს ქუჩა №... (კორპუსის მოპირდაპირე მხარეს), საერთო ფართობი - 60.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის №4-1/დ 605-21 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 16 დეკემბრის №001068 მითითებისა და 2021 წლის 18 იანვრის №99...68 შემოწმების აქტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში, კორპუსის წინ 2000-2003 წლებში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 30 ივნისის №4-8/ზ.ა.-10-21 დადგენილებით, მ. ც-ეს დაეკისრა სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება 6551.13 (ექვსი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 იანვრის №640 საოქმო გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე 2018 წლის 15 თებერვალს გამოცემული №278 განკარგულებით მ. ც-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, ..., ...ს ქ. №... (კორპუსის მოპირდაპირე მხარეს), საერთო ფართობი - 100.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში (რზ-2), რომელიც მოიცავს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს. გარდა ამისა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულ იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 09 აგვისტოს №914 განკარგულებით არ დააკმაყოფილა 2020 წლის 16 ოქტომბერს №... განცხადება, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელზეც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2018 წლის 18 იანვრის №640 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2018 წლის 15 თებერვალს გამოცემული №278 განკარგულება). ხელახალი განცხადება შეიძლება წარდგენილიყო მხოლოდ მაშინ, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვლებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რაც ამ შემთხვევაში არ გამოკვეთილა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე- 2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო პალატა მოცემული დავის გადასაწყვეტად ასევე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია რა ტიპის სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარე აღიარებას. კერძოდ, მითითებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი არ ექვემდებარება აღიარებას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიული განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2022 წლის 14 ივლისის N60- 01221952981 წერილი. მითითებული წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით, მ. ც-ეის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ: ..., რომელზეც ამ ეტაპზე რეგისტრირებული მონაცემები არ იძებნება) ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ამავე დადგენილებით დამტკიცებული გამწვანებული ტერიტორიების რუკის მიხედვით კი აღნიშნული ტერიტორიის დიდ ნაწილზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ზომის შეცვლის ( შემცირების) მიუხედავად, მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი კვლავ მოქცეულია სარეკრეაციო და სატრანსპორტო ზონაში, სწორედ ამიტომ ასაღიარებლად მოთხოვნილი სადავო მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც იგი მოქცეულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ისეთ ზონაში, რომელზეც კანონით იმპერატიულად ვრცელდება აღიარების შეზღუდვა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა სწორად არის გადაწყვეტილი. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ც-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;

3. მ. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 15 ივნისის №7445 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე