№833აგ-13 14 მარტი, 2014 წელი
ჩ-ე კ. , 833აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით კ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 24,260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდა და დაენიშნა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 24,262–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდა და დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, გაუნახევრდა და დაენიშნა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ კ. ჩ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 იანვრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენი კ. ჩ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: იგი მთლიანად გათავისუფლდა სსკ–ის 24, 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო ¼–ით შეუმცირდა სსკ–ის 24, 262–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 იანვრიდან.
2013 წლის 27 ივნისს მსჯავრდებულმა კ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ კ. ჩ-ის მიმართ ნაწარმოები საქმე ფალსიფიცირებულია; მსჯავრდებულის მიმართ დარღვეულია ყველა სამართლებრივი პროცედურა; გამომძიებელმა აიძულა იგი, მიეცა აღიარებითი ჩვენება; მის მიმართ პირადი ინტერესი გააჩნდათ სამართალდამცავ ორგანოებს, რის გამოც მას ჩაუდეს ნარკოტიკი. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს მიაჩნდა, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა და ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საქმეზე არ დაკითხულან მოწმეები, რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული კ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განჩინებას და ითხოვს განაჩენის გადასინჯვას, შუამდგომლობაში მითითებული მოტივების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე