საქმე №ბს-814(კ-22) 15 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. რ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. განჩინება
დავის საგანი - ბინადრობის ნებართვის გაცემა და მოქმედების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. რ-იმა 07.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა სააგენტოს 27.11.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. 16.07.2021წ. სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე წელია იმყოფება საქართველოში. მას საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, რის გათვალისწინებითაც მის სახელზე ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. მოსარჩელე აკმაყოფილებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს. გაურკვეველია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლები, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 გადაწყვეტილება, სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეერჩია ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას შეუძლია ზემოქმედება იქონიოს მმართველობის ამ სფეროზე. თუმცა, არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები. მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” და ,,გ’’ ქვეპუნქტები. სასამართლო მიუთითა, რომ იგი პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო თანმიმდევრული, რაც გამორიცხავს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად, სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. გადმოცემული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის), ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. რ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, რ. რ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე წელია იმყოფება საქართველოში, მას საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N.../...ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N..., ფართით 64.40 კვ.მ. (მშენებარე), სართული 12 (საკადასტრო კოდი ...). 16.12.2017წ. მდგომარეობით შედგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ანგარიშიდან (ხელმომწერი კ. ზ-ის მიერ) ირკვევა, რომ რ. რ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 102 000 ლარით (შეფასების პერიოდში მოქმედი კურსით - 40 000 აშშ დოლარი). რ-ის სახელზე ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.01.2018წ. N1000585653 გადაწყვეტილებით რ. რ-ის მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, 2018 წლის 17 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე. სააგენტოს 24.12.2019წ. N1000694357 გადაწყვეტილებით რ. რ-ის გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - 2020 წლის 25 დეკემბრამდე. 30.10.2020წ. რ. რ-იმა კვლავ მიმართა სააგენტოს N1000726540 განცხადებით საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 სადავო გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონს მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.11.2020წ. SSG 9 20 00146423 დასკვნა, რომლის მიხედვით კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული რ. რ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3, მე-122 მუხლებზე, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო აქტი მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.11.2020წ. წერილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნაა. აღნიშნულ დოკუმენტს საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასკვნაში სრულად ვერ მიეთითებოდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პირისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა მოსარჩელის მხრიდან ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე საფუძვლიან ვარაუდს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილია მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს იმ შინაარსის ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააგენტომ ყურადღება გაამახვილა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების სამართლებრივ მნიშვნელობაზე, თანამდევ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება, სააგენტო არ არის უფლებამოსილი კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაუწიოს რევიზია. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში სააგენტო მოკლებულია დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სადავო აქტი გამოიცა ნორმატიულად დადგენილი წესების დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ რ. რ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე წელია იმყოფება საქართველოში. მას საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N.../...ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N..., ფართით 64.40 კვ.მ. (მშენებარე), სართული 12 (საკადასტრო კოდი ...). 16.12.2017წ. მდგომარეობით შედგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ანგარიშიდან (ხელმომწერი კ. ზ-ის მიერ) ირკვევა, რომ რ. რ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 102 000 ლარით (შეფასების პერიოდში მოქმედი კურსით - 40 000 აშშ დოლარი). დადგენილია აგრეთვე, რომ რ. რ-ის სახელზე ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.01.2018წ. N1000585653 გადაწყვეტილებით რ. რ-ის მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 17 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე, სააგენტოს 24.12.2019წ. N1000694357 გადაწყვეტილებით რ. რ-ის გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - 2020 წლის 25 დეკემბრამდე. 30.10.2020წ. რ. რ-იმა კვლავ მიმართა სააგენტოს N1000726540 განცხადებით მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 სადავო გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონს მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.11.2020წ. SSG 9 20 00146423 დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული რ. რ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
განცხადების დასაშვებობის წინაპირობების ოფიციალური შემოწმება არის წარმოების წინამძღვარი, რომელიც საჯარო ინტერესს გამოხატავს, საჯარო ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ განცხადებას მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როდესაც ყველა საპროცესო წანამძღვრები სახეზეა. ორგანო ვალდებულია შეამოწმოს განცხადების დასაშვებობა, ვინაიდან უწყებრივად ქვემდებარე ყველა განცხადება როდია დასაშვები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, კერძოდ, სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება შესაძლებელია ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა, როგორებიცაა: უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, სააგენტოში განცხადების კანონით დადგენილი ფორმით შეტანა, ასევე ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახის გაცემისთვის საჭირო კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენა. უკეთუ აღნიშნული წინაპიროები სახეზეა და არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ფორმალური საფუძვლები, მეორე ეტაპზე მოწმდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. თუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს, აღნიშნული დამოუკიდებლად ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (კანონის 18.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.) ისე, რომ შემოწმებას აღარ საჭიროებს განცხადების შინაარსობრივი მხარე, კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობა, ბინადრობის ნებართვის გაცემის გავლენა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის დაცვაზე.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 სადავო გადაწყვეტილება გამოიკვლიეს მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკანონმდებლო მოწესრიგების შუქზე (უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განცხადების ავტორის საქართველოში დარჩენის მიზანშეუწნლობის შესახებ). სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად ასახელებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს, სადავო აქტი უარის თქმის საფუძვლად არ უთითებდა ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.07.2021წ. გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.03.2022წ. განჩინებაში მოხმობილი სამართლებრივი დასაბუთება დაეფუძნა მოსარჩელეზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.11.2020წ. SSG 9 20 00146423 წერილში ასახულ დასკვნას. ამდენად, მოპასუხე სახლმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, ხოლო სამართლებრივი შედეგი განმცხადებლისათვის წარმოშვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებამ, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაცია მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი ნეგატიური დასკვნის ფაქტობრივი საფუძვლების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციით გათვალისწინებულ გამოწვევებზე რეაგირება საჭიროებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას, რათა შემოწმდეს შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განცხადებისათვის განსაზღვრული საკვანძო ფორმალური წინაპირობების დაცულობის საკითხი. სამართლებრივი ნორმების ყოველდღიურ სინამდვილეში მოქმედება და შესაბამისი პრაქტიკული ფაქტორებით წარმოშობილი გამოწვევები ამართლებს სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციის დინამიური ბუნების არსს, რომელიც ქმნის მათი ნამდვილი სამართლებრივი შინაარსისა და იმანენტური სამართლებრივი ბუნების ნათელყოფის ჰერმენევტიკულ აუცილებლობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კანონის მე-15 მუხლში ჩამოთვლილია ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახეები, რომელიც გაიცემა საქართველოში. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის მოკლევადიან სახეს, რომელიც ასეთი სახის ბინადრობის ნებართვის უცხოელზე გაცემას უკავშირებს კონკრეტული ღირებულების მქონე უძრავი ქონების უცხოელის საკუთრებაში არსებობას. აღნიშნული ნორმის სხვადასხვა პერიოდში მოქმედი რედაქცია მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობად უცხოელის საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთის სხვადასხვა ღირებულებაზე უთითებდა. უკვე აღინიშნა, რომ რ. რ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად გაიცა სააგენტოს 16.01.2018წ. N1000585653 გადაწყვეტილებით. ამ პერიოდში მოქმედი კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისი რედაქციის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, გაიცემოდა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შეფასების დასკვნის მიხედვით, რ. რ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 102 000 ლარით (შეფასების პერიოდში მოქმედი კურსით - 40 000 აშშ დოლარი), ამდენად, სააგენტოს 16.01.2018წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის ნორმატიულად დადგენილი ფორმალური წინაპირობების გათვალისწინებით. ამის შემდგომ, ვინაიდან თავდაპირველად გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 17 იანვრამდე მოქმედებდა, რ. რ-იმა 25.11.2019წ. კვლავ მიმართა სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რომლის 24.12.2019წ. N1000694357 გადაწყვეტილებით რ. რ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, 2020 წლის 25 დეკემბრამდე. რ. რ-ის მიერ სააგენტოში 25.11.2019წ. განცხადების წარდგენისას, ასევე სააგენტოს მიერ ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ 24.12.2019წ. გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედებდა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის უკვე ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. კანონში აღნიშნული ცვლილება შეტანილ იქნა 30.05.2019წ. N4741 კანონის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს, ხოლო მისი ოფიციალური წესით გამოქვეყნებას ადგილი ჰქონდა 05.06.2019წ. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ 24.12.2019წ. გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტომ იხელმძღვანელა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ძველი რედაქციით, რომელიც, როგორც აღინიშნა, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის საფუძვლით მოპოვებას უკავშირებდა თავად უძრავი ქონების 35 000 აშშ დოლარიან ქვედა ზღვარს. სააგენტოს აღნიშნული მიდგომა განპირობებული იყო უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის საფუძვლით მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესახებ ხსენებული გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-16 მუხ. მე-3 პ.), რომლის მიხედვით დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვები გაიცა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ბინადრობის ნებართვის გაგრძელების პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საქართველოში დროებითი, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი. სააგენტოს იგივე მიდგომას ჰქონდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე რ. რ-ის N1000726540 30.10.2020წ. მესამე განცხადების განხილვისას, თუმცა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.11.2020წ. N1000726540 სადავო გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 27.11.2020წ. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, კერძოდ, სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა მხოლოდ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ე.წ. „მიზანშეწონილობის“ კომპონენტზე, თუმცა, შეფასების მიღმა დატოვა ამავე კანონის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმალური კრიტერიუმი და შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადების ამავე კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის უშუალოდ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, რომელიც მოქმედებდა სადავო აქტის გამოცემის დროს (27.11.2020წ.) ითვალისწინებს უძრავი ქონების ღირებულების 100 000 აშშ დოლარიანი ქვედა ზღვარს. საქმის მასალების მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად ვერ ხერხდება 30.10.2020წ. განცხადების იდენტიფიცირება, კერძოდ იმის დადგენა თუ რას ითხოვდა განცხადების ავტორი, უშუალოდ მოკლევადიანი ნებართვის მოპოვებას თუ უკვე მოპოვებული ნებართვის გაგრძელებას. სააგენტოში განცხადება წარდგენილია ფორმულარის შევსების გზით. მასში მონიშნულია განმცხადებლის დაინტერესებაში მყოფი ბინადრობის ნებართვის სახე, თუმცა არაა აღნიშნული ბინადრობის ნებართვის ამ სახესთან მიმართებით განმცხადებლის მოთხოვნა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში, შინაარსობრივი თვალსაზრისით, სააგენტოსთვის ნათელი იყო, რომ სააგენტოსთვის მიმართვის საკვანძო სუბიექტური მიზანი, რომელიც ამოძრავებდა განმცხადებელს იყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის იურიდიულად ვარგისი საფუძვლით საქართველოში ყოფნის გახანგრძლივება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, სააგენტოს მსგავსად, იმსჯელეს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ე.წ. „მიზანშეწონილობის“ კომპონენტზე, თუმცაღა, შეფასების გარეშე დატოვეს ამავე კანონის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმალური კრიტერიუმი, შესაბამისად, შეფასების მიღმა დარჩა ამავე კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მოთხოვნებთან 30.10.2020წ. განცხადების შესაბამისობა. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის წარდგენისას მოქმედ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, თუმცა მოახდინა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის 30.10.2020წ. განცხადების წარდგენისას მოქმედი რედაქციის ციტირება, რომელიც უცხოელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ ფასად 100 000 აშშ დოლარს და არა 35 000 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში) ასახელებდა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ბინის 40 000 აშშ დოლარად შეფასების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (ბინის ღირებულება - 40 000 აშშ დოლარი) შეუფარდა ისეთი საკანონმდებლო მოწესრიგება (კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვ.პ. ამჟამად მოქმედი რედაქცია), რომელთა ერთობლივი შეფასებაც გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს - სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სამართლებრივ შედეგს არ ცვლის ის თუ რას ითხოვდა ზუსტად რ. რ-ი: უძრავი ნივთის საკუთრებაში ყოფნის საფუძვლით ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას, თუ თავად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თვით განცხადების ფორმალურ-იურიდიული გამართულობის კუთხით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის საბაზრო ღირებულება უნდა ყოფილიყო 100 000 აშშ დოლარზე მეტი. თუმცა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და გამოიყენა სააგენტოს მიერ თავდაპირველი გადაწყვეტილების (16.01.2018წ. N1000585653) მიღების დროს მოქმედი კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის იმჟამინდელი რედაქციით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულების (არანაკლებ 35 000 აშშ დოლარი) კრიტერიუმი. სადავო განჩინებაში ასახული სააპელაციო პალატის იურიდიული სუბსუმცია დაეფუძნა კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი მოწესრიგების შესაძლო განმარტებას. ამ განმარტების მიხედვით, რ. რ-ის მიერ 30.10.2020წ. განცხადების წარდგენისას 30.05.2019წ. N4741 კანონის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ზეგავლენას ვერ მოახდენდა განმცხადებლის მოთხოვნის ფორმალურ გამართულობაზე. ამ სამართლებრივ დასკვნას საფუძვლად უდევს სააპელაციო პალატის ინტერპრეტაციული დაშვება (ვარაუდი), რომელიც ეყრდნობა კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, რომ “მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვები გაიცა.” შესაბამისად, ციტირებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში გადმოცემული სიტყვასიტყვითი აზრის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა გაგრძელებულიყო ასეთი ნებართვის თავდაპირველად გაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების დროს მოქმედი და ძალაში მყოფი ამჟამინდელი კანონმდებლობით, უძრავი ქონების მინიმალური საფასური არანაკლებ 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვასიტყვითი აზრით გამოირიცხებოდა ახალი ნორმატიული სინამდვილის წარსულში დაწყებულ, თუმცა აწმყოში გაგრძელებულ, მიმდინარე ურთიერთობაზე მოქმედება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების გაგრძელების თაობაზე განცხადების ავტორის მიერ დაყენებული მოთხოვნის ფორმალური საფუძვლიანობა უნდა შეფასებულიყო ბინადრობის ნებართვის თავდაპირველად გაცემის დროს (16.01.2018წ.) მოქმედი საკანონმდებლო პირობების მიხედვით. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიგრაციის სფერო სახელმწიფოს სუვერენული პოლიტიკის არსებითი ელემენტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საზღვრების კონტროლთან. „სახელმწიფოს უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ“ მონტევიდეოს 1933 წლის კონვენციის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს აქვს განსაზღვრული ტერიტორია. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ კონვენციის I კარით განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ მუხლის ნორმატიული მიზნებისთვის „იურისდიქციის“ სამართლებრივი ცნება ასახავს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ იურისდქციის მნიშვნელობას, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფოს იურისდიქციული კომპეტენცია პირველ რიგში ტერიტორიული ხასიათისაა (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე M.N. and Others v. Belgium, App. No. 3599/18, 05.03.2020წ. §98). იურისდიქციულ კომპეტენციაში მოაზრებულია სუვერენული ტერიტორიული უფლებები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო კომპეტენციების სახით. მიჩნეულია, რომ იურისდიქციული კომპეტენცია ჩვეულებრივად ხორციელდება სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Assanidze v. Georgia, App. No. 71503/01, 08.04.2004წ. §139). საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სახელმწიფოებს აქვთ უფლება აკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობის და გაძევების საკითხები განეკუთვნება სახელმწიფოს თვითმყოფად, ექსკლუზიურ და სუვერენულ პრეროგატივას მიგრაციის სფეროში, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლები და მექანიზმები მოწესრიგებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით და მის შესაბამისად მიღებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში ყოფნის ვადა არის საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. ამასთან, საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძველია საქართველოში ბინადრობის ნებართვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკანონმდებლო ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკის საკვანძო ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ მიზნებს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი მიზანი რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება (იხ., სუსგ. საქმე Nბს-631-(კ-21), 06.05.2023წ.). ასეთ მიზნებში შესაძლებელია შედიოდეს სახელმწიფოში შრომის ბაზრის სტიმულირება, ეკონომიკური ზრდის წახალისება, ინვესტიციებისა და კაპიტალის მოზიდვა, ფისკალური და საგადასახადო კონტრიბუციების გეგმაზომიერი აკუმულირება, ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობა, სოციალური სოლიდარობის უზრუნველყოფა ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრი შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის გაცემა კომპლექსური პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი და დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით (სუსგ., საქმე N ბს-810(კ-24) 27.09.2024წ.). ფორმალური თვალსაზრისით, ბინადრობის ნებართვა არის გარკვეული პირობების ნორმატიულად განსაზღვრული ერთობლიობა, რომელთა სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ენიჭება საქართველოში ცხოვრების ნებართვა. ეს პირობები უკავშირდება სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკის სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ან/და ჰუმანიტარულ მიზნებს, ხოლო ბინადრობის ნებართვის ცალკეული სახე ამ განსხვავებული მიზნების ალტერნატიულ ან კუმულატიურ გამოვლინებას წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობა არის ნებართვის შინაარსის და არა ადამიანის უნივერსალური უფლების ნორმატიული კატეგორია, ამდენად, ევროკონვეცია არ უზრუნველყოფს უცხოელის უფლებას კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე ან მასში ბინადრობაზე, იგი არც სახელმწიფოს აკისრებს რაიმე ზოგად ვალდებულებას საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76). კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი უკავშირდება მოკლევადიანი ხანგრძლივობით პირის ბინადრობას, რომლის მისაღებადაც საჭიროა კანონით გათვალისწინებული ღირებულების მქონე უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ კატეგორიის ბინადრობის ნებართვა ემსახურება სხვადასხვა მიზანს, მათ შორის: მცირე უცხოური კაპიტალის მოზიდვას, უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებას და მისი ლიკვიდურობის ზრდას, შესაბამისი შემოსავლის მქონე ინდივიდებისთვის სახელმწიფოში ეკონომიკურად მიმზიდველი საცხოვრებელი გარემოს შეთავაზებას.
განსახილველი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნებისთვის, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის მიუთითოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის არსზე. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით (16.31 მუხ.). კანონის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით (16.1. მუხ. „ვ“ ქვ.პ.). სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი კატეგორიის ნებართვა გასცეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული ღირებულების მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება (აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 16.31 მუხ; ამჟამინდელი რედაქციის 16.1. მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ამდენად, სახელმწიფო ბინადრობის ნებართვის ამ კატეგორიის მინიჭებას მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული ღირებულების მქონე უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობას უკავშირებს. უძრავი ნივთის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, სახელმწიფოს უკვე აღარ აქვს რელევანტური თანმხვედრი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი დაუშვას უცხოელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბინადრობა. ამდენად, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ სადღეისოდ მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, (ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 02 კვირის ვადაში.). ხსენებული ცხადყოფს კანონმდებლის ერთმნიშვნელოვან განზრახვას მოკლევადიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ნებართვა უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის იურიდიული კრიტერიუმით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს კონკრეტული ღირებულების მქონე უძრავ ნივთთან დაკავშირებით.
უკვე აღინიშნა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით ხსენებულ კანონში ცვლილება შეტანილ იქნა 30.05.2019წ. N4741 კანონის საფუძველზე, რომლითაც 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, განისაზღვრა უძრავი ქონების 100 000 აშშ დოლარიანი ქვედა ზღვარი. ნორმის განმარტება საჭიროებს გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილი არსის გარკვევას და კანონმდებლის კონკრეტული მიზნის დადგენას (იხ. სუსგ., ბს-520-515(კ-11), 15.09.2012წ.). კანონმდებლის განზრახვის დადგენის მიზნით, საკასაციო პალატა მოიხმობს შესაბამის ამონარიდებს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათიდან, რომელშიც საკანონმდებლო ნოვაციის მიზეზად სახელდება საქართველოს ფაქტობრივი სინამდვილე, კერძოდ ის, რომ ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღევანდელი რეალობისა და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით, ცენზი რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ მასიურ მიგრირებას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია აგრეთვე, რომ კანონის დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემას პირისათვის საქართველოს ტეროიტორიაზე იმ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა და D5 კატეგორიის ვიზა). ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ერთი ადამიანისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება ავტომატურად გულისხმობს მისი ოჯახის წევრების ბინადრობის ნებართვით აღჭურვას. ამდენად, ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მიღება შეუძლია არამხოლოდ ინვესტორს ან უძრავი ქონების მესაკუთრეს, არამედ ბინადრობის ნებართვის ან D5 კატეგორიის ვიზის მქონე პირის ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, 35 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების ფლობის შედეგად ბინადრობის ნებართვა ან D5 კატეგორიის ვიზა შესაძლოა მიენიჭოს საშუალოდ 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეს (5 წევრიანი ოჯახის შემთხვევაში), რაც ქმნის ვითარებას, რომლის საფუძველზეც, ბინადრობის ნებართვა ან D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, თუ ის ფლობს დაახლოებით 7 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ღირებულების ქონებას. ბარათში მიეთითა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, აღნიშნული, ერთი მხრივ, იქნება პრევენციის ღონისძიების მატარებელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი მიგრაცია, მეორე მხრივ კი, გაიზრდება უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვებს(განმარტებითი ბარათი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შეტანილი 30.05.2019წ. N4741 ცვლილებების თაობაზე, გვ.1-5, ბმული ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/186446). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ ციტირებული ამონარიდები ცხადყოფს კანონმდებლის ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც თანხვედრაში მოდის საიმიგრაციო კანონმდებლობის სახელმწიფოებრივ ამოცანებთან, აღნიშნული ცვლილება, საკუთარი იურიდიული შინაარსის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხოელთა ბინადრობის საკითხების კონტროლის სფეროში განხორციელებულ ექსკლუზიურ საკანონმდებლო პრეროგატივას (შდრ., ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, 16.08.2024წ. §76, იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 24.05.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Biao v. Denmark, App. No. 38590/10, §117.).
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ სამართლებრივ საკითხზე, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი როგორიცაა - გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა – სიტყვასიტყვით არის აღნიშნული კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტსა და „წესის“ მე-15 მუხლის მე-7 პუნქტში. ამასთანავე, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტსა და „წესის“ ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა იმ ნებართვის გაცემა, რომლის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. მოქმედ რედაქციაში მითითებული ტერმინოლოგია „შეიძლება გაგრძელდეს ... იმავე პირობებით, რომლითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი,“ შინაარსობრივად იდენტურია კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ რედაქციაში ჩართული წინადადებისა „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა.“ ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში სადავო იურიდიული კონსტრუქციის - „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ - განმარტებას, კერძოდ იმის გარკვევას, თუ რამდენად მოიაზრებს აღნიშნული დებულება ბინადრობის ნებართვის თავდაპირველად გაცემის დროს მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის გამოყენებას უძრავი ქონების ღირებულების არანაკლებ 35 000 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ძირითადი არსი როგორც თავდაპირველი გაცემის, ასევე განახლების ეტაპზე, ფუნდამენტურად იდენტურია. ბინადრობის ნებართვის გაცემის შემდეგ, მყარდება სამართლებრივი კავშირი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ინდივიდისგან და სახელმწიფოსგან საჭიროებს ორმხრივად მავალდებულებელი უფლებებისა და პასუხისმგებლობების აღებას. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება წარმოადგენს არა განყენებულ, იზოლირებულ და არსებითად განსხვავებულ პროცესს, არამედ იგივე სამართლებრივი სტატუსის გაგრძელებას, იმ პირობით, რომ განმცხადებელი კვლავ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის კრიტერიუმებს. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ადმინისტრაციულ პრაქტიკაში ასეთი განცხადებები ეფუძნება უწყვეტობის („კონტინუიტეტის“) პრეზუმფციას, რაც იმას მიანიშნებს, რომ მოქმედების ვადის გაგრძელება, ე.წ. განახლების პრაქტიკა, წარმოადგენს იმავე სამართლებრივი სტატუსის გაგრძელებას და არა სრულიად ახალი და დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსის შექმნას. თუ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის თავდაპირველად გაცემისას, ფორმალური საკვანძო მიზანი არის პირველადი გადამოწმებით, განმცხადებლის კანონით დადგენილი პირობებისადმი შესაბამისობის შემოწმება, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შეფასების პროცესში შემოწმებას ძირითადად ექვემდებარება საკითხი იმის შესახებ თუ რამდენად ინარჩუნებს პირის სამართლებრივი მდგომარეობა კანონით განსაზღვრულ პირობებს. შეფასების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნება უცვლელია და ემსახურება იდენტურ მიზანს: განმცხადებლის საცხოვრებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების დადგენას. ამდენად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მოწმდება საკვანძო ფორმალური წინაპირობა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, რომლის ღირებულება აღემატება განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს. თუ განმცხადებელი თავდაპირველ ეტაპზე აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, მოქმედების ვადის გაგრძელება (ე.წ. „განახლება“) მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა უცვლელია, შესაბამისად, განახლების პროცესი წარმოშობს არა ახალ სამართლებრივ მიზანს, არამედ ის ადასტურებს იმ პირობების ფაქტობრივად გაგრძელებას, რომლებმაც თავდაპირველი ნებართვის გაცემას ჩაუყარა საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ძირითადი არსი ფუნდამენტურად იდენტურია. იურიდიული კონსტრუქცია – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ (კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 16.4. მუხ. და ამჟამად მოქმედი რედაქციის 16.3. მუხ.) – მიუთითებს იმაზე, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს გაგრძელების მოთხოვნისას მოქმედი ახალი კანონის საფუძველზე - 100 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით დადგენილი უძრავი ქონების პირის საკუთრებაში ფლობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიხედვით. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული მხოლოდ ინსტიტუტების იდენტობაზე მითითება შესაძლებელია არ აფუძნებდეს მოხმობილი იურიდიული კონსტრუქციის („გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“) საკანონმდებლო ნოვაციის (არანაკლებ 100 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში) სასარგებლოდ განმარტების თვითკმარ იურიდიულ არგუმენტს. სააპელაციო პალატის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, მართალია ზედაპირულად, თუმცაღა მაინც ინარჩუნებს ტერმინის – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 16.4. მუხ. და კანონის სადღეისოდ მოქმედი რედაქციის 16.3. მუხ.) – სემანტიკურ მთლიანობას. მართალია ამ ნორმის საკასაციო სასმართლოს მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია არ სცდება თვით ამ ნორმის ტექსტის მნიშვნელობის ინტერპრეტაციის დასაშვებ ნორმატიულ ფარგლებს ან/და მასშტაბს, ინტერპრეტაციული არგუმენტი, რომელიც შესაძლოა ზედაპირულად მაინც სცდებოდეს ტექსტის ჩვეულებრივ, ორდინალურ გაგებას, ცხადია საჭიროებს საკმაოდ წონად დასაბუთებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნებართვის გაგრძელების მოთხოვნის მომენტში, საკანონმდებლო ნოვაციის შედეგად, მოქმედებს გაზრდილი ქონებრივი ცენზი, ნებართვის თავდაპირველი მოპოვების დროს მოქმედი კანონით განსაზღვრული ღირებულების (არანაკლებ 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) გამოყენება დასაშვებია, თუ აღნიშნული ნორმა თავისი იურიდიული ფორმით ან/და შინაარსით, ექცევა გარდამავალი დებულებების ნორმატიულ კატეგორიაში. საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის არც მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელ წინადადებაში და არც დღეს მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში ჩართული ხსენებული იურიდიული კონსტრუქცია ვერ შეფასდება გარდამავალ დებულებად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო. საკასციო პალატა თვლის, რომ ასეთი შინაარსის მქონე ნორმას არ შეიცავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგოამრეობის შესახებ“ კანონის არც სადავო აქტის გამოცემის დროს და არც ამჟამად მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლი, რომელშიც ჩამოთვლილია კანონის გარდამავალი დებულებები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდამავალი დებულებების იურიდიული თავისებურების არსი ვლინდება სწორედ იმაში, რომ ძველი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების მიუხედავად, ახალი კანონის მიხედვით დადგენილი ნორმატიული სინამდვილე ქრონოლოგიური კრიტერიუმის გამოყენების მეშვეობით, მოსაწესრიგებელ ურთიერთობას კვლავ ძველ კანონს უქვემდებარებს და ამით მას დროებით ანიჭებს იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას (იხ., სუსგ., საქმე N ბს-124(კ-24), 14.02.2025წ.). ამასათან, გარდამავალი დებულებების ნორმატიული კატეგორიის შემცველი ნორმების კანონში ჩართვის იურიდიული ძალმოსილებით აღჭურვილია საკანონმდებლო ორგანო. თუმცა, სამართალში ფორმას არ აქვს დამოუკიდებელი დატვირთვა და ამდენად, ფორმა არ არსებობს ფორმისათვის, ნებისმიერი ფორმის უკან დგას კონკრეტული შინაარსი და მართლწესრიგისათვის სწორედ ეს შინაარსია გადამწყვეტი. როცა შინაარსი სინამდვილედ იქცევა ფორმის გარეშე, ის, ცხადია, ვერ იქნება მოკლებული შეფასებაუნარიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვ. გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/2/378, გვ.15.). იურიდიული ფორმის მიხედვით, იურიდიული კონსტრუქცია - „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ - არ არის გარდამავალი დებულებების ნორმატიული ფორმის შემცველი, თუმცა, იგი ვერც თავისი შინაარსით დაკვალიფიცირდება ამ იურიდიულ კატეგორიაში შემავალ ნორმად. განსახილველ შემთხვევაში, 30.05.2019წ. N4741 კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად, მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ნორმატიული რედაქცია შეიცვალა და ქონებრივი ცენზის მინიმალური ზღვარი 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს. ამრიგად, თვალნათელია რომ მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ძველი ნორმატიული რედაქცია ძალადაკარგულად გამოცხადდა ამ მუხლის ახალი რედაქციის მიღების შედეგად. ამასთან, 30.05.2019წ. N4741 კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, იგი ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს, ხოლო მისი ოფიციალური წესით გამოქვეყნებას ადგილი ჰქონდა 05.06.2019წ. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. “ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო აქტში ნორმატიული აქტის ან/და მისი ნაწილის ამოქმედების „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი ვადისაგან განსხვავებული ვადის განსაზღვრა, წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. იგი ერთგვარი გზავნილია ახალი ნორმატიული სინამდვილისთვის დაქვემდებარებული ყველა პოტენციური სუბიექტისთვის, რომ საკანონმდებლო ნოვაციის შედეგად შექმნილ ახალ ნორმატიულ სინამდვილესთან ადაპტირების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა კანონის ამოქმედების დადგენილისაგან განსხვავებული ვადის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შესაბამისი დათქმის შემცველი გარდამავალი დებულების ფორმულირებას, ამავდროულად კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით ექსპლიციტურად განისაზღვრა უძრავი ქონების ქვედა ზღვარი (არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით), რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ ნორმის წარსულში მოქმედი რედაქცია (არანაკლებ 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით). შესაბამისად, იურიდიული კონსტრუქცია – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – ვერ ჩაითვლება ადრინდელ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე მიმთითებელ ნორმად, აწმყოში ძალაში მყოფი და მოქმედი კანონით სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოწესრიგდება უკვე ძალადაკარგული კანონით განსაზღვრული პირობების მიხედვით. ციტირებული დებულების ისეთი შინაარსით განმარტება, რომელიც ხსენებული სამართალურთიერთობის მოწესრიგებას ძალადაკარგული კანონით დადგენილ პირობებს უქვემდებარებს ურთიერთგამომრიცხავია და არ ასახავს კანონმდებლის ნებას. ნორმატიული აქტის ნაწილის საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც თან სდევს ამავე ნორმატიული აქტის ადრე მოქმედი რედაქციის ძალადაკარგულად გამოცხადება, საფუძვლად უდევს ნორმატიული პრეზუმფცია, რომ ადრე მოქმედი კანონი უკვე ვეღარ პასუხობს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელმაც განაპირობა კიდეც ახალი ნორმის შემოღება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო იურიდიული კონსტრუქცია – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – არ ემსახურება ძველი (უკვე ძალადაკარგული) კანონით განსაზღვრულ პირობებზე მითითების ფუნქციას. იგი ემსახურება სრულიად განსხვავებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც ამართლებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში მისი ჩართვის არსს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმავე პირობებით გაგრძელება უკავშირდება მოქმედი საკანონმდებლო ვითარების უცვლელობის დროს აღნიშნული კატეგორიის ბინადრობის მოქმედების ვადის იმავე ფაქტობრივი პირობების შესაბამისად გაგრძელების საკითხს. აღნიშნული ნორმა არ უკავშირდება საკანონმდებლო მოთხოვნათა ცვლილების შემთხვევაში იმ პირობებით ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელებას, რომელიც არსებობდა ნოვაციის შეტანამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი თავდაპირველად გაცემის დროს. უკვე აღინიშნა, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების ინსტიტუტები ერთი მთლიანი ადმინისტრაციული ჯაჭვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საკანონმდებლო სინამდვილის უცვლელობის და შესაბამისად, საკანონმდებლო ნოვაციის არ არსებობის პირობებში, თავდაპირველად გაცემული ნებართვის დროს მოქმედი ნორმით უცხოელის განცხადების განხილვა უკავშირდება იმ გარემოებების ნათლად გამორკვევას, თუ რამდენად აკმაყოფილებს განმცხადებელი საწყის ეტაპზე ბინადრობის ასეთი კატეგორიის ნებართვის გაცემისათვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო მოქმედების ვადის გაგრძელება (ე.წ. „განახლება“) უკავშირდება მხოლოდ იმის დადასტურებას თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილებას, ანუ შემოწმებას ექვემდებარება იმ პირობების ფაქტობრივად გაგრძელების საკითხი, რომლებმაც თავდაპირველი ნებართვის გაცემას ჩაუყარა საფუძველი. შესაბამისად, შემოწმებას საჭიროებს საკვანძო ფორმალური წინაპირობა, რომ განმცხადებელს ჰქონდეს მოპოვებული და შემდგომ უკვე შენარჩუნებული საკუთრების უფლება ისეთ უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულება აღემატება კანონით დადგენილ მინიმალურ თანხობრივ ზღვარს. სამართლებრივი დასკვნა, რომ იმავე პირობებით გაგრძელება მოიაზრებს საკანონმდებლო ვითარების უცვლელობის პირობებში იგივე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნების საკითხის შემოწმებას, დასტურდება აგრეთვე კანონის სისტემური ანალიზით. კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. იგივე საკანონმდებლო დათქმას შეიცავს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი. ამდენად, თუ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკვანძო სამართალურთიერთობა (განსაზღვრული ღირებულების უძრავი ქონების საკუთრებაში ქონა) ფაქტობრივად ისევ გრძელდება, მაშინ არ არსებობს უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ, ფაქტობრივი ვითარების ცვლილებისას, როდესაც პირს უწყდება საკუთრების უფლება შესაბამის უძრავ ქონებაზე, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადაც წყდება. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა, აგრეთვე, სისტემურად გამომდინარეობს კანონის სადავო (16.31 მუხ.) და დღევანდელ პერიოდში (16.1. მუხ. “ვ“ ქვ.პ.) მოქმედი რედაქციების საკანონმდებლო დათქმებიდან, რომლებიც ითვალისწინებენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის უცხოელზე გაცემასა და მისი მოქმედების ვადის თითოეულ ჯერზე 1 წლით გაგრძელებას. იმ პირობებში, როდესაც მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ექვემდებარება ე.წ. „განახლების“ პროცესს ყოველ მომდევნო 01 წელიწადში, იურიდიულ კონსტრუქციაში – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – მოიაზრება ფაქტობრივი თვალსაზრისით იგივე პირობებით და არა საკანონმდებლო ცვლილებისას იგივე პირობებით გაგრძელება. ბინადრობის ამ კატეგორიის ნებართვა იმიტომაა მოკლევადიანი, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სამართლებრივი მდგომარეობა ყოველთვის შეიძლება მარტივად შეიცვალოს. „წესის“ 122 მუხლით გათვალისწინებული სანებართვო პირობების ყოველ 01 წელიწადში გადამოწმების ინსტიტუციური მოთხოვნა, თავად გადამოწმების მოკლე ვადის კანონმდებლობაში ჩართვის არსის გათვალისწინებით, ასაბუთებს იმ სამართლებრივ პრეზუმფციას, რომ აღნიშნული უკავშირდება საკანონმდებლო მდგომარეობის უწყვეტობის (კანონისმიერი მოთხოვნების შეუცვლელობის) და არა კანონის ცვლილების პირობებში ნებართვის კანონში ნოვაციის შეტანამდე არსებული იმავე ფაქტიური სანებართვო პირობების მიხედვით გაგრძელებას. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას (წესის 15.1. მუხ.). უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით (წესის 3.1. მუხ.). მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით, აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო რეესტრს ევალება სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული შეტყობინება უნდა განხორციელდეს ხსნებულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 02 კვირის ვადაში. შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სამართლებრივი მდგომარეობის მოკლე ვადაში - ერთ წელიშადში - გადამოწმება ამართლებს სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესს - უცხოელს ბინადრობის ნებართვა გაუგრძელოს იმავე ფაქტობრივი პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა თავდაპირველად გაიცა თუ შენარჩუნებული იქნება საკუთრების უფლება შესაბამის უძრავ ნივთზე, მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნათა უცვლელობის პირობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების იურიდიული ლოგიკა, თანმიმდევრობა და სისტემატიკა იძლევა იმ დაშვების საფუძველს, რომ კანონმდებლის ნება არ იყო სადავო იურიდიული კონსტრუქციისთვის იმგვარი ნორმატიული შინაარსის მინიჭება, რომ საკანონმდებლო ნოვაციის გაუთვალისწინებლად ადრინდელი ფაქტობრივი სანებართვო პირობებით მომხდარიყო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. ამ სამართლებრივ დასკვნას ამყარებს ამავე კანონით გათვალისწინებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც თავისი ფორმალური შინაარსით ყველაზე უფრო ახლოს დგას მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის იურიდიულ ლოგიკასთან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის ადრინდელი რედაქციის მიხედვით, D კატეგორიის ვიზა არის საიმიგრაციო კატეგორიის ვიზა, საიმიგრაციო ვიზა გაიცემოდა D5 კატეგორიის პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენდა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. 30.05.2019წ. N4741 კანონით შეტანილი ცვლილებებით და განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ იგივე სამართლებრივი მოტივაციით, ერთდროულად ცვლილებები შეტანილ იქნა როგორც კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში, ისე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ 100 000 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ლარში) განისაზღვრა. კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებში“ ნაგულისხმევია ვიზის გაცემის დროისთვის ძალაში მყოფი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით გაგრძელება. კანონმდებლის ნება არ შეიძლება იყოს სამართლის სისტემურ მთლიანობასთან შეუსაბამო. ორი სტრუქტურულად მსგავსი სამართლებრივი ინსტიტუტის თანაარსებობის შემთხვევაში, რთულად წარმოსადგენია D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების გაგრძელება საჭიროებდეს ძალაში მყოფი, მოქმედი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება საჭიროებდეს ძალადაკარგული კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვას.
ახალ ნორმაში ახალი მოწესრიგების სიტყვასიტყვით მიუთითებლობა არ ადასტურებს ურთიერთობის ძველი ნორმით მოწესრიგებას. ცვლილებების შემომღები ნორმა სიტყვასიტყვით, პირდაპირ არც ძველი კანონის გამოყენებაზე მიუთითებს. შესაბამისად, ხსენებული „სემანტიკური“ ხერხით კანონმდებლის ნების დადგენა ზედაპირულია და არ ასახავს კანონმდებლის ნამდვილ ნებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებლის ნება შეიძლება დადგინდეს ამ სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის აბსტრაქტული და კონკრეტული მიზნების მხედველობაში მიღებით. პრეზუმირებულია, რომ საკანონმდებლო პროცესი ეფუძნება კანონის ნამდვილ მიზნებს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ისეთ კომპლექსურ საჯარო-სამართლებრივ კონტექსტში, როგორიც იმიგრაციის სფეროა, რომლისთვისაც იმანენტურია მომეტებული სოციალურ-ეკონომკიკური გამოწვევები, იურიდიულ კონსტრუქცია – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – გააზრებული უნდა იყოს საჯარო სამართალში კანონის დროში მოქმედების თავისებურებების მიხედვით. კანონი, როგორც წესი, მოქმედებს პროსპექტიულად და იგი ვრცელდება კანონის ძალაში შესვლის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებსა და მოვლენებზე. საჯარო-სამართლებრივ წესრიგთან შესაბამისია კანონის პირდაპირი მოქმედებაც, რომელიც ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც კანონი მისი ძალაში შესვლის მომენტიდანვე ვრცელდება ყველა მიმდინარე ურთიერთობაზე მათი წარმოშობის დროის მიუხედავად და მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ეს ურთიერთობები ძველი და უკვე გაუქმებული კანონის პირობებში იყო ინიცირებული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი კანონი არ მოქმედებს ძველი კანონის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.06.2007წ. №ბს-21-21 (კ-07) გადაწყვეტილება). როდესაც ნორმა პირდაპირ შეეხება ამჟამინდელ, მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს, იგულისხმება რომ განხორციელებულ ცვლილებებს გარკვეული სამართალურთიერთობის მიმართ, აქვს არაპირდაპირი, არანამდვილი უკუძალა (იხ., სუსგ., ბს-1128(კ-19), 13.09.2021წ.). კანონის არანამდვილი უკუძალა ნიშნავს ახალი კანონის მოქმედების გავრცელებას იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობიან ახალი კანონის მიღებამდე, მაგრამ ურთიერთობები არსებობას აგრძელებენ მისი მოქმედების პერიოდშიც (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.06.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Khoniakina v. Georgia, App. No. 17767/08, §74). კანონის არანამდვილი უკუძალა არ იწვევს ახალი კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი და დასრულებული სამართლებრივი შედეგების შეცვლას (იხ. სუსგ., ბს-777(კ-22), 06.02.2024წ. იხ. აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.05.2009წ. №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება), არანამდვილი უკუძალა კანონთა დროში მოქმედების ბუნებრივი და აუცილებელი ფორმაა. ასეთი უკუძალა სინამდვილეში არცაა უკუძალა და მხოლოდ იმის აღიარებაა, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც ადრე წარმოიშვა, მთლიანად ექცევა ახალი კანონის ზემოქმედების ქვეშ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო იურიდიული კონსტრუქცია დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, უკავშირდება საკანონმდებლო უწყვეტობის დროს ფაქტის საკითხის გადამოწმებას და არა კანონის ცვლილების შედეგად ძალადაკარგული საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით დადგენილი სანებართვო პირობების გამოყენებას, შესაბამისად, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო ვერც კანონმდებლის ნება იქნება სხვაგვარი. მოცემულ შემთხვევაში უნდა შეაფასდეს თუ როგორ მოექცევა სადავო იურიდიული კონსტრუქცია – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – ახალი ნორმის ზემოქმედების ქვეშ, ამასთან, შესაფასებელია ასეთი ზემოქმედების სამართლებრივ ეფექტი რ. რ-ის უფლებებზე და ის უფლებრივი ბალანსი, რომელიც ამ ეფექტიდან მომდინარეობს.
სამართალი მოქმედებს განსაზღვრულ დროსა და სივრცეში. სამართლის ნორმა სამართლის ყოფიერების ნაწილი და მისი იურიდიული გამოვლინებაა. სამართლის ზოგადი სოციალური ფენომენისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აისახება სამართლის კონკრეტულ ნორმებში, რომლითაც ფუნქციონირებს სამართლის სისტემა. სამართლის სისტემა ცდილობს წონასწორობის მიღწევას მის სტატიკურ და დინამიურ ელემენტებს შორის, სტაბილურობის (სტატიკურობა) შენარჩუნებასა და პროგრესის (დინამიურობა) უზრუნველყოფას შორის. სამართლის სტატიკური ელემენტის მიზანია სამართლის ნორმების მეშვეობით თანმიმდევრულობის, სტაბილურობის, განჭვრეტადობის და ამდენად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამართლის დინამიური ელემენტი ასახავს საზოგადოების განვითარებად ბუნებას, რომელიც აღიარებს იმას, რომ სამართალი ცოცხალი ფენომენია და შეუძლია ადეკვატური რეაგირება ცვალებად ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პირობებზე. სამართლის ზოგიერთი ნორმა დინამიურია, ზოგი სტატიკური, ხოლო ზოგიერთი ერთდროულად შეიცავს სტატიკურ და დინამიურ ელემენტებს. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხმობილი ნორმა არის სტატიკური და დინამიური ელემენტების შემცველი ნორმის მაგალითი. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია ბინადრობის მოკლევადიანი ნებართვის კატეგორია, დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან და ასეთი ქონების ღირებულების შესაბამის ფინანსურ ზღვართან, რომელიც მოიცავს სტატიკური და დინამიკური ელემენტების კომბინაციას. ამ ნორმის სტატიკური ელემენტი - საქართველოში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება - არის ასეთი კატეგორიის ნებართვის გაცემის ძირითადი იურიდიული პრინციპი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში სტაბილური და მდგრადი ბუნებისაა. ამ ნორმის დინამიური ელემენტი - ქონების კონკრეტული ღირებულების მიმართ დადგენილი ფინანსური ზღვარი - მიანიშნებს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სინამდვილესთან ადაპტირების საჭიროებაზე. ნორმის სტატიკური ელემენტი (უცხოელს საკუთრებაში უნდა ერიცხებოდეს საქართველოში მდებარე უძრავი ქონება) სტაბილური პირობაა, ამ ნორმის დინამიური ბუნება ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ეკონომიკური სინამდვილე მუდმივ ცვლილებებს განიცდის, ამ უძრავი ქონების ფინანსური ღირებულება ან ზღვარი, რომელიც ასეთ ღირებულებას ადგენს, დინამიური პირობაა, იგი განიცდის ცვლილებებს ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. უკვე აღინიშნა, რომ 30.05.2019წ. N4741 კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ძალადაკარგული კანონით განსაზღვრული 35 000 აშშ დოლარის ოდენობით უძრავი ქონების ღირებულების შენარჩუნების ეკონომიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა, ადეკვატურობა აღარ არსებობს, იგი ვერ მოდის შესაბამისობაში არსებულ ეკონომიკურ სინამდვილესთან. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის დინამიური ელემენტის – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით უძრავი ქონების ქვედა ზღვრის ცვლილება იმიგრაციის სფეროში სამართლის საზოგადოებრივი ფუნქციის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობები იყოს სამართლიანი და გეგმაზომიერი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო იურიდიული კონსტრუქციის – „გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვა გაიცა“ – ნორმატიული შინაარსი უნდა დაზუსტდეს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ობიექტური მიზნის (télos) შუქზე, კანონის ცვლილების კონტექსტში, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშობიან ახალი კანონის მიღებამდე, თუმცა არსებობას აგრძელებენ მისი მოქმედების პერიოდშიც. საკასაციო პალატა თვლის, რომ იურიდიული კონსტრუქცია – “იგივე პირობები” – უკავშირდება საკანონმდებლო მოთხოვნის სახეობას (მაგალითად, გარკვეული ღირებულების მქონე უძრავი ქონების ფლობას) და არა კონკრეტულ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც სახელმწიფოში არსებული სოციალური კონტექსტის შეგრძენბის გარეშე, ფინანსურ ზღვარს მუდმივად უძრავ მდგომარეობაში დატოვებდა. იურიდიული ტერმინი – „ნებართვის გაცემის პერიოდში მოქმედი“ – არ ნიშნავს, რომ ნორმის ფინანსურ ზღვართან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა, რომელიც თავისი შინაარსით ერთმნიშვნელოვნად დინამიურია, შეუცვლელად სტატიკური დარჩება. პირიქით, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიმართება სადავო იურიდიულ კონსტრუქციასთან მიანიშნებს იმაზე, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება კვლავ ემორჩილება იგივე იურიდიულ კანონზომიერებას, იმავე სამართლებრივ სტრუქტურას, ქონების ფლობის მოთხოვნა კვლავ საკანონმდებლო კრიტერიუმად რჩება, თუმცა, ამ უძრავი ქონების გამოსადეგობას, სანებართვო პირობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ნორმა განსაზღვრავს ამ უძრავი ქონების კონკრეტული ღირებულებით, რომელიც მისი დინამიური და სოციალურ-ეკონომიკური სინამდვილესთან ადაპტირებადი ბუნების გათვალისწინებით, შეფასებას ექვემდებარება სწორედ ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტში მოქმედი კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის სტატიკური და დინამიური ელემენტების კომბინაცია ახალი კანონის მიღებამდე დაწყებულ, თუმცა, მისი მიღების შემდეგ გაგრძელებულ ურთიერთობებზე ახდენს იმ სახის ზეგავლენას, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ფლობის კრიტერიუმი მაშინ არის იურიდიულად ვარგისი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების მიზნებისთვის, თუ მისი ღირებულება შეესაბამება ახალი კანონით განსაზღვრულ ეკონომიკურ კრიტერიუმს. ხსენებული სამართლებრივი დასკვნა ემყარება კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ფუნქციურ დანიშნულებას და კანონში შეტანილი ცვლილების საკვანძო მიზანს. საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, ტელეოლოგიური (მიზანზე ორიენტირებული) სისტემა და სტრუქტურა წარმოადგენს ქონებაზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვების თანამედროვე ეკონომიკური სინამდვილის გამოვლინების ასახვის იმპერატივს. უკეთუ ქონებაზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვების მიზანია, რომ უცხოელმა სახელმწიფოს ეკონომიკაში სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეიტანოს, მოძველებული სტანდარტების გამოყენება ამ ინსტიტუტის მიზნობრივ დანიშნულებას აცლის საფუძველს, კერძოდ იმას, რომ ქონებაზე დაფუძნებული ნებართვები კვლავ ასოცირდებოდეს ფინანსურად მნიშვნელოვან ინვესტიციებთან. მოცემულისაგან საპირისპიროს გაზიარების შემთხვევაში, შეფერხდება სამართლის სოციალურ სინამდვილესთან ადაპტაციის პროცესი, სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ქმედითი საიმიგრაციო სისტემის უზრუნველყოფას, ინსტიტუციის მიზნობრივ დანიშნულებას გამოეცლება საფუძველი. ამასთანავე, საპირისპირო სამართლებრივმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს არაპრაქტიკული და არაეფექტიანი სისტემის შექმნას, რომლის შესახებაც მიეთითა კანონის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო ცვლილება არანამდვილი უკუძალით მოქმედებს, მათ შორის სადავო შემთხვევაში.
რაც შეეხება საკასაციო პალატის ზემოხსენებული განმარტების სამართლებრივ ეფექტს რ. რ-ის ბინადრობის უფლებებზე და იმ უფლებრივ ბალანსს, რომელიც ამ ეფექტიდან მომდინარეობს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი არ ვრცელდება უცხოელის ბინადრობის კანონიერებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რამეთუ აღნიშნული ექსკლუზიურად საჯარო სამართლის სფეროს განეკუთვნება, ის ფაქტი, რომ ასეთ პროცესებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე ან მისი დასაქმების/საქმიანობის პერსპექტივებზე, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს პროცესები მოექცეს ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული სამოქალაქო უფლებების სფეროში (იხ., ევროპული სასამართლოს 10.01.2012 წ. გადაწყვეტილება საქმეზე G.R. v. the Netherlands, App. No. 22251/07, §48). თუმცაღა, იმ უცხოელებთან მიმართებით (“settled migrants”), რომლებსაც უკვე ოფიციალურად ჰქონდათ მინიჭებული ბინადრობის ნებართვა, აღნიშნული უფლებების შემდგომი გაუქმება წარმოადგენს ჩარევას ევროკონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში (ევროპული სასამართლოს 16.08.2024წ. გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, §76). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. რ-ის ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებული და პროპორციულია, ევროკონვენცია არ უზრუნველყოფს უცხოელისთვის კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემის უფლებას (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 16.08.2024წ. საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, §76.). საიმიგრაციო კონტროლი სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ზოგად ინტერესებს უკავშირდება და წარმოადგენს ევროკონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 24.05.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Biao v. Denmark, App. No. 38590/10, §117.). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს არა ბინადრობის ნებართვის უფლების გაუქმებას, არამედ სანებართვო პირობების ფაქტობრივი თვალსაზრისით არსებობის საკითხის გადამოწმებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. რ-ის არ მინიჭებია დროში განუსაზღვრელი უფლება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის ცვლილებამდელი ნორმის მიხედვით გადაწყვეტაზე. შესაბამისად, ამ კატეგორიის ნებართვის მოქმედების ვადა არ გრძელდება ავტომატურ რეჟიმში, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ძალაში მყოფი რედაქცია მოქმედებს მხოლოდ არანამდვილი უკუძალით და არა რეტროაქტიურად (ნამდვილი უკუძალა), იგი არ ცვლის უკვე გაცემული ნებართვების სამართლებრივ მდგომარეობას. საკითხი განახლდება თუ არა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აკმაყოფილებს განმცხადებელი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მოცემული განმარტება არ აუარესებს რ. რ-ის სამართლებრივ მდგომარეობას ან არ აუქმებს მის ლეგიტიმურ მოლოდინს, ვინაიდან არცერთი სამართლებრივი ინსტიტუტი არ აფუძნებს აბსოლუტურ ან/და შეუზღუდავ უფლებას უცვლელი საიმიგრაციო პირობების მქონე კანონმდებლობაზე. სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებად ვერ განიმარტება საჯარო სამართლის სფეროში განხორციელებული ყოველი ცვლილება, საწინააღმდეგო შემთხვევაში საერთოდ აზრი დაეკარგებოდა საჯარო-სამართლებრივ რეგულირებას. ამასთან აღიარებულია, რომ საჯარო სამართლებრივი ცვლილებით, ზოგჯერ პირი შესაძლებელია არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გამორიცხავს აუცილებელ საკანონმდებლო ღონისძიებათა განხორციელების მართლზომიერებას (შდრ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14.02.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Arras and Others v. Italy, App. no. 17972/07, §42). საკასაციო პალატამ მხოლოდ დააზუსტა სადავო ნორმების მნიშვნელობა და მათთვის ისეთი შინაარსი არ მიუკუთვნებია, რომელიც მათ ისედაც არ გააჩნდათ. ამასთანავე, მითითებული ცვლილება უკვე ძალაში იყო რ. რ-ის მიერ მოკლევადიანი ბინადრობის გაგრძელების მოთხოვნით სააგენტოში განცხადების წარდგენის პერიოდში. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია ევროკონვენციის მე-8 მუხლით მოთხოვნილი უფლებრივი წონასწორობა საზოგადოებრივ საჭიროებებსა და რ. რ-ის უფლებებს შორის. სახელმწიფო ფლობს ესკლუზიურ სუვერენულ პრეროგატივას აკონტროლოს სახელმწიფოში მიგრაცია საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით გაიზარდა შესაბამისი უძრავი ქონების ღირებულება, არ ქმნის რ. რ-ის უფლებებში მომეტებული ჩარევის ეფექტს, საპირისპირო დასკვნა გამოიწვევს მიგრაციის საკვანძო სფეროში სახელმწიფოს ლეგიტიმური სოციალური და ეკონომიკური ამოცანების შესრულების საგრძნობლად გართულებას. მიგრაციის კონტროლის საკითხებში სახელმწიფოს ფართო დისკრეციის გათვალისწინებით, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული სფეროს იმგვარი განმარტება, რომელიც ასეთ შემთხვევებში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გაზრდას გამორიცხავს, თავისი შინაარსით უთანაბრდება უცხოელისთვის კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის სახელმწიფოს მიერ გაცემის ვალდებულებას, იმ ნებართვის, რომლის გაცემაზეც უფლებას ევროკონვენცია არ უზრუნველყოფს. სახეზე არ არის მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ფაქტობრივი სიტუაციის მომწესრიგებელი საიმიგრაციო კანონმდებლობა არ შეიცვლებოდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საიმიგრაციო სფერო ხშირად რეაგირებს ცვალებადი სამყაროს გამოწვევებზე. რ. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია მხოლოდ მოქმედი კანონით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. რ-ის ევროკონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლებაში განხორციელებული ჩარევა პროპორციულია და ასახავს გონივრულ წონასწორობას სადავო ინტერესებს შორის.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.11.2020წ. SSG 9 20 00146423 წერილთან დაკავშირებით, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ რ. რ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. სზაკ-ის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესისაგან საწინააღმდეგოდ, შეფასების მიღმა დატოვა საკვანძო საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პასუხობს საქართველოს ტერიტორიაზე რ. რ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე კანონმდებლობით დადგენილი საბაზრო ღირებულების მინიმალურ ზღვარს (კანონის 15 მუხ., „კ“ ქვ.პ.).
ამდენად, სააგენტოს მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ქმნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები ადმინისტრაციული დავის განხილვისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სასკ-ის 1.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სპეციალური ნორმატიული მოწესრიგება, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოცემული საქმის განხილვისას დადგინდა, რომ აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რაც სასკ-ის 10.2 მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯების ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების საფუძველს ქმნის. საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რომელიც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება სააგენტოს უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლის 27.11.2020წ. N1000726540 გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს. შ-ეის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე